Fertility confessions

ძალიან უცნაური რამეა ეს დაორსულების პრობლემა (უშვილობაო და ათას რამეს ეძახიან, მაგრამ არ შეესაბამება). ერთადერთი საკითხია, რომელზეც ხმამაღლა საუბარმა, ან ჩემი თავის მიმართ ამ პრობლემის გაიგივებამ თავმოყვარეობაზე იმოქმედა. ექიმთან ყველა დავდივართ და მეტ-ნაკლებად, ახლობლებთან ან მეგობრებთან გვიხსენებია ზოგადად ჩვენი დიაგნოზები და ა.შ. მაგრამ ეს თემა ყველაზე რთულად გადავხარშე (თუ გადავხარშე, ეგეც საკითხავია) და იმის ხმამაღლა აღიარება, რომ პრობლემა შემექმნა, მიჭირს და ბევრისთვის არც მითქვამს. დედაჩემმა მაგალითად, არ იცის.

ჩემს ყველაზე ახლო მეგობრებსაც 1 წლის თავზე ვუთხარი და ძალიან არაკომფორტულად ვიგრძენი თავი. ეს ”ვუთხარიც”’ ძალიან რთულია, რასაკვირველია არ ვარ ვალდებული ყველას ჩამოვუჯდე და ამაზე ვესაუბრო, მაგრამ ხანდახან თემა მოიტანს და თან გინდა გაუზიარო, თან არ გინდა. შეგრძნებით, ეს ყველაზე მეტად გავდა დანაშაულის ან ყველაზე ბნელ ადგილას გადანახული საიდუმლოს გამხელას. არადა, რა სისულელეა- ჩვეულებრივი სამედიცინო საკითხია და არაფერია ამაში სასირცხვილო 🙂 (მაგრამ, წინა პოსტში ხომ უკვე ვისაუბრე, რაციონალური რაცაა კი იცი, მაგრამ მაინც ეს არარაციონალურები გჯობნის ) .

ჩემი შეხედულებით, ეს რაღაც ინსტიქტის დონეზე ჩადებული კოდია- ქალი ხარ, ბავშვის გაჩენის უნარით და უცებ, ეს ბუნებრივი თუ ფიზიოლოგიური ამბავი, რაღაცნაირად არ გამოგდის და ვერც მიზეზს აგნებ (ამ ეტაპზე ასეა, მიზეზი ვერ ვიპოვეთ).

გარემო, როგორც არ უნდა ეცადო მაინც მოქმედებს. არ ვიცი, ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ყველა ჩემი ნაცნობი ბავშვს აჩენს თუ მე მაქვს ამაზე გამახვილებული ყურადღება, ირგვლივ სულ ორსულობის ამბებია. გუშინ ჩემმა ქმარმა მაყურებინა მისი მეგობრის ვიდეო, როგორ ამცნეს მეოთხე შვილის ამბავი დანარჩენ სამ ბავშვს. ჯერ ისედაც ვარ ემოციური და ცრემლები წამომცვივდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგ ემოციის ცრემლებს შორის ჩემი პრობლემის ცრემლებიც ერია. ვინ იცის რამდენჯერ წარმოვიდგინე, როგორ ვეუბნები ამ ამბავს ჯერ ქმარს და მერე ბავშვს. ხან საერთო სუფრაზე, ოჯახს ვუმხელ და საყოველთაო სიხარულის წარმოდგენაზეც მეტირება. ორი დღის წინ ჩემმა შვილმა მოიკითხა, რატომ არ ყავს და ან ძმა , თან ”ხომ იცი როგორ მინდაო”, სახელებს ურჩევს, საწოლის ყიდვისას ორსართულიანებს ათვალიერებს…

ამ სიტუაციაში ”დაიკიდე და ყველაფერი გამოვა” ყველაზე ცუდი რჩევაა. არც კი ვიცი აქ წერა მეხმარება თუ არა, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გააზრება და ერთიანად ჩამოყალიბება, ნამდვილად მიადვილებს რაღაცებს თავისი სახელი დავარქვა.

ჩემთვის, კიდევ სულ ცოტათი მარტივია ეს გზა- როცა მყავს შვილი და მასზე გადართვის საშუალება მაქვს, ძალიან ძალიან ბევრ მადლობას ვეუბნები ღმერთს მისთვის. თავსაც ხშირად ვახსენებ, რომ ერთხელ უკვე მოვავლინე სასწაული და აუცილებლად კიდევ გამოვა. ალბათ, პოზიტიურ ფიქრებზე მეტად არც არაფერი შველის 🙂

why me?

ადამიანებს გვიყვარს ყველაფერში მიზეზის ძებნა. თუ ძილის წინ ცოტა მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის, იცოცხლე! მიყვარს ფრთების გაშლა ))

ამ ამბავშიც ასეა, სულ გეფიქრება- რატომ შენ? რაციონალურად მშვენივრად იცი, რომ ეგრე ამორჩევით არ ხდება. უბრალოდ ასეა და მორჩა, ახლა შენზეა რომ ეს ორგანული მიზეზი მოძებნო. დავდივართ ექიმებთან, ვგუგლავთ, ვეძებთ და ვნათლდებით. სხვათაშორის სტატიკა გვამცნობს, რომ ყოველ 8 ქალში ერთს აქვს უშვილობის პრობლემა.

ან კიდევ ასე – მეტ-ნაკლებად ჯანსაღად ვცხოვრობ, ვიკვებები, არ ვსვამ, არ ვეწევი- ჰოდა რა შეიცვალა ჩემს სხეულში, რა მოხდა ასეთი რომ აღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც ახლა ასე მინდა რომ შეასრულოს?

მერე მოდის საკუთარი თავის სხვისთვის შედარება- ქუჩაში ხელგაწვდილ ბოშა ქალზეც კი გახსენდება, რომ აი ის , მთელი დღე გარეთაა, რას ჭამს , რას სვამს და მაინც ამდენი შვილი ყავს. (ეს არ ვიცი რა არის, შური ალბათ? თუმცა თეთრი და ნაირ -ნაირი შურები არ ვიცი, გშურს რა. შური და ცუდის სურვილი ერთი და იგივე ხომ არაა? უბრალოდ შენც გინდა ის , მას რომ აქვს ).

მაგრამ, ეს ყველაფერი რაციონალურად. ახლა არარაციონალურად- მიზეზის ძებნას იწყებ შენში და ფიქრობ, რომ აი პიროვნულად ვითომ არ ხარ ცუდი ადამიანი, ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრება გაქვს, არავის ცუდს არც უსურვებ, არც უკეთებს და რატომ, რატომ მე მაინც და მაინც?

ინტერნეტში მრავლად ხომ გვინახავს- აი ”შეყვარებულის შარვალი დავფერთხე და ხომ არ დავორსულდებიიიიიი?’‘ აააა. ამაზეც გიჟდები, რატომ რატოოოომ. ახალშობილებს საპირფარეშოებში და ურნებში რომ ტოვებენ, მაგათზე აქ არაფერს ვიტყვი.

ჰოდა და რაღაცების ფიქრის და გაანალიზების უნარი, რომ გვიბოძა გამჩენმა, ჩვენც ვსხედვართ და ვაანალიზებთ, ვფიქრობთ და ვიტანჯავთ თავებს, მიზეზს ვეძებთ და ეს უპოვარი მიზეზები კიდევ უარეს დღეში გვაგდებს.
სინამდვილეში, განა არ ვიცით რაციონალურად- რომ ეგრე ამორჩევით არ ხდება. რომ უშვილობა, ეს არ არის პიროვნული დანაშაულის გამო ამქვეყნიური დასჯა (ჰო, ეგ აზრებიც ხშირად არის). მთავარი მაინც ისაა, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებას მოვეშვათ. თვეში სულ 24 საათია, როცა სპერმა კვერცხუჯრედს უნდა შეხვდეს. ჰო, მხოლოდ 24 საათი- და თავის მხრივ, მხოლოდ 25% პროცენტი, რომ იმ თვეში ორსულობა დადგება. ამ დროს ის ხალხი გვახსენდება, პირველივე სექსზე რომ დაორსულდნენ. ჰეი, მეც ვარ იმ ხალხში, ოღონდ 7 წლის წინ. მაშინდელი საკუთარი თავის მშურს :))) მოკლედ, ხან ასე ხდება, ხან ისე. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მისი სასურველი ორსულობა 7 თუ 8 თვის მერე დადგა. ჰოდა ფაქტია, არაფერი სჭირდა, უბრალოდ იმ თვეებში ვერ გაარტყა რა.

მაგრამ როგორც გითხარით, ეს ყველაფერი რაციონალურად.

პ.ს. არ იფიქრო და მოეშვი, მერე მოხდება სასწაულიო- ეგ ხომ იცით? სხვისთვისაც ბევრჯერ გირჩევიათ ვინმეს შეიძლება. მაგრამ ჩვენს კასტას ეგ რჩევა სძაგს, მერე მაგაზეც დავწერ )) ამ თვეში ჩემ თავს ზემოხსენებული ბევრი ფიქრი ავუკრძალე და რამდენჯერაც ეს საკითხი წამოტივტივდა თავში, იმდენჯერ დავბლოკე. ყველაზე ბევრი დრო სწორედ ახლა, წერისას დავუთმე. 20-25 წუთი ალბათ :)) ტვინის გათიშვის უკეთესი მცდელობა არ ვიცი.

ტესტები, ტესტები… ჩქარა!

ორ კვირიან ლოდინზე უკვე მოგიყევით. ახლა იმაზე უნდა მოგიყვეთ, რა ხდება ეს 14 დღიანი ტანჯვა მიწურვისკენ როცა მიდის.

დიახ, იწყება ტესტომანია 🙂 ეს ოხერი ტესტები ყველა აფთიაქში ხელმისაწვდომია, 50 თეთრიდან დაწყებული ასე 5 ლარის ფარგლებში, რამდენიც გინდა, როგორიც გინდა… შენ ოღონდ იყიდე.

თავიდან (ეს ჩემი მე-14 ციკლია, ანუ წელიწადი და 2 თვეა ამ გაუგებრობაში ვარ) ოვულაციიდან მე-5 დღეს ვიწყებდი, თან ამას გართობას ვეძახდი. არც დამიშვია, რომ მაგ ტესტზე მეორე ხაზი ასე სანატრელი გამიხდებოდა. ერთხელ მომეჩვენა კიდეც, რომ ნამდვილად იყო და სიხარულით აცრემლებული რომ გამოვედი და დღის შუქზე კარგად დავხედე, მერე მივხვდი რომ ის ტესტი პირდაპირ ყვიროდა ’’უარყოფითი ვარო’’. მოგვიანებით მივხვდი, ან წავიკითხე და მოვიძიე, რომ ძალიან ადრეა მე-5 დღე და გადმოვჩოჩდი 9-10 დღიდან დატესტვაზე. რაღაც პერიოდი, იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, აღარ ვყიდულობდი ტესტებს, ახლა ისევ დავიწყე.

ტესტავ და ტესტავ ასე ყოველ დღე, ხან ყოველ მეორე დღეს- იმის იმედით რომ ‘’გუშინდელი ძაან ადრე იყო, არ გამოჩნდებოდა’’, ათასნაირ განათებაზე აკვირდები- ტუალეტის ცივი განათებიდან დაწყებული, დღის შუქით და ტელეფონის ფლეშ-ნათებით გაგრძელებული. იმდენ ხანს აკვირდები იმ წერტილს, სად ეს ოხერი მეორე ხაზი უნდა ჩანდეს წესით, რომ ბოლოს გეჩვენება კიდევაც რომ არის. თვალებს დაახამხამებ, ათი წამით რამე ნეიტრალურზე გადაიტან მზერას და მერე ისევ დახედავ- არაფერია, ასეც ვიცოდი.

კი იცოდი. ყველა ტესტს ამ განწყობით იკეთებ, რომ ზუსტად იცი, არაფერი იქნება. უარყოფითი იქნება, მაგრამ იმედი გაქვს… ვარდისფერი, ძალიან დიდი, დიდი მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში მიმალული იმედი, რომ ამჯერად მაინც … იქნებ სხვანაირად იყოს. ზუსტად ეგ იმედია, რომ ყოველ თვე ხელახლა შეყავხარ აფთიაქში, ხელახლა გაყიდინებს ტესტებს იმ განცდით, რომ ეს ბოლოა, ამჯერად გიჩვენებს სანატრელ ორ ხაზს.

და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

P.S.  პირველი უარყოფითი ტესტი უკვე მაქვს ამ ციკლში, დილანდელი. ჰო, რა თქმა უნდა იმედი მაინც მაქვს, იქნებ ძალიან ადრე იყო.

TWW- ორ კვირიანი ლოდინი

რაც ამ გაუგებრობაში მოვხვდი, ბევრ რამეს ვგუგლავ, ვეძებ ინფორმაციას, ვიწერ უცხოელ ბლოგერებს ინსტაგრამზე, რომლებიც გახსნილად საუბრობენ იმ საკითხზე რასაც უშვილობა- infertility ჰქვია. ჰოდა ამ კველვა ძიებაში ერთი ასეთი ტერმინი ვიპოვე- tww (two weeks wait), რომელიც მოიცავს პერიოდს დადასტურებული ოვულაციის დღიდან მენსტრუაციამდე. ეგ ნახევარი თვე ყველაზე რთულია მთელ ამ დავი-დარაბაში, რასაც ამ გზაზე მყოფი ქალები გავდივართ.

თვის პირველი ნახევარი, სანამ ფოლიკული იზრდება შედარებით მშვიდად ვარ, ხან ტესტებით, ხან ექოსკოპიით ვაკონტროლებ ფოლიკულის ზრდას და ვიცი რა ხდება ჩემს ორგანიზმში. როგორც კი დააფიქსირებ ოვულაციას (ანუ, ფოლიკული საჭირო ზომამდე გაიზარდა და გასკდა) იმ წუთიდან მორჩა სიმშვიდე 🙂 პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე აღარ იცი რა ხდება და ვერაფერს გაიგებ ციკლამდე.

ფილმებში და სერიალებში გულის წასვლებით და თავბრუსხვევებით რომ იგებენ ორსულობას, ეგ მითია მეგობრებო არ დაიჯეროთ. ალბათ ცალკეულ შემთხვევებში კიდევ შეიძლება ვინმემ რამე იგრძნოს, მაგრამ მასიურად და ჩვეულებრივ ასე არ ხდება )) ამიტომ TWW- ყველაზე სტრესული პერიოდია, თავისი mood swing-ებით (ხასიათის უეცარი ცვლილებები) და ყველა იმ სიმპტომით რაც ძალიან გავს PMS-ს. ჰოდა ხარ ეს ორსულობაზე გადარეული ქალი და ფიქრობ გამოგივიდა რამე თუ არა, მერე ხვდები რომ ზედმეტი მოგდის და მოდი სხვა რამეზე გადავერთოთო, შემოუძახებ თავს. ჩართავ ფილმს და სადღაც შუაში მიხვდები, რომ ისევ ორსულობის შანსებს ითვლი. რამდენი დღე გავიდა? ტესტი აჩვენებს უკვე? მილები ხომ არ გამოვიკვლიო? რა ჯანდაბა უნდა უშლიდეს ხელს? და ასე უსასრულოდ, კითხვებს რა გამოლევს. აკი გითხარით, ტვინში რაღაც ღილაკია და undo არ აქვს მეთქი. გინდა რომ მოეშვა, შენც იცი რომ ასე არ უნდა იქცეოდე, მაგრამ ვერ აკონტროლებ…

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო ეგ TWW ჩემთვის 2 დღის წინ დაიწყო. 12 დღეა კიდევ წინ ) ერთ ბლოგერს ეწერა, I’m trying my best to survive this TWW-ო და ამაზე სწორი შინაარსობრივი გამოხატულება, იმ მდგომარეობისა რაც ამ დროს გაქვს ქალს, არც მეგულება. მართლა გადარჩენის ტოლფასია, რომ ამდენს უაზრო ფიქრს და კითხვას გაუძლო, თავი აარიდო, ეცადო სხვა რამით დაკავდე და მოდუნდე, მაგრამ ტვინი მაინც არ ჩერდება.

Back to…

სალამი!

ალბათ ასე იწყებენ მისალმებას მკითხველთან რამდენიმე წლის შემდეგ.

სალამი.

გამარჯობა.

მიტოვებულ მკითხველს ყველა შემთხვევაში უნდა მიესალმო ალბათ 🙂

ძველი ბლოგერული სიბრძნეა ასეთი ” თუ კარგად ხარ , ვერ წერ’-ო და ეგრე ყოფილა, პერსონალურ ბლოგებზე მაინც. ჰოდა ასე, რამდენიმე წელი ვერ ვწერდი, კარგად ვიყავი და იმიტომ. ახლა კი საუბარი მჭირდება, ხმამაღლა და ისევ ჩუმად, როგორც მაშინ იყო – როგორც პერსონალურ და თან ანონიმურ  ბლოგს შეეფერება.

უნდა გესაუბროთ, უნდა ვისაუბრო და არ მომწონს ის სახელი, რაც საუბრის ამ თემას უნდა დავარქვა. ალბათ ეს პოსტი ერთგვარი აღიარებაა საკუთარი ”პრობლემის”, რომელსაც ვერ /არ ვამბობ ხმამაღლა, არადა ვგრძნობ გაზიარების აუცილებლობას.

დავწერო… არ დავწერო… ვშლი და ისევ თავიდან ვიწყებ, როგორ ჯობია? ქართულად? ცოტა ცუდად ჟღერს, იქნებ ინგლისურად?- აი შინაარსი კი გესმის, მაგრამ თითქოს მაინც სხვისი ამბავია. ინგლისურად უფრო ნაკლებად გეხება ვითომ, ან უფრო მსუბუქად გესმის.

Secondary infertility. ჰმ.

მეორადი უშვილობა- აი ეს სიტყვა აგიჟებს- უშვილობა. თუ აქ ვინმეს კიდევ ვახსოვარ, შვილი მყავს და მადლობა ღმერთს, განგებას და რავიცი, მას ვისაც ეს ხელეწიფებოდა!

მაგრამ ამ ამბავს იმიტომ ქვია მეორადი, რომ ვეღარ მივდივარ წინ )) მიხვდით ხომ?

დაიკო ან ძამიკო ვეღარ მოყავს წეროს. დედას. ან მამას. ან არ ვიცი, ვისაც უნდა მოეყვანა :/

ჰოდა ანგრევს თურმე ეს ამბავი, ტვინში რაღაც ღილაკია რომელსაც undo აღარ აქვს. თუ ჩაირთო, ვეღარ თიშავ და ხარ ასე გადარეული ყოველ მენსტრუალურ წვეთზე, წამოტკიებაზე, თავბრუსხვევაზე- აბა იქნებ ესაა? იქნებ გამოვიდა ამ თვეში? მკერდი ხომ არ მტკივა? ნეტავ ყავა შეიძლება? ვარჯიში?

ექიმი, ანალიზები და ბლა, ბლა ათასი ხათაბალა.

ამაზე საწუწუნოდ ვარ მოსული 🙂 მომისმინეთ ვისაც გენდომებათ.

გამარჯობა


დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 219 other subscribers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

10 წიგნი
მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი
ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი
ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)
ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი
მე-ჯეინი
შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!
დაბადება
წერილი შენთვის
ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)