Archive for მარტი, 2012

ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები. ნაწილი II

თუკი აქაურობას მკითხველი საერთოდ შემორჩა, მოგესალმებით 🙂

შენიშნეთ ალბათ,  რომ გარკვეული დროის მანძილზე ბლოგი დახურული იყო , თუმცა იმას არ ნიშნავს რომ მისმა ავტორმა უპასუხისმგებლოდ მიაგდო. უფრო პირიქით, ეს დრო გარკვეული წესრიგის შემოღებასა და კონტენტის დალაგებას მივუძღვენი. ცვლილებებს თავადაც შეამჩნევთ, თუკი ძველებურად ხშირად მესტუმრებით. მე კი ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ შაბათის პოსტზე გადავალ.

დღევანდელი თემა მარტივად შევარჩიე, ვინაიდან აქაურობა გამოსწორების გზაზე უნდა დავაყენო, მეც დაწყებული საქმის დასრულება გადავწყვიტე – დროა ბუკინგემის სასახლის იდუმალი და არცთუ იდუმალი ფაქტების სერიის გაგრძელება შემოგთავაზოთ, რომლის პირობაც იმავე პოსტში მივეცი ჩემ მკითხველს. ჰოდა, თურმე:

  1. მისი უდიდებულესობა ედვარდ VII ერთადერთი მონარქი ყოფილა, რომელიც დაიბადა და გარდაიცვალა ბუკინგემის სასახლეში ( 1841-1910). ამავე კედლებში კიდევ სამი მონარქია დაბადებული.  სამეფო ოჯახის წევრების დაბადება-გარდაცვალების შესახებ ცნობა როგორც წესი ჭიშკარზე იკვრებოდა, რათა ხალხს ენახა. ინტერნეტისა და მასმედიის სამყაროში ალბათ ამის კეთების საჭიროება აღარ არის, თუმცა ეს წესი მაინც მკაცრად დაცულია დღემდე. უბრალოდ კარზე გამოკრულ ფურცელს ახლს წებსაიტიც ეხმარება ხოლმე . 🙂
  2. 1914 წელს ქალებმა გადაწყვიტეს საკუთარი ხმის უფლების დაცვის ამბავი მეფემდეც მიეტანათ. ვინაიდან მათ სასახლეში ასე უბრალოდ არავინ შეუშვებდა, რამდენიმე მათგანი პროტესტის ნიშნად ჯაჭვებით მიება ჭიშკარს, სხვები კი  ამ დროს სასახლეში შევარდნას და „ქალთა ხმის უფლების“ პეტიციის შეტანას ცდილობდნენ.
  3. მეორე მსოფლიო ომის დროს ბუკინგემი 9 ჯერ დაიბომბა.  ელიზაბეთ II და მეფე ჯორჯ VI , რომლებიც ამ დროს სასახლეში იმყოფებოდნენ სულ შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. ბომბს ერთი მორიგე პოლიციელი- სტივ რობერტსონი შეეწირა, რომლის სახელი სასახლეში, მემორიალურ  დაფაზეა ამოტვიფრული.
  4. გარემოს დაცვითი საქმიანობა არც ამ სასახლის ბინადართათვის არის უცხო. სპეციალურად მოწყობილი გათბობისა (CHP) და ელექტროობის სისტემები (LED ) ისეა მოწყობილი რომ მასქიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს.
  5. დროშებს ბუკინგემის სასახლეში სხვა ფუნქციაც აქვთ. როცა დედოფალი რეზიდენციაშია სწორედ ის დროშა ფრიალებს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. როცა არ გახლავთ, მაშინ დიდი ბრიტანეთის დროშა ამშვენებს სასახლეს.
  6. თუკი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობთ (!) ძალიან გაგმართლებიათ. აქვეა საკუთარი კინოთეატრი, საავადმყოფოს საოპერაციო ოთახი, ფოსტა, სამლოცველო,  პერსონალის სასადილო და საცურაო აუზი, რათა თქვენ სამეფო ფეხებს შორს წასვლა არ დასჭირდეთ. 🙂
  7. სასახლეში 350-ზე მეტი საათია და მათ მოსავლელად 2 სპეციალისტი ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობს. ესაა გამართულად მომუშავე საათების უზარმაზარი კოლექცია , რომელსაც სავარაუდოდ ანალოგი არ აქვს.
  8. სასახლის დაცვა. ძნელია ამ ბიჭებს მხოლოდ „დაცვა“ უწოდო. ისინი სავიზიტო ბარათების ფუქნციასაც მშვენივრად ითავსებენ. მათი ცვლილების ცერემონიალი ბუკინგემის წინა ეზოში მიმდინარეობას 11:30-ზე სამხედრო მარშის ფონზე, რომელიც ზოგჯერ რატომღაც „ABBA”-ს ჰიტებში გადაიზრდება ხოლმე , ხოლო სამეფო დაბადების დღეებზე „Happy birthday’’-ს მოსმენაც შეიძლება.
  9.  არსებობს კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც ტურისტების თვალში ნაკლებად ხვდება ხოლმე.  ეს გახლავთ წინა ეზოს დასუფთავება, რომელიც ყოველდღიურად ტარდება გამონაკლისების გარეშე-შობასაც კი.
  10. სასახლის ყველაზე დიდი ოთახს ბალის დარბაზი წარმოადგენს, სადაც ძირითადად მიღებები იმართება. 36.6 მეტრი სიგანეში, 18მ სიგრძეში და 13-ც სიმაღლეში. ეს ოთახი 1856 წელს გაიხსნა და ყირიმის ომის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

 

წიგნი-ნაწილი II

მილენიუმის ტრილოგიის პირველ ნაწილზე ერთ-ერთ წინა პოსტში ვსაუბრობდი. ამჯერად მეორე ნაწილზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, მიუხედავად იმისა რომ მგონი ყველამ წაიკითხეთ და ბოლო მე დავრჩი 🙂 საერთოდ, კითხვისას მახასიათებს მისი გავლენის ქვეშ მოქცევა. სულაც არ ტყუის კეჟერაძე როცა კითხვას მოგზაურობას უწოდებს. თუ სიუჟეტმა გამიტაცა, თავსაც ვერ ამაწევინებთ და სულ არ ვისურვებდი იმ ადამიანის ადგილას ყოფნას ვინ ამ დროს გაბედავს და კითხვას  შემაწყვეტინებს. ასე დამემართა როცა ლარსონს კიდევ ერთხელ შევხვდი.

კაფანდარა გოგოს მეორე თავგადასავალი გაცილებით მძაფრსიუჟეტიანი და უფრო სახიფათო გამოდგა, ვიდრე პირველი. ფსიქოფატი მკვლელის კვალდაკვალ ერთდროულად სამი გამოძიება მიმდინარეობს. თქვენ შვედეთის ქუჩებში ხეტიალის გარდა, მიტოვებულ სოფლებსა და პოლიციის არქივებში ქექევაც მოგიწევთ. ლიზბეთი ამჯერად განგსტერებისა და თავზეხელაღებული ბაიკერების სამიზნეა, თუმცა ვინ ვის უმიზნებს ეს კიდევ საკითხავია.

არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვთქვა იმ მცირე ნიუანსებზე, რაც ცოტა არ იყოს მეზედმეტა. მაგალითად, მეეჭვება სალანდერისნაირ გოგონას მკერდის ზომა და სხვისი შეხედულებები აფიქრებდეს. შეიძლება ლარსონს მხოლოდ იმის ჩვენება უნდოდა, რომ ობიექტური მიზეზები რომ არა, ლიზბეთიც ქალია-სენტიმენტებითა და ქალური პრობლემებითო. მაგრამ მე ყოველგვარი კომპლექსებისგან თავისუფალი უფრო მომწონს. კიდევ იყო მცირე მონაკვეთები, თუმცა არაფერი ისეთი , ხსენებადაც არ ღირს.

ზრდასრული კალე და პეპი სახიფათო თავგადასავალში ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრში არიან და პირობას გაძლევთ, პირველი ნაწილით აღფრთოვანებულებს იმედი არ გაგიცრუვდებათ.  ახლა ისღა დამრჩენია მშვიდად ველოდო მომდევნო ფილმს და რუნი მარას თამაშით დავტკბე. გამოგიტყდებით და ამ გოგონას ჩემი სახით ალბათ მუდმივი თაყვანისმცემელი შეემატა. დარწმუნებული ვარ სხვა ჟანრის ფილმებშიც მშვენივრად ითამაშებს, მაგრამ ჩემთვის ის მეტრაახევრიანი გაბედული ლიზბეთია, რომელიც ლარსონის მოგზაურობაში გავიცანი. აკი უწინასწარემტყველა კიდეც ფენჩერმა, ‘’ერთი როლის მსახიობობა’’ – გელისო.

საგა აქ არ სრულდება, წინ კიდევ მესამე ნაწილი გველის სადაც ცეცხლთან მოთამაშე დრაკონის ტატუიანი გოგონა კრაზანების ბუდეს მიადგება. აქ უკვე არჩევანის წინაშე ვდგავარ, დაველოდო ქართულ თარგმანს თუ ინგლისურ ვერსიას მივადგე, თუმცა ერთი რამ გადაწყვეტილია- ლიზბეთის ყველა თავგადასავალი მხოლოდ დიდი ეკრანზე უნდა ვნახო. 🙂

ფეხშიშველი


ჰაერი აღარ არის. სასუნთქი ჰაერი გაჭირდა.

რამხელა ძალა ჰქონია მხოლოდ ერთხელ ღრმად ჩასუნთქვას, თითქოს სამყაროს ტვირთი მოგეხსნა. მაგრამ, სამწუხაროა რომ ეფექტი წამიერია. მერე ისევ თავიდან მძიმდები.

სულში ზამთარია, გარეთ ზამთარია და სხეულიც სულთან ერთად იფიტება.  რა სასაცილოდ მეჩვენება ეს ყოველდღიური ბორგვა. ბორგვაა აბა რა არის. სიყალბეა და ტყუილი. ნაძალადევი არაფერი ვარგა, იმიტომაც ვერ ვიტანდი მთელი ბავშვობა სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მაკეთენბინებდნენ რამეს. სანამ პატარა ხარ გგონია რომ გაიზრდები და ყველაფერი ისე იქნება რგორც შენ გინდა. აი როგორც იქნა გაიზარდე და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ იმაზე მეტად გახდი ვალდებულებების მონა, ვიდრე წარმოგედგინა.

მინდა ავდგე და წავიდე. აი ისე უბრალოდ, ვიარო დაუსრულებლად უსაშველოდ გრძელ ბილიკზე, მწვანე ხეებში რომაა ჩაფლული და შორიდან რომ წყაროს ხმა ისმის. მინდა  ფეხშიშველს გრძელი ყვავილებით მოჩითული კაბა მეცვას, გაშლილ თმაში მინდვრის ყვავილები მებნიოს და მივდიოდე, უბრალოდ მივდიოდე.

მინდა გაზაფხული ვისუნთქო

მინდა თავისუფლება ვისუნთქო

მინდა თვალები დავხუჭო და ყვავილების ზღვაში გადავეშვა.

შესაფერისი დრო

საერთოდ, როცა რაღაცას იღებ საკუთარ თავზე და მერე ის ან ბოლომდე არ მიგყავს, ან უყურადღებოდ ტოვებ უპასუხიმგებლობის ნიშანია. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ როგორც სჩანს,  ჩემ ბლოგს სწორედ ასეთი პატრონი შეხვდა და ამის აღიარებაც უკვე საქმეა. თავის გასამართლებლად უამრავი მიზეზის მოყვანა შეიძლება- საქმე, სამეცადინო, ახალი სამსახური… თუმცა ამ ყველაფრის ფონზე  1 საათის გამოყოფა ყოველთვის შეიძლება და მეც სინდისშეწუხებული ვუბრუნდები აქაურობას. შაბათი ჩემთან ინგლისური პოსტების დღეა, ყოველშემთხვევაში ვცდილობ ტრადიციად ვაქციო, თუმცა მაინც სრული ქაოსია ამ მხრივ. დღეს ინგლისურ პოსტს ვერ გთავაზობთ, თუმცა ოფიციალურად ვუერთდები ამავე ეროვნების მწერალი ქალის თაყვანისმცემელთა გუნდს. ვირჯინია ვულფს აქამდე არ ვიცნობდი და მეტიც, ნაკლებად მსმენოდა მასზე. როგორც აღმოჩნდა არც მამისეული ბიბლიოთეკა აღმოჩნდა მისი ნაწარმოებებით დამშვენებული და მხსნელად ინტერნეტს მივაშურე, იქნებ გარკვეული წარმოდგენა მაინც შემქმნას-მეთქი.  და არც შევცდი! lib.ge-ს ასე თუ ისე ყველა იცნობთ და მოგეხსენებათ საკმაოდ კარგი ელ.ბიბლიოთეკაც აქვთ, თუმცა დამერწმუნებით კომპიუტერის ეკრანი საკითხავად კარგ სამსახურს ვერ გაგიწევთ და ასე აღმოჩნდა ვირჯინია ვულფის მოთხრობები ვორდის ფაილში დაკოპირებული, რასაკვირველია შესაფერისი დროის მოლოდინში.

თავის დროზე, ასევე ვორდის ფაილში დავაკოპირე ’’ანა ფრანკის დღიური” და დაუძლეველ ინტერესს რა ვუთხარი, რამდენიმე ჩანაწერის თვალდაუხამხამებლად წავიკითხე. ვინაიდან ჩემ მხედველობაზე უკვე კარგა ხანია ეს ”ეშმაკის მოგონილი მანქანა” არასახარბიელოდ მოქმედებს, თავის მინებება ვარჩიე, რასაკვირველია ამ შემთხვევაშიც შესაფერისი დროს წაკითხვის პერსპექტივით.

ალბათ, იკითხავს ვინმე როდის არის ეს დრო, რით ვეღარ დადგაო. მე კი თქვენ ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და გეტყვით, რომ ამ ”შესაფერის დროს” სახელად ქინდლი ჰქვია, და აგერ უკვე 1 კვირაა ჩემი ჩანთის განუყრელი მეგობარია. თუმცა მისი ფუნქცია რომ ჩანთით ტარება არაა კი გეცოდინებათ და ჩემთვის საინტერესო ელ.წიგნებით უკვე შევავსე ასეთივე თარო. ანა ფრანკით და ვულფით დავიწყე, დანარჩენს მერე მოგიყვებით!

ნაყოფიერ “weekend”-ს გისურვებთ მეგობრებო!


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge