Archive for ივლისი, 2012

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)

მოგესალმებით ინგლისური ვერანდის სტუმრებს და განვაგრძობ ჩაის ინგლისური ისტორიის მოყოლას ჩემ ბლოგზე.

Twinings

სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს. წინა პოსტებში, საუბარი იყო თუ რა მალე გახდა პოპულარული ინგლისში ჩაი, რა ცვლილებები მოუტანა საზოგადოებას მისმა შემოსვლამ და როგორ ყალიბდებოდა ის ტრადიციად. დღევანდელ პოსტში კი ძველი ინგლისის პოპულარულ საჩაიეებსა და ჩაის ჭურჭელზე ვისაუბრებთ.

გემრიელი ჩაის სზოგადოებაში გავრცელებას, პარალელურად მოყვა ისეთი ადგილების ზრდა სადაც ამ არომატული სითხის დაგემოვნება ან შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. იმ დროისათვის ერთ-ერთ ცნობილ ადგილს უდავოდ მაღაზია „ტვინინგების ოქროს ლომი“ წარმოადგენდა, სტრენდის ქუჩაზე. ამ უკანასკნელის ხილვა დღესაც შეგიძლიათ იგივე მისამართზე, ის ისევ ფუნქციონირებს და ყიდის ჩაის, აგერ უკვე 300 წელია, რაც ამ მაღაზიას ლონდონის უძველეს დაწესებულებად  აქცევს, რომელიც სამი საუკუნეა ერთსა და იმავე მისამართზეა განლაგებული და ჩაით ვაჭრობს. ჩემი აზრით შთამბეჭდავი ამბავია ( +1 ერთი ადგილი ჩემ სიას, რომელიც უნდა ნახო ლონდონში თუ ხარ).

ინგლისში პოპულარობას იძენდა ასევე “ჩაის ბაღები”, რომლებიც მალე გასცდნენ ლონდონის ფარგლებს და ქალაქის შემოგარენშიც უხვად გვხვდებოდნენ. ლონდონში საუკეთესოდ ითვლებოდა ვასკჰოლის ბაღი, თუმცა ჩელსის “Ranelagh Gardens” უდავოდ ყველაზე ეფექტური სანახაობა იყო. ასეთ ადგილებს შეძლებული ინგლისელები ძირითადად ოჯახებით სტუმრობდნენ. ტკბებოდნენ გემრიელი ჩაით, სეირნობდნენ ტბის ნაპირას და ხვდებოდნენ საინტერესო ადამიანებს. “ჩაის ბაღები” მეტად უცნაური სახელებითაც გამოირჩეოდნენ ხოლმე, როგორიცაა მაგალითად ” ადამ და ევას ბაღი”, “მერლინის ბაღჩა” ან თუნდაც “სამი შლაპა”.

Ranelagh Gardens

გასაკვირი არაფერია იმაში რომ ჩაის სმით გატაცებულმა ინგლისელებმა საყვარელი სასმელისათვის სპეციალური ავეჯისა და ჭურჭლის შექმნაც დაიწყეს. ვაჭრებმაც მალე შენიშნეს რომ ჩინური ფაიფურის ბაზარი ინგლისში გვარიანად გაიზარდა და კერამიკის წარმოებამაც ფრთა გაშალა. ინგლისლები ამით არ დაკმაყოფილებულან და დაინტერესდნენ როგორ იქმნებოდა ჩინური ფაიფური, ამ ინტერესს კი შედეგად მოყვა ისეთი ტიპის კერამიკის შექმნა, რასაც დღეს “რბილ ფაიფურს” ვუწოდებთ.

დღეისათვის თავს აღარ შეგაწყენთ ჩაიზე საუბრით, ისიამოვნეთ ზაფხულის მშვენიერი დღით!

თქვენი ჯეინი : )

დედა

მე დიდ ოჯახში ვცხოვრობ. ბავშვობაში მეგონა რომ ასეთი დიდი ოჯახები იშვიათობა იყო, ამიტომაც ამას ყოველთვის აღვნიშნავდი და მეამაყებოდა. ჩვენთან სამი თაობა და ტრადიციები ჯერ კიდევ თავის სიმაღლეზე დგას. ბებია და ბაბუა, დედა და მამა, მე და ჩემი ძმა – აი სულ ესაა მთელი შემადგენლობა. ღვთის წყალობით, არასდროს დავმდგარვართ ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე, აი ისეთის, სიკვდილ-სიცოცხლეს შორის სულ პატარა ზღვარი რომ რჩება და ისღა დაგრჩენია ილოცო…ილოცო…ილოცო…რომ იქნებ ყველაფერი კარგად დასრულდეს. თუმცა როგორ არა, ერთი ისტორია მაინც შემიძლია გავიხსენო.

ეს დედას ეხება. ჩვენ ოჯახში დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად აქვს შეხება მედ-პერსონალთან. ძირითადად იმიტომ რომ ამ სფეროში მუშაობს, თუმცა სამწუხაროდ მისი კუჭის წყლული, რომელიც შემოდგომა-გაზაფხულობით განსაკუთრებით აქტიურდება, დედას პაციენტის როლში ყოფნასაც აიძულებს ხოლმე. მას კი ეს ამბავი ჭირივით სძულს, იკითხავთ ან ვის უყვარს ავად ყოფნაო, მაგრამ თუ წარმოიდგენთ უზარმაზარ ზონდს რომელიც საკუთარი ნებით უნდა “ჩაყლაპოთ” , მერე ეს უკანასკნელი საყლაპავში 360 გრადუსით უნდა ატრიალონ,მიხვდებით რომ განსაკუთრებით საზიზღარი პროცედურებიც არსებობს.

ახლა იმ ერთ ისტორიას, ზემოთ რომ ვახსენე, ცოტა შორიდან მოგიყვებით.

ჩვეულებრივი დილა გათენდა, სკოლაში უნდა წავსულიყავი და ადგომა საშინლად მეზარებოდა. მერე დედას ნაბიჯების ხმა გავიგონე და მშვიდად მივლულე თვალები, ვიფიქრე მაინც ისეთ დროს შემაფხიზლებს რომ სკოლაში არ დამაგვიანდება-მეთქი. არ გასულა რამდენიმე წამი და ძილბურანში შეკივლება ჩამესმა. დაფეთებული გავვარდი საპირფარეშოსკენ, სადაც გონებადაკარგული დედა სისხლის გუბეში მოცურავე და გაშავებული დამხვდა. ეს სურათი სამუდამოდ აღიბეჭდა 14 წლის გოგოს მეხსიერებაში.ამის შემდეგ მხოლოდ ორი რამ მახსოვს-მე ტელეფონთან სასწრაფოში ვრეკავ და ვკივი…და  მე სასწარფოს მანქანაში ცალ ხელში ანთებული სანთლით, მეორეში კი დედას ხელით ხელში…

ეს ისტორია კარგად დამთავრდა. დედას უამრავი ანალიზი, ოპერაცია და თითქმის 2თვიანი წოლითი რეჟიმი დასჭირდა ფეხზე დასადგომად, ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად კი გაცილებით მეტი. მაშინ დაზღვევა რც პოპულარული და მითუმეტეს ხელმისაწვდომიც არ იყო, ამიტომ დედას მკურნალობას ოჯახის დანაზოგები დასჭირდა. ამის შემდეგ, ჯანმრთელობის შენარჩუნებას სწორი კვებით და ყველაზე ხელმისწავდომი მედიკამენტებით ცდილობდა. მისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის შვილები და ოჯახი იდგა და ჩვენ დარიგებებს, უფრო საფუძვლიანად მიეხედა თავისთვის, უყურადღებოდ ტოვებდა. გამუდმებით იმას ამბობდა, ჩემი თავისთვის არაფერი მინდა, ყველაფერი თქვენთვის მემეტებაო. როცა წყლულის შეტევებმა იკლო, მთლად მოდუნდა და გეგმიურ შემოწმებებსაც თავი ანება.

სულ ბოლოს ექიმთან ვიზიტი ერთი თვის წინ დასჭირდა. კუჭში ისეთმა საშინელმა ტკვილიმა დაუარა, თავი ძლივს შეიკავა გონება არ დაჰკარგვოდა. მეორე დღესვე გაიქცა ექიმთან იმ საშინელი “ზონდის” გადასაყლაპად. კუჭში რაღაც წანაზარდი აღმოაჩნდა, ექიმმა იეჭვა სიმსივნური არ იყოსო და ბიოფსიაზე გაგზავნა. მთელი კვირა ველოდეთ პასუხს, რომლის მოლოდინმაც ძილი ცალკე გამიფრთხო და სიმშვიდე ცალკე. დედაც ნერვიულობდა, თუმცა არაფერს იმჩნევდა. ასე მეგონა ყველა მისი მოქმედება უკანასკნელი იყო და ფიქრებს სიგიჟემდე მივყავდი. როგორც იქნა გავიგეთ რომ წანაზარდი უბრალო პოლიპია, თუმცა საჭიროა მისი ამოჭრა.

დედა სექტემბრიდან სამსახურებრივი დაზღვევით სარგებლობს. გუშინ სადაზღვევოშიოში დარეკა, სადაც უთხრეს რომ ფორმა-100-ის და სხვა ქვითრების წარმოდგენის შემთხვევაში, გაწული ხარჯები აუნაზღაურდება. თუ ოპერაციის ხარჯთაღრიცხვასაც წარადგენს, ეს თანხაც სადაზღვევოს მიერ დაიფარება, იგივე ეხება მედიკამენტებსა და სხვა ხარჯებს, როგორიცაა მაგალითად ოპერაციის შემდგომ საავამდყოფოს პალატით სარგებლობა და ა.შ. გამოგიტყდებით, მეც მეგონა ყოველთვიურად გადახდილი სადაზღვევო  პრემია, მხოლოდ უზრუნველი შემოსავალი იყო მსგავსი კომპანიებისთვის. პირადმა მაგალითმა კი ერთ რამეში დამარწმუნა, დღეს არ არის იმის ფუფუნება არ გქონდეს დაზღვევა და ის სულაც არ ჯდება ძვირი. თუ არ ვცდები, ყველაზე იაფფასიანი პაკეტი 5 ლარიანია და თქვენი ჯიბისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ფასიც იზრდება. არჩევანი თქვენზეა.

დაზღვეულ ცხოვრებას გისურვებთ!

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III)

გულთბილი შაბათური და ინგლისური სალამი 🙂 ვაგრძელებ ჩაის საღამოებს, პირდაპირი გაგებით და გიამბობთ ინგლისური ჩაის ისტორიას. დღეს ამ სერიის მესამე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ, აქ კი შეგიძლიათ იხილოთ პირველი და მეორე ნაწილები. მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი ის დრო გახლავთ, როცა ჩაის სმის ტრადიცია ინგლისში

სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. თავდაპირველად ფინჯანი ჩაი ძვირი სიამოვნება გახლდათ მაღალი სავაჭრო გადასახადის გამო, უფრო მეტიც- რიგით ინგლისელს ჭიქა არომატული სასმელი შეიძლება სამი კვირის მუშაობის გასამრჯელოდ დაჯდომოდა. თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა, როცა მაშინდელი პრემიერის – უილიამ პიტის განკარგულებით მთელ რიგ პროდუქტზე სავაჭრო გადასახადის ნიშნული გვარიანად შემცირდა. ამის გამო ჩაის შეძენა გაცილებით ხელმისაწვდომი და მისი მირთმევა კი უფრო პოპულარული გახდა. ძველი საარქივო მონაცემების მიხედვით, ოფიციალურად ინგლისში წლის მანძილზე 5 მილიონი ფუტი ჩაი შემოდიოდა ინდოეთიდან, არალეგალური გზით კი თითქმის ორჯერ მეტი. ამ ციფრებით თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად შეიყვარა ინგლისმა ჩაი. მანამ სანამ სასმელი ასე თუ ისე ხელმისაწვდომი გახდებოდა, ინგლისელთა საშუალო ფენა მაინც ნახულობდა გზას არომატული ჩაის სიამოვნება არ მოეკლო, საამისოდ უკვე გამოყენებულ ჩაის ფოთლებს მოცვისა და კუნელის ფოთლებთან ერთად ამუშავებდნენ და აშრობდნენ. ამ გზით მომზადებული სასმელი მართალია ნამდვილი ჩაივით გემრიელი არ იყო, თუმცა სასიამოვნო არომატი ჰქონდა. კარგა ხანს ჩაი, სიმდიდრის, სტატუსისა და კარგი მანერების საზომად მიიჩნეოდა. წარმოდუგენლად ამაყი იყო ოჯახის დიასახლისი, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა ჩაის განჯინის გასაღებს მსახურთა გრძელი ხელებისგან და ჰქონდა პატივი საკუთარ სახლში ჩაით გამასპინძლებოდა სტუმრებს ვერცხლის ჭურჭლით. საზოგადოების მაღალი ფენა, კიდევ უფრო შორს წავიდა და სახლების გადაკეთებას მიჰყო ხელი, რათა გამოეყოთ ცალკე ოთახი სპეციალურად ჩაის მირთმევისათვის. ქალაქებში საჩაიეებიც მომრავლდა და ინგლისმა სამუდამოდ დაიმკვიდრა „ჩაის მოყვარული ერის“ სახელი. მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდრული საჩაიე შეგვიძლია სან-სუსის მიდამოებში ვნახოთ, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში ფრიდრიხ დიდის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს გახლავთ როკოკოს სტილისა და ჩინური დეკორის ულამაზესი შერწყმა, რომელიც პალმებისა და ჩაის ბუჩქების ფონზე ეგზოტიკურ გარემოს ქმნის.

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაი უკვე გავრცელებული იყო მთელ ინგლისში. ფრანგი ჰერცოგი დე ლაროშფუკი თავის ჩანაწერებში წერდა : „ მთელი ინგლისი სვამს ჩაის, უღარიბესი გლეხიც კი დღეში ორჯერ მიირთმევს მას, ისევე როგორც მდიდრები.“ შეიძლება ღარიბ ინგლისელს არ მიეცა იმის საშუალება სადმე აღეწერა მისი სიყვარული ჩაის მიმართ, მაგრამ ცნობილი ლეკსიკოგრაფი სემუელ ჯონსონი თავის თავს ‘’გამოუსწორებელ და უსირცხვილო ‘’ჩაიმსმელად’’ მოიხსენიებდა , რაც კარგად გვიხატავს რიგითი ინგლისელის დამოკიდებულებას მათი ახალი გატაცების მიმართ.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge