Archive for November, 2011

10 წიგნი

მოლი რომ კარგად წერს ეს ამბავი არაა საიდუმლო, მაგრამ კომენტარებში გამართული დიალოგებიც არანაკლებ საინტერესოა და ხშირად, ბევრი კარგი იდეა ჩნდება. დღევანდელი პოსტიც ამ დიალოგის შედეგად იწერება.

მამჩემს ძალიან უყვარს კითხვა, შესაბამისად ჩვენი ბიბლიოთეკა სავსეა წიგნებით და გამუდმებით ივსება ამ დრომდე. აქტიურად ვართ ჩაბმულები 50 წიგნის პროექტში, მონდომებით მივყვებოდით დეტექტივების, საბავშვო ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის საგანძურების გამოცემებსაც. “დიდი მხატვრების” 24-ვე კრებული წიგნის თაროს უკვე ამშვენებს და სავარაუდოდ, ბოლომდე გავაგრძელებთ.

ამ ფონზე კი, ბოლო დროს ძალიან ცოტა დრო მრჩება ყველაფრისთვის, მშვიდად საკითხავად კი მითუმეტეს.. ამიტომ, მრავლად დაგროვდა წასაკითხი წიგნები. ამ პოსტში მხოლოდ პირველ 10-ეულზე ვისაუბრებ, რომელიც გამუდმებით ფორმირებას განიცდის, მაგრამ ამ დროისთვის სწორედ ასეთი სახე აქვს (რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს ):

1.  სტიგ ლარსონი- “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ან უფრო ზუსტად “ქალთმოძულე კაცები”.

მიზეზი თუ რატომ მინდა ამ წიგნს გავეცნო, სრულიად ქართული ბლოგოსფეროს აღფრთოვანებაა. როცა ყოველი მე-5 ახალი პოსტი დრაკონზე და მისი გამოსახულებით დამშვენებულ გოგონაზე ქვეყნდება, გინდა არ გინდა ინტერესდები – რა არის ასეთი. განსაკუთრებით მხიბლავს ის შენიშვნა, რომელსაც უკლებლივ ყველა ბლოგერი თუ მკითხველი ურთავს: “პოპულარობა და ხარისხი ამ შემთხვევაში თანხვედრაშია”-ო. ორიოდე დღის წინ ჩემ საყვარელ ლიტ-კაფეს და წიგნის მაღაზიასაც მივაკითხე, მაგრამ არ ჰქონდათ და შემდეგი ხუთშაბათისთვის დამიბარეს, მეც არ დავაღალატებ და იმედია რომ ამ წიგნს მალე ჩავიგდებ ხელში.  : )

2. ორჰან ფამუქი- “მე წითელი მქვია”

ამ წიგნით დაინტერესების მიზეზიც, ამ შემთხვევაშიც ბლოგერები არიან. რამდენიმე საინტერესო პოსტი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ რომ კითხვის დაუოკებელი სურვილი გამჩენოდა. lib.ge-ზე განთავსებულმა შესავალმა მთლად გადამრია. ამას დაუმატეთ ზემოხსენებული შენიშვნა და ისიც, რომ ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატია.. მე და მამა ერთმანეთს ველოდებით, რომელი იყიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მე დავასწრებ ვიცი.

3. თომას მანი – “ბუდენბროკები”

ტყული იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში რეცენზიებს ან ვიმეს რჩევას ვეყრდნობი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა იმალება ყდის უკან. მითუმეტეს, რომ საგის მოყვარულიც გახლავართ და საბოლოო ჯამში, ბევრი მიზეზი მიგროვდება იმისთვის რომ წავიკითხო.

4. ჩაკ პალანიკი- “იავნანა”

სულ რამდენიმე დღეა, აღმოვაჩინე კატერინას ბლოგი, აქვე კი გავეცანი იმ პოსტებს, რომლებსაც წაკითხულ წიგნებს უძღვნის და ერთ-ერთი მათგანი იმდენად მომეწონა, რომ ჩაკ პალანიკის “იავნანა”- რომლისთვისაც თურმე ჯილდოც მიუღია 2003 წელს, წასაკითხი წიგნების ათეულში აღმოჩნდა.

5. არტურო პერეს რევერტე.

ეს ის შემთხვევაა როცა კონკრეტულ ნაწარმოებზე არ შემიჩერებია ყურადღება. პირველად ეს გვარი რომელიღაც სერიალის რეკლამიდან გავიგე, ამიტომ ჩავთვალე რომ მაინც და მაინც საინტერესო ავტორი არ უნდა ყოფილიყო. მერე ხან რომელ ბლოგზე შემხვდა, ხან რომელ საიტზე და აღმოჩნდა რომ მცდარი შეხედულება ჩამომყალიბებია. უბრალოდ, ინტერესესითვის წავიკითხავდი რამეს, იმისთვის მაინც რომ ჩემი აზრი მქონდეს მასზე.

6. გაბრიელ გარსია მარკესი.

ამჯერად კოლუმბიელ მწერალს გადავწვდები. მისი გაცნობა უკვე მოვასწარი- 2 რომანის და რამდენიმე ნოველის დახმარებით, მაგრამ ამ დრომდე სამწუხაროდ არ წამიკითხავს ” პატრიარქის შემოდგომა” და “სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ”.

7.  ლევ ტოლსტოი- ანა კარენინა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს რომანი აქამდე არ წამიკითხავს არის რუსული ენა. საკმაოდ კარგად მესმის და თუ მჭირდება ენა არ მებმის, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევწვდები ტოლსტოის.  ამ რომანის ორიგინალში წაკითხვა კი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს გადავწყვიტე, წიგნის თაროზეც სწორედ რუსული გამოცემა მაქვს.  ალბათ, ამ ზაფხულს შევძლებ მის წაკითხვას.

8.  ვირჯინია ვულფი.

ამ ინგლისელი მწერლის არაფერი მაქვს წაკითხული, რის გამოც გული მწყდება და ძალიან მალე მინდა ამ დანაკლისის შევსება.

9.  ჯორჯ ორუელი- 1984

წიგნის რეკომენდატორი ჩემი ძმაა, რომლის რჩევასაც, ვისურვებდი მალე დავუჯერო, მითუმეტეს რომ წიგნი თაროზეა.

10. ალექსანდრე დიუმა- “დედოფალი მარგო”

ამ ნაწარმოებთან საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება მაქვს. სულ მცირე, ოთხჯერ მაქვს დაწყებული და აქედან სამჯერ

 მსგავსი შემართებით ” ამჯერად მაინც წავიკითხავ”, მაგრამ არაფერი გამომდის. მიზეზი რა არის, კარგად ვერ ვხვდები. მემგონი პირველ თავებში აუარება პერსონაჟის თუ ვიღაც ისტორიული პირების დახასიათება და ნათესაური კავშირების აღწერა უნდა იყოს, რის გამოც სიუჟეტში ჩართვა ძალიან მიჭირს.

ესეც ჩემი ათეული. არაა გამორიცხული ხვალ სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს, მაგალითად ” ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსმა” გაცილებით წინ გადმოინაცვლოს, ვიდრე მეორე ათეულში ყოფნაა, ან კიდევ უმალ, მივიწყებული წიგნების გადაკითხვა დავიწყო, ვიდრე ახლების “შევეჭიდო”. ან სულაც,შეიძლება “მექანიკურ ფორთოხალს” ჩავუჯდე ამ შაბათ-კვირას…

მანამ სანამ, მე წასაკითხი წიგნების რიგითობას ვარკვევ, ვაქციოთ ეს ყველაფერი თეგ-თამაშად და ჩემი მხრივ, რამდენიმე ბლოგერის სიით ვარ დაინტერესებული :  მოლი,  რუსა და ცოტნე, გისმენთ. : )

ინგლისური ჩაის საღამო- 3 სონეტი, ანუ სახეცვლილი პოსტი

ყველა ქვეყანას, ტომს, გაერთიანებას, თემს და ოჯახსაც ალბათ თავისი ოქროს ხანა აქვს. საქართველოს ოქროს ხანაზე საუბრისას, არც დავფიქრდებით ისე ვუპასუხებთ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეფობის წლებს. ინგლისის ოქროს ხანაც ქალის სახელთანაა კავშირში- ელისაბედ I- ერთ-ერთი ძლიერი დედოფალია, რომლის მეფობის პერიოდი (1558–1603) ოქროს ხანად იწოდება. ბუნებრივია როცა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, ან სტაბილურად წინ მიიწევს ქვეყანაში სხვა სფეროების განვითარებისთვის დროც მეტი რჩება და რესურსიც. ინგლისში ასეთი “აღორძინების ხანა” თეატრს, კერძოდ კი დრამის ჟანრს დაუდგა.

ისევ საქართველოსთან გავავლებ პარალელს. რომელია ავტორი და ნაწარმოები, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაზე საუბრისას გახსენდებათ? პასუხი: შოთა რუსთაველი. პოემა- “ვეფხისტყაოსანი”. ახლა იგივე კითხვა ინგლისის შემთხვევაშიც დავსვათ. პასუხი: უილიამ შექსპირი. ნაწარმოები- “რომეო და ჯულიეტა”. მართალია ცნობადობის მასშტაბებით  რუსთაველის შემოქმედება ბევრად ჩამოუვარდება შექსპირისას, თუმცა შინაარსისა და სტრუქტურის სიძლიერით ბევრად წინაც შეიძლება იდგეს.ამაზე საუბარს ეხლა არ ვაპირებ. დღევანდელი ჩაის საღამო საერთოდაც სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ შექსპირზე შევჩერდები..

მასზე ბიოგრაფიულ ცონებებს ნეტ-სივრცეში უხვად წააწყდებით, ამიტომაც ამაზე დროის დაკარგვა აღარ მინდა.შექსპირზე ცნობების მოძიება შუა გზაში შევწყვიტე და ვიფიქრე რომ ეს სონეტები მასზე უფრო ბევრ რამეს ამბობენ, ვიდრე ნებისმიერი ბიოგრაფიული მონაცემი.

შოპენი და შექსპირი. ისიამოვნეთ. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან გემრიელ ლუკმად მეჩვენება ეს ტანდემი.

დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს, იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,
მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.


                                                 თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა,

                                               თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა,                                                ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა,თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან.
დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები შეცვლის ყველაფერს, აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას, მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები, შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად.და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა,
 ვეღარ ვბედავდი მეთქვა: `ტრფობა ცამდე ავიდეს!მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს. თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში,მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ.

როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს,
ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას,
მაგრამ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ
და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.
ვიცი, ამ ფურცლებს ვერ დაფარავს ჟამის სუდარა,
რადგან შენშია ჩემი ლექსი _ ჩემი ქონება,
მიწად ვიქცევი, მიწას მეტი არა უნდა რა,
სხეული მიაქვს, სულს გიტოვებს ჩემს მოგონებად.
შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება,
ის, რაც მოკვდება, ჭია-ღუას დარჩეს სათრევად,
სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა,
ამიტომ მისი მოგონება არც გეკადრება.
სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა,
მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა.

ინგლისური ჩაის საღამო-შავი კატებისა და თეთრი კურდღლების შესახებ

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე დღევანდელი დღისთვის ცოტა მარტივი და ამავდროულად, სახალისო თემა შემერჩია. მართალია ჩვენი ინგლისური საღამოები ინფორმაციული სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა მაინც ვეხმიანები ჩემს ყოვლად ”სტრესულ და გადაღლილ ყოფას”.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ინგლისურ ცრურწმენებზე ვისაუბრებთ. რწმენა- თავისთავად საინტერესო ფენომენია, თუმცა უწოდებდე რაიმე მოვლნეას ან ქმედებას ცრურწმენას და ამის გჯეროდეს, ეს კიდევ სხვა მოვლენაა. : )
ძველი ქართული ფილმი “აბეზარა” ხომ გახსოვთ? შავი კატა რომ შეგხვდება, ქუდი უნდა შეატრიალო და სამჯერ გადააფურთხოო. ეს სცენა ინგლისში ნამდვილად ვერ გათამაშდებოდა, ერთი მარტივი მიზეზით- იქ შავი კატა სულაცა არაა თარსი. პირიქით, ითვლება რომ ძალიან გაგიმართლათ თუკი შემთხვევით გზაზე გადაგირბენთ, მეტიც, შავი კატის გამოსახულებას- როგორც წარმატებისა და იღბალის სიმბოლოს მისალოც ბარათებზეც შეხვდებით.

იღბალს, მოგიწევთ მთელი შვიდი წლით გამოემშვიდობოთ, თუკი შემთხვევით სარკეს გატეხავთ. ეს ცრურწმენა საქართველოშიც ფართოდ გავრცელებულია და კიდევაც სჯერათ მისი. სარკე, საერთოდ მაგიურ ნივთად მიიჩნევა და მასთან ძალიან ბევრი საინტერესო ცრურწმენა თუ ისტორიაა დაკავშირებული.

რამდენიმე საათის წინ, ბებიაჩემს ველაპარაკებოდი. რაღაცას მეუბნებოდა, რა კარგია რომ ასე არ მოხდაო. გაუზარებლად, ხეზე სამჯერ მივაკაკუნე- აღარ გაიმეორო, არ ახდეს- მეთქი. ინგლისში კი ამ შემთხვევაშიც პირიქითაა საქმე, ხეზე მიკაკუნებით რაიმე სასურველის მოხდენას უფრო “რეალურს ხდიან” .

თუკი მოხარშული კვერცხის ჭამას გადაწყვეტთ, კოვზი ცარიელი მხარისკენ მიმართეთ, ასე ეშმაკს გამოუშვებთ გარეთ. ამ უკანასკნელისგან გათავისუფლდებით მაშინაც, როცა პურს მომრგვალებულ ბოლოებს მოაჭრით. ჰო კიდევ, არამც და არამც არ უნდა დაგრჩეთ თეთრი სუფრა მაგიდაზე მთელი ღამით გადაფარებული, ეს სიკვდილის ნიშანია.

მოლი-ს გრავატარზე გამოსახული მწვანე სამყურაც გეხსომებათ. ინგლისში ის წარმატების მომტან მცენარედ ითვლება, ხოლო თუკი შემთხვევით სადმე ოთხფურცლიან სამყურას გადააწყდით, ჩათვალეთ რომ იღბალი მუდამ თან გდევთ.

ინგლისელებს სჯერათ რომ, თუ 2 ან მეტ ყვავს ერთად მოკარით თვალი, ეს უბედურებისა და სიკვდილის ნიშანია. თუმცა სულ სხვანაირადაა საქმე, თუკი საქმე ლონდონის სასახლეში მობინადრე ყვავებს ეხება- ითვლება, რომ თუკი ისინი სასახლის სხვენს დატოვებენ, ინგლისის სამეფო გვირგვინი დაიკარგება.

და ამ დროისათვის ბოლო ცრურწმენა, შედარებით პოზიტიური. ბრიტანელებს ძალიან უყვართ თეთრი კურდღელი. ის იღბლიანი ცხოველია, ზოგიერთს სჯერა რომ მასში მაგიური ძალა ბუდობს, ზოგსაც ჰგონია რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ, თეთრ კურდღელში სახლდება. რაც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამენ. მეტიც, თუკი თვის პირველ დღეს, თქვენი პირველი სიტყვები იქნება “თეთრი კურდღელი,თეთრი კურდღელი,თეთრი კურდღელი”- ჩათვალეთ იღბლიანი თვე გარანტირებულია. : )
ამ ეტაპზე სულ ეს იყო, ცრურწმენათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, სავარაუდოდ ამ თემაზე კიდევ ერთი პოსტია გეგმაში, ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი იღბალს გისურვებთ, ყოველგვარი ხეზე კაკუნისა და შავი კატების გარეშე.

უსათაუროდ

მემგონი ადრეც ავღნიშნე რომ არ მიყვარს პოსტებს რომ წუწუნით იწყებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ დიდი ხანია არაფერი დაუწერიათ და როგორც იქნა წერენ… მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ ამას ვაკეთებ ეხლა.  არ-წერის მიზეზი? სიმართლე ვთქვა, წარმოდგენაც არ მაქვს. დროს ვერ დავაბრალებ, ბოლო დროს სამსახურში თავზე საყრელი დრო მრჩება, საიმისოდ რომ ვწერო. მეზარება?- ტყუილია, არაფერიც არ მეზარება, კითხვა და წერა ერთერთი პირველები არიან იმ მცირე სიაში, რაც არ მეზარება ხოლმე (ოღონდ მეცადინეობას არ ეხება o_O). მემგონი უფრო ის მოქმედებს, რომ პოსტების უმეტსობას ყოველთვის სამსახურში ვწერ, ჩემი მაგიდა კი საკმაოდ მოუხერხებლად დგას, ანუ ისე, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელს შეუძლია დააკვირდეს რას ვწერ. ამიტომ, წერისას ბრაუზერის ხშირ-ხშირი ჩაკეცვა და თავის მოკატუნება მიწევს, ვითომ სხვა რამეს ვაკეთებ… სახლში არ და ვერ ვწერ. იქაც ჩაკეცვის ფუნქციის ხშირი გამოყენებისა და ზედ დამატებული, გადასაყენებელი ვინდოუსის გამო, რომელიც საგრძნობლად ანელებს წერის პროცესს.. ჰმ, მაინც ვიპოვე მიზეზი. ამ შაბათის პოსტიც გამოვტოვე, არადა დრაფტებში გამზადებული მქონდა, schedule- ღილაკის არსებობა კი რატომღაც დამავიწყდა.  მესამედ გავუცრუე იმედი მკითხველს და საკუთარ თავს.

ამასობაში, რამდენიმე სიახლე მაქვს. მაგალითად ის, რომ შევცვალე ტელეფონი. ვერ ვიტყვი რომ ახლით ძალიან აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ძველს ჯობია. ჩემი NOKIA 4 წელი მემსახურა და დარწმუნებული ვარ, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გზა Samsung B5722-touchscreen-ს დაუთმო. ჯერ-ჯერობით, კარგად იქცევა, ელ-წიგნებიც კი ჩავტვირთე, ოღონდ  ინგლისურად. ჯერ ერთი ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ამ ენაზე მოიპოვება ელ-წიგნები მობილურისთვის, მერე მეორე, ქართულად მგონი ქინდლიც ვერ ხედავს და ტელეფონმა რომ ვერ დაინახოს, რა პრობლემაა. : )

კიდევ ერთი სიახლე, ჩემი მუსიკალური ალბომია. ისევ ტელეფონში, მაგრამ მაინც. მეხსირების ბარათის დიდი მოცულობის გამო, ჩემი საყვარელი შემსრულებლების ლამის მთელი ალბომები ჩავწერე, იმდენად ბევრი მუსიკა დამიგროვდა, მგონი ყველა არც მომისმენია ჯერ.

რაღაც კარიერული წინსვლების მსგავსიც შეინიშნება. სტაჟირებაზე პრაქტიკანტები ჩამაბარეს, ახლა ისინი უნდა ვაკონტროლო, გაცემული კონსულტაციები და შედგენილი დოკუმენტაცია შევასწორო, შეხვედრები უნდა ჩავუტარო და პრობლემური საკითხები განვიხილო. რაღაც “მაღალფარდოვნად” ჟღერს, სინამდვილეში, ბევრი არაფერი ისეთი, თუმცა მაინც სასიამოვნოა.

ეხლა ის პერიოდი მაქვს, “რაღაც ახალი მინდა”-ს ფიქრი რომ მთელი დღე არ გასვენებს. წეღან ფინიკი-ს პოსტი წავიკითხე, ძალიან მომეწონა იდეა-ამ შემთხვევაში მყუდრო ოთახის დაქირავებას ვგულისხმობ- მე და ჩემ ბიჭს გამოგვადგებოდა, ზამთარში ძალიან მცივა ხოლმე და სეირნობაზე ჩემი დათანხმება უჭირს, აი მასეთ ადგილას კი დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მეტიც ძალიან ბევრ სურპრიზს მოვუწყობდი : ) სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ იდეას, ზუსტად ვიცი ჩანასახშივე აბსურდად შერაცხავს და ქირის გადახდა ორივეს დაგვენანება. : ) ან შეიძლება არც დამნანებოდა, ვინ იცის.

ზამთარზე გამახსენდა. მესამე ზამთარია ერთად ვართ, მალე ორი წელი უსრულდება ჩვენს სიყვარულს^^ და გამალებით ვფიქრობ საჩუქარზე. ჯერაც ვერ მომიფიქრებია, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე უკვე შევჯერდი- ეს იქნება რამე ჩემი ხელით გაკეთებული ნივთი. ზოგადი წარმოდგენები მაქვს, ვნახოთ რა გამოვა.

ეხლა როცა ამას გამოვაქვეყნებ, ავდგები და შაბათის პოსტს  schedule-ს გავუკეთებ. ვერ ვიტან, როცა დაპირებებს ვერ ვასრულებ. მაპატიეთ!

ინგლისური ჩაის საღამო- Bonfire Night

მორიგი შაბათიც გათენდა და იმედი მაქვს weekend-ის პირველ დღეს სასიამოვნოდ ატარებთ. ამინდი ნამდვილად კარგია, ყოველშემთხვევაში ჩემი ფანჯრებიდან ნათელი მზე მოჩანს და სასიამოვნო დღეს მპირდება : ). კარგი ამინდის მიუხედავად, დღეს ცეცხლოვანი და კიდევ უფრო თბილი ინგლისური საღამო გვექნება-პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი.

ეხლავე გეტყვით, თუ რატომ:

გაი ფოქსი- ეს სახელი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, სავარაუდოდ არც მას და მის მშობლებს შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ ამ სახელის პატრონი,  კიდევ  ერთ ინგლისურ ტრადიციას დაუდებდა საფუძველს.

ინგლისში საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ბრძოლა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, სწორედ ამ დაპირისპირბის გამო გადაწყვიტეს ტყვია წამლის ოსტატმა გაიმ და მისმა კათოლიკე მეგობრებმა პროტესტანტი მეფე მოეკლათ. მათ არ გასჭირვებიათ ერთი კასრი ასაფეთქებლის მომზადება და მისი პარლამენტის შენობაში ჩუმად შეტანა, სადაც სამეფო კარის გარდა ორივე პალატის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ სხდომას. 1605 წლის 5 ნოემბერი უდავოდ გლოვის დღედ ჩაიწერებოდა ბრიტანეთის ისტორიაში, რომ არა ერთ-ერთი შეთქმული, რომელმაც ოჯახის მეგობარი ლორდის გადარჩენა გადაწყვიტა და წინა დღით გააფრთხილა, პარლამენტში არ მისულიყო. თავის მხრივ ლორდმა, თავი ვალდებულად ჩათვალა არამარტო მეფე, არამედ კოლეგებიც ეხსნა და ყველანი წინასწარ გააფრთხილა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ. გაი ფოქსი, სწორედ მაშინ დააკავეს, როც ტყვია-წამლით სავსე კასრს დარაჯობდა და მეგობრის ნიშანს ელოდა აფეთქების განსახროციელებლად.

ალბათ იკითხავთ, რა კავშირი აქვს ამ ისტორიას ტრადიციასთან. საქმე იმაში გახლავთ,რომ ინგლისელები ძალიან გაახარა მეფის გადარჩენამ, თითქმის გარდაუვალი სიკვდილისგან და ამის აღსანიშნავად, მთელს ლონდონში უამრავი კოცონი დაინთო, სადაც გაი ფოქსის გამოსახულებები და თოჯინები დაწვეს.

მას შემდეგ ყოველ 5 ნოემბერს, ლონდონი კვამლში ეხვევა. ზოგი გაი ფოქსის ღამეს უწიდებს ამ „მოვლენას“, ზოგიც კოცონის ღამეს. დროთა განმავლობაში ტრადიციამ სახე იცვალა, თუმცა დავიწყებას არ მისცემია.  დაემატა სხვადასხვა თამაშობები და შეჯიბრებები, რომლებიც უფრო მეტ მაყურებელს იზიდავს. დღესდღეობით, კოცონის გარდა, მთელს ინგლისში ფეიერვერკების შოუც ეწყობა და ყველაფერი გაცილებით სანახაობრივია, ვიდრე უბრალოდ კოცონის დანთება.

ეს ყველაფერი რაღაცით ჩვენს ჭიაკოკონობასაც მახსენებს.ცხადია, კარგად ვიცი რომ ტრადიციის საფუძველი სხვადასხვაა, თუმცა ჩემი სახლის წინ დანთებული პატარა კოცონიც ძალიან მიყვარს. ყველა ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც გადამხტარა აალებულ წალამზე . : )  სანამ ლონდონის ფეიევრეკით ან სხვა მსვლელობა-შეჯიბრებებით პირადად ტკბობის საშუალება მოგვეცემა, აგერ ამ ვიდეოს ვუყუროთ ბონუსად.

გაი ფოქსის სახეს თანამედროვე კინემატოგრაფშიც შეხვდებით და ბიბლიოთეკებშიც მონახავთ.

ალან მურის ნაწარმოები სახელად ” V for Vendetta” 1980 იანებში გამოვიდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიუჟეტის მიხედვით, გაი ფოქსის ნიღბიანი რევოლუციონერი ტოტალიტარული მთავრობის წინააღმდეგ გამოდის. 10 ნაწილიანი წიგნის ეკრანიზაციის პრემიერა 2006 წელს შედგა. მე პირადად არც წიგნი წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს, თუმცა ეს ნიღაბი ბევრჯერ მომხვედრია თვალში. ალბათ, წიგნის წაკითხვა თუ არა , ფილმის ნახვა მაინც ღირს.. :  )


დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 219 other subscribers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

10 წიგნი
მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი
ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი
ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)
ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი
მე-ჯეინი
შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!
დაბადება
წერილი შენთვის
ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)