Archive for ივნისი, 2011

უცნობი კარი

ეს ჩანაწერი დღიურში გავაკეთე ამ შაბათს, დაღლილობის გამო ცოტა დამეზარა აკრეფვა, ჰოდა იმედია არ მიწყენს ჩემი ბლოგი თუ რამდენიმე დღით გვიან გავირჯები მის გასაახლებლად.

   25 ივნისი… თბილისის 1მილიონიანი მოსახლისთვის არაფრით გამორჩეული

 დღე, ილიას უნივერსიტეტის 2000ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის, სანუკვარი.. სევდიანი და მსათან ერთად მხიარული.. გამორჩეული დღე! დღეს მე ბაკალვრი ვარ ოფიციალურად! სამართლის ბაკალავრი. მართალია, დიპლომიანი  ცოტა მოგვიანებით გავხდები, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს განსაკუთრებით სენტიმენტალური ვარ და ემოციური. დღეს განსაკუთრებით მიყვარს ყველა დეტალი, რაც განვლილ ოთხ წელს უკავშირდება. 

  ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზაფხულის ერთ ცხელ  საღამოს, ტელეფონზე ზარი შემოდის. მეორე მხრიდან ხმა მეუბნება რომ მე სტუდენტი ვარ! ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მივიღე უამრავი მილოცვა, საყვედურიც კი, რომ მე მეტი შემეძლო… მაგრამ, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი ეტაპი დამთავრდა და იწყებოდა მეორე, რომელსაც აქტიურად “მირეკლამებდნენ” გარშემო. ვგძნობდი, რომ იწყებოდა ძალიან ბედნიერი წლები, რაღაც ახალი, 100% განსხვავებული ცხოვრება იმისგან, ვიდრე მქონდა განვლილი 16 წლის მანძილზე.  ჰოდა, მეც ასე სავსე ემოციებით, განსაკუთრებით გამოვწყვე პირველი სტუდენტური დღისთვის. მახსოვს 8 სანტიმეტრიან ქუსლზე შემხტარი, როგორ მივიზლაზნებოდი უცნობი შენობისკენ, ავედი უცნობ კიბეზე და უცნობ დერეფანში დავიწყე ლოდინი. როცა ცხრილი მომცეს, აი მაშინ დაიწყო მთელი თავგადასავალი. მახსოვს როგორ მიჭირდა მიმეგნო აუდიტორიებისთვის, ყოველ წუთს ვეკითხებოდი გამვლელებს საით წავსულიყავი რომ მეპოვა ჯერ B კორპუსი, მერე C, მერე D კორპუსშიც მიმესწრო ლექციისთვის. მახსოვს პირველი ლექცია-  ინგლისურში გვქონდა, მახსოვს პირველი შთაბეჭდილება რომელიც ჩემს ჯგუფელებზე შემექმნა (ზოგიერთი მცდარი აზრიც ჩამომიყალიბდა), მახსოვს ჩემი სასაცილო გამოსვლაც- საოცრად სწრაფად მივაყარე ყველაფერი , მგონი სუნქთვაც დამავიწყდა.

მეორე წელს უკვე საოცრად გაზრდილი ვიყავი, ეს იყო “ხანა” ყავისა და სიგარეტისა,  კაფეებისა და მზიურის მიმდებარე ტრიტორიისა,  უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და მისსავე ეზოში ჯდომისა. მეორე კურსის პირველი დღეც მახსოვს-  მეგონა ჩემზე დიდი და გამოცდილი არავინ დაიარებოდა დერეფნებში და ლამის შუბლზე გვეწერა- ჩვენ უკვე მეორეზე გადავედით!

მერე იყო წელი მესამე!- უკვე იდგა ჟამი სწავლისა 🙂 ძალიან აქტიური სტუდენტი გავხდი, ვცდილობდი ყველგან და ყველაფერში მიმეღო მონაწილეობა, გავმხდარიყავი ყველანაირი ორგანიზაციის წევრი. ჩემს ხელთ არსებულ სერთიფიკატთა ნახევარი მგონი იმ პერიოდში ავიღე. რაც მთავარია მაგ წელს შემიყვარდა ყურებამდე! მართალია , ჩემს მეორე ნახევარს არანაირი კავშირი არ აქვს ილიას უნივერსიტეტთან, სამაგიეროდ მგონი ჩემზე მეტ დროს ჩემსავე ლექციებზე ის ატარებდა და უკვე ლექციებზე მისულს მას უფრო კითხულობდნენ, ვიდრე მე. მის გარეშე მე უკვე აღარავის წარმოვედგინე. გამოვტყდები და მეც ძლივს მახსოვს როგორ ვარსებობდი საერთოდ მანამდე, სანამ მას შვხვდებოდი.

ისე გაირბინა წლებმა, დამამთავრებელი კურსი როგორ მომადგა კარზე ვერც გავიგე. ეს წელი უფრო დატვირთული გამოდგა.  გავიარე სტაჟირება პოლონეთში, მერე აქ დავიწყე კიდევ ერთი სტაჟირების პროგრამა. ლექციებზე შუალედურების პერიოდში უფრო დავდიოდი და ხელებში შემომადნა ეს თქვენი სტუდენტური წლებიც.

    დღეს როცა ვიდექი ნაცნობი შენობის წინ, ნაცნობ კიბეებზე და ვუსმენდი ნაცნობ ხმებს, ვგრძნობდი რომ კიდევ ერთი დიდი ეტაპი დამთავრდა. ისევ ვიწყებ ახალ ცხოვრებას. ნელ-ნელა ვხდები დამოუკიდებელი ყველა ასპექტში. მე ცხოვრების გზაზე გამოვდივარ, ისევე როგორც თავის დროზე სკოლიდან ცხოვრების ტროტუარზე გამოვედი, ახლა უნივერსიტეტიდან გამოვდივარ დიდ ავტობანზე, სადაც ჩემი თავის პატრონი უნდა ვიყო! ჰაჰ, გამოწვევა მიღებულია. მოვდივარ!

Advertisements

Car Boot Sale

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კათოლიკე მღვდელი ბრიტანეთის ქალაქ

სტოკფორდიდან. ერთხელაც ის კანადაში ჩავიდა და მოხვდა საკვირაო

ბაზრობაზე, საიდანაც იდეებით სავსე დაბრუნდა და გადაწყვიტა ასეთი

ღონისძიებები ბრიტანეთშიც მოეწყო.

მე საერთოდ ძალიან ვარ გატაცებული ბრიტანეთით. ეს უკვე რაღაც აკვიატებაა და არ მხოლოდ საოცნებო ქვეყანა. მე მიყვარს ლონდონი, მიუხედავად იმისა რომ ის არასდროს მინახავს. ბრიტანეთი არის ერთადერთი ქვეყანა სადაც შევძლებდი მეცხოვრა სამუდამოდ, საქართველო რომ არ არსებობდეს. არ ვიცი რატომ. მე ხომ წვიმებსაც ვერ ვიტან. ხომ გეუბნებით, აკვიატებაა რომელიც 4 წლიდან თან მდევს. არ მოგეჩვენათ, 4 წლის ვიყავი როცა პირველი ნაბიჯები გადავდგი ინგლისურ ენაში და გაუცნობიერებლად შევიყვარე ინგლისი და ინგლისელები. მას შემდეგ იქცა ის ჩემს ოცნებად. ამ პოსტშიც ძალიან მოკლედ, ერთ ჩემთვის ძალიან ”მოსაწონ” ღონისძიებაზე მიდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რომელზეც სიამოვნებით გამოვიცარიელებდი ჯიბეს.

  დავუბრუნდეთ პირველ აბზაცს, გსმენიათ რამე Car Boot Sale-ის შესახებ? სიტყვა- სიტყვით ეს მანქანის საბარგულიდან ვაჭრობას ნიშნავს. კვირა დღეს, თუკი ამინდიც ხელს უწყობთ, ბრიტანელები დიდი ტრიალ მინდორზე იკრიბებიან, საკუთარი მანქანებით და ნამდვილი ვაჭრობა იმართება, მხოლოდ არა ძველი ნივთებით- არამედ სახლიდან წამოღებული ყოველგვარი ხლამითა და ”ნაგვით”, რომელსაც დაუფიქრებლად მოისვრიდნენ ნაგავში Car Boot Sale რომ არ ჰქონდეთ. რას აღარ ნახავთ აქ, დამტვრეული ნივთებიდან დაწყებული , საუკუნოვანი ბეჭდებით დასრულებული. თურმე ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა რომ ლამის რელიქვიებად ქცეულ ნივთებს რამდენიმე ფუნტად ყიდულობენ და შემდეგ აუქციონებზე ათასებად ყიდიან.

თქვენი არ ვიცი და მე სიამოვნებით წავიდოდი ასეთ ბაზრობაზე, მითუმეტეს რომ ძველი ნივთები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი მიყვარს ნივთები ისტორიებით ❤

წერილი შენთვის

ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ვტირით, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციას. ჰოდა, ჩვენ ვცოცხლობთ.

მე მომწონს როცა ვტირი შენს მხარზე, როცა მიხარია შენი სიახრული. და იცი რა? ამიტომ ვართ ერთად.

ყოველთვის როცა მოგენატრები, მინდა მინატრო და შენს გვერდით გავჩნდე. როცა მიყურებ სიყვარულიანი თვალებით- შეუძლებელია არ გამაღიმო. იცი? მჯერა, რადგან ერთმანეთის ცხოვრების გაზიარება გვინდა, სულერთია სად ვიქნები. შენს გვერდით ყველგან სამოთხეა.

მე არ მინდა დავხატო სრულყოფილი სურათი.
ცხოვრება არაა მშვენიერი ვიცი. მაგრამ, ერთად, ჩვენ ნაწილ-ნაწილ შევქმნით სრულყოფილებას, სადაც ერთმანეთით ვისნუთქებთ.

იცი? შენ შეგიძლია დამირეკო გაცეცხლებულმა, შეგიძილა დამირეკო ძალიან გახალისებულმა, შეგიძლია დამირეკო იმედგაცრუებულმა- და გეცოდინება რომ მე დაგამშვიდებ, გეცოდინება რომ ჩემს გვერდით იპოვი სულის ბედნიერებას. მე კი ვიქნები ბედნიერი შენი სიხარულით.

შენ შეგიძლია მოხვიდე ყოველთვის, როცა გინდა რომ მიგრძნო. იცი სად არის ბედნიერება? როცა რჩები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უხარია შენს სულს და ეს დრო უსასრულოდ გრძელდება.

რა მარტივია ყველაფერი.. რა ცოტაა საჭირო… სამ პატარა სიტყვას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს. ერთი ადამიანის ღიმილმა შეიძლება სიხარული მოგგვაროს. ერთმა ჩახუტებამ შეიძლება საოცრად დაგამშვიდოს. ერთმა კოცნამ ყველაფერი დაგავიწყოს.

მაგრამ საკმარისია კი? გამოხატავს სამი სიტყვა გრძნობის მთელ სიღრმეს?  იცი? ის ჩემთვის სიყვარულზე მეტია. სამყაროზე მეტია.

კი შენ იცი და მიხარია, რომ მეც ვიცი. ❤

მოსიარულე გვამი

1 თვის წინ ვიყავი ყაზბეგში, კონფერეციაზე. დელეგატებს შორის ჩემი მეგობრებიც ერივნენ. მოსაღამოვდა და გადაღლილებმა დროის სასიამოვნოდ გატარება გადავწყვიტეთ, შევიკრიბეთ ფოიეში, ლეპტოპებითა და დინამიკებით შეიარღებულნი. არც სასმელის ნაკლებობა გვაწუხებდა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, ზოგი დათვრა… ზოგი სიმთვრალის გარეშეც ახერხებდა ცეკვას.. ჰო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ეს ამბავი ჩემზეა და არა მათზე. ლუდის დიდი კათხით და ფოტოაპარატით შევიარაღდი, ბარში შევედი და სხვების ფოტოზე აღბეჭდვა დავიწყე. არაფერზე ვფიქრობდი. ჩემი მეგობარი მომიხალოვდა, ცეკვისგან დაღლილს სუნთქვა ეკვროდა. საცეკვაოდ დამპატიჟა, თავი გავიგიჟე არ მინდა–მეთქი. ძალიან შეიცვალეო მითხრა. ის გიჟი გოგო აღარ ხარო. პასუხად მხოლოდ გავუღიმე.    სასმელით ცოტა გაბრუებული, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, მუსიკის ხმაურით დაყრუებული ავყევი ფიქრებს. ჩემი ტრანსფორმაცია ძალიან მცირე დროში მოხდა, თან ისე რომ ვერაფერი შევნიშნე. თითქოს ბუნებრივად, თითქოს მე სულ ასეთი ვიყავი. ახლა აღარც მახსოვს ის მხიარული გოგო რომელიც მეგობრებთან ერთად ბევრს ცეკვავდა, ალბათ ხუმრობდა კიდეც. აღარ მახსოვს გოგონა, რომელიც სულ ადვილად ხდებოდა ყველასთვის მეგობარი. რომელიც ყველას უღიმოდა და ცდილობდა ყურადღებიანი ყოფილიყო, ცდილობდა არავის ნათქვამი გამოპარვოდა, ცდილობდა პასუხი მიეცა ყველასთვის, ცდილობდა თავი მარტოდ არავის ეგრძნო. იყო დრო როცა თავს ვალდებულად თვლიდა ყველას გასაჭირზე ეფიქრა, რჩევები მიეცა. იყო იდრო, რომ ყველასთვის გაჭირვების ტალკვესის ფუნქცია დაიკისრა, ყველას ნდობა ჰქონდა და მასთან გულახდილობის არავის ერიდებოდა.

ეხლა? ჰო ეხლა იმ გოგოსგან არავინ და არაფერი დარჩა, სახელის, გვარის და გარგენობის გარდა. რაღაცნაირად ჩავიკეტე. კვირები ისე გადის საკუთარ მეგობრებს ვერ ვნახულობ, ახალი ადამიანების გაცნობა–დამეგობრებაზე ზედმეტია საუბარი. ვიცი რომ ეს მე არ ვარ, ვიცი რომ მე ასეთი არ ვარ. შინაგანად ძალიან დამაკლდა სიგიჟეც, ტინგიციც, ცრემლიც კი. ჰო, აღარ ვტირი. ემოციებიც კი გამიქრა. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ რამდენი ხანია გულიანად აღარც გამიცინია. აი ხმამაღლა, სკამიდან გადმოვარდნამდე, ჩაბჟირებამდე. აღარც მიტირია, გულიანად გულამომჯდარს. არ ვიცი რისი ბრალია, არ ვიცი რა მაბრკოლებს. არ ვიცი რა მოქმედებს. მაგრამ მე უსიცოცხლო გვამს ვემსგავსები. თავს კი ვერა და ვერ ვებრძვი. ძალა არ მაქვს თითქოს. მე გვამი ვარ, მოსიარულე. ზომბი.

ვაი და დამინახოთ ქუჩაში.

აი,  თაგ-მა ჩემამდეც მოაღწია და  დედამიწელმა ითავა ეს საქმე. ჰოდა, მოკლედ , ვაი და შეგხვდეთ ქუჩაში, მიცნობთ? ეჭვი მეპარება მაგრამ ვნახოთ 🙂

ჩემი მასისგან გამორჩევა ძალიან გაგიჭირდებათ, არც განსაკუთრებულად მაცვია, არც მაკიაჟი მაქვს ისეთი რომ თვალში მოგხვდეთ.

სტილი: თავისუფალი.

სიმაღლე: 172 სმ

წონა: 51 კგ

თმის ფერი: მუქი წაბლისფერი.

კანის ფერი: მუქი ხორბლისფერი, უფრო ყავისფერისკენ მიდრეკილი 🙂

თვალის ფერი : მუქი ყავისფერი, შავში გარდამავალი.

ერთნაირად ვწყალობ კაბებსა და ჯინსის შარვლებს. ზაფხულის პერიოდში კაბასა და სარაფნებს  ვეტანები, რომელთა სიგრძეც ძირითადად მუხლიდან იწყება და ზემოთ მიიწევს. (ზომიერების ფარგლებში 😉 )  ტანისამოსის ფერები პასტელურს და შავ/ნაცრისფერს შორის მერყეობს. ფეხზე 98% შემთხვევაში ბალეტკები მაცვია, ზოგჯერ კეტები. ქუსლები წელიწადში მაქსიმუმ 10 ჯერ შეიძლება ჩავიცვა და ისიც თუ სადმე მივიპრანჭები ან რამე ეფექტის მოხდენა მინდა 🙂

თვალზე მუდმივად ლაინერი მაქვს წასმული, არასდროს ვიკეთებ სათვალეს, არ ვისვამ ტუჩსაცხს (!), იშვიათად უფერო ან ძალიან მკრთალი ვარდისფერი  ( უფრო ტუჩისფერი) შეიძლება გადავისვა.  საუბარი ზედმეტია ტონალურ კრემზე, არანაირი შეფერილობისას არ ვწყალობ.

თმა ბუნებრივად ტალღოვანი, მაქვს უფრო ხვეული. ვინაიდან ეხლა ძალიან გამეზარდა და ცოტა ფორმა აქვს შესაცვლელი, ვატარებ შეკრულს- “კოსა” კეფასთან, წინამო (დიახ ქართულად ეგრე ქვია ჩოლკას :p ) თვალებამდე.  როცა სასურველი სიგრძე და ფორმა აქვს თმას, მაშინ მაქვს გაშლილი, რათა სრულად წარმოჩინდეს ჩემი კულულების მშვენება 🙂 ასევე, ხშირად ვისწორებ. ჰო კიდევ, მთავარი რაც თმას შეეხება: თმით ყოველთვის ვიფარავ არ ვაჩენ ყურებს!  ყველა მეუბნება რომ უაზრო აკვიატებაა , მაგრამ სასტიკად არ მომწონს როცა ყური ჩანს და განსაკუთრებით თუ ყური იჩანს.

როცა მარტო ვარ, აუცილებლად ყურსასმენი მიკეთია, ხასიათი თუ ხელს მიწყობს ჩემს სიარულში შეიძლება მუსიკის რიტმებს აყოლილი მოძრაობები ამოიცნოთ. თუ მარტო არ ვარ გვერდით ჩემი ბიჭი მომყვება ხელჩაკიდებული და ჩემი სახლიდან გასვლის 90%-ში ასეა. ანუ, დიდი ალბათობით თუ სადმე დამინახეთ მარტო არ ვიქნები 🙂 დავდივარ ძალიან სწრაფად და მეტი ბუნებრიობისთვის ისეთი “სიფათი” მაქვს, გეგონება სადღაც ვაგვიანებ. ხელში მუდმივად მიჭირავს ტელეფონი და ხშირად დავყურებ ხოლმე.  ზემოხსენებულო ჩემი ბიჭი ხშირად მეხუმრება რომ იდნავ გადაზნექილი დავდივარ, რაც გამოწვეულია ჩემი უზარმაზარი ჩანთის სიმძიმით და სულ რომ არაფერი მჭირდებოდეს იმ ჩანთიდან მაინც თან დავათრევ  🙂

ჯესი , ქოლგიანო გოგო, შემდეგნი ხართ 🙂

პ.ს მადლობა თეას სურათისთვის 🙂

ძიტი

   საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი მაქვს, უფრო სწორად სტანდარტული, 6 კაციანი 🙂 სამი თაობა სრული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილნი და გენდერიც 3/3-ზეა. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ რომ სახლის საქმეებს ბებია და დედა ინაწილებენ, მე ათასში ერთხელ გამომიჩენენ რაიმეს, ჩემს მოვალეობებში მხოლოდ ”ქვემოთ ჩადი ეს და ეს ამოიტანე”, ”მტვერი გადაწმინდე”, ” მაღაზიიდან ეს მოიტანე” და ა.შ-შედის. იშვიათად სადილის მომზადებსაც ვიღებ საკუთარ თავზე და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ ”გემრიელი ხელი” მაქვს. ყოველშემთხვევაში მე ძალიან მომწონს 🙂 ქებასაც ვიმსახურებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ოჯახი სადილით მე უზრუნველვყავი და აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:
ვამზადებთ იტალიურ კერძს-ძიტი.
საჭირო მასალა 6 ადამიანზე:
1. 5 ცალი საშუალო ზომის სოსისი.
2. 5 ცალი მოხარშული კვერცხი
3. 4 ცალი პამიდორი
4. მწვანე ბარდის კონსერვი
5. 400 გრ მაკარონი
6. 1 ჭიქა წითელი ღვინო
7. 300-350 გრ ყველი
მარილი და პილპილი გემოვნებით
სანამ უშუალოდ საქმეზე გადავიდოდი წინასწარ, ცალკე ქვაბებში რა თქმა უნდა, დავიწყე მარილიანი წყლის ადუღება მაკარონისთვის და 5 კვერცხის ხარშვა. შემდეგ კი
1.

 სოსისი  დავჭერი პატარა კუბიკებად

2. დავყარე წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე. სანამ იბრაწებოდა პამიდორი პატარა კუბიკებად დავჭერი და დაახლოებით ასეთი მასა მივიღე (ცოცხალი პამიდორი არ გამომიყენებია, ჩემს შემთხვევაში ეს კონსერვია, თუმცა ცოცხალიც რომ გამოიყენოთ შეიძლება)

უკვე შემწვარ სოსისს ერთი ჭიქა ღვინო დავუმატე, დაახლოებით 3 წუთი ვადუღე და შემდეგ დაჭრილი პამიდორი გავურიე. 45 წუთი ნელ ცეცხლზე უნდა დავტოვოთ.
სანამ პამიდორი და სოსისი იშუშებოდა, წინასწარ გავამზადე ყველი. რეცეპტით ეს მოცარელა და პარმეზანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში იმერულმა ყველმაც გადასარევად შეითავსა ეს ფუნქცია. :
ნაწილი გავხეხე, ხოლო რამდენიმე ნაჭერი მთელი სახით შემოვინახე.
დარჩენილ დროში მაკარონიც მოიხარშა, მწვანე ბარდა კონსერვიდან საწურზე გადმოვიღე და წყალი მოვუშვი. კიდევ, კვერცხის გაგრილება / დაჭრაც მოვასწარი.
პარალელურ რეჟიმში სოსისსაც ვურევდი და ბოლოს დაჭრილი მწვანილიც დავაყარე.
უკვე ყველაფერი მზად არის საიმისოდ რომ გადავიტანოთ საცხობზე:
პირველ ფენად სოსისის და პამიდვრის სოუსს ვანაწილებთ (ნახევარს), ვამატებთ მოხარშულ მაკარონს მეორე ფენად (ნახევარს), შემდეგ სოუსის მეორე ნახევარს ვუსვამთ და ისევ მაკარონის დარჩენილ ნაწილს ვაყრით. ამის შემდეგ დავამატე ბარდა, კვერცხი, ყველის მთლიანი ნაჭრები მთელ სიგრძეზე გადავანაწილე და მოვაყარე გახეხილი ყველი.  აი ასე:
ამ ყველაფერმა გადაინაცვლა ღუმელში, გამოსაცხობად, ჯერ ქვედა ნაწილი დავბრაწე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე, შემდეგ ზედა მხარე. საცხობი ღუმელში დავტოვე მანამ, სანამ ყველი ზემოდან არ დაიბრაწა და …
სანამ ცხელია ნაჭრებად დაჭერით, სუფრასთან მიტანამდე ნაჭრები ცოცხალი მწვანილის ფოთლებით გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით.( ამის ამსახველ ფოტოს ვერ გთავაზობთ, არ დამაცალდა. გადასანსლეს)  ძალიან კარგი გამოვიდა ❤

Tinker bell

საერთოდ ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმები. ბევრ სერიოზულ ფილმს შეიძლება არა, მაგრამ ამერიკულ კომედიებს ნამდვილად მირჩევნია.. თუ რაიმე მსუბუქის ნახვა მინდა, არჩევანს ყოველთვის ანიმაციაზე ვაკეთებ. თითქმის აღარაფერი დარჩა ჩემი უნახავი,  დისნეის ფილმებიდან დაწყებული, ბარბის ისტორიებით დასრულებული ( ეს უკანასკნელი საერთოდ არ მომეწონა, მაგრამ ნანახი ხომ მაქვს და ითქვას 🙂  )

უკვე ზაფხულია მთელი თავისი ენერგიით, თუკი გარეთ წუთით მაინც გახვალთ, უკვე შეგაწუხებთ კიდევაც ზაფხულის ცხელი მზე… ჰოდა ამ საზაფხულო განწყობამ ერთერთი ჩემი საყვარელი მულტფილმი გამახსენა. გახსოვთ ალბათ ეს პატარა მწვანეკაბიანი გოგონა პიტერ პენიდან …

პიტერის თავგადასავლები რომ ძალიან მეყვარება ალბათ თქმა არ უნდა, მაგრამ ბოლო ხანებში მისი პატარა მეგობარი თავად იქცა მთავარ გმირად.  თუმცა მანამდე, ორიოდე სიტყვით ფერიას შესახებ:  პირველად ის  J. M. Barrie–ს დადგმაში გამოჩნდა 1904 წელს და 1911 წელს ნოველაში “პიტერ პენი და ვენდი”.  J. M. Barrie–ს მიხედვით ის ქოთნებსა და ჩაიდნებს აკეთებდა, როგორც ნამდვილ “ჩხრიკიდელას” შეეფერება. თავდაპირველად, სცენაზე მას სარკის შუქის ანარეკლი განასახიერებდა, რომელიც კულისებში მსახიობს ეჭირა, რაც შეეხება ხმას, ის ზარის წკრიალი იყო და მისი “შინაარსი” მხოლოდ სხვა ფერიებს ”ესმოდათ”. უფრო მოგვიანებით, როცა ფილმის ვერსიების გადაღება დაიწყეს, Tinker-ს ვიზუალური განსახიერებაც მიეცა და ხმის განსხვავებული ვერსიებიც გაუჩნდა– ზარის წკრიალიდან დაწყებული, ადამიანური დიალოგებით დასრულებული. სხვადასხვა დროს მას ვირჯინია ბრაუნი, ჯულია რობერტსი , ლუდივინ სანი განასახიერებდნენ.

Tinker ყველაზე მეტად ცნობილია იმ სახით, რასაც ფოტოზე ხედავთ.  დისნეის ფილმებში, ის პიტერ პენის საუკეთესო მეგობარია და დიალოგებიც არ აქვს.  მისი გამოსახულება თითქმის ნახევარი საუკუნე დისნეის ბრენდს წარმოადგენდა და აღიქმებოდა როგორც სიმბოლო : “დისნეის ჯადოსნური სამყარო”. არსებობდა მოსაზრებაც, რომ Tinker–ის სახე მერლინ მონროს ნაკვთების მიხედვით შეიქმნა, თუმცა ოფიციალური ვერსიით ანიმატორ მარკ დევისის მუზა მსახიობი მარგარეტ კერი იყო.

ასეა თუ ისე, პატარა ფერია თავად გახდა მთავარი გმირი. ამ დრომდე სამი ფილმია გადაღებული ხელმარჯვე Tinker–ის შესახებ. საოცრად ლამაზი ანიმაციებია ფერებისა და ხარისხის ჩათვლით. დიდი შინააროსბრივი დატვირთვა ფილმებს არ აქვთ, თუმცა მე კარგ, საოჯახო, ბავშვებთან ერთად საყურებელ ფილმად შევაფასებდი. თუკი კონკიასა და ფიფქიას, თავად პიტერ პენსა და მძინარე მზეთუნახავს ვინმე ძველმოდურად თვლის და ანიმეს გვთავაზობს, მე მათ ამ ფილმების სერიის ნახვას ვურჩევდი.  ესაა კეთილი ისტორიები მეგობრობასა და სიყვარულზე, რაზეც რელურად უნდა გაიზარდოს ბავშვი და არა იმ ძალადობაზე, რითაც უმეტესობა თანამედროვე მულტფილმებისა გაავსეს.

 

ფერიები

ფერიები: დაკარგული განძი

ფერიები:ჯადოსნური გადარჩენა

თუ ვინმეს ჯერ არ გინახავთ, ისიამოვნეთ, დაისვენეთ და ლამაზ, ფერად სამყაროში იმოგზაურეთ ცოტახნით. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვობაში დაბრუნება არავის გაწყენთ 🙂


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge