Archive for იანვარი, 2012

წიგნი და ფილმი (არაკომერციული სათაური)

The Book

“გოგონა დრაკონის ტატუთი”- ამ წიგნის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგე და რომ არა ბლოგები, უფრო ზუსტად ბლოგერების კონკურსი, შეიძლება ვერც ვერასდროს ან ძალიან გვიან გამეგო მის არსებობაზე. ამ კონკურსის წყალობით, ლამის დღეში 2 პოსტი ქვეყნდებოდა ამ ან მიმსგავსებული სათაურით. ერთი საერთოც ჰქონდათ- უკლებლივ ყველა აღფრთოვანებული იყო დეტექტივით, რომლის გმირებიც 40 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას ეძებენ და კვალზე მტვრიანი არქივების ქექვით გადიან. წიგნის წაკითხვამაშინვე გადავწყვიტე და დავიწყე მისი ძებნა- ჯერ ახლობლებით, მერე წიგნის მაღაზიებით გავაგრძელე. ძიების პროცესი ცოტა გამიგრძელდა, ისევ ჩემი მოუცლელობის გამო, მაგრამ საბოლოოდ ვიყიდე და წავიკითხე… მოლოდინი საბედნიეროდ გამიმართლდა და მეც მთელი დღე თავაუღებლად ვკითხულობდი, სამსახურში თუ გზაში, საწოლში თუ ჩაისთან ერთად.

კარგი დეტექტივი ყოველთვის ჩამთრევია,  რაც უფრო ახლოვდება კვანძის გახსნა, მით მეტად ვაჩქარებ კითხვას და ზოგჯერ აბზაცსაც ვახტები, რომ გავიგო რა მოხდა.. მერე ისევ მშვიდად ვუბრუნდები. ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა, იმიტომ არა რომ სუსტი სიუჟეტი იყო, პირიქით! იმდენად მომეწონა, რომ თითოულ სიტყვას აუჩქარებლად მივყვებოდი, რათა სიამოვნება გაცილებით ხანგრძილივი ყოფილიყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წიგნი კმაყოფილმა დავხურე და გადავწყვიტე ფილმიც მენახა.

The Movie

კინოეთეატრს, ქართული პრემიერის მეორე დღესვე ვეწვიე და პოპკორნის უზარმაზარი ურნით მოკალათებულმა მოთმინებით ავიტანე ყველა რეკლამა და საყურებლად მოვემზადე. მარტო დასწყისი ღირს ერთ რამედ, ახლა რომ ვიხსნებე ჩემ თავს, მეცინება თვალებგაფართოებული გოგოს წარმოდგენაზე, რომელიც თითოეული კადრის დაჭერას ცდილობს.

საყვარელი ნაწარმოების ეკრანიზაცია სხვა დროსაც მინახავს, თუმცა ამაზე რატომღაც ძალიან ავღელდი. ალბათ იმიტომ რომ წიგნი სულ 2 კვირით ადრე მქონდა დასრულებული და ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა ყველა დეტალი. ფილმი 2 საათზე მეტხანს გაგრძლედა, თუმცა მე ერთხელაც არ მიგრძვნია მოეწყენა – სიუჟეტი არაა მონოტონური, თითქოს სულ რაღაც ხდება და მოდუნების საშუალება არ გაქვს.

ეკრანზე გადმოტანილ წიგნებთან ყოველთვის ვფრთხილობ, მეშინია ჩემი წარმოსახვით შექმენილი პერსონაჟები მსახიობებმა არ გამიუფერულონ, მერე მიჭირს ხოლმე შემქნილი სახეების აღდგენა. სხვისი არ ვიცი, და ჩემი წარმოდგენები ამჯერად 90% გამართლებულლია. ლიზბეთი- რუნი მარა! ამ როლზე სხვა არც არავინ უნდა განეხილათ, ძალიან სწორად შერჩეული მსახიობია. ასევე ვიტყოდი  კრეიგზეც, თუმცა ჩემი ბლუმკვისტი უფრო მეტად “ჯმუხი” და ნაკლებ სიმპათიური იყო.  ერიკა წიგნში ძალიან საინტერესო პერსონაჟად მეჩვენა, თუმცა ფილმში მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ჩანს და რომ არა ფილმის დასასრული, შეიძლება არც გაგახსენდეს… ყველა რეჟისორი რაღაც თავისას ალბათ ყოველთვის ამატებს, უფრო მეტად სცენარისტები, მაგრამ მე რატომღაც გული დამწყდა გარკვეული უზუსტობების გამო, რომელიც არ დაემთხვა წიგნში მოთხრობილს. ვინც ნახეთ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

საბოლოო ჯამში ფილმიდან უზომოდ კმაყოფილი გამოვედი. ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ კონოთეატრში ნახოთ. დარწმუნებული ვარ თქვენი კომპიუტერიც არანაკლებ სამსახურს გაგიწევთ ამ საქმეში, მაგრამ  შევთანხმდეთ რომ ფართო ეკრანი ჯობია.

აუცილებლად უყურეთ, არ ინანებთ! : )

Advertisements

ინგლისური ჩაის საღამო- წითელი კაბინა

 სათაურს რომ ვწერდი ვიფიქრე, ნეტავ თუ მიხვდებიან პოსტი რაზე იქნება-მეთქი. დღეს ინგლისის ერთ სიმბოლოზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა, რომელიც გაგიკვირდებათ და არც ხელოვნების ნიმუშია, არც ლიტერატურის შედევრი, არც ისტორიული შენობა… მოკლედ, ერთი პატარა წითელი კაბინაა, ტელეფონით. დაინახავთ თუ არა, მაშინვე ბრიტანეთი გაგახსენდებათ, ჩემი პირადი ასოციაცია კი მხოლოდ ლონდონით შემოიფარგლება. სამწუხაროა, თუმცა თანამედროვე ლონდონს წითელი კაბინა აღარაფერში ჭირდება და მერიაც საოცარი სისწრაფით აქრობს მას ქუჩებიდან. მათი ნახვა დღეს ქოვენთ გარდენთან შეიძლება, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობა.. რა გასაკვირია, ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, ვის რად უნდა ქუჩის ტელეფონი და ჯიბეში-დასარეკად საჭირო 30 პენსი… თუმცა კი არ აქრობს, თურმე ახლებით ანაცვლებს, საიდანაც დარეკვის გარდა ინტერნეტში შესვლაც შეიძლება და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება.

ოდესმე, როცა ლონდონში ჩავალ და საოცნებო ქალაქი ახდენილ ოცნებად გადაიქცევა, მინდა თუნდაც ერთი მაინც ვნახო ჩემი თვალით და იქნებ დავრეკო კიდეც. შევალ და წარმოვიდგენ რამდენ ადამიანს დაეხმარა ეს წითელი “ოთახი”. აქ ალბათ ლონდონის წვიმების დროს მეყვარებოდა შესვლა- ქუჩაში მოსერინეს, მოულოდნელად რომ დამიშხაპუნებდა , შევვარდებოდი და დავიცდიდი როდის გამოიდარებდა. კოცნა? რა რომანტიკული იქნებოდა კოცნა ლონდონის წითელ სატელეფონო ჯიხურში. არა, პირველი კოცნა უკეთესია. : )

არადა მაინც, სატელეფონო კაბინა ვის უკვირს? მაგრამ მხოლოდ ინგლისურმა მოახერხა იმდენი, რომ საფოსტო მარკაზეც აღმოჩნდა და ფილმებშიც არაერთხელ გვინახავს. მსოფლიოში ალბათ ძალიან მცირე იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ ჯიხურს ვერ იცნობს. იყო დრო, ინგლისელებისთვის მას კარგი სამსახურის გაწევა შეეძლო. მიუხედავად დაუსრულებელი რიგებისა მის წინ, ხალხი მაინც ხალისით მიდიოდა წითელი კაბინისკენ. ეს იყო შეხვედრების, სიახლეების გაცვლის, გაცნობის და რაც მთავარია დანარჩენ სამყაროსთან კავშირის შესანიშნავი საშუალება.

ახლა ჩემ ფანტაზიებს ცოტა ფრთებს შევუკეცავ და გეტყვით, რომ ის სერ გაილს გილბერტ სკოტმა დააპროექტა. ჯიხურის პირვანდელი სახე ცოტა არ იყოს შორსაა იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ. დროის მსვლელობასთან ერთად მისი რამდენიმე “მოდელი” იქნა შემუშავებული.  ვერსია K6, რომელიც 1935 წელს მეფის 25 წლის იუბილისთვის შეიქმნა, იყო პირველი რომელიც ლონდონის გარეთ დადგეს.

შენიშნავდით “წმ.ედვარდის სამეფო გვირგვინს” ჯიხურის თავზე- ეს დღევანდელი დედოფლის- ელიზაბეთ II-ის ინიციატივა გახლავთ და კაბინის სახურავს 1952 წლიდან ამშვენებს, მანამდე ძველი “თიუდორთა გვირგვინი” ჰქონდა, რომელიც წმინდა წყლის სიმბოლიკა იყო და აღარ გამოიყენებოდა კორონაციების დროს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სერ გლაისის შემდეგ, ჯიხურმა კიდევ რამდენიმე დიზაინერი გამოიცვალა და მივიდა დღევანდელ სახემდე და იმდენად პოპულარული გახდა რომ 1980 წლისთვის, 73 000 ცალი იყო მოხმარებაში მთელი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ასეა თუ ისე, წითელი სატელფონო კაბინა, პოპულარობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს და მე იმ იმედით გემშვიდობებით, რომ ერთხელაც იქ გადაღებულ ფოტოს შემოგთავაზებთ. მანამდე კი სურათებით დავტკბეთ.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

პ.ს ესეც ბონუს-ფოტო. თანამედროვე და ძველი სატელეფონო კავშირის შედარება.

ინგლისური ჩაის საღამო- ბრიტანეთის ზოოპარკები

ჯერ კიდევ ზამთარია, ჩემი ბუხარი გიზგიზებს, 2012 წლის რიგითი შაბათი გათენდა და ტრადიციულად გეპატიჟებით ჩაიზე და scones-ზე.  წინა ინგლისურ  პოსტში ბუკინგემის სასახლის შესახებ ვისაუბრეთ, უფრო ზუსტად ფაქტების ჩამოთვლით შემოვიფარგლეთ. გაგრძელებასაც დაგპირდით, რომელიც აუცილებლად იქნება, მაგრამ არა ამ შაბათს, რადგან არ მინდა ერთფეროვანი პოსტები ერთმანეთის მიყოლებით. 🙂 დღეს ექსკურსიაზე მივდივართ და  ინგლისურ ზოოპარკებს დავივლით. ჩაი თერმოსშია 🙂

ბავშვობაში ზოოპარკში წასვლა ძალიან მიყვარდა, ერთი გამორჩეული დღეც მახსენდება- როცა მშობლებმა მე და ჩემი ძმა სასეირნოდ წაგვიყვანეს სწავლის დაწყების წინა დღეს- ეს სტუმრობა ალბათ ერთგვარი დასასრული იყო 2002 წლის ზაფხულისა, რომელიც სხვათაშორის ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მას შემდეგ, ვთვლი რომ ზოოპარკს ასე დაგეგმილად უნდა ეწვიო და დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარო- სუფთა ჰაერზე ( გალიებთან სუნთქვის შეკავების პერსპექტივით), უამრავი ატრაქციონით ( ქართულ ზოოპარკზე ამას ვერ ვიტყვი) და ა.შ. მოკლედ, მგონი ჯობია ინგლისური ზოოპარკები ვნახოთ და უპრიანი იქნება დავიწყოთ ლონდონით.

პინგვინების აუზი ლონდონის ზოოპარკში

პინგვინების აუზი ლონდონის ზოოპარკდან

ეს უკანასკნელი, გარდა იმისა რომ მდებარეობს ლონდონში,  ბევრი სხვა ღირსებითაც გამოირჩევა. მაგალითად, ის შეიქმნ 1828 წელს, უძველესია მსოფლიო სამეცნიერო ზოოპარკებს შორის და ამჟამად ველური ბუნების 755-ზე მეტ სახეობას აერთიანებს, რაც ჯამში 16,802 ცხოველს ნიშნავს. გარდა ამისა, აქ მსოფლიოში პირველად გაიხსნა ცალკე სათავსო რეპტილიებისთვის, აკვარიუმი, მწერების სახლი და როგორც ამბობენ, აქაურობამ პირველად უმასპინძლა ბავშვებს, როგორც დამთვალიერებლებს. ზოოპარკი 36 აკრზეა გადაჭიმული, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ დათვალიერება მთელ დღეს წაგართმევთ.

Paradise Wildlife Park

Paradise Wildlife Park

Paradise Wildlife Park- ასე ქვია ჰერთფორდშირში განლაგებულ ზოოპარკს, რომელიც სწორედ რომ მისწრებაა ბავშვებისთვის და ნამდვილი სამოთხეა ცხოველებისთვის ( მისთვის შერჩეული სახელიც დაგვემოწმება).  ამ ზოოპარკს, 1986 წლიდან სამფსონების ოჯახი ფლობს და შიგნითაც შესაბამისი გარემო აქვთ შექმნილი- საუკეთესო ადგილია, შვილებთან ერთად დროის გასატარებლად, მითუმეტეს თუ ველური ბუნება და მასთან სიახოლვე გიყვართ. აქ საშუალება მოგეცემათ, მონაწილეობა მიიღოთ ცხოველების კვებაში, ესტუმროთ მაგალითად კატისებრთა ოჯახისთვის გამოყოფილ სპეციალური “ველს”, სადაც იხილავთ იაგუარებს, ვეფხვებს, პატარა ლომებს… გულგრილს არ დაგტოვებთ, ფრინველების განყოფილებაც, რომელიც სხვადასხვა ეგზოტიკური ფრთოსნების სიუხვით გამოირჩევა.

elephants, say "cheese"

elephants, say "cheese"

Whipsnade Zoo- ეს უკვე ლონდონის აღმოსავლეთით, ბერდფორდშირშია გაშენებული და 1931 წელს გაიხსნა.დღესდღეობით, აქ 227 სახეობაა თავმოყრილი და ჯამში 6405 ცხოველია. ბრიტანელებს რომ ჰკითხოთ, აუცილებლად ახსენებენ აქაურ სპილოებს, რომლებიც პირდაპირ დასეირნობენ მთელ ტერიტორიაზე- არც გალიები, არც დამცავი ზოლები. გარდა ამისა, ზოოპარკი იმითაც გამორჩეულია, რომ მთელი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ზომით ყველაზე დიდია (600 აკრი). ვგონებ, სრულ დათვალიერებას 2 დღეც არ ეყოფა. 🙂

The Black Rhino

The Black Rhino

დროა ჩესტერისკენ გადავინაცვლოთ და ვეწვიოთ ზოოპარკს, რომელიც 400ზე მეტ სახეობას აერთიანებს, უფრო ზუსტად კი ეს 7000მდე ცხოველია.  აქაურობა  იმათაა გამორჩეული, რომ ზრუნავს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე (რომლებიც არც ისე ცოტანი არიან ჩვენდა სამწუხაროდ) და შესაბამისად ნახევარზე მეტი სახეობა წითელ წიგნში შეტანილი ჯიშებია. ითვლება რომ ჩესტერის ზოოპარკის მთავარი სანახაობა შავი მარტორქებია. გამოცდილები გვირჩევენ, თუკი ბრიტანეთის ამ ნაწილში მოვხვდებით, აუცილებლად ვესტუმროთ მათ.

და თუკი ძალიან არ გადაგღალეთ, დღეისათვის ბოლო გასეირნება ზოოპარკში,  Drusillas Park-ში, აღმოსავლეთ სასექსისკენ. ამჯერად ინგლისის ყველაზე პატარა ზოოპარკში ვიმყოფებით, რომელიც მთლიანად ბავშვებისთვისაა გათვლილი. აქ ცხოველების შთამბეჭდავი გალერიის გარდა პატარებს “მაიმუნების სამეფო”-სა და “Toddler’s Village”-ში შეუძლიათ გართობა, რომელიც სიტყვა სიტყვით ”ახალფეხადგმულების სოფელს” ნიშნავს.

Drusillas Park

Drusillas Park

ექსკურსია დამთავრებულია. როცა ამ ყველაფერს ვწერდი, სურვილი გამიჩნდა ჩვენი მამა-პაპური ზოოპარკის შესახებაც დამერთო მცირე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ ვიცოდი განსხვავება ისეთი იქნებოდა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეროვნული ზოოპარკი 1931 წელს დაარსდა,უჭირავს 9 ჰექტარი, გვყავს დაახლოებით 252 ჯიშის ცხოველი

“მათ შრის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეთრი ლომები, თეთრი მარტორქები, თეთრი ვეფხვები და უსურიული ვეფხვი. რომელებიც მსოფლიოს მართლაც, რომ ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობებს წარმოადგენენ და ისინი ველურ ბუნებაში ფაქტიურად აღარ გვხვდებიან, ან მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი. ” – აღებულია ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

მშრალ ციფრებს თუ გადავხედავთ, არც ისე ცუდი მონაცემებია, უკეთესიც შეიძლება და ვიმედოვნებ ქართულ ზოოპარკი ადრე თუ გვიან გაცილებით სანახაობრივი გახდება.

დღეისათვის საკმარისია. ბედნიერ დღეს გისურვებთ.

იდეალური

მეცინება ამ სურათზე

მეცინება ამ სურათზე

ამ კვირაში ძალიან შევეჩვიე ჩემ ძველ ბლოგს, სადაც სულ რაღაც 36 პოსტი მაქვს დაწერილი და ძალიან მიხარია რომ საერთოდ მაქვს და მქონდა ეს უკანასკნელი. საოცრად კარგი შეგრძნებაა ძველი ჩანაწერების კითხვა, ზოგ პოსტს ისე უცხო თვალით ვკითხულობ, დაჯერებაც მიჭირს ჩემი დაწერილია თუ არა. კიდევ ერთხელ ვინანე რომ სურვილის მიუხედავად არასდროს მქონია დღიური. დაკვირვების საშუალება მეძლევა-ვხვდები რა შეიცვალა ჩემში, როგორ გავიზარდე,რა მადარდებდა მაშინ, რა ხდება დღეს .. მოკლედ უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება. მოკლედ, გადავაწყდი ჩემ ძველ პოსტს, რომელიც რომელიღაც უცხოური საიტიდან მითარგმნია და იდეალურ მამაკაცს აღწერს. საერთოდ ასეთ რაღაცეებს არ ვუჯერებ ხოლმე, არასდროს მიმიღია სერიოზულად “როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე” ტიპის სტატიები, მაგრამ ზოგჯერ “ამჩატება” არც ისე ცუდია მემგონი.  ახლა, გადავწყვიტე გადმოვაკოპირო ის სტატია და შევადარო ჩემ მეორე ნახევარს, და გავიგო ერთი რამდენად იდეალურია : )

***

ბიჭები: ყოველთვის იმას ამბობენ რასაც არ გულისხმობენ.
გოგოები: არასდროს ამბობენ რა აქვთ გულში.

იპოვეთ ისეთი ბიჭი:
1)  რომელიც დაგიძახებთ ლამაზს და არა ვნებიანს ან მიმზიდველს.

არასდროს არ უხსენებია ჩემი მისამართით ვნებიანი, მითუმეტეს მიმზიდველი. ძირითადად ჩვენი გამოგონილი მოფერებითი სიტყვებით შემოიფარგლება ხოლმე და გარეგნობასაც არ ივიწყებს, როცა გამოვიპრანჭები ( ძალისხმევას წყალში არ მიყრის, რას ვერჩი) . +1 ქულა.

2) რომელიც გადმოგირეკავს მაშინაც როცა უთიშავ ტელეფონს.

რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა მაქვს ასეთი. +1 ქულა
3) რომელიც ჩუმად უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და უსმენს შენს გულისცემას , ან არ იძინებს მხოლოდ იმიტომ რომ უყუროს როგორ გძინავს.

ეს არ შემიმოწმებია, თუმცა ზაფხულის პიკნიკებზე ყოფილა ხოლმე ცის ყურების შემთხვევები და ბოლოს რომელიმე ჩვენგანს აღმოხდება რომ უზომოდ ბედნიერია ამ წუთით. მგონი, აქაც რომ მივაწერო ქულა ობიექტურობას არ დავკარგავ. +1
3)რომელიც ცდილობს დაგავიწყოს ყველაფერი ამ სამყაროში…

მგონი აქ ქულას ვერ დავწერ. მეხსიერების დაკარგვას არ ვუჩივი არც პირდაპირი, არც ალეგორიულ-რომანტიული მნიშვნელობით.
4)რომელსაც მუდამ ხელი ექნება შენზე ჩაკიდებული , მეგობრების თანდასწრებითაც…

ყოველთვის ასე დავდივართ და სხვანაირად ვერ-არ წარმომიდგენია, ვინც არ უნდა იყოს “დამსწრე”.+1 ქულა

5)რომელიც ყოველდღე შეგახსენებს რა ბედნიერია რომ მის გვერდით ხარ.

კი ესეც ხშირია, მხოლოდ ის დღეებია გამონაკლისი როცა ვიკამათებთ ან მე გადავწყვეტ რომ რომელიმე საკითხის მიმართ, ჩემი საყვარელი პროტესტის ფორმა გამოვიყენო და გავიბუტო. +1 ქულა.
6)რომელიც ყველას დაუფარავად ეტყვის რომ შენ ის ერთადერთი ხარ.

ჩემი თანდასწრებით ამაზე არავისთან ულაპარაკია.  თუმცა, მგონი ეს ისედაც გასაგებია. +1 ქულა
7) რომელიც გულში ჩაგიკრავს მაშინაც თუ ხელს კრავთ.

მე თვითონ მიკვირს, როგორ არ დაიღალა ჩემი გამოხტომებით. აქაც +1 ქულა.

 

შედეგი:

7 შესაძლო ქულიდან 6. მშვენიერი შედეგია. ამ სიას თუ დავუჯერებ, თვით სრულქმნილი არსება მიპოვია. 🙂 ეს ისე, გასართობად, თორემ ძლიან კარგად მომეხსენება რომ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის იდეალს და ამაში დასარწმუნებლად არანაირი ტესტი არაა საჭირო. ამას უბრალოდ გრძნობ.  ის ფილმი ხომ გახსოვთ, ქორწილის თარიღი, მთავარი გმირი კაცს რომ დაიქირავებს დის ქორწილში წასასვლელად, ყველას რომ ეგონოს ვითომ შეყვარებული ყავს და ბედნიერია. იქ არის ასეთი ფრაზა, “ყველა ქალს ისეთი სიყვარული აქვს, როგორც ჭირდება”, რომელსაც მე სრულებით ვეთანხმები-ცხოვრების თანამზგავრს ყველა თვითონ ირჩევს ( ყოველშემთხვევაში თეორიულად ასეა) და როგორი იქნება “ის ერთადერთი”, ღრმად ინდივიდუალურია.

ლიტ-ანკეტა

მოკლედ, იმედია ძალიან ყელში არ ამოგიყვანეთ ის ფაქტი რომ ადრეც ვბლოგერობდი, ერთი წელი “გავქაჩე” და მერე მოვეშვი. 1 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი და სულ მალე ისევ 1 წლის გახვდები : ) მაგრამ ამ პოსტში სულ სხვა რამეს გთავაზობთ. თეგ თამაშს “ლიტ-ანკეტა”, რომელიც ჩემი “ბლოგერობის” პირველ სერიაში ძალიანაც პოპულარული იყო და ეხლა მსურს მისი რეინკარნირება 2012 წლის ბლოგ-რეალობაში. ანკეტა 10 კითხვისგან შედგება, ქვემოთ კი ჩემ პასუხებს ნახავთ.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?– “შთამბეჭდავში” ალბათ ძალიან დასამახსოვრებელი, ძალიან საინტერესო,ბევრის მომცემი იგულისხმება. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა უგულისყუროდ ვკითხულობდი წელს, უდროობის გამო ხანგრძლივი ნაწყვეტებით და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეშ არ ვარ. თუმცა მაინც გამოვარჩევდი რემარკის “ტრიუმფალურ თაღს”.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი– პოეზია დიდად არ მიყვარს და ვერც სამი გამორჩეულის დასახელებას შევძლებ, თუმცა ტერენტი გრანელის შემოქმედება ჩემ ხასიათთან და განწყობასთან ყველაზე ახლოსაა.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალიჯეინ ოსტინი, თეოდორ დოსტოევსკი ( ეს მამაჩემის გაველნაა, მადლობა მამა), მარკესი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?– არც ერთზე,  ფილმებზე უფრო მიჩუყდება გული.

5. რომელ წიგნს დასცინეთ? – დაცინვით არა, თუმცა “არ-მოწონებული” წიგნების გამოძებნა შემიძლია. მაგალითად, ბოლოს ვცადე ინგლისელი მწერალი ქალის, დორის ლესინგის “ნაპრალის” წაკითხვა, ბოლომდე ვერ გავედი, ალბათ რაღაც ვერ “დავიჭირე”. კიდევ ვცდი, ნობელის პრემიას ასე ჰაერზე არ არიგებენ . 🙂

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?-დროულია-კონსტანტინე გამსახურდიას მივანიჭებდი.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან– რემარკს რომ ვკითხულობდი, ძალიან ბევრის ამოწერის სურვილი გამიჩნდა. აი ერთ-ერთი- ” შენ, პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე, შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობენ ასიათასობით სხვანიც, უკეთესები, უფრო მშვენიერნი, ჭკვიანნი, კეთილნი, გონიერნი, ერთგულნი… შენ, ერთხელ ღამით, ბედის მიერ ჩემთვის ცხოვრების გზაზე დაგდებულო, უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემ ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო.. შენ, არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა რომ წინააღმდეგობას გიწევ და სწორედ ეს წინააღმდეგობა ამიტომ მოისწრაფი ჩემკენ. როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება _ სალამი შენდა! აგერ აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა, რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში, იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი, გრილი და რბილია…აი, ვდგავარ აქ, მე საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცებული ვარ შენით და გაღმერთებ, რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა, ყოველ წიაღში დაფარული. მან შეინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთილი უბადრუკი სარკაზმითა და მცირეოდენი უმწეო სიმამაცით, აღარ მზარავს განურჩევლობის სუსხი. მე ისევ ცოცხალი ვარ _ მართალია ტანჯული, მაგრამ ცხოვრების ყველა ქარიშხალთან შესახვედრად მზად მყოფი, ხელახლა მოხვედრილი მისი ძალაუფლების ქვეშ! დაილოცე თვალთმაქცო მადონავ, რუმინული აქცენტით მეტყველო ნიკევ! შენ _ ოცნება და მაცდურობა ხარ, სარკე, რომელიღაც ბნელი ღვთაების ხელით დამსხვრეული… მიიღე ჩემი მადლობა,

უცოდველო! არასდროს არაფერში გამოგიტყდები, რადგან იმავე წამს ყველაფერს შენს სასარგებლოდ აქცევ. მაგრამ შენ დამიბრუნე ის, რისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ვერც პლატონმა, ვერც ქრიზანთემებმა, ვერც გაქცევამ, ვერც თავისუფლებამ, ვერც ქვეყნიერების მთელმა პოეზიამ, ვერც თანაგრძნობამ, ვერც სასოწარკვეთილებამ, ვერც უზენაესმა და ყოვლად მომთენმა იმედმა _ შენ დამიბრუნე სიცოცხლე, უბრალო ძლიერი სიცოცხლე, რაც დანაშაულად მიმაჩნდა ორ კატასტროფას შორის არსებულ მძიმე ხანაში! სალამი შენდა! მადლობელი ვარ! უნდა დამეკარგე, რათა ეს გამეგო! სალამი შენდა!…”

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი- პეპი გრძელიწინდა ძალიან მიყვარდა, კიდევ ალისა და ბურატინოს თავგადასავალი.

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?ჯეინ ეარი

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?-არა, მაგრამ სამ ციფრზე გადასული თუ არ ვარ, მალე უნდა გადავდიოდე წესით.

ვინაიდან თაგ-თამაშების მთავარი აზრი ისაა რომ მომდევნო “მონაწილე” უნდა “და-თაგ-ო”, მეც მომდევნო მონაწილეს ჩავრთავ ამ საქმეში- გლამთაიას ვთხოვ გააგრძელოს.

ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები

ალბათ ძალიან არ გადავაჭარბებთ თუ ბუკინგემის სასახლეს ლონდონის მთავარ შენობას დავარქმევთ. ამ საღამოს კი სწორედ მასზე მინდა საუბარი. ვინაიდან მშრალი ფაქტების საინტერესო მოთხრობად ქცევა არც ისე კარგად გამომდის, ისტორიული ექსკურსის მოწყობა ვგონებ არ გამომივა. ისევ ფაქტების ჩამოთვლას დავიწყებ, სია კი თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე მოკლეა და სავარაუდოდ ამ თემას რამდენიმე პოსტად “დაჭრა” არ ასცდება. მანამდე კი სულ მცირე შესავალს გავაკეთებ:

როცა ბუკინგემის ჰერცოგმა 1705 წელს დედაქალაქში სახლი აიშენა, ალბათ აზრადაც არ ჰქონდა რომ 150 წლის შემდეგ ის სამეფო რეზიდენციად გადაიქცეოდა. ეჭვი შეიძლება მხოლოდ მაშინ შეპარვოდა, როცა 1761-წელს მეფეს მიჰყიდა, მან კი თავის მხრივ დედოფალ შარლოტას უსახსოვრა, როგორც პირადი რეზიდენცია და იწოდებოდა კიდევაც ასეთად-დედოფლის სახლი. დედოფალმა არც მეტი, არც ნაკლები თავისი 15 შვილიდან 14 აქ გააჩინა. ასეა თუ ისე, შენობამ მრავალი სახეცვლილება განიცადა, დაემატა ფლიგელები და ზომაში ერთი-ორად გადიდდა, საბოლოოდ კი სამეფო რეზიდენციად იქცა. ახლა კი უშუალოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

1. ბუკინგემის სასახლე სამეფო ოჯახის რეზიდენციაა, თუმცა ოფიციალური ცერემონიებისთვის დღემდე წმ.ჯეიმსის სასახლე გამოიყენება და უცხოელ ელჩებსაც სწორედ იქ ეპატიჟებიან.

2. სასახლეში 775 ოთახია, აქედან 19 საზეიმო დანიშნულებას ატარებს, 52 სამეფო ოჯახისა და სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, 188 მომსახურე პერსონალისთვის, 92 სამუშაო კაბინეტია, 78 კი სააბაზანო.

3. მშრალი ციფრები: ბუკინგემის გარშემოწერილობა 108 მეტრს შედაგენს, სიმაღლეში 24-ს, საძირკველიან-სარდაფებიანად მიწისქვეშ 120 კვ.მეტრი რჩება, ჯამში კი სრული ფართი 77,000 კვ.მეტრია.

4. იქ სადაც დღეს ბუკინგემის სასახლე დგას, XVII საუკუნეში მეფე ჯეიმს პირველს თუთის ხის ბაღი გაუშენებია აბრეშუმის ჭიების მოსამრავლებლად. საუბედუროდ, არასწორად შეარჩია თუთის ხის სახეობა და აბრეშუმის წარმოებაც არასდროს დაწყებულა ბრიტანეთში.

5. სახელი- ბუკინგემის სასახლე მხოლოდ XVIII საუკუნეში დაერქვა, მანამდე კი როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ის  ბუკინგემის ჰერცოგს ეკუთვნოდა და მხოლოდ ლონდონის სახლს უწოდებდა.

6. დედოფალი ვიქტორია იყო პირველი, რომელმაც სასახლე ისე გამოიყენა, როგორც რეზიდენცია და 1837 წელს საცხოვრებლადაც აქ გადმოვიდა. მანამდე ამ ფუქნციას წმ.ჯეიმსის სასახლე ითავსებდა.

სასახლის ბაღი

სასახლის ბაღი

7. დღესდღეობით სასახლის მომსახურე პრსონალად 800-ზე მეტი ადამიანი ითვლება. გარდა ძირითადი საქმიანობებისა- როგორიცაა დალაგება, ბაღის მოვლა, წერილებს მიღება და ბევრი სხვა, სხვა უჩვეულო მოსამსახურეებსაც წააწყდებით, მაგალითად: საათის შემკეთებელი, დროშის ამფრიალებელი…

8. ბუკინგემის რეზიდენციამ მისი თეთრი შეფერილობა 1913 წელს მიიღო, მანამდე ის ფრანგული ქვით იყო მოპირკეთებული, რომელიც დაბინძურების გამო ჩამოიშალა და დალპა.

9. სამეფო აივანი-ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აივანია, სადაც სამეფო ოჯახი გარეთ შეკრებილ ხალხს ესალმება ოფიციალური ცერემონიების დროს. ტრადიციის საწყისებს ისევ დედოფალ ვიქტორიასკენ მივყავართ,  რომელიც 1851 წელს სწორედ აივანზე შემობიჯებით მიესალმა დამსწრეებს, დიდი გამოფენის გახსნის დღეს.

10. აღმოსავლეთის ფრთა- ამ ნაწილის მიშენებით დასრულდა სასახლის “გაფართოება”.  ის ვიქტორიამ ააშენებინა, რათა მეტი სივრცე ჰქონოდა მის მზარდ ოჯახს. ამ მშენებლობის გამო, მარმარილოს თაღს ადგილის შეცვლა მოუწია და Speaker’s Corner-ად წოდებულ ქუჩასთან ახლოს დადგეს.

11. ვინ წარმოიდგენდა, რომ 1902 წელს, სასახლის ერთერთი ოთახი საოპერაციოდ გადაიქცეოდა.  პერიტონიტით დატანჯული ედვარდ II, სიკვდილის პირას იყო როცა გადაუდებელი ოპერაცია საკუთარ ოთახში ჩაუტარეს და სხვათაშორის წარმატებით- იმავე წლის აგვისტოში მეფედ იქნა კორონირებული ვესტმინსტერის სააბატოში.

12. რეზიდენციას 1514 კარი და 760 ფანჯარა აქვს, მათი სისუფთავის შესანარჩუნებლად კი 6 კვირაში ერთხელ გენერალური დალაგების დღე ცხადდება. : )

აღმოსავლური აპარტამენტები

აღმოსავლური აპარტამენტები

13. 1883 წელს, სამეჯლისო ოთახში პირველი ელექტროობა გაიყვანეს, მომდევნო 5 წლის მანძილზე კი შენობის სხვა ნაწილებიც “ნათდებოდა”. დღესდღეობით 40,000 ზე მეტი ნათურა ანათებს სასახლეს.

14.  რამდენიმე ოთახი მთლიანად ჩინურ სტილშია გადაწყვეტილი, ამის მიზეზი კი პრინცი რეგენტი-ჯორჯ IV გახლავთ, რომელიც აღმოსავლური კულტურით იყო გატაცებული.

15. 40 აკრი მიწა- ეს ტერიტორია მთლიანად სამეფო ბაღს უკავია, რომელიც მოიცავს ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, ტბას და ჩოგბურთის მოედანს. აქ შეხვდებით 30ზე მეტი სახეობის ფრინველს და 350 ზე მეტი ჯიშის მცენარეს. ცნობილი ზაფხულის ბაღების წვეულებების გამო აქ ხშირად ჩატარებულა ჩოგბურთის ჩემპიონატები, კლასიკური მუსიკის საღამოები და სპეციალაურად ბავშვებისთვის განკუთვნილი მიღებებიც რომელთა უმეტესობა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.

დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მეწვიეთ 🙂

გისურვებთ დღის სასიამოვნოდ გატარებას.

პირადი აბდა-უბდა

ჩემი ბლოგის მკითხველებს მოეხსენებათ რომ აქაურობის ავტორი-შავკოპლებიანი მწერი შეყვარებული გახლავთ. ბლოგის მარჯვენა სვეტში, სულ ბოლოს სტიკერი კი გეუბნებათ რომ ეს ურთიერთობა 2 წელიწადზე მეტს ითვლის.თითქოს ლოგიკური გაგრძელების დრო ახლოვდება- თეთრი კაბა, საყვირები, საქორწინო ფიცი და კიდევ ათასი რამ, რაც ამ დღეს თან სდევს. ისე არ იფიქროთ, თითქოს ქორწილებთან მწყრალად ვიყო, უფრო პირიქით, ძალიანაც პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და აუცილებლად ასე გავთხოვდები- გაპარვების, მოტაცებებისა და სხვა მარაზმების გარეშე. ერთადერთი რაც ამ რიტუალში მეზიზღება, უსაშველოდ ბევრი სტუმრებია, რომელთა უმრავლესობას პირველად და უკანასკნელად ქორწილში ნახავ… თუმცა ეხლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.
მიყვარს, თან ძალიან. ამ სიყვარულის გამო ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა მომიწია, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ვთვლიდი, ნამდვილ სიყვარულში დათმობების საჭიროება არ დგება-მეთქი. ბევრი ლამაზი დღე და საჩუქარი მახსენდება, რომელთა გაკეთებაც ძირითადად სიურპიზების სახით უყვარს-მაშინ როცა არ ველოდები. თეატრს ვერ იტანს, ჩემ გამო კი უკვე ლამის პრემიერა აღარ გამოტოვოს (მგონი ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ რეალობიდან შორს არ ვარ) … როცა არ უნდა დავურეკო, სადაც არ უნდა იყოს-თუ ვთხოვ აუცილებლად მოვა, ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის ჩემ გვერდითაა, დღეში მილიონჯერ მეუბნება რომ ვუყვარვარ და ვენატრები… ყველაფერი წესრიგშია, ზუსტად ისე როგორც მინდოდა მაგრამ…
გავურბივარ ზემოხსენებულ მოვლენას, მას კი ჩემი დამოკიდებულება არ ესმის. ვერ წარმოუდგენია რატომ არ მინდა ოჯახის შექმნა. მე რასაკვირველია ჩემი მიზეზები აქვს, მათგან პირველი კი სწავლის დამთავრებაა. ძალიან არ მინდა ვიყო სტუდენტი და მქონდეს ოჯახი, ჩემი თავმოუბმელობის ამბავი რომ ვიცი რაღაცას აუცილებლად ისე ვერ გავაკეთებ, როგორც საჭიროა- მე კი არცერთის დათმობა არ მინდა. უნდა დავამთავრო, სულ 1 წელზეა ლაპარაკი..

მეორე მიზეზი, ისევ სწავლას ეხება. პროგრამა სადაც ჩავაბარე, 3 თვიან პრაქტიკებს მოიცავს უცხოეთში, მე კიდევ არც გათხოვილს მინდა იქ წასვლა და არც ორსულს. მხოლოდ ერთი წელი და ეს პრობლემა მოიხსნება.

მესამე, ესაა ნორმალური სამსახური- არ ვწუწუნებ, გადასარევი სამსახური მაქვს, მაგრამ არა ჩემი პროფესიით და თავს ჩემ ნაჭუჭში ვერ ვგრძნობ.. მინდა დავალაგო ამ მხრივ ყველაფერი, არ მინდა ოჯახზე გადავერთო ან სხვა პასუხისმგებლობებმა იჩინოს თავი და მოვეშვა.. 1 წელი ამისთვისაც მეყოფა.

მეოთხე- ჯერ არ მინდა გათხოვება, არ ვარ მზად ოჯახისთვის. მას კი რატომღაც ჰგონია რომ საქმე ჩემ გრძნობებშია, რომ ყველა ეს მიზეზი მხოლოდ ფარია, სინამდვილეში კი ცხოვრების მასთან დაკავშირებას გავურბივარ. ამის გამო ეჭვიანობას უმატა და სულ მუდმივად რაღაცის გადამოწმება ცდილობს…ამ ყველაფერმა კი ძალიან დამღალა. არ ვიცი საბოლოოდ რომელი დავნებდებით, მაგრამ გათხოვება კატეგორიულად არ მინდა! ჯერჯერობით პოზიციაზე მყარად ვდგავარ და ვცდილობ რაც შეიძლება გადავავადო ეს დღე, მაქსიმუმ 1 წლით, მინიმუმ…. არ ვიცი.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge