Archive for ივნისი, 2012

ძველი ფოტოები

ამ ბოლო დროს ისე ვიქცევი მხოლოდ ცივ ზამთარს რომ შეეფერება.  ოთახში ბნელ ფარდას ვაფარებ და მთელი დღე ასე ვტოვებ, მერე ჩემ საწოლზე ვწვები და ჭერში ვიყურები. მოსაწყენია ვიცი, მაგრამ ესეც განტვირთვაა, რომელიც თავისებურად მაკლდა. ამას წინათ, ერთ-ერთი ასეთი განტვირთვისას ბაბუაჩემის ძველი ალბომი ავიღე და მაგიდის სანათის შუქზე დავათვალიერე.

საერთოდ სიძველეებისკენ მიდრეკილება მაქვს. ჯერ იყო და მთელი ბავშვობა იმაზე ფიქრით გავატარე რომ ამ საუკუნეში შეცდომით ვარ მოხვდერილი, ჩემი ადგილი სადღაც XVIII-XIX საკუნეში იყო, ჯეინ ოსტინის გმირების სამყაროში 🙂 რა ვქნა, ბუნებით რომანტიკოსი აღმოვჩნდი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, ცხოვრების 19 წელი ისე გავატარე ამის ნიშანწყალიც არაფერში გამომივლენია სასიყვარულო რომანების კითხვის გარდა. ალბათ, ეს არც ისეთი ურიგო “ნიშანი” იყო, შემჩნევა უნდოდა…

ჰოდა, იმას ვამბობდი სიძველეები რომ მიყვარს. არქიტექტურა, ურთიერთობები, წიგნები, მხატვრობა.. ამაში განსაკუთრებული რომანტიკაა. ახლა ის ფილმი გამახსენდა, შუაღამე პარიზში. ლამაზი ფილმია, საინტერესო სიუჟეტით. მთავარი გმირი საოცარი შემთხვევის წყალობით  20-იანი წლების პარიზში ინაცვლებს. მისთვის თითქოს ახალი სამყარო იხსნება, სჯერა რომ მისი ადგილი აქაა- ოქროს ხანაში, 20-იანი წლების პარიზში. აქ გოგონას გაიცნობს, რომელსაც მისდა გასაკვირად 20-იანი წლების სამყარო სულაც არ ესიმპათიურება  და აღმოჩნდება რომ მისი ოქროს ხანა კიდევ ერთი საუკუნით უკანაა… ასე გრძელდება უსასრულოდ. მეც ამ გმირივით ვარ, იმ განსხვავებით რომ უფრო მეტი დრო მაშორებს ჩემ ოქროს ხანამდე.

რა თქმა უნდა, მომავალი ყოველთვის საინტერესოა, მიმზიდველი, იდუმალი, მაგრამ წარსულს კიდევ უფრო მეტი იდუმალება და რომანტიკა აქვს. ამას სიტყვებით ვერ ახსნი.  აი თუნდაც ფოტოები, მათი თვალიერებისას რაღაც აუხსნელი შეგრძნება არ მტოვებს. ვცდილობ ზედ გამოსახული ადამიანების ცხოვრებას და ფიქრებს ჩავწვდე, რა უხაროდათ , რა სტკიოდათ, რას გრძნობდნენ. ვიღებ თითოეულ მათგანს და ვუყურებ. ბაბუაჩემის ფოტო ჯერ კიდევ აკვანში. ბაბუა ჯერ კიდევ 10 წლის, სადღაც სოფლის ორღობეში, შავი შორტებითა და უბრალო მაისურით, ტალახში ამოგანგლული ფეხებით. ბაბუა ჯარისკაცის ფორმით და ახლად ამოსული ულვაშით, მომავალს ალბათ იმედით უყურებს. ბაბუა ახალ მოყვანილ მეუღლესთან ერთად. ბებია მამაჩემით ხელში, სამშობიაროდან გამოსვლისას. ახლა მამას ფოტოები, სკოლაში,უნივერსიტეტში, დედაჩემთან ერთად პეტერბურგში… ეს ისტორიაა, ჩემი ოჯახის ისტორია და თითოეული ფოტო თავისი შინაარსით არის ღირებული. ამიტომაც მიყვარს ფოტოების გადაღება. ოღონდ ფოტოების, რომლებიც ქმნიან ისტორიას,შენს პირად ამბავს. მჯერა რომ ოდესმე ჩემი შვილთაშვილი აიღებს ჩემ ფოტოს, დახედავს და იფიქრებს, როგორი ახალგაზრდა ვარ მასზე, როგორი ბედნიერი და იმედით სავსე თვალებით ვუყურებ ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს და გულში ასეთივე ბედნიერებას ისურვებს.

 

Advertisements

სასოწარკვეთილის მონოლოგი

ბუნებამ კიდურები არ მარგუნა.

აი ასე, ეს ჩემი მთავარი პრობლემა მგონია. მე რა რომ ჩემი მოქნილი სხეულის ოდნავ გარხევაც საკმარისია

გადასაადგილებლად, მე მაინც კიდურები მაკლია. ხელი და ფეხი, თუნდაც თათები, მაშინ ალბათ ასე აღარავის შევძულდებოდი. ისე, გამიგია რომ სადღაც კიდეც ცხოვრობენ ასეთები, ძალიან გვგვანან და კიდურებიც აქვთ. მათი ალბათ უფრო ეშინიათ ვიდრე სძულთ, თან უფრო ძლიერებიც არიან.

სიმართლე გითხრათ, მგონი საკუთარ დედასაც არადროს ვყვარებივარ. გამაჩინა და მას მერე თვალით არ მინახავს, არც მეგობრები მყავს, არც ნათესავები. ეს დიდად არც მაწუხებს, ჩვენი მოდგმა ერთმანეთთან მეგობრობით მაინც არ დაიკვეხნის, თუმცა სხვებიც დასანახად ვერ გვიტანენ.

როგორ ვძულვართ სხვებს- ამაზე ხშირად ვფიქრობ და იშვიათად, ან თითქმის ვერასდროს მივდივარ ისეთ დასვნამდე, რომელიც აზრს მოკლებულად არ მომეჩვენება. ცოდვა გამხელილი სჯობსო და შხამიანი ნამდვილად ვარ, ჩვენი დაგესლილი სულიერი ვერ ძლებს ცოცხალი, მაგრამ ამის საპირწონედ მშვენიერი არგუმენტი მაქვს- უმიზეზოდ ჩვენ არავის ვერჩით. ეს შხამიც ბუნებამ თავის დასაცავად გვარგუნა, აკი გითხარით კიდური მე არ მაქვს თავდამსხმელს საკადრისი პასუხი გავცე. ჰოდა იძულებული ვარ ვუკბინო, აბა რა ვქნა როდესაც ზედ შემდგებიან და მსრესენ?

ყველაზე მეტად მაინც იმ მოლაპარაკე არსებებს ვძულვართ, ჩვენი სახელი სალანძღავი სიტყვების სათავეში რომ მოუქცევიათ და ერთმანეთს არანაკლებ გესლავენ. ზოგიერთი კიდევ უფრო შეძრწუნებულია ჩვენი არსებობით და საერთოდ არ გვახსენებს, იმ სახელსაც არ გვეძახის თავადვე რომ მოგვიგონეს და საუბრისას ათასგვარი მეტსახელით მანევრირებენ, რომ როგორმე თანამოსაუბრე მიახვედრონ ჩვენზე რომაა ლაპარაკი.

 აგერ, ამ ცოტა ხნის წინ ჩემ სახლთან ახლოს, ჩრდილში ვისვენებდი.  ბოლო დროს ძალიან ცხელოდა, იმ საღამოს კი გრილი ამინდი დაიჭირა და მეც ვნებივრობდი. არაფერი, უბრალოდ ვიწექი მწვანე ბალახში და ვფიქრობდი… შორიახლოს 2 მოლაპარაკე არსება შევნიშნე, მოდიოდნენ ხელჩაკიდებულები და საუბრობდნენ. ჩანდა, გრილი საღამოს ბუნებაში გატარება მათაც სიამოვნებდათ. ერთი ამბობდა როგორ მოეწონა ადგილი, თან სახლთან ახლოს არისო, როგორ გრილაო, ხშირად მოვიდეთო. მეორეც კვერს უკრავდა, თან დაამატა ხალხმრავლობა მომბეზრდა და ახლა ისეთი დასვენებული ვარ, თითქოს 2 საათის მაგიერ 2 თვე გამეტარებინოს ბუნებაშიო. მოკლედ, იცინიან , საუბრობენ და მერე…

მე არ ვიცი პირველმა რომელმა დამინახა, მაგრამ სუსტი შეკივლება და გინება ერთდროულად ჩამესმა და ერთი ალთას გაიქცა, მეორე ბალთას…არადა რა დავუშავე ვერაფრით ვხვდები. მერე კარგა ხანს მესმოდა როგორ სახავდნენ სტრატეგიებს ჩემთვის გვერდის ასავლელად, მე კი ჯიუტად არც გავნძრეულვარ- როგორც გინდათ ისე გაიარეთ მეთქი კი მივაძახე, მაგრამ გაიგეს თუ არა არ ვიცი. მერე როგორც იყო გააღწიეს და დარწმუნებული ვარ მათ ფეხს მეტად ვეღარ ვნახავ აქ მოდგმულს. სულაც არ მწყინს! ისედაც მყუდროებას მირღვევთ.

მაინც მგონია რომ, საქმე კიდურებშია.

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი II )

წინა პოსტში ჩაის, როგორც სასმელის წარმოშობასა და მის გავრცელებაზე ვსაუბრობდი. ახლა დროა იმაზე ვისაუბროთ რა მოხდა მას შემდეგ რაც ეს მაგიური სასმელი ინგლისში მოხვდა, თან არ დაგავიწყდეთ ჩემი რეცეპტით მომზადებული ჩაის მირთმევა გემრიელი ნამცხვრითურთ. : )

ჩაი, ინგლისელებმა ძალიან მალე შეიყვარეს. ის სოციალური და კულტურული ცხოვრების ნაწილად იქცა, ჩაის სმის კულტურა კი ბევრს გვიამბობს თავად ინგლისელებსა და მათ ტრადიციებზე.  მან გავლენა იქონია მათი ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული მოდიდან დასრულებული მებაღეობით. მეტიც, ჯინის ჩაით ჩანაცვლებამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდაზეც იმოქმედა, თავად უინსტონ ჩერჩილი კი თვლიდა რომ ამ გემრიელმა სასმელმა დიდი დახმარება გაუწია გერმანიის დამარცხებასა და ჯარისკაცების საბრძოლო სულიკვეთების ამაღლებაში… დროსთან ერთად, ჩაის მირთმევა ცხოვრების სტილად  იქცა – „ ფინჯანი ჩაი“ ესთეტურ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მისი პოპულარობა რასაკვირველია სასიამოვნო არომატმა განაპირობა, მალე ხალხმა მას მედიკამენტური თვისებებიც მიაწერა, აღწერდნენ როგორ შველოდა ცხელი ჩაი გაციებისა და სისუსტის ჟამს. აი რა ეწერა ჩაის ყველაზე პირველ რეკლამაში, რომელიც 1658 წლის 30 სექტემბრის გაზეთში გამოქვეყნდა ლონდონში

„ჩინური სასმელი, ჩინელებისგან წოდებული როგორც -ჩა, ატარებს გასაოცარ თვისებებს და აღიარებულია წამყვანი ექიმების მიერ. მისი შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში  Sultaness-head“.

ჩაის შესახებ მნიშნელოვანი დოკუმენტი 1650-იანი წლების ბოლოს თომას გარავეიმ გამოსცა, რომელიც ლონდონში ჩაისა და ყავის მაღაზიის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახლდათ. ავტორი აღწერდა რომ ჩაის შეუძლია თავისა და მუცლის ტკივილებისგან განკურნება, ასევე მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება.“

თავდაპირველად ინგლისელებს ჩაის მირთმევა ისეთ კაფეებში შეეძლოთ, რომელიც სპეციალურად ყავისთვის გაიხსნა. ეს იმიტომ რომ ყავის იმპორტი ბევრად ადრე მოხდა ინგლისში, ვიდრე ჩაისა.მეპატრონეები ხალხს ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე ეპატიჟებოდნენ, აქვე შეეძლოთ ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება და მეგობრებთან ერთად სასიმოვნო დროის გატარება. ფინჯან ჩაიზე კაფეში შეხვედრა მალევე გახდა პოპულარული ვაჭრებსა და მაშინდელ მაღალ ფენას შორის საქმიანი შეხვედრებისათვის, ასევე აქ  ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები, მწერლები, მეცნიერები და ერთმანეთს სიახლეებს უზიარებდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ცნობილი ინგლისური ჯენტლმენური კლუბები- არც მათ დარჩენიათ შეუმჩნეველი ფინჯან ჩაისთან სასიამოვნო საუბრის შესაძლებლობა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ არომატულ სასმელს ძველ დროში იმდენად ცუდად ამზადებნენ, რომ კითხვა ჩნდება: საერთოდ როგორ სვამდნენ ან რატომ გახდა ასეთი პოპულარული. თურმე, ნუ იტყვით და ჩაის ნაყენის მთელი დღის მარაგს წინასწარ ადუღებდნენ და მირთმევისას უბრალოდ ათბობდნენ, თუმცა საბედნიეროდ XVII საუკუნის ბოლოდან მისი ამ ფორმით მომზადება დავიწყებას მიეცა და ჩაის ფოთლების მშრალად შენახვა დაიწყეს, სპეციალურად მირთმევის წინ დასაყენებლად.

პ.ს დღეისათვის სულ ეს იყო, ჩაის ისტორიის გაგრძლებას მომავალ შაბათს შემოგთავაზებთ.

სასიამოვნი შბათ-კვირას გისურვებთ!

თქვენი, აწ უკვე ჯეინი 🙂

ბლოგის შესახებ

მოკლედ, დღიდან გახსნისა ჩემ ბლოგს ვაწამებ. არადა მის გარეშეც რომ აღარ შემიძლია? 🙂 გავხსნი, დავხურავ , გავხსნი დავხურავ. დარწმუნებული ვარ მკითხველიც დაიღალა და მე მითუმეტეს.

ახლა რაღაცეები შევცვალე, მაგალითად ჩემი პოლონური და ავსტრიული პოსტები წავშალე, ვაღიარებ ძალიან დამენანა,

თუმცა არაუშავს, ეგ ყველაფერი ჩემ დღიურშიც მშვენივრად წერია. თან, რატომღაც წინდაუხედავობით სახელები არ შემიცვლია და ახლობელი თვალი ადვილად მიხვდებოდა ვისი ბლოგია, მე კი ჯიუტად ამიჩემებია ეს ანონიმობა.

კიდევ ბლოგს სახელს ვუცვლი. ასე გადავწყიტე. კი მართალია, შესაძლებელია ასე მკითხველმა ვერ მიცნოს, ვერ მომაგნოს, შემცირდეს სტატები და რავიცი ბევრი რამ შეიძლება, მაგრამ ჩემი ბლოგი არაა მკითხველის რაოდენობაზე გათვლილი. მე აქაურობა ჩემთვის მჭირდება, თან სახელი ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია ის მოგწონდეთ, რასაც აქ კითხულობთ და არა ის რა ჰქვია რომელიღაც რიგით ბლოგს, შესაბამისად ერთგულ მკითხველებს ნამდვილად არ დავკარგავ.

რატომ Jane? ჯეინ ეარი და ჯეინ ოსტინი– ამით ყველაფერი ნათქვამია, ინგლისთან მეტად დასაკავშირებლად ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი. 🙂

შევეცდები გახსნა- დახურვობანა აღარ მოვაწყო ხოლმე ბლოგზე და ყოველთვის სტუმართმოყვარე მასპინძელი ვიყო.

ჯეინი :)))

მომწონს, მშვენივრად ჟღერს ეს ახალი სახელი…

p. s სულ დამავიწყდა, ვისაც ბლოგ-ლისთში გყავდით, შეგიძლიათ ჭიამაია ჯეინით ჩაანაცვლოთ 🙂


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge