Archive for დეკემბერი, 2011

ინგლისური ჩაის საღამო-Happy New Year

დღეს, ჩემ ბლოგზე 2011 წლის ბოლო პოსტი იწერება.

დღეს, ჩემ ბლოგზე ინგლისური ახალი წელი დგება.

დღეს შუაღამისას ჯადოსნური ღამეა.

დღეს ჩემი მკითხველები ინგლისში მიმყავს, ინგლისური ახალი წლის შესახვედრად.

პოსტის წაკითხვამდე აი ამ ძველი შოტლანდიური სიმღერის ჩართვა მოგიწევთ, რადგან ინგლისლები ყოველ ახალ წელს, სწორედ ამ სიმღერით ეგებებიან ხელჩაკიდებულნი.

დავიწყოთ იქიდან, რომ 1 იანვარი ახალი წლის თარიღად ინგლისითვის მხოლოდ 1752 წლის მერე იქცა, მანამდე 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ამ დღეს. ძირითადი ტრადიციები, არც ისე განსხვავდება იმისგან რაც მთელ მსოფლიოში ხდება- საახალწლოდ დიდი ოჯახური შეკრება, ფეიერვერკი, სასმელი, საჩუქრები, ბევრი სითბო და კეთილი სურვილები, რაც მთავარია ოცნებები, რომელთა ასრულების პერსპექტივა ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თუ ჩავიფიქრებთ, ორმაგდება. – ასეთია საზოგადო რწმენა. ამის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე:

მანამ სანამ შუაღამის 12-ზე ეკელსიის ზარი დარეკავს, მანამ სანამ ბიგ-ბენიც აგუგუნდება, მანამ სანამ ფეიერვერკებითა და შეძახილებით შეეგებებიან ახალ წელს, ბრიტანელები სახლის უკანა კარებს აღებენ- ასე ძველ წელს ემშვიდობებიან, ახალს კი იღებენ.

ქართული მეკვლეობა ხომ იცით? “First Footing”- ის ტრადიცია ინგლისლებისთვისაც საკმაოდ ნაცნობია. თუკი ბრიტანელის ოჯახში გადაწყვეტთ მეკვლეობას, მხოლოდ კარგი ფეხი არ გიშველით, აუცილებელი კრიტერიუმია იყოთ მაღალი, სიმპათიური, შავგრვემანი მამაკაცი, თან მარილს (ფულის სიმბოლო), პურს (ბარაქის სიმბოლო) ან მატყლს (სითბოს სიმბოლო) თუ წაიყოლებთ, ჩათვალეთ რომ სასურველი მეკვლე ხართ- ბრიტანელსაც გაახარებთ და გვარიანადაც გაგიმასპინძლდებიან.  ამ შემთხვევაში ქერებსა და წითურებს ნაკელბად გაუმართლათ-“they just are not welcome”.

1 იანვარი ბავშვებისთვის ნამდვილ საჩუქრების წვიმასთან ასოცირდება, თუმცა მათი მოპოვებისთვის თავის შეწუხება თავად მოუწევთ. ბრიტანელი ბავშვები დილით ადრე დგებიან რათა სამეზობლო სახლები სიმღერ-სიმღერით შემოიარონ, ასე ბევრ ტკბილეულს და სიუპრიზს დაიმსახურებენ მასპინძლისგან.

Radnorshire-სა და Herefordshire-ში ფერფმერებს მოსავლიანობის გაზრდისთვის, ასეთი ტრადიციაც აქვთ: დილით ადრე საკუთარ ფერმებს მიაშურებენ და იქ  სპეციალური ჯიშის ბუჩქს ცეცხლს წაუკიდებენ. ზოგჯერ, სამზარულოშიც შეხვდებით ნამწვავ ტოტს, რომელსაც წლიდან წალმდე ინახავენ. ანდა ასე: სპეციალურად გამომცხვარ ღვეზელს ძროხის რქებზე დებენ, მის ირგვლივ კი მანამ მღერიან და ცეკვავენ სანამ ღვეზელი არ ჩამოვარდება. ძროხის წინ დაცემული ნამცხვარი მომავალ იღბლიან წელს უქადის მეპატრონეს, მის გვერდით ან უკან- საპირისპიროს.
გასათხოვარ ინგლისელ გოგონებსაც აქვთ საკუთარი ტრადიცია- ახალი წლის ღამეს, მაშინ როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, კვერცხის ცილა წყალში უნდა ჩააგდო. მათ სჯერათ რომ მან შესაძლოა იმ ასობგერის ფორმა მიიღოს, რა ასოზეც იწყება მათი საბედოს სახელი.

სულ ესაა. ყველას ბედნეირ ახალ წელს გისურვებთ. გახსოვდეთ რომ დღეს ჯადოსნური ღამეა- თქვენც შესაბამისი სურვილები ჩაუთქვით.

შევხვდებით 1 წლის შემდეგ. : )

And, I am happy

მთელი კვირაა ჩემი ფბ პროფილის გვერდზე upcoming anniversary -ს მიჩვენებს წითლად. რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ მეცინება, გეგონება არ მახსოვდეს და ცუკერბერგის ქმნილების შეხსენება რამეში მჭირდებოდეს. როცა
anniversary -ს ფრაზამ მამცნო რომ დღეს სწორედ ის დღეა, სიცილის სურვილი აღარ გამჩენია. მრგვალი თვალის გუგები უცებ მექცა გულებად,მეც ავდექი და მისი კედელი სასიყვარულო პოსტებით გადავავსე ურცხვად. იმანაც მისთვის ჩვეული გულახდილობით მიპასუხა ყველაფერზე, ამ უკანასკნელს კი ძირითადად მხოლოდ ჩემთან იჩენს. გრძნობების დემონსტრირება ხალხის წინაშე არ უყვარს, მითუმეტეს როცა იცის რომ მის თითოეულ სიტყვას რამდენიმე ასეული მისი “მეგობარი” ადევნებს თვალს. გამიხარდა რომ ამ შემთხვევისთვის ეგ “დაიკიდა”.

2 წელი… არც ბევრია არც ცოტა. ერთი ვიცი მხოლოდ, რომ ჩვენთვის უზომოდ სწრაფად გავიდა.

ჩაკეტილი ურთიერთობა არასდროს გვქონია. პირველივე თვეებში საოცრად გულახდილები ვიყავით ორივე, თვითონაც მიკვირდა რატომ ვსაუბრობდით ამდენს და ასეთ თემებზე 2 უცხო ადამიანი. ჯერ ჩვენი ურთიერთობისთვის სტატუსიც კი არ გქვონდა მინიჭებული და არც ერთმა არ ვიცოდით რა გვინდოდა ერთმანეთისგან.

ერთ დღეს გავიღვიძეთ და უბრალოდ ერთმანეთით დავიწყეთ ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მანამდე არც ვარსებობდი, მართლა ასეა. ძლივს ვიხსენებ რას ვაკეთებდი ყოველდღიურად, რა მაინტერესებდა, რას ვკითხულობდი, სად დავდიოდი.  თითქოს ახალი მეხსიერება ჩამომიყალბდა, რომელიც ბოლო 2 წლითაა სავსე და უფრო ძველები სადღაც ძალიან ღრმად გადაიმალა, იმდენად ღრმად რომ ამოქექვა, სურვილის მიუხედავად ძალიან მიჭირს.

რაღაცის წლისთავი.. ყოველთვის კარგია. გაიძულებს დაფიქრდე, შეაჯამო, რაღაცა  გადააფასო. დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ მისით, სიყვარულით, არსებული რეალობით. ჩემი აწმყო მიყვარს. დღეს შემიძლია ვთქვა რომ შეყვარებული ვარ. ასე ვიყავი 2 და 1 წლის წინაც, მაგრამ დღევანდელი სიყვარული სულ სხვაა. მე უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ოდესმე, ვიდრე გუშინ, ვიდრე წუთის წინ.

სიყვარული ცოცხალი ორგანიზმია. ის ტრანსფორმირდება და იზრდება. ჩემი სიყვარული 2 წლის წინ დიდი ვარდისფერი ბუშტი იყო, ჰაერში ფარფატებდა, მეც ამიტაცებდა ხოლმე და უნდოდა მთელი სამყარო მოეცვა. მერე დაპატარავდა, ნელ-ნელა მიწაზე დაეშვა, სამაგიეროდ შიგნით არსებული სიცარიელე ლამაზი დღეებით, წუთებით და წამებით გაივსო. ეს ჩვენი სიყვარულის ისტორიებია, ყოველდღე ახალ-ახალი.  მოცულობაც თანდათან უფრო იზრდება, უფრო მყარად. ჩემი სიყვარული შენთან ძგერს, შენი სიყვარულის ძგერას მკერდში, მარცხნივ ვგრძნობ.

სწორი გზა

ბედისწერის გჯერათ? მე აღარ ვიცი მჯეროდეს თუ არა. ნუთუ ყველაფერი ერთი დიდი დამთხვევაა და მეტი არაფერი. ან იქნებ, სულაც ყველაფერი უბრალოდ სადღაც არის განსაზღვრული. ეს კითხვა ასი -ათასობით წელია კაცობრიობას აწუხებს, მეეჭვება მე პასუხი ვიპოვო. ვისი სიტყვებია არ ვიცი, მაგრამ ასეთი აზრიც მსმენია: “ბედისწერა არსებობს, მას განსაზღვრულ წერტილამდე მიყავხარ, მერე კი შენით უნდა აირჩიო გზა”-ო. ალბათ ასეა, სულ ვგრძნობ არჩევანის არსებობას და შესაბამისად, არჩევის შესაძლებლობას. ჩვენი ცხოვრება, სწორედ ისეთი იქნება, როგორიც თავად გვსურს, ამაში დღითი-დღე ვრწმუნდები. უბრალოდ, არის ხოლმე შემთხვევები, რომელიც ჩვენ გეგმებს რადიკალურად ცვლის, ან მხოლოდ დროებით უშლის ხელს- ყველფერს ვერ განსაზღვრავ, ესაა და ეს.

ბოლო დროს ცოტა არეული დავდივარ.  გადაწყვეტილებებს ვიღებ, სულ ვფიქრობ რომ თითოეული ნაბიჯი რაღაც

დიდს ცვლის – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ეს აღარ ვიცი, მაგრამ ყველაფერი დროის ფაქტორია მხოლოდ,მაგის პასუხიც მეცოდინება.

ამდენს იმიტომ ვფიქრობ ამაზე, რომ ბოლო დროს რაღაც ფიქრი არ მასვენებს ერთ საკითხთან მიმართებაში (რა კონსპირაციული წინადადებაა). შინაგანად ვიცი რომ, ის კონკრეტული ნაბიჯი არ უნდა გადავდგა, თითქოს ვხვდები რომ არასწორია, ასე მგონია ვცდები. მაგრამ, არსებობს მეორე დიდი შინაგანი ძალა, რომელიც მეუბნება რომ არ მინდა შეჩერება. არც შემიძლია, მე მომწონს და მიყვარს ყველაფერი- ეს მეორე აშკარად უფრო ძლიერია, რადგან მეც ასე, ბედს თუ იმ რაღაც ამოუხსნელს მინდობილი, მივყვები დინებას და არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვტკბები იმით, რაც ხდება, იმის მიუხედავად სწორია თუ არასწორი.

Short Update

სწავლა დაიწყო!

ბებიაჩემმა იცის ხოლმე თქმა : “ეხლა გვიჭირს, თორემ აქამდე კარგად ვიყავით”-ო და ზუსტად ეგრეა ჩემი საქმე.  ჯერ ხომ შინ და გარეთ ტვინი წავიღე- გადავიღალე და დასვენება მინდა-მეთქი, ირონია კი იმაშია რომ თურმე დასვენებული ვყოფილვარ, გადაღლა ეხლა ვნახო…

მიმდინარე კვირის, გასული ორშაბათიდან დავივიწყე შაბათ-კვირის ფუნქცია და მგონი საერთოდ არსებობაც. ზედ მივაყოლე თავისუფალი საღამოები და 11 საათზე ძილი! განსაკუთრებული გულისტკივილითა და ცხვირსახოცების ქნევით დილის ძილს დავემშვიდობე მინიმუმ თებერვლამდე…

ეხლა ვზივარ სამსახურში, ვწერ პოსტს, კაპუჩინოს ორთქლი ცხვირში მიღიტინებს, ინგლისურიდან სათარგმნი უზარმაზარი კონსპექტი ტვინში…

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვგონებ ამ ბლოგზე შაბათობით განახლებული პოსტებიც დიდი მიღწევა იქნება. ანდა არა, რატომ, ეს ბოლო 2 დღეა რაღაც იდეა მაწუხებს და თქვენი დახმარებით იმედია განვახორციელებ. : ) სამწუხაროდ, მეტს ვეღარ დავწერ, მოვალეობები მიხმობენ.

შაბათს შევხვდებით.

ინგლისური ჩაის საღამო- პირველი წიგნები

ამ კვირაში საოცრად ბევრი დაიწერა წიგნებზე და შეიძლება არც გადავაჭარბო, თუ ვიტყვი რომ “წიგნების კვირეულივით” გამოგვივიდა. ამ შაბათისთვის გადავწყიტე, იგივე პათოსი ვიკენდზეც შევინარჩუნო და ინგლისური საღამოს სტუმრებს “პირველ” ინგლისურ წიგნებზე გესაუბროთ.

ვიკისა და გუგლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, პირველი ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი წიგნი, სულაც არ იყო ინგლისელი მწერლის, მეტიც ეს იყო ფრანგი ავტორის Raoul le Fevre-ს წიგნი- Recuyell of the Histories of Troy. ეს გახლდათ  კრებული, რომელიც საფრანგეთში 1464 წლისთვის გამოქვეყნდა, ინგლისურ ენაზე თარგმნა კი 4 წლის შემდეგ დაიწყო. მთარგმნელი-უილიამ კექსტონი, პროლოგშივე გვაუწყებს რომ ინგლისურის სიუხეშისა და ფრანგულის კარგად არ ცოდნის გამო, ზუსტ თარგმანს ვერ გთავაზობთო და რაღაც დროის შემდეგ, თარგმნა შეწყვიტა. 1471 წელს თარგმანის დასრულებას კი ინგლისელები ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტს უნდა უმადლოდნენ, რომ არა მისი დაჟინებული თხოვნა, კექსტონი ალბათ საქმიანობას აღარც მიუბრუნდებოდა.

თარგმანი ბურგუნდიულ სასამართლოში ძალიან პოპულარული გახდა, იმდენად რომ კექსტონს წიგნის ასლებს სთხოვდნენ. ვინაიდან ხელით გადაწერა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძილივი საქმე იყო, მას მოაგონდა წიგნის ბეჭდვის “ხელოვნების” შესახებ, რომელიც მას გერმანიაში- ქალაქ კელნში ენახა, საბოლოოდ კი 1475 წლისთვის მას უკვე პირველი ბეჭდური წიგნი ჰქონდა, რომელიც ამაყად ატარებს ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი პირველი ნაწარმოების სახელს.

   რაც შეეხება, ბიბლიას, ინგლისურ ენაზე შესრულებული პირველი ხელნაწერი 1380 წლით თარიღდება და მისი ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და თეოლოგი ჯონ ვიკლიფია, რომელმაც ის ლათინური ენიდან თარგმნა. ვიკლიფი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას რომ ბიბლია მხოლოდ ლათინურად უნდა გავრცელებულიყო და მიიჩნევდა რომ ხალხი მას თავისივე ენაზე უნდა გაეცნოს. მან, თავისი მომხრეების დახმარებით, საკუთარი თარგმანის 100-ობით ხელნაწერი გაავრცელა. სამღვდელოება, თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა ვიკლიფის სწავლებებს და თარგმანს, ამიტომ მისი გარდაცვალებიდან 44 წლის შემდეგ, პაპის ბრძანებით პროფესორის ძვლები ამოთხარეს და მდინარეში გადაყარეს. საინტერესო ამბავი უკავშირდება მის მიმდევარ ჯონ ჰასის სახელს, რომელიც აქტოურად აგრძელებდა მასწავლებლის საქმიანობას. 1415 წელს ის ცეცხლზე დაწვეს. მისი უკანასკნელი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერდა : ”  100 წლის მერე, ღმერთი მოავლენს კაცს, რომლის სწავლებებსაც ვეღარვინ შეაჩერებს”. საუკუნის შემდეგ კი, 1517 წელს გამოჩნდა მარტინ ლუთერი, თავისი 95 თეზისით ღვთისმეტყველებისა და რომაული ეკლესიის დანაშაულებების შესახებ.  მისი გამოჩენა ყველამ ჯონ ჰასის წინასწარმეტყველებას მიაწერა. 1549 წელს კი პირველად გამოიცა ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ლოცვების კრებული.

ახლა კი საინტერესო ინფორმაცია გურმანებისთვის: ინგლისში, პირველ რეცეპტების კრებულად “The Forme of Cury” ითვლება,რომლის ავტორად მოხსენიებულია ” რიჩარდ II -ის კარის შეფ-მზარეული”. 1390 წელს გამოქვეყნებულ  წიგნში დაახლოებით 205 რეცეპტია შესული, მისი განახლებული ვერსია კი 1791 წელს გამოიცა.

1699-საინტერესო თარიღია ინგლისური ლექსიკონების ისტორიისთვის, რადგან სწორედ ამ წელს გამოვიდა ინგლისური სლენგების პირველი ლექსიკონი. მასში შესული იყო მაშინდელი კრიმინალური სამყაროს ტერმინები და მათი მნიშვნელობები, კრებულის უპირველესი მიზანი კი შედარებით მაღალი საზოგადოების ამ მხრივ განათლება იყო, რადგან უფრო ადვილი გამხდარიყო დამნაშავეების ჩანაფიქრის ამოცნობა.

დღეისათვის აქ შევჩერდები, იმედია სასიამოვნოდ გაატარეთ უკანასკნელი რამდენიმე წუთი. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ.  : )


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge