Archive for სექტემბერი, 2011

მძიმე სექტემბერი და ანტი-სტრესი

ვიცი, ტვინი წავიღე იმაზე წუწუნით რომ საშინელი, დამღლელი სექტემბრის თვე მაქვს… ძალიან განვიცდი ამ ჩემი მაგისტრატურის ამბებს.  რამდენიმე უნივერსიტეტში მქონდა გამოცდები, კიდევ 2 გამოცდა წინ არის. ამ ეტაპზე, იყო წარმატებებიც და ასევე ჩავარდნებიც. ჩაბარებაც მოვასწარი, მაგრამ მერე უარი ვთქვი და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე ჩემი მაგისტრობის ამბავი, მინიმუმ ამ წელს მაინც.

ეხლა ვხვდები რას ნიშნავს სიტყვა  “სტრესი”, რომელიც ძირითადად სერიალებიდან/ფილმებიდან მესმოდა და სულ მაინტერესებდა რატომ არ ამბობდნენ “დაღლილობას”. სტრესი, ფიზიკურ-გონებრივ-სულიერ დაღლას გულისხმობს, რომელმაც თავისუფლად შეიძლება მიგიყვანოს ნევროზის ზღვარზე. ასეთ დროს კი მის მოსახსნელად, ბევრი ძალიან კარგი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი სულ ახლახანს გამოვცადე და მინდა სწორედ ამაზე დავწერო. ზოგჯერ ჩემი ყოველდღიურობიდან ამოკრეფილი მოვლენებიც არ აწყენდა აქაურობას. 🙂

პარასკევს საღამოს  ჩემმა ბიჭმა დამირეკა და მითხრა რომ ბოულინგის სათამაშოდ მიდიდოდა თანამშრომლებთან ერთად და შენი წაყვანაც მინდაო. რა თქმა უნდა ელვის სისწრაფით მოვიყვანე თავი საღამოს გასეირნების მდგომარეობაში და წყნეთში გავემგზავრეთ.

ბოულინგი მანამდე ფილმებში თუ მქონდა ნანახი, მეტიც, ბურთიც კი არ მქონდა მგონი ახლოდან შეთვალიერებული, ამის მიუხედავად თავი სულაც არ მიგრძვნია უცხოპლანეტელად, უფრო პირიქით, მშვენივრად ავუღე ალღო თამაშს. სულ ოთხი ხელი ვითამაშეთ, ჯამში 2 საათი მოიცვა ამ სიამოვნებამ. პირველი ხელი წარმატებით დავასრულე, საპატიო მეორე ადგილზე გასვლით.  შემდეგ სამში კი სამწუხაროდ, თავი ვეღარ გამოვიჩინე და ბოლო ადგილს დავჯერდი.

აქვე სიამოვნებით მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ ბოულინგზე გადაწყვეტთ წასვლას:

1.  ბურთებზე დაწერილი ციფრები მიუთითებს წონას კილოგრამებში და არ გეგონოთ მასის აღმნიშვნელი რამე სხვა კოეფიციენტი.  როცა მხოლოდ 12 კგ-იან ბურთებს ეტანებით, მაშინ იცოდეთ რომ მომდევნო 3 დღე მაინც შეგაწუხებთ მთელი მკლავისა და სამი თითის ტკივილი.

2. არც  ძალიან მსუბუქ ბურთებს გირჩევთ მაინც და მაინც. მაშინ მოგიწევთ დამიზნებასთან ერთად აკონტროლოთ ხელის მოქნევის სიჩქარე და ტრაექტორია, რადგან მჩატე ბურთი ადვილად იცვლის მიმართულებას და “მყარად” არ მისრიალებს ბილიკზე.

3.  თუ ხართ წვრილძვლიანი და თან  53 კილო, გაითვალისწინეთ რომ ბურთის ბილიკამდე მითრევა პირველი “გამოწვევაა”, მისი გაგორება კი უფრო რთული საკითხია.

4. გაგორებისას დაუმიზნეთ არა თავად კეგლებს, არამედ ბილიკზე დახაზულ ისრებს.

5. როცა საათზე მეტია თამაშობ, გინდა არ გინდა ხელი გიოფლიანდება, რის გამოც ბურთის ხვრელებიდან თითები გისრიალებს და ამის გამო ვეღარც აგორებ, ამიტომ თან იქონიეთ ერთჯერადი ხელსახოცი. ადგილზე კი არის რაღაც ჩვრები, მაგრამ არ მიმიზიდა მათმა ფერმა. 🙂

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, ზოგჯერ ყურადღების სხვა რამეზე კონცეტრირება ძალების აღდგენაში გვეხმარება, თუნდაც ფიზიკურად ძალიანაც დაიღალო.  ბოულინგი აგრესიასაც ჩაგიკლავთ, თუკი მის ნიშნებს გრძნობთ. საამისოდ აუცილებელია უხეშად მოუქნიოთ ბურთი უძრავად მდგარ კეგლებს. 🙂

ინგლისური ჩაის საღამო- კიდევ ერთხელ, საოცრებათა ქვეყანაში

დღეს შაბათია, კიდევ ერთი ინგლისური საღამო ჭიამაიას ბლოგზე. სექტემბერი ჩემთვის ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. გამოცდების გაწამაწია ასე რთულად ბაკალავრიატში მიღებისასაც კი არ განმიცდია. როცა ეს აურზაური ჩაივლის და საბოლოოდ დავიგულებ თავს სამართლის მომავალ მაგისტრად, მაშინ ალბათ შემაჯამებელ პოსტსაც სიამოვნებით დავწერ ამ პერიოდზე, მანამდე კი ინგლისის მოყვარულებს ზღაპრულ სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით.

რომ გითხრათ ძილის წინ ზღაპრების კითხვით მანებივრებდნენ და სიზმრების ფერად სამყაროში ამ გზით მისტუმრებდნენ-თქო ნამდვილად არ იქნება მართალი. ზღაპრებს მიყვებოდნენ ხოლმე, უბრალოდ ამ ყველაფერს არც ისეთი ხშირი სახე ჰქონდა- ბნელი 90-იანები ყველას გაგვივლია, მე უფრო ძილის წინ ფეჩზე გაცხელებული უთოთი გაუთოვებული ზეწარი მახსენდება, რომელიც ჩემს თბილ ღამეულ ძილს უზრუნველყოფდა.

4 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ინგლისურის მასწავლებელი “მომგვარეს”. დიახ, ჯერ ქართული ანბანიც არ ვიცოდი უკვე ინგლისურად წერა-კითხვა რომ შემეძლო და დღეს ლამის მშობლიური ენასავით მიყვარს და ვიცი ინგლისური, რისთვისაც მადლობა მათ. ზემოხსენებულმა მასწავლებელმა კი ძალიან მალე პატარა, თხელი, ინგლისური წიგნი მაჩუქა, ლამაზი ილუსტრაციებით. გარედან ცისფერკაბიანი ქერა გოგონა ეხატა, რომელსაც ტკბილად ეძინა ხის ძირში,  ახლოს კი საათიანი, თეთრი კურდღელი იყო ჩასაფრებული. მასწავლებელმა მითხრა რომ კითხვა ძალიან დამეხმარებოდა ენა კარგად ამეთვისებინა და თითოეული თავის დამოუკიდებელი გარჩევა დამავალა.

ალისა პირველივე თავიდან შევიყვარე. მასთან ერთად მოგზაურობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მჯეროდა თითოეული სიტყვის რომელიც იქ ეწერა, მეგონა რომ შესაძლებელი იყო მეც მეპოვნა ასეთი კურდღელი, მეც აღმოვჩენილიყავი ჯადოსნურ სამყაროში უსასრულო ორმოს გავლით, თითქოს მთელი ბავშვობა ვეძებდი და მივილტვოდი ასეთი თავგადასავლისკენ. ალბათ ამიტომაც იყო რომ არასდროს ვამბდოდი უარს ტყეში გასერინებებზე, როცა სოფელში ბავშვები გადაწყვეტდნენ. ვოცნებობდი მენახა სოკო წარწერით “შემჭამე” და ის აუცილებლად მაჩვენებდა გზას ალისამდე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი რეალური ადამიანი მეგონა.

ალისა ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი ზღაპარია, რომელიც მასწავლებლის ხელით, ლევის ქეროლმა მაჩუქა, ჯადონსური სამყარო კი ჩემს ოცნებად და ტკბილ სიზმრებად აქცია. ის ყველაზე უშიშარი გოგონაა, გამბედავი და ძალიან მამაცი. ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მარტო დარჩენილს არასდროს მეშინოდა, ისევ ალისას გამო. მე მინდოდა ვყოფილიყავი მისნაირი და კიდევ უფრო მეტად მინდოდა მეპოვნა საოცრებათა ქვეყანა.

თავად ავტორი ალისას ასეთს ხედავდა, ამ ფოტოზე სწორედ ლევის ქეროლის მიერ შერულებული ილუსტრაცია გახლავთ გამოსახული. ქერა, ლურჯთვალება და ცისფერ კაბიანი, ლამაზი ალისა კი დიესნეის საჩუქარია. ჩემი ალისაც სწორედ ასეთია, მხოლოდ შავი თმებით. მე ხომ, ჩემს წარმოსახვაში ყველა ზღაპრისა თუ რომანის უცვლელი გმირი ვარ.

ინგლისური ჩაის საღამო- და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად

დღეს შაბათია. ვინ იცის აი ახლა, ამ მომენტში რადენი წყვილი იწერს ჯვარს. ჩვენი სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით – გუშინ 133 წყვილი დაქორწინდა. მიზეზთა გამო , ჩემს სამეგობრო წრეში, საქორწინო თემა ძალიან აქტუალური გახდა. გამოგიტყდებით და ამ დღეზე მეც ბევრი მიფიქრია, თუმცა ნამდვილად არ მიოცნებია. მიფიქრია იმდენი, რომ ზოგადი წარმოდგენა საკუთარ ქორწილზე უკვე მაქვს. ჩემი ფიქრების უმეტესობა საქორწინო კაბისკენაა მიმართული და აქ უკვე 90%-ით ვიცი როგორი იქნება ის „იმ“ დღეს.

მაგრამ ამ პოსტში არც საკუთარ ქორწილზე ვაპირებ საუბარს და არც თეთრ კაბაზე. უბრალოდ, გადავწყვიტე რამდენიმე საინტერესო ინგლისური საქორწინო ტრადიციისთვის მომეყარა თავი და ჩაისთან ერთად მომეყოლა.

ისტორიას რომ მივყვეთ, გასაკვირს ვერაფერს ვნახავთ იმაში, რომ ჯერ კიდევ საუკუნის წინ, ინგლისში წყვილთა ქორწინება მშობლების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, როცა ნეფე-პატარძალს ქორწილის დღეს პირველად უნახავთ ერთმანეთი, ისეთებიც ყოფილან აკვნიდანვე რომ საქმრო/საცოლე შერჩეული ყავდათ.თუმცა  ეს ყველგან ასე ხდებოდა და ინგლისურ საქორწინო ტრადიციებთან ნამდვილად ვერ გავაიგივებთ.  აი ამ 8 პუნქტიანი ცრურწმენების სიას კი, მხოლოდ ინგლისელებს მიაწერენ:

  •    ძველი ინგლისელები, საქორწინოდ საუკეთესო დროს შემოდგომას მიიჩნევდნენ. ანდაზაც ქონიათ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს : დაქორწინდები სექტემბრის მზის ქვეშ და ოჯახს ბარაქა არ მოაკლდება. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევდნენ კვირის დღეებსაც- მაგალითად ოთხშაბათი საუკეთესო დღედ ითვლობოდა, შაბათი კი ყველაზე უიღბლოდ.  ( ამდენი დანგრეული ოჯახები, სულ შაბათის ბრალი ყოფილა)
  •      პატარძალმა მომავალი გვარი, რომელსაც ქორწინების შემდეგ მიიღებს არ უნდა წარმოთქვას წინასწარ, თორემ შეიძლება ქორწილი არ შედგეს.
  •      მნიშვნელოვანია პატარძლის სამოსიც. ძველი გამოთქმის მიხედვით მას უნდა ეცვას რაიმე ახალი, რაიმე ძველი, რამე ნათხოვნი და რამე ლურჯი. ლურჯი აქსესუარის მოფიქრება, როგორც წესი უჭირთ, ამიტომ ამ შეფერილობის საცვალზე აჩერებენ არჩევანს. რაც შეეხება კაბის ფერს, თეთრი სწორი არჩევანის სიმბოლოა ინგლისელებისთვის,  ხოლო წითელი და შავი ფერის კაბა ყველაზე უიღბლო მომავალს პირდება ნეფე-პატარძალს.
  •    ტრადიციის მიხედვით, პატარძალს ჩუქნიან დეკორატიულ ნალს, რომელსაც ის მაჯაზე იმაგრებს, ითვლება რომ ის წარმატების მომტანი იქნება მომავალი დიასახლისისთვის. დღევანდელ რეალობაში იშვიათად წააწყდებით ამ ტრადიციას.
  •      ძველი ინგლისური ტრადიციის მიხედვით, ეკლესიიდან გამოსულ პატარძალს ხორბალს აყრიდნენ თავზე, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს. დღესდღეობით კი წყვილს ბრინჯისა და ფერადი ქაღალდების წვიმის ქვეშ უწევთ გავლა.
  •      ჩრ.ინგლისში ასეთი ტრადიცია ჰქონიათ: ახალშეუღლებულების სახლის ზღურბლზე, ქალაქის/დასახლების ყველაზე მოხუცი მაცხოვრებელი დგება პურით ხელში. როცა ნეფე-პატარძალი მოვა ის ნამცეცებს გადმოყრის და იღბალის მომტანად ითვლება ამ ნატეხების შენახვა.
  •      Gloucestershire-ში თურმე წყვილს თავზე დიდ ნამცხვარს ატეხდნენ, უელსში კი პატარძალი ძალიან ფრთხილად, ხელში აყვანილი უნდა შეეყვანათ სახლში, რადგან ითვლებოდა რომ თუკი ის ფეხით ზღურბლს შეეხებოდა ან ფეხით შესვლას არჩევდა, უბედურება გარანტირებული იყო.
  •      შუა საუკუნეების ინგლისში ასეთი ტრადიციაც არსებობდა, სტუმრებს მიჰქონდათ პატარა ნამცხვრები, რომელსაც მაგიდის ცენტრში ალაგებდნენ.  ნეფე-პატარძალს კი უნდა მოეხერხებინა და ამ ნამცხვრების თავზე ეკოცნა ერთმანეთისთვის.
რა საკვირველია ცრურწმენათა სია გაცილებით ვრცელი იქნება და ასეც არის. ამჯერად აქ შევჩერდები და ყველა წყვილს, უბრალოდ გისურვებთ იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად, ისე როგორც ზღაპრებშია.

რა, რატომ, ვინ? კითხვები მე-ს.

ეს თაგ-თამაში, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, გრიგალივით ამოვარდა, გნებავთ, კლდეზე დაგორებული თოვლის გუნდასავით გაიზარდა და  მაცოს საშუალებით მეც ჩამითრია.  ეს მცირე კითხვარი მწირ, მაგრამ დამატებით ინფორმაციას მოგცემთ ჩემზე. ვერ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო ან სახალისო გამოვიდა, მაგრამ გულწრფელი პასუხები კი გავეცი : )
  • რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? – რატომ კარგავ ამდენ დროს? რატომ დებ ყველაფერს მეორე დღისთვის?
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს? –  ჯერჯერობით გზის ფულში, რომ გავხდები მაგისტრატურის სტუდენტი, მერე სწავლის საფასურში 🙂
  • რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს? –  გაღვიძების გარეშე.
  • როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში? –  ეჭვი მაქვს სადღაც XVII-XIX საუკუნეში უნდა მეცხოვრა. ასე რომ გრაფინია ან თავადის ქალი მაინც ვიქნებოდი : ))) ჰო მართლა, აუცილებლად სიყვარულით გავთხოვდებოდი. ისე, ადრე რაღაც კითხვარი შემხვდა ინტერნეტში, გავაკეთე და დავადგინე, რომ თურმე მეწისქვილის ქალიშვილი ვყოფილვარ და 1104 წელს დავბადებულვარ :))) 
  • ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე? – ასე ვერავის გამოვყოფ, ალბათ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ცოტ-ცოტა ყველას მიუძღვის წვლილი იმათგან, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს. 
  • რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?–  მხოლოდ მიზანდასახულობას დავიმატებდი. სხვა არაფრის შეცვლა მინდა, შეცდომებს არასდროს ვნანობ, მათზე მხოლოდ ვსწავლობ. ვცდილობ მაინც : )
  • 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?–  მინდა თქვან რომ ძალიან კარგი ცხოვრებით ვიცხოვრე, შევქმენი სამაგალითო ოჯახი და კარიერა. 
  • ყველაზე შტერული კითხვა?–  ”სხვა?”
  • ხალხი გაოცდება, როდესაც შეიტყობს,რომ მე.. –  ბლოგი მაქვს, თან ანონიმური : ))
  • ხალხი თვლის რომ მე..–  მიამიტი და დამჯერი ვარ. 
  • ვერ ვიტან როცა…– მატყუებენ, მკითხულობენ მაშინ როცა ვჭირდები.
  • ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი… –  ჭიამაია ვიქნებოდი-თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ მგონი პეპელა უფრო სიამოვნებით გავხდებოდი. ფარფატა და ლაღი პეპელა ❤
ახლა არავინ მახსენდება , ვისაც ესეთი პოსტი არ დაუწერია.  მგონი თამარაა ასეთი. ოღონდ ერთი კია, მას გაცილებით საინტერესო სიახლეები აქვს ჩვენთვის გასაზიარებელი და არ ვიცი რამდენად დააინტერესებს ეს თაგი.  ვინაიდან ეს თამაშია და მისი მთავარი აზრი გაგრძელებაა, გთხოვთ უმორჩილესად რომ სურვილის შემთხვევაში განაგრძოთ.  🙂

ინგლისური ჩაის საღამო- მე, ჯეინი და რომანები

   ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა კითხვა, უფრო ზუსტად საშინლად მეზარებოდა. ხეებზე ძრომა, მდინარეში ბანაობა, სიმინდების მოსაპარად წასვლა გაცილებით საინტერესო საქმიანობად,  კითხვა კი სასკოლო ცხოვრების ნაწილად მეჩვენებოდა და არანაირად არ მსურდა თავისუფალი დროის ნეტარი წამებიც ფურცლებისთვის დამეთმო.  ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ ზაფხულს ჩემი საუკეთესო დაქალი „ბიძია თომას ქოხმა“ არ წამართვა. მეც, არ ვიცი მიბაძვით, არ ვიცი დროის გასაყვანად ოჯახში დავსვი საკითხი მაინც და მაინც ის წიგნი მოეტანათ, რომელსაც ჩემი მეგობარი ასე გატაცებით კითხულობდა.

პირველი წიგნი ისეთივე დაუვიწყარი რამაა, როგორც პირველი დღე სკოლაში, პირველი კოცნა, პირველი სიგარეტი და ბევრი სხვა პირველი…  მახსოვს, როგორ ჩამითრია სიუჟეტმა, როგორ ვწყდებოდი გარემოს, როგორ დავყვებოდი მონა ელიზას და მის ვაჟს ყველგან… ამას მოჰყვა ტომის თავგდასავლები, უფლისწულისა და მათხოვრის ისტორია, ლინდგრენის ზღაპრები და მრავალი სხვა პატარა თუ დიდი მოთხრობა.

ბებიაჩემის მეზობლად, 2 მოხუცი ქალი ცხოვრობდა (დღესაც ცხოვრობენ). მათთან სტუმრობა ძალიან მიყვარდა, თავიდან იმიტომ რომ ლამაზი თოჯინები ჰქონდათ, ბზიალა ქერა კულულებით და ფუშფუშა კაბებით. მერე კი იმიტომ შემიყვარდა, რომ საოცრად მდიდარი ბიბლიოთეკა აღმოაჩნდათ. ხშირად, სწორედ მათგან ვთხოლუობდი კლასგარეშე საკითხავს – ზოგჯერ ჩემი სურვილით, ზოგჯერ კი მათი რჩევით. ერთ დღესაც, მორიგი ვიზიტისას „ჯეინ ეარით“ ხელდამშვენებული გამომიშვეს.

მთელი ერთი დღე ამ წიგნს შორიდან ვუვლიდი, მისი სისქე მაფიქრებინებდა რომ საბავშვო ლიტერატურასთან ბევრი არაფერი საერთო უნდა ჰქონოდა და ცოტა მაშინებდა კიდევაც.  მეორე საღამოს კი გავბედე და პირველი ფურცელი გადავშალე. ასე აღმოვჩნდი რომანების ტყვეობაში. ჯეინი საკუთარ თავთან გავაიგივე, მასთან ერთად ვბრაზობდი რიდებზე, მეშინოდა გარდაცვლილი ბიძიას ოთახის მოჩვენებების, განვიცდიდი უსამართლო სასჯელებს, ვგლოვობდი ელენს, ვუვლიდი ადელს, მიყვარდა როჩესტერი და ასე უსასრულოდ.

ამის მერე შემიყვარდა რომანები საკითხავად, მელოდრამა საყურებლად, დრამა თეატრში…

„ჯეინ ეარის“ კითხვისას დამჩემდა ერთი „ჩვევა“ და დღემდე ასეა- რასაც ვკითხულობ ფილმის კადრებად მეშლება გონებაში, სწორედ ამიტომაც არ მიყვარს წაკითხული წიგნების ფილმის ვერსიის ყურება. ის არასდროსაა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც  კითხვისას მეჩვენებოდა. ჯეინი კი ჩემია, ჩემი რომანია, ამიტომ მისი ეკრანიზაციების მიმართ განსაკუთრებით მკაცრი ვარ.  ახლახანს კიდევ ერთი ვერსია გამოვიდა კინოეკრანზებზე და ფეხს ვითრევ, არ ვიცი ვნახო თუ არა.

ცოტა მეეჭვება ამ ბლოგის მკითხველებს შორის, ისეთები იყვნენ რომელთაც არ წაუკითხავთ ბრონტეს ეს რომანი, მაგრამ  თუკი ხართ მაშინ გირჩევთ მალე მიაკითხოთ ოჯახების, ახლობლების, სახელწმიფო ბიბლიოთეკებს და ეს სიამოვნება მეტად აღარ გადადოთ.

უმისამართო წერილი

დიდხანს მინდოდა წერილი მომეწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ცივი გონებით მაშინდელი ”მოვლენები” გადავხარშე, რაღაცას მივხვდი, რაღაცას ისევ ვერ ვიგებ, ზოგი რამ კი დავივიწყე. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ მიფიქრია რას გეტყოდი, მქონდა კიდეც თითქოს სათქმელი, ახლა კიდევ აზრებს ვერ ვუყრი თავს.. არც კი ვიცი რამე უნდა გკითხო,  განმარტება მოგთხოვო, თუ უბრალოდ აგიხსნა მაშინ რას ვფიქრობდი, ან იქნებ სულაც ისე უნდა დავტოვო ყველაფერი როგორც არის. დრო კი ნამდვილად საკმარისზე მეტი გავიდა…

საყვედურებს აზრი არ აქვს. ალბათ ორივეს თანაბრად გვწყდება გული ერთმანეთზე. ფაქტი ერთია, შენი ამოგლეჯვა ჩემი წარსულიდან მარტივი სულაც  არაა. იყო ვიღაცის ბავშვობის ნაწილი- ეს საპასუხისმგებლო საქმეა.

ალბათ, გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ მე ყველაფერი დავივიწყე. შენზე აღარ ვარ გაბრაზებული. გული მხოლოდ იმაზე მწყდება რომ ბავშვური სისულელით ჩვენი მეგობრობა გავანადგურეთ. ხშირად მახსენდებოდა ჩვენი ოინები, საუბრები, ხუმრობები.. ახლა უფრო ნაკლებად, თითქმის საერთოდ აღარ. დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ და მგონი მეხსიერებაზეც საგრძნობლად მოქმედებს.

 იცი, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ რომ ასე ჯობდა. თუმცა , გამოგიტყდები, მაინც ძნელია შენს სახლს თვალი აარიდო, ან ქუჩაში შემთხვევით თვალმოკრულს გამარჯობაც არ გითხრა. დასარულს, მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ მე შენთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, მაშინაც, როცა ჩვენდა უნებურად ძირი გამოვუთხარეთ ჩვენს მეგობრობას, მაშინაც როცა გაბედნიერება მოგილოცე და მაშინაც როცა შენი შვილის დაბადება გამიხარდა… სხვათაშორის, სულ მინდოდა მეთქვა, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ. იმდენად ბედნიერი, რომ ზოგჯერ არც მჯერა რომ ეს ჩემს თავს ხდება.  ესეც პასუხის პასუხი- მეც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორი გულითაც მოგილოცე. ეს სიტყვები კარგად მახსოვს.

ზუსტად ვიცი, ჩვენი გზები არასდროს გადაიკვეთება. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს წერილიც არ მოვა შენამდე, თუ მოვა,  ნამდვილად ვერ მიხვდები რომ შენთვისაა. ერთ რამეში კი შეგიძილია დარწმუნებული იყო- ყველაფრის მიუხედავად, მე მხოლოდ კარგს გისურვებ.

სიტყვები ზედმეტია

გუშინ შაბათი იყო და ამ ბლოგზე, სულ 1 თვის დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ’’ინგლისური ჩაის საღამოების’’ სერიიდან კიდევ ერთი პოსტი უნდა გმოქვეყნებულიყო. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე და ერთი ძალიან კარგი ადამიანის გარდაცვალების გამო გადავდე. პოსტი მოიცდის და ვიმედოვნებ მკითხველებიც, გუშინდელ სიტუაციას თუ გავიხსენებთ ეს ჩავარდნა არაფერია.

როცა ასეთ სიატუაციაში ხვდები, ძნელია არ დაფიქრდე იმაზე თუ ვინ ხარ, სად მიდიხარ. მთელი დღე არ მომშორებია განცდა რომ ყველაფერი წარმავალია. ეს ისედაც მახსოვს ხოლმე, მაგრამ გუშინ განსაკუთრებით ძნელი იყო.  დგახარ, ხედავ ამ საშინელებას და ვერაფერს აკეთებ. თან ეს ამდენი ფორმალობა ყველაზე მეტად დამღლელი და რთულია.

ხალხი მოდის, მოდის და არ წყდება. გამოხატავენ მწუხარებას შენი ტკივილის გამო, ტირიან, ზოგჯერ იცინიან კიდეც, როცა რაიმე სახალისო მოსაგონარს გაიხსენებენ გარდაცვლილის სიცოცხლის წლებიდან. მერე დგება ყველაზე მძიმე მომენტი, რასაც უკანასკნელი გზა ჰქვია.  ბოლო დატირება, ბოლო წუთები საკუთარ სახლში, ბოლო ფიზიკური შეხება და ყველაზე მძიმე გამომშვიდობება, იმის გააზრება რომ ეს უკანასკნელია და აღარასდროს მოგეცემა საშუალება ჩაეხუტო, დაელაპარაკო, რჩევა ჰკითხო, ასე პირისპირ შეხედო… საშინელებაა.  ასეთ დროს ცოცხალ ადამიანს მხოლოდ იმის ფიქრი თუ შეუმსუბუქებს ტკივილს, რომ საყვარელი ადამიანი უკეთეს სამყაროში წავიდა..

არ მახსოვს, ვიღაცამ თქვა რომ ადამიანი ერთ რამეს ვერ ასცდება ცხოვრებაში- საყვარელი ადამიანის სიკვდილს. ძალიან გამიჭირდა მე პირადად იმის ყურება, საბოლოო განსასვენებელში როგორ ჩაასვენეს და ყველანი გამობრუნდნენ.. რას იზამ, ცხოვრება გრძელდება. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, ათასი აზრი მომდის თავში, მაგრამ გაგრძელებას აზრი არ აქვს. ფაქტია, ყველა ადამიანის გზა იქამდე მიდის. მთავარი მხოლოდ ისაა როგორ გაატარებ სიცოცხლის წლებს, როგორი ადამიანი იქნები. იმედი ვიქონიოთ, რომ გარდაცვალების შემდეგ უკეთესი ადგილი არსებობს წასასვლელად…


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge