Archive for ივლისი, 2011

მორიგი ბანალური პოსტი

როცა ადამიანი შეყვარებულია ძალიან ბევრს ფიქრობს, ოღონდ სიყვარულზე. ეხლა მე და მას ცოტა რთული პერიოდი გვაქვს მიზეზთა გამო, ძირითადად საუბარი მაქვს დროის დეფიციტზე. როცა განშორება თუნდაც სულ ცოტა ხნით გიწევს, უნებურად რაღაცეებს გადააფასებ ხოლმე.  ჰოდა მე რატომღაც დავფიქრდი.. რატომ ის? ეჭვი კი არ შემიტანია რამეში, უბრალოდ ღია მსჯელობაში შევედი საკუთარ თავთან, სხვათაგან გამოვარჩიე, გონება და ფიქრი მასზე შევაჩერე, ჩემი აწმყო მას დავუკავშირე და საერთო მომავალზეც უკვე აქტიურად ვფიქრობთ.

რა არის ეს სიყვარული? ამ კითხვაზე ალბათ 6 მილიარდ პასუხს მოისმენთ, ზუსტად იმდენს რამდენი ადამიანიცაა. მეცნიერებმა ამ ფენომენის ახსნას ჩვენივე ტვინის ხვეულებში მიაკვლიეს, თურმე გარკვეული ქიმიური რექაციების წყალობით გვიყვარდება, ამავე ქიმიური პროცესების მეშვეობით ვარდისფერ სათვალეს ვირგებთ და ცხოვრებას სულ სხვა, პოზიტიური მხრიდან ვუყურებთ.

ზოგიერთის აზრის სიყვარული მხოლოდ შეჩვევაა და სხვა არაფერი. ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობის შედეგად ძალაუნებურად ერთმანეთის პირადი ცხოვრება ხდებით და შესაბამისად იწყება ნერვიულობა, ზრუნვა, ხელშეწყობა, ეჭვიანობა… და საბოლოო ჯამში ესაა სიყვარულის მთელი ფილოსოფიაო.

ასეთი აზრიც მსმენია, რომ სიყვარული თურმე როგორც ასეთი არ არსებობს. ყველაფერი მხოლოდ უბრალო სიმპათიაა, რომელიც ან ერთ-ერთი სქსესისგან მოდის, ან ორივე თავიდანვე განეწყობა დადებითად და ასე ეწყობა ურთიერთსიმპატიაზე დამყარებული კავშირიც, თუკი ამ ყველაფერს შეხედულებათა თანხვედრაც ახლავს ”უალლა” გამოცხვა ახალი ოჯახი 🙂

ბოლოს, კიდევ ერთი მოსაზრება, რომ სიყვარული თურმე სხვა არაფერია თუ არა ვნება-ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი. ” შეყვარებული” კი ადამიანი, რომელიც საამისოდ მოგეწონება, ამას რა თქმა უნდა მხოლოდ ქვეცნობიერში ვგრძნობთ და ცნობიერში ”სიყვარულის” სახელით ვნიღბავთო.

ჰოდა იცით რა? ჩემი აზრით, ყველა ეს შეხედულება ფურცელზე უნდა დაწერო და დიდი კოცონის ქვეში დაწვა. მე თუ მკითხავთ არანაირი ქიმიური რეაქცია არ არსებობს. ვერანაირი ნაერთი ვერ შეძლებს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი ჩემი სულის ნაწილად ვაქციო. თუ მაინც შეძლებს, მაშინ ეს მხოლოდ დროებითი იქნება და არა ისეთი ძლიერი როგორსაც, მაგალითად, მე განვიცდი.

შეჩვევა? კარგით რა, რა შეჩვევა. განა შეიძლება უფრო მეტად შეეჩვიო ვინმეს, ვიდრე დედა, მამა ან რომელიმე ოჯახის წევრია რომელთანაც ცხოვრობ. დედაზეც ხომ არ შეჩვეული? მამაზეც. რატომ არ გეწურება გული სისხლის გაჩერებამდე, როცა რამდენიმე დღე ისე გადის, ვერ ნახულობ. რატომ არ გიჭირს სუნთქვა, როცა მათგან შორს ხარ? რატომ არ ცმუკავ მოუსვენრად როცა დარეკვა დააგვიანდება? პასუხი მარტივია, სიყვარულს შეჩვევასთან არაფერი აქვს საერთო.

ვნება?? მხოლოდ სექსი+ სიმპათია? სასაცილოა, ცხოველები ხომ არ ვართ ინსტიქტების მონები ვიყოთ. კარგი, ვთქვათ დარვინის თეორიებს ემხრობით და მაიმუნის რომელიღაც სახეობის განვითარებულ მოდგმად მიგაჩნიათ თავი, ანუ, ცხოველად.  მაგრამ, მაინც არ გაგიმართლათ- ამ მოდგმას, აზროვნების უნარიც დაჰყვა და ზუსტად ამიტომ დაერქვა ადამიანი და არა ცხოველი. მარტო ვნება ვერაფერი ხეირია, თუ ცოტა გონება ვერ წაგეშველა.

ხოდა, მეკითხებით- რა გამოვიდა? რა არის სიყვარული? წარმოდგენა არ მაქვს. უფრო სწორად თქვენთვის რა არის ის, უკაცრავად პასუხია და აზრზეც არ ვარ. მაგრამ ჩემთვის… ჩემთვის იცით როგორ დაიწყო? დამცინებთ, მაგრამ მართლა ვიგრძენი რაღაც პირველივე დანახვისას. თვეების მანძილზე საათობით ვსაუბრობდით და თემების სიმცირეს ნამდვილად არ შევუწუხებივართ. არასდროს დამიფასებია მასთან თავი, არც მაშინ როცა მისგან სიმპათიები ვიგრძენი, არც ”პირველი პაემანის” (თუ რაც ქვია) დროს, არც მაშინ როცა რაღაც საპასუხო ნაბიჯებს მოელოდა ჩემგან. არც კი გამჩენია სურვილი მეწვალებინა და რაღაც ქალური ხრიკები გამომეყენებინა. მასთან ურთიერთობაში თავიდანვე ვგრძნობდი რომ ალალი იყო ჩემთან, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა და მადლობა ღმერთს ეს შეხედულება არ გამქრალა. არასდროს მიფიქრია, ღირდა თუ არა მასთან ურთიერთობის დაწყება- ბუნბერივად მოხდა ყველაფერი, გამოჩნდა თუ არა, თითქოს სულ იმას ველოდებოდი , ეგრევე ყველაფერი დალაგდა.

მოკლედ ეგაა სიყვარულიც, როცა ენდობი. როცა საკუთარ თავზე მეტად მისი გჯერა. როცა გრძნობ რომ შენი სამყარო შეივსო და ერთი მთლიანი გახდა. როცა მასთან თავის მოკატუნება არ გჭირდება. როცა შეგიძლია შენი შინაგანი სამყარო მთელი პლუს-მინუსებით გადმოუშალო და არ იდარდო იმაზე, ეხლა რას იფიქრებს ამაზეო. როცა შეგიძილია უყურო როგორ სძინავს. როცა შეგიძლია იტირო სიხარულით, როცა მის წარმატებას ნახავ. როცა შეგიძილია რამდენიმე საათი ყინვაში, კარებთან ატუზული ელოდო. როცა შეგიძლია ყოველდღე რამდენიმე კილომეტრი გაიარო, მხოლოდ მის სანახავად.  როცა შეგიძლია მისთვის სურპირზების გაკეთება არ მოგბერზდეს. როცა მის სახეზე ღიმილის დანახვა მთელს შენს სიცოცხლეს გირჩევნია.

მითხარით რა კავშირი აქვს ამას ქიმიასთან, ან ვნებასთან, ან შეჩვევასთან.

უბრალოდ გიყვარს და მორჩა.

კვერცხად ქმნილი არსებობა

ზოგიერთ თქვენგანს ალბათ ახსოვს ჩემი პოსტი სიყვარულის ღმერთების შესახებ. მას შემდეგ, ჩემთან საკმაოდ ხშირად ეძებენ სხვადასხვა მითოლოგიურ ინფორმაციას, ამის გამო გადავწყვიტე პერიოდულად მცირე მითოლოგიური ისტორიები მოგაწოდოთ.

სულ თავიდან, ინფორმაციისთვის განვმარტოთ რას ნიშნავს მითი- ის წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან   ”მ ი თ ო ს” და ნიშნავს ამბავს, გამონათქვამს, გადოცემას. მითოსი ისეთი ამბავია, რომელიც მოგვითხრობს ისტორიებს ღმერთების შესახებ, წინაისტორიულ ხანაში.

ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობს დაადგინოს სამყაროს წარმოშობის

ისტორია. ამ კვლევა-ძიების პროცესის ერთ-ერთი შედეგია მითოლოგიური ისტორიების არსებობაც. ამ პოსტში შევეცდები რამდენიმე მითოლოგიური შეხედულება გაგაცნოთ ჩვენი სამყაროს დაბადების შესახებ.

ეგვიპტური მითოლოგია: 

”როცა ჯერ ცა არ იყო, როცა ჯერ მიწა არ იყო, ჯერ როცა არაფერი არ იყო, როცა ჯერ უწესრიგობაც არ იყო, როცა ის საშინელებაც არ იყო, რომელიც ჰორის თვალიდან უნდა გამოსულიყო, უსაზღვრო ნუნში (ოკეანეში) თავისთავად წარმოიშვა ათუმი. მან შექმნა საკუთარი თავი და მისგან დაიწყო ყოველივეს შექმნა. გადმონერწყვა ათუმმა და წარმოშვა ღვთიური წყვილი – ქალღმერთი თეფნუთი და ღმერთი შუ. მათ გააჩინეს კვლავ წყვილი- გები და ნუთი. გები მიწაა- კაცღმერთი. ნუთი ცაა- ქალღმერთი. შუ და თეფნუთი სივრცეა, ცასა და მიწას შორის მოქცეული. გები წევს და მასზე გადმომხობილია ნუთი, ხელ-ფეხით ებჯინება გებს. ეს არის ცის თაღი, რომელიც შუსა და თეფნუთს უჭირავთ. გებმა და ნუთმა დაბადეს წყვილი: -ოსირისი და ისისი (ისიდა), სეთი და ნეფთისი (ნეფთიდა). ”

ბერძნული მითოლოგია:

”თავდაპირველად იყო ქაოსი. მისგან გამოიკვეთა ორი ძლევამოსილი არსება- გეა- დედამიწა და ურანოსი- ზეცა.  მათ შვეს ტიტანთა მოდგმა- ოკეანოსი პირველი იყო, მდინარის ღვთაება. ის ცისფერ რკალად ეკვროდა დედამიწას.ურანოსი არ ელოდა თავისი ქმნილებებისგან მორჩილებას, ამიტომაც მათ მიწსიქვეშეთში აგდებდა, რომელსაც ტარტაროსი ერქვა. იქიდან ამოსვლა კი ღვთაებრივი ნების გარეშე შეუძლებელი იყო.

დამძიმდა გეა. მისი წიაღი თავისივე შობილებით გაივსო. ამის გამო მან შეიძულა თავისი მეუღლე და გადაწყვიტა მისთვის შეთქმულება მოეწყო. მის ნებას დაჰყვა უმცროსი ტიტანი კრონოსი, რომელიც ჯერ არ იყო ტარტაროსში დამწყვდეული. მან, გეას მიერ დამზადებული ადამანტის ნამგლით მამას ფალოსი (ასო) მოჰკვეთა და მოისროლა სივრცეში.

ღმერთებმა გამრავლება იწყეს. სამყარო გახდა მრავალფეროვანი. ანათებდა მზე, ღრუბლები გზავნიდნენ წვიმას და ყველაფერს კრონოსი განაგებდა თავის მეუღლე რეასთან ერთად. მას კარგად ახსოვდა, მამის წინასწარმეტყველება- შენივე შვილი მოგიღებსო ბოლოს. ამის გამო თავის შვილებს ყლაპავდა. როცა დაიბადა მეექვსე ვაჟი, რეამ კრონოსს ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა, ბავშვი კი კუნძულ კრეტაზე გადამალა- მას ზევსი შეარქვეს.

მალე დადგა ის დრო, როცა ზევსი მამას უნდა შებრძოლებოდა. მან ძალითა და ეშმაკობით სძლია კრონოსს. მისი რჩევით, რეამ მეუღლეს ამოსანთხევი წამალი დაალევინა ჩუმად, რის შემდეგაც მან საშინელი წამებით ამოანთხია ჩაყლაპული მემვკიდრეები- ჰადესი, პოსეიდონი, ჰერა, დემეტრე და ჰესტია.  მათ, მადლიერების ნიშნად, მხსნელ ძმას უბოძეს ელვა, ჭექა-ქუხილი და მეხი, რითაც მისი უზენაესობა აღიარეს.

მაგრამ სამყარო გაიყო ორად. კრონოსის მომხრე ტიტანები და ზევსის მომხრე ღმერთები ბრძოლაში ჩაებნენ. 10 წელი გრძელდებოდა დაპირისპირება და ვინ იცის როდის მორჩებოდა, ზევსს რომ მიწისქვეშეთიდან ციკლოპები და ჰეკატონხეიროსები არ ამოეყვანა. სწორედ მათი დახმარებით შეძლეს ღმერთებმა ტიტანების და მოგვიანებით გიგანტების დამარცხება. მას შემდეგ კი დაიდეს სავანე ოლიმპოს მთაზე.

ირანული მითოლოგია:

როცა არაფერი არ არსებობდა, არც ცა და არც მიწა, არც რაიმე ქმნილება, იყო მხოლოდ ერთი- სახელად ზერვანი. ათასი წლის განმავლობაში სწირავდა მსხევრპლს ზერვანი, რომ მისცემოდა შვილი, ორმუზდი- რომელსაც უნდა შეექმნა, ცა, მიწა და ყველაფერი, რაც მათშია. 1000 წლის უშედეგო მსხვერპლშეწირვის შემდეგ ის ეჭვებში ჩავარდა, შემეძინება კი შვილიო? ამ ეჭვებით კი ჩაისახა ორმუზდი და მასთან ერთად არიმანი. ზერვანმა იფიქრა, რომელიც პირველი დაიბადება, მეფობასაც მას მივცემო. ორმუზდმა გაიგო მისი ფიქრები და მყისვე არიმანს გაუმხილა, ეს უკანასკნელი კი სიხარბემ შეიპყრო, მყისვე გააპო საშო და ეჩვენა მამას- ” ეს მე ვარ ორმუზდიო”. მაგრამ, ზერვანმა ის უარყო – რადგან ბნელის ნაწილი იყო, ყარდა და ეტყობოდა რომ ბოროტება ეყვარებოდა. პასუხად არიმანი ატირდა, თუმცა მისი ცრემლი მხოლოდ თვალთმაქცობა იყო. ამასობაში კი დაიბადა ორმუზდი- ბუნებრივი წესით, ისე როგორც იბადებიან ცოცხალი არსებები- ის იყო სუფთა, ნათელი, კეთილსურნელოვანი და სიკეთით სავსე. ზერვანი მიხვდა, ეს იყო მისი ძე, რომელსაც უნდა შეექმნა სამყაროში ყველაფერი. თუმცა, მამას არიმანი შეეწინააღმდეგა და აღთქმა შეახსენა- აკი მას მისცემ მეფობას, რომელიც პირველი დაიბადებაო. ზერვანმა, აღთქმა რომ არ დაერღვია ორივეს მისცა მეფობა და უთხრა- ”წადით, იმეფეთ, შექმენით სამყარო. მოვა დრო როცა არიმანს დაამარცხებს ორმუზდი, თუმცა მანამდე მუდმივი შუღლი გექნებათ. ” ამიერიდან სამყაროში ორი მეფე არსებობდა. კეთილი -ორმუზდი და ბოროტი არიმანი.

 ორმუზდმა შექმნა ცეცხლი, არიმანმა მას შურით კვამლი დააყოლა. ორმუზდმა შექმნა გემრიელი მტკნარი წყლები, არიმანმა – მწარე. ორმუზდმა შექმნა სურნელოვანი ყვავილები, არიმანმა შურით ეკლები დაუმატა. ორმუზდმა აღმოაცენა სასარგებლო მცენარეები, არიმანმა სარეველა და ძეძვი. ორმუზდმა გააჩინა ცხოველები, არიმანმა მათ სისასტიკე შთაბერა. ორმუზდმა გარს შემოიკრიბა შვიდი უკვდავი, რომელიც მის შემქნილ სამყაროს განაგებენ შვიდ საუფლოში. არიმანმა კი ბოროტი არსებები- დევები დაიყენა გვერდით და დაავალა ხელი შეუშალონ ყველაფერს, რასაც კეთილი სულები ქმნიდნენ. მას შემდეგ ებრძვიან ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება და ცდილობენ ადამიანები გადაიბირონ. ორივემ იცის, რომ მათ გარეშე ვერ გაიმარჯვებს. ადამიანს კი მხოლოდ ერთი ევალება- აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება. 

ინდური მითოლოგია: თავდაპირველად გარდა არყოფნისა, არაფერი იყო. და იქმნა ყოფნა. ის გაიზარდა და კვერცხად გარდაიქმნა. მთელი წელიწადი იდო კვერცხი და გასკდა. ნაჭუჭის ორი ნამტვრევი გამოჩნდა. ერთი ვერცხლისაა, მეორე ოქროსი. ის რაც ვერცხლია – აჰა, მიწაა. ის რაც ოქროა- აჰა, ზეცაა. ის რაც გარეგანი გარსი იყო- აჰა, მთებია. ის, რაც შინაგანი გარსი იყო- აჰა, ღრუბლებია. ის, რაც ძარღვები იყო- აჰა, მდინარეებია. ის რაც წყლის ბუშტი იყო-  აჰა ოკეანეა. ”  

ინდურ მითოლოგიაში, სამყაროს წარმოშობის კიდევ ერთი ისტორია არსებობს:  ” თვადაპირველად მხოლოდ ზღვა იყო.ფიქრობდნენ ღმერთები ” როგორ გავმრავლდეთ?”. დაიძაბნენ და გახურდნენ. ამ დროს კი გაჩნდა ოქროს კვერცხი. მაშინ არ არსებობდა დრო. იცურა სივრცეში კვერცხმა, იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება დღევანდელ წელიწადს და გასკდა. და მას შემდეგ, წელიწადი სჭირდება ყველა არსების დაბადებას. გაჩნდა პრაჯაპატი. გავიდა კიდევ წელიწადი და მან თქვა პირველი სიტყვა- ” ბჰუჰ”- და გაჩნდა დედამიწა. თქვა მან- ” ბჰუვაჰ”- და გაჩნდა სივრცე. თქვა მან- ” სვარ”- და წარმოიქმნა ცა. ასეა, ზუსტად 1 წელი სჭირდება ბავშვს რომ ლაპარაკის სურვილი გაუჩნდეს. ასე შექმნა პაჯაპატიმ სამყარო 3 სიტყვით”

სულ ეს იყო, დანარჩენს სხვა პოსტებში განვავრცობ. 🙂 იმედია საინტერესო იყო.

ასეც ხდება

საღამოა, ფანჯრის რაფაზე ვზივარ. ჰო, ჰო, უსაშველოდ დიდი რაფაა. მ-7-ე სართულზე. არ მეშინია, ან რატომ მეშინოდეს, როცა დიდი შავი გისოსები ხაზავენ ხედს. რა ლამაზია ყველაფერი აქედან, რა ლამაზია ღამის წყვდიადში ანთებული ყვითელი წერტილები, მოძრავი სინათლეები.  შორიდან ქუჩის ხმაური მოდის, თუმცა ძლივს წვდება ჩემს სმენას, არ მინდა რომ მესმოდეს და იმიტომ.

უეცრად მომიარა სურვილმა სახურავიდან გადმომეხედა, უსასრულობისთვის მეყურებინა, იქნებ ცოტა წინაც გადავწეულიყავი, რომ ფეხქვეშ ხედი გამქრალიყო და მხოლოდ დიდი სიცარიელით დავმტკბარიყავი, უსასრულობა, ფუსფუსი, ღამის წყვდიადი.  ჰმ, მაგრამ არა, სურვილმა კი მომიარა მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი რომ არ ავდგები და არ წავალ, ამ რაფიდანაც კი არ ჩამოვხტები უახლოესი რამდენიმე საათი, თუმცა კი ნათლად ვხედავ ჩემს თავს, სახურავზე მოსეირნეს.

ჩემს უკან ფარდა გადავწიე, სრული სიცარიელე. რაღაც მაკლია… ჰო, აი რა:

ალბათ, თქვენც გიგრძვნიათ როგორ შეხტება გული და გეკვრის სუნთქვა საყვარელი მელოდიის გაგონებისას, განსაკუთრებით მაშინ როცა მოულოდნელად მოისმენ სადმე. აი ახლაც ასე ვარ, მართალია მე ჩავრთე მაგრამ მაინც…

რა ლამაზია ეს წამები, როგორი მშვენიერი მეჩვენება ეხლა სამყარო. ძალაუნებურად მახსენდება ყველა და ყველაფერი ჩემს ირგვლივ. წამიერად ვიაზრებ რომ  ჩემი გარემოცვა თავს კარგად გრძნობს, თავს უფლებას ვაძლევ ვიფიქრო რომ ბედნიერი ვარ!  yuhu!

ღრმად ვისუნთქავ, ვუკიდებ სიგარეტს. ვგრძნობ როგორ ედება ბოლი ჩემს ფილტვებს, დიდხანს ვაჩერებ და მერე ვუყურებ სწორ ხაზს, ჩემს ტუჩებს რომ სცდება.

ვფიქრობ, თავში ათასი აზრი ირევა. ბევრი პოზიტივი მოდის, წამში ვხვდები რომ მე მარტო ვარ ეხლა, ამ წუთას. ეს ჩემი დროა..სიგიჟის დროა.

თვალზე ცრემლი მადგება, მეცინება, მეტირება, მაგრამ არ ვტირი. მხოლოდ სიცილით ვიფარგლები. და მერე იცით რა? ვყვირი.. ვიცინი და ვყვირი.. აი ისაა! თავისუფლებაა. სიყვარულის და თავისუფლების სინთეზია. ეს ბედნიერებაა. ეს სიხარულია. ეს ცხოვრებაა. ზოგჯერ უბრალოდ უნდა იყო მადლიერი. მუსიკას ხმამაღლა ვყვები, სადღაც ქვემოდან ყურს სტვენა წვდება. მაშ ასე არა?  დაუსტვინეთ, იმღერეთ, იყვირეთ. ეს ისაა! თავისუფლება ❤ ცხოვრება ❤ წამიერი ნეტარება<3  დღევანდელი დღის მადლიერება.

მუსიკა დამთავრდა, უაზრო სიცილი მიტყდება. ბოლო ნაფაზს ვურტყამ, ისევ

ღრმად ვუშვებ ბოლს , ფანჯრის რაფიდან ვხტები და მე სახურავზე ვარ…


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge