Archive for ივლისი, 2014

დასაწყისის დასაწყისი- 25 კვირა. ხილი!!!

შესავლის გარეშე- თუ გადაწყვეტთ, რომ უკვე დროა დედა გახდეთ- შეარჩიეთ ორსულობითვის გაზაფხული ზაფხულის პერიოდი. იმიტომ, რომ უამრავი, უზღვავი რაოდენობის ხილი შემოდის. სხვისი არ ვიცი, მაგრამ სერიოზულად ავკრიფე ამ ხილზე. სეზონის მიხედვით შესაბამისი ფეტიში მაქვს- ალუჩიდან -ალუბალზე,fruit-heart ბლიდან- ატამზე, ვაშლატამიდან -საზამთროზე, ნესვიდან- გარგარზე ….
ტყის ველურივით ვჭამ.
თითო სახეობის თითო ხე რასაც იბამს, ისიც არ მეყოფა. საზამთროს და ნესვის შემთხვევაში ნახევარ ჰექტარს გავქაჩავ 😀
ეს ყველაფერი განა იმიტომ, რომ სასარგებლოა. კი ბატონო არის, მაგრამ სხვა არაფერი მინდა. სულაც არ მინდა ეს თუხთუხა გუფთები და ბორშები, ცხელ-ცხელ ხაჭაპურები და ღვეზელები. მხოლოდ ხილი და ხმის ამომღები არ ვარ 🙂 კარგი, ვაღიარებ ზოგჯერ ლოყებდაბრაწულ აჭარულს გულგრილად ვერ ვუყურებ, მაგრამ ზოგჯერ!
მოკლედ, კვებაზე რადგან წამოვიწყე, ორსულმა წონაზე რომ არ წავიწუწუნო, ისე არ გამოდის.
ზოგადად მეგონა, რომ ორსულ მდგომარეობაში წონის მატებაზე ნორმალური ადამიანი არ უნდა ღელავდეს. ეს ხომ ბუნებრივია და ასეც იქნებოდა. მაგრამ.. მაგრამ!- ის რომ, ველოდებით ბავშვს, არ ნიშნავს რომ ვიკვებოთ ორმაგად. ბავშვი თავად აიღებს იმას, რაც მას განვითარებისთვის სჭირდება. გასაგებია წართმეულ ვიტამინს აღდგენა უნდა, თუმცა ორმაგი დოზები არაა საჭირო. ამის მიუხედავად, მაინც საგრძნობი ნამატი მაქვს. მეექვსე თვე- 25 კვირა და 53-დან ჰოპ, უკვე 60 ვარ 🙂 ზოგადად ნორმაშია, მაგრამ წინ 3 თვეზე მეტი როცაა, მაინც ვღელავ. ისე, არც მშობიარისთვისაა კარგი ზედმეტი გასუქება, არც ბავშვისთვის და არც ფიზიოლოგიურად მიმდინარე პროცესს უხდება დიდად.
eating momხშირად მესმის- ვაიმე შენ ახლა უფრო მეტს უნდა მიირთმევდე! კი მაგრამ, რატომ ხალხო – რატომ. მთავარია ვიკვებოთ ჯანსაღად (შეძლებისდაგვარად, თორემ მეეჭვება ყველა პროდუქტი ბუნებრივად დამწიფებული იყოს) და ზომიერად. ამიტომ, ყურადღებას აღარ ვაქცევ იმას, რომ ზემდეტად მიკრიტიკებენ პორციებს და ჭამის სიხშირეს ( არადა ზუსტად ისევე ვიკვებები, როგორც არაორსულ მდგომარეობაში და მაშინ არავინ წუხდა რატომღაც).
მოკლედ რომ ვთქვა, eat wisely მეგობრებო 🙂

დასაწყისის დასაწყისი- 24 კვირა. სამსახური

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დროა.
კი, მეც მსმენია ეგ ფრაზა და ნამდვილად არ ვაპირებ საწინააღმდეგოს მტკიცებას. ახალი სიცოცხლის შენ სხეულში ზრდა-განვითარება და მისი ამქვეყნად მოვლინება, ნამდვილად ხილული სასწაულია. თუმცა..
როგორც წესი, მომავალი დედების უმეტესობა ამ ამბავს ტესტზე გაბრდღვიალებული 2 ხაზით იგებს და აი იმ წუთიდან, სიხარულთან ერთად ბევრი სხვა საფიქრალიც ჩნდება. დღეს რაზეც მე ვაპირებ საუბარს სამსახურს ეხება- როგორ ვთქვათ სამსახურში.
ჩემ შემთხვევაში- ”როგორ ვთქვა ’’ პრობლემა არ ყოფილა. ბლოგის მკითხველმა იცის რომ საჯარო Pregnancy-Rights-Safety-on-the-Job-articleსამსახურში ვმუშაობ. ჩვენთან არასდროს ყოფილა არცერთ თანამშრომელთან მიმართებით რაიმე სახის გართულება. (კერძო სექტორში, ბევრი მსმენია. მაგრამ, ალბათ სამსახურსაც გააჩნია). გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. 12 კვირამდე ამბავი ჩუმად შევინახე. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა- 12 კვირამდე ე.წ რთული პერიოდია- ორგანიზმი ეჩვევა და ზრდის პატარა არსებას, თუმცა არ იცი ეს როგორ დასრულდება. ამიტომ, ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად გადავწყვიტე ჩემი პატარას ამბავი რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო საიდუმლოდ. თუმცა, როცა ვთქვი- აღმოჩნდა რომ ამას ყველა ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოკსიკოზი, როგორც ასეთი, არ მქონია და არც უნიტაზი შემყვარებია – ძილიანობამ, უმადობამ და მუდმივად მოთენთილ მდგომარეობაში ყოფნამ უკვალოდ არ ჩაიარა და ეჭვი გასჩენიათ.
12 კვირის შემდეგ, დიდი დრო გავიდა. ახლა 24-ის ვარ. რაც ნიშნავს მე-6 თვეს. ძალიან რომ არ გადავუხვიო თემას, მინდოდა დამეწერა თანამშრომლების დამოკიდებულებაზე- ორსული თანამშრომლის მიმართ.
საგრძნობლად მომაკლდა საქმე. ვამჩნევ რომ გარკვეულ თემებს ”მარიდებენ ”. თუმცა, ხაზს ვუსვამ არასდროს, არცერთ საუბარში არ აღმინიშნავს, რომ რამე არ შემიძლია ან მეზარება/ვერ მოვალ შაბათს/ ვერ დავრჩები 6ის მერე/ ვერ გავალ ოფისს გარეთ.. ეს ერთის მხრივ კარგია- ნაკლებად იტვირთები და სასიამოვნოა როცა შენზე ზრუნავენ, მაგრამ მეორე მხრივ- როცა გინდა იყო სრულფასოვანი თანამშრომელი და ვეღარ გამოგდის, უსარგებლობის შეგრძნება ჩნდება, რბილად რომ ვთქვათ. ჩემი მხრივ მე არაფერი შემიცვლია- ვცხადდები ისევ იმ დროს, როცა საჭიროა. მივდივარ იმაზე გვიან, ვიდრე საჭიროა. ვწერ და ვაკეთებ იმას, რასაც აქამდე. უბრალოდ- დავალებით აღარავინ მავალებს და ლამის ვიფიქრო, რომ აქ მოუსვლელობითაც არაფერი გაფუჭდება. არ მინდა ეს. მინდა მე ჩემი ფუნქციები და ჩემი ”ნიშა”, რომელსაც ვერ დაიკავებს სხვა იმაზე უკეთ- ვიდრე მე შემეძლო. ეს შეგრძნება მენატრება.
ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს ამაზე საუბრის წამოწყება. ეს უკვე არა მეორე პირის- არამედ პირადად ჩემი პრობლემაა. რაც არ მომწონს, იმაზე ხმამაღლა უნდა ვსაუბრობდე და აქ არ უნდა ვწუწუნებდე. მაგრამ, ვერიდები ზედმეტ ემოციებს. ჩემი არსაიდან მოსული ცრემლებიც მყოფნის. მოკლედ, სრული ინერციით მივდივარ. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ არ ვინანებ.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge