ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი

''sister ships''- ტიტანიკი და ოლიმპიკი.

''sister ships''- ტიტანიკი და ოლიმპიკი.

დღეს შაბათია, ტრადიციული “ინგლისური” პოსტის დღე ჩემ ბლოგზე. გარეთ მშვენიერი ამინდია, სიცხეც კი ეთქმის მე კი ძალიან სევდიანი ამბავი უნდა გიამბოთ. სათაურიდან ადვილად მიხვდებოდით რომ ზუსტად საუკუნის წინ ჩაძირულ ლაინერზე უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, მითუმეტეს რომ დღეს 14 აპრილია- დღე, როცა  ასი წლის წინ, რამდენიმე წუთით ადრე შუაღამემდე “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და  15 აპრილს, გამთენიისას ჩაიძირა…

ნაწილი პირველი: ‘’ტიტანიკის პირველი 4 დღე’’

„ტიტანიკი“ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ოლიმპიკის კლასის უდიდეს სამგზავრო ლაინერს წარმოადგენდა. მის მშენებლობასა და ზღვაში გაშვებას დიდი სარეკლამო კამპანია ახლდა თან- თიქთოს ისე იყო დაპროექტებული რომ ყველანაირ უბედურებას გაუძლებდა, დაწყებული შტორმებით დასრულებული ავადსახსენებელი აისბერგით, შესაბამისად   ლაინერს ხშირად მოიხსენებდნენ მეტსახელით „ჩაუძირავი“. გემთსაშენ კომპანია  White Star Line-ს მსგავსი მასშტაბის გემების მშენებლობაში დიდი გამოცდილება ჰქონდა- „ტიტანიკის“ გარდა მათი დაპროექტებული იყო გემი “ ოლიმპიკი“ და „ბრიტანკა“, პირველმა 25 წელზე მეტი იცურა ზღვაში პრობლემების გარეშე, ხოლო „ბრიტანიკა“ პირველ მსოფლიო ომს შეეწირა.

კაპიტანი სმიტი

კაპიტანი სმიტი

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ტიტანიკი“-ს ოკეანეში გასვლა, ბორტზე 2223 ადამიანით, დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა 1912 წლის 10 აპრილს და მისი საბედისწერო სვლა ნიუ-იორკამდე დაიწყო. „ტიტანიკს“ გამოცდილი მეზღვაური და კაპიტანი ედვარდ სმიტი მართავდა 885 წევრიან ეკიპაჟთან ერთად.

1912 წელი, კვირა, 14 აპრილი – „ტიტანიკზე“ დილა აურაცხელი შეტყობინებების მიღებით გათენდა. თუმცა, ერთი საბედისწერო დეტალის წყალობით ეს ბუნებრივიც იყო- წინა დღით რადიოგადამცემი გაფუჭდა, რის გამოც შეფერხდა შეტყობინებების მიღება-გაგზავნა და კავშირის აღდგენის თანავე დაგროვილი გზავნილების გადაცემა დაიწყეს. ძვირადღირებული „დეპეშების“ ქაოსში, ისეთი მნიშვნელოვანი შეტყობინებები გამორჩათ, როგორიც მაგალითად გაფრთიხლებაა აისბერგების მთელი „მდელოს“ შესახებ. საერთოდ, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის შეტყობინება სპეციალური პრეფიქსით ინიშნება, რაც მოასწავებს რომ ის პირადად კაპიტანს უნდა ეცნობოს სასწრფოდ. რატომღაც ყველა ასეთი გზავნილი, აღნიშნული თავსართის გარეშე იყო და სავარაუდოდ ამიტომაც არ მიექცა ყურდაღება. თუმცა , სამწუხაროდ ეს ეკიპაჟის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა. სათვალთვალო კოშკურაზე, აისბერგების საძებნელად მოკალათებულ ორ მეზღვაურს დურბინდი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ საკუთარ გამჭოლ მხედველობაზე დაყრდნობით ეძებდნენ ყინულის მთებს. ღამით მათი შემჩნევა არც ისე რთულია, მთვარის შუქის  წყალობით თეთრი ფერი მკვეთრად აირეკლება, თუმცა კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი იმაში მდგომარეობდა რომ „ტიტანიკის მკვლელი“ გახლდათ ე.წ „შავი აისბერგი“, ანუ ახლად ამობრუნებული და სველი, რის გამოც მისი დანახვა ჭირს მანამ, სანამ არ მოგიახლოვდება.

საბოლოოდ, 14 აპრილის ღამეს 23:40-წუთზე გემის დროით, ლაინერი აისბერგს შეეჯახა და დაზიანდა, წყალმა გემის სეგმენტების შევსება დაიწყო. პროექტის მიხედვით, „ტიტანიკს“ 4 სავსე სეგმენტით ცურვა შეეძლო, თუმცა დაზიანების მასშტაბურობის გამო სწრაფად გაივსო 5 მათგანი და გემმაც ჩაძირვა დაიწყო. აქ არის კიდევ ერთი დეტალი, „ტიტანიკი“ რომ ცხვირით შეჯახებოდა აისბერგს ( და რეალურად ასეც მიდიოდა) მხოლოდ „კიჩო“ დაზიანდებოდა, ხოლო სეგმენტები არა. ვინაიდან ნაჩქარევად მოხვევის ბრძანება გაიცა, აისებრგმა მთელ სიგრძეზე დააზიანა გემის ძირი და წყლით სწრაფად დამძიმდა.

ნაწილი მეორე: შეჯახებიდან ტრაგედიამდე.

ტიტანიკი

ტიტანიკი

იმ საბედისწერო ღამეს „ტიტანიკი“ მარტო არ იყო  აისბერგებით სავსე ოკეანეში. მის სიახლოვეს სულ მცირე 5-6 გემი იმყოფებოდა, რომლებიც დაუღალავად უგზავნიდნენ „ტიტანიკს“ გზავნილებს აისბერგის შესახებ, ამ შეტყობინებათა უგულველყოფის მიზეზზე კი ზემოთ ვისაუბრეთ. შეჯახების შემდეგ, როცა მგზავრების სამაშველო ნავებში გადასხდომა დაიწყო, ყველამ შენიშნა მათ ახლომახლოს მცურავი გემი, რომელზეც შუქი არ ენთო, თუმცა მის არსებობას ყველა ცხადად ხედავდა. სასწრაფოდ გაუშვეს თეთრი ფერის SOS  მაშხალები,თუმცა იმედის გემი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

სამაშველო ნავები „ჩაუძირავ“ გემზე არასაკმარისი რაოდენობის აღმოჩნდა- 2223 მგზავრს ვერ დაიტევდა. ამის მიუხედავად პირველი რამდენიმე  შეუვსებელი გაუშვეს- მხოლოდ 15-მდე ადამიანი ჩასხეს ნავში, სადაც 60-იც მშვენივრად მოთავსდებოდა. რასაკვირველია რჩეულთა შორის მხოლოდ პირველი კლასის მგზავრები მოხვდნენ…“ტიტანიკი“ 15 აპრილს, გამთენიისას 02:20 წუთზე, საბოლოოდ ჩაიძირა. ტრაგედიას 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რომელთა საბოლოო განსასვენებელი უახლოეს კუნძულზე მდებარეობს და მათი უმეტესობა მხოლოდ ნომრით დაკრძალეს, ვინაიდან ვერავინ ამოიცნო. გადარჩენილი 700 ადამიანი, აიყვანა გემმა „კარპატიამ“, რომელიც იმ ღამით „ტიტანიკიდან“ ყველაზე შორს იმყოფებოდა.

გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ჩაძირვის ცნობებმა ნაპირებს მიაღწია. დაკითხულთა ჩვენებებიდან ასეთი რამ

სამაშველო ნავი

გაირკვა: „ტიტანიკიდან“ მარჯვნივ, შუქებ ჩამქრალ გემს ხედავენ, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მათი დახმარება, მაგრამ  SOS მაშხალების გაშვების მიუხედავად, გემი შორდებათ და საბოლოოდ უჩინარდება. იმ ღამით, „ტიტანიკთან“ ახლოს მცურავი „Californian”-ის ოფიცერი ამბობს, რომ მათგან მარცხივ მართლაც შენიშნეს გემი, ასევე ბუნდოვანი SOS მაშხალაც, თუმცა ის წინ მიიწევდა სრული სვლით, რასაც ჩასაძირად განწირული გემი უბრალოდ ვერ შეძლებს. ისე გამოდიოდა თითქოს, „Californian“-ი „ტიტანიკს“ ხედავდა და არ მიეშველა. ამ დასკვნის საფუძველზე, „Californian“-ის კაპიტანს ლიცენზია შეუჩერეს, სამარცხვინო იარლიყი ააკრეს და მან სიცოცხლე უკიდურეს სიღარიბეში დაასრულა. „გემი-მოჩვენების“ შესახებ კი სიმართლე წლების შემდეგ გაირკვა, როცა გემ „სამსონი“-ს მეზღვაურის დღიურს მიაკვლიეს, საიდაც ირკვეოდა რომ იმ საბედისწერო ღამეს „Californian“-სა და „ტიტანიკს“ შორის კიდევ ერთი გემი ცურავდა- „სამსონი“. ეკიპაჟი თურმე ზღვის ლომებზე ბრაკონიერობდა. როცა მაშხალები შენიშნეს, იფიქრეს საზღვაო პოლიცია წამოგვეწიაო, შუქები ჩააქრეს რათა არ შეენიშნათ და სრული სვლით გეზი საწინააღმდეგო მიმართულებით აიღეს და მიიმალნენ.

მთელ ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, მეგა-ლაინერი თითქოს ჩასაძირად იყო განწირული. მაშინ როცა აისბერგების

The New York Times

The New York Times

შესახებ გაფრთხილებები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა, ტელეგრაფისტები მხოლოდ ფასიანი გზავნილებით იყვნენ დაკავებულნი, გემი კი სრული სვლით პირდაპირ დანაღმული ველისკენ მიექანებოდა. გემის სიახლოვეს სხვებიც დაცურავდნენ და შეეძლოთ შველა, მაგრამ ვერ/არ შეძლეს. ამ ამბის გამოძიებისას ათასგვარი ვერსია წარმოიშვა და დღესაც რთულია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში. ერთი ასეთი ვერსიით, შეჯახება მოსალოდნელი და მეტიც, დადგმული იყო. ამ გზით ცდილობდნენ „ჩაუძირავი“ გემის სახელის გამართლებას, რომელსაც აისბერგიც ვერაფერს დააკლებდა. შედეგად მფლობელები მიიღებდნენ უზარმაზარ სადაზღვევო თანხას და ურყევ რეპუტაციას, თუმცა ამხელა ტრაგედია ვერ გათვალეს.  კიდევ ერთი ვერსიით, თავად კაპიტანს შემოუტია რეკორდების დამყარების სურვილმა და სურდა იმ დროისათვის ყველაზე სწრაფად დაეფარა გზა ნიუ-იორკამდე უზარმაზარი სამგზავრო ლაინერით- სურვილს ყველაზე გამძლე გემის სახელი უმყარებდა და  შედეგად ყველანაირი სიფრთხილის ზომა დაივიწყაო- თუმცა რამდენად სარწმუნოა ეს თეორია დავის საგანია.

საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოვიდა, თუმცა მის ბოლოს მაინც მინდა რამდენიმე აუხსნელ მოვლენაზეც გიამბოთ :

1)                          დაახლოებით 50-მა პირველი კლასის მგზავრმა, გამგზავრების დღეს გემზე ასვლა გადაიფიქრა სხვადასხვა მიზეზით. ეს შემთხვევა, მოგვიანებით იმ აზრის გასამყარებლად გამოიყენებოდა თითქოს შეჯახება დაგეგმილი იყო და ამ ამბავმა ზოგიერთი გავლენიანი ადამიანის ყურამდეც მიაღწია და ამიტომაც აღარ გაცურეს.

2)                          ტიტანიკის დაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრე, გამოვიდა წიგნი „ამაოება“ – მორგან რობერტსონის ავტორობით. იქ აღწერილია „ტიტანიკის“ მსგავსი სამგზავრო ლაინერ „ტიტანის“ ჩაძირვა, სადაც მოვლენები თითქმის ანალოგიურად ვითარდება. საიდან უნდა სცოდნოდა ასე დეტალურად თითქმის 14 წლით ადრე ავტორს, ჯერაც უცნობია.

3)                          1972 წლის 15 აპრილს, გემ „რუზველტის“ რადიოკავშირმა დაიჭირა SOS სიგნალი, რომელშიც არც მეტი არც

მორგან რობერტსონი

ნაკლები „ტიტანიკის“ მოსალოდნელ დაღუპვას იუწყებოდნენ. რასაკვირველია ეს რეალური შეტყობინება ვერ იქნებოდა, მეგა-ლაინერმა ამ შემთხვევამდე 60 წლით ადრე დაიდო ბინა ატლანტის ოკეანის ფსკერზე. თუმცა, „რუზველტის“ ეკიპაჟმა მაინც მიმართა სამაშველო სამსახურს,საიდანაც უპასუხეს რომ უბრალოდ არ მიექციათ ყურადღება.  „რუზველტის“ ეკიპაჟი მარტივად არ დანებებულა და გადაწყვიტა ამ ამბის გამოძიება წმინდა ინტერესისთვის და აღმოაჩინა რომ არაფერიც არ მოსჩვენებია: მას ხელში ჩაუვარდა სხავადსხვა ცნობა თუ სამხედრო ჩანაწერი, რომელთა ქრონოლოგიურმა დალაგებამ გასაოცარი შედეგი მისცა: SOS-სიგნალი ყოველ 6 წელიწადში ერთხელ მეორდებოდა და „ტიტანიკის“ რადისტი შველას ითხოვდა. ამ საკითხზე ასეთი მოსაზრება არსებობს- შეიქმნა ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი, რომელმაც გადალახა დროის ბარიერი და ყოველ 6 წელიწადში ერთხელ უბრუნდებოდა ადგილს სადაც შეიქმნა. ის გავრცელდა არამარტო მომავალზე, არამედ წარსულზეც და წესით ეს სიგნალები ტიტანიკის ჩაძირვამდეც უნდა არსებულიყო. ამის შემოწმება, სამწუხაროდ შეუძლებელია- მაშინ რადიომიმღებები უბრალოდ არ არსებობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ამ შეტყობინებას რამდენიმე ადამიანი „იჭერდა“ გონებით და თითქოს ამის შედეგია რობერტსონის „ტიტანიც“- რომელიც თითქმის ზუსტად აღწერს „ტიტანიკის“ ჩაძირვას. მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ „გონება-რადიომიმღების“ თეორიას, თუმცა რობერტსონის ზუსტი „წინასწარმეტყველებაც“ რომ სუფთა დამთხვევა იყოს, ესეც მეეჭვება. სამწუხაროდ უცნობია ისიც რა ხდებოდა 1972 წლის შემდეგ, რადგან ამ ისტორიის მკვლელვარი ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს.

ასე იყო თუ ისე, ეს მოვლენა ყველაზე ტრაგიკულია საზღვაო ისტორიაში, მსხვერპლის რაოდენობის გამო. შემთხვევიდან 100 წლის თავზე, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივსაცემად გაუშვეს ლაინერი (2012 წლის 10 აპრილს), რომელიც „ტიტანიკის“ გზას გაიმეორებს, იმ განსხვავებით რომ არ ჩაიძირება და ხალხი არ დაიღუპება. ამ ისტორიამ საუკუნის შემდეგ ისევ შეძლო ხალხის ატირება, ამჯერად ჯეიმს კამერონის დახმარებით, რომელმაც ისედაც ტრაგიკულ ამბავს გამოგონილი სიყვარულის ისტორია დაურთო და ფილმი, დღემდე არ კარგავს პოპულარობას, მეტიც მისმა განახლებულმა 3D ვერსიამ უკვე იხილა დღის სინათლე და საკმაო წარმატებითაც.

ძალიან გრძელი პოსტი გამომივიდა, ცოტა ვეჭვობ ვინმემ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხოს,თუმცა არჩევანი თქვენთვის მომინდვია და აგერ ფილმის საუნდტრეკს გთავაზობთ ბონუსად.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და გილოცავთ აღდგომას.

Advertisements

28 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი”


  1. 1 მოლი ბლუმი აპრილი 14, 2012, 3:20 PM

    მე წავიკითხე ბოლომდე და ძალიანაც მომეწონა. ფრიად ინფორმატიული პოსტი იყო, ჭიამაია. ბოლო ნაწილმა განსაკუთრებით დამაინტერესა. ასეთი მასშტაბური კატასტროფის ირგვლივ უამრავი კონსპიროლოგიური თეორია რომ იქმნება, არც არის გასაკვირი. ზოგი, მართლა მონაჭორს ჰგავს, ზოგი – მართლა საინტერესოა.

    კამერონის “ტიტანიკი” არც თავის დროზე მომწონებია და ახლაც არ მომწონს.

    • 2 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 3:27 PM

      მე კი მომწონს ფილმი და ახლაც სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. ერთია, ეს სიტორია ამ სიყვარულის ამბავმა, როგორც ფილმი კარგად გაყიდა თუმცა ძირითადი ხაზი არ დაკარგულა- ტრაგედია, რომელიც რეალურად მოხდა 1 საუკუნის წინ და წერისას გამახსენდა “გამოცხადებული სიკვიდლის ქრონიკა” თითქოს მარტივი იყო თავიდან აცილება, მაგრამ…

  2. 3 Kejeradze აპრილი 14, 2012, 4:38 PM

    რობერტსონის “ტიტანის” ამბავი და საერთოდ “ტიტანიკის” ირგვლივ არსებული იდუმალი ისტორიები დიდი ხანია მაინტერესებს… დაგეგმილი ჩაძირვის კი არ მჯერა… უფრო ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი მგონია – ასეთ კატასტროფას არ ელოდნენ და უყურადღებობა გამოიჩინეს…

    • 4 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 4:59 PM

      ჰო, სავსებით შესაძლებელია. მითუმეტეს რომ რეკლამა მარტო რეკლამა არ იყო, თავადაც სჯეროდათ რომ ისეთი გემი დააპროექტეს რომელიც ყველაფერს გაუძლებდა…

  3. 5 finiki აპრილი 14, 2012, 4:52 PM

    დიდი ინტერესით ჩავიკითხე ბოლომდე და რატომღაც სულ მარკესის “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” მიტრიალებდა “ბედისწერა უჩინარს გვხდის”, როდესაც თითოეული მოვლენა, უმნიშვნელო დეტალიც კი ხელს გიწყობს დაღუპვაში.

    • 6 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 4:58 PM

      ჰო, ზუსტად მეც ეგ გამახსენდა . კომენტარშიც დავწერე : )
      აქ ჩამოთვლილის გარდა კიდევ სხვა მასალებიც ვიპოვე, თითქოს იმღამინდელი განლაგება მთვარისა და მზის, ნაკლებ განათებას იძლეოდა და კიდევ ამიტომაც ვერ შეამჩნიესო . კიდევ მეტი სითბო წავიდა ჩრდილოეთით რის გამოც მთელი აისბერგები სამხრეთისკენ დაიძრა, იქ სადაც წესით არ უნდა ყოფილიყვნენო და ათასი რამ…

  4. 7 rockermeloman აპრილი 14, 2012, 10:17 PM

    ფილმი დიდად არ მომწონს, მაგრამ ნამდვილი ისტორია ძალიან საინტერესო აქვს… პოსტიც შესაბამისად საინტერესო გამოვიდა, სულაც არ დამზარებია ბოლომდე წაკითხვა ❤
    გემ ქალიფორნიას ამბავი პირველად გავიგე.. 😦

    • 8 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 10:20 PM

      ჰო, შემეცოდა კაპიტანი რომელიც გაუგებრობის მსხვერპლი გახდა.. ასე გამოვიდა, ტიტანიკს ისეთებიც შეეწირნენ რომლებიც ბორტზე არ ყოფილან

      • 9 rockermeloman აპრილი 14, 2012, 10:22 PM

        გაუგებრობის რატომ? რაკი მათ შორის სამსონი დადიოდა? მაინც ვერ გავიგე რატომ არ მიეშველა

      • 10 rockermeloman აპრილი 14, 2012, 10:22 PM

        არა ნუ კი გასაგებია, როგორ ივლიდა ჩასაძირად განწირული გემი ეგრე, მაგრამ სოს სიგნალები?

      • 11 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 10:30 PM

        მაგაზეც იყო, აქ ვეღარ ჩავტიე. ანუ თეთრი სიგნალები გაუშვეს, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად შველა ჭირდებათ. ასე რომ ამაზე ყურადღების არგამახვილება კიდევ შეიძლებოდა. ისევ ბედის ირონია : ტიტანიკზე არ აღმოჩნდა წითელი ფერის მაშხალა, რომელსაც როგორც წესი სწორედ განწირული გემიდან ისვრიან. თუმცა, კალიფორნია ”ტიტანიკს” მაინც ვერ ხედავდა, ასე ახლოს არ ყოფილა. მხოლოდ ”სამსონის” ეკიპაჟს შეეძლო სრული დახმარება

      • 12 rockermeloman აპრილი 14, 2012, 10:34 PM

        ასე თუ გაგრძელდა სხვების არ ვიცი და მე მართლა ვიფიქრებ რომ დაგეგმილი იყო ეს ამბავი…
        6 წელიწადში ერთხელ მეორდება სიგნალიო…
        მართლა ძალიან საინტერესოა

      • 13 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 10:36 PM

        ჰო, მეც მგონია რომ ყველაზე ახლოს დგას სიმართლესთან… გზავნილის სივრცეში დაკარგვაც არ ჩანს მთლად წარმოუდგენელი, მაგრამ მაინც არაა ეს სრულად გამოკვლეული და როგორც ჩანს ”ვიღაცეები” საგულდაგულოდ მალავდნენ ამ შემთხვევას. საეჭვოდ დაემთხვა ”რუზველტის” რადისტის ფსიქიატრიულში გამოკეტვა და ის რომ მას შემდეგ ამით აღარავინ დაინტერესებულა

      • 14 rockermeloman აპრილი 14, 2012, 10:44 PM

        ნამდვილად, ზედმეტად ბევრი დამთხვევა გამოვიდა თითქოს… მაგრამ მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? ვის და რატომ შეიძლებოდა სდომებოდა ამხელა გემის ჩაძირვა და ამდენი ხალხის სიკვდილი…

      • 15 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 10:47 PM

        ერთი ვერსია პრინციპში არის პოსტში, ანუ სიკვდილი არ ჰქონდათ გათვლილი. ერთი ვერსიით მცირე შეჯახება მართლაც დაგეგმეს, თუმცა იმდენად სწამდათ თავიანთი ”ჲზლეველი” პროექტის ეგონათ, უმნიშვნელო ნაკაწრით გადარჩებოდნენ და ამით რეპუტაციაც ბევრად უკეთესი ექნებოდათ და ”ჩაუძირავი” გემის მშნებლების სახელიც, ფულზე ხომ საერთოდ ზედმეტია უკვე საუბარი. მეორე ვერსია ის იყო, რომ კაპიტანს სურდა ყველაზე სწრაფად დაეფარა მანძილი ნიუ იორკამდე და ”ატლანტის ცისფერი ლენტის” ( ჯილდოს ერქვა ასე) მფლობელი გამხდარიყო, რაც თავის მხრივ მასაც საკმაო შემოსავალს და რეპუტაციას მოუტანდა… ახლა ძნელია საკვლევია აქედან რომელია სიმართლე.

      • 16 rockermeloman აპრილი 14, 2012, 10:50 PM

        საინტერესოც ისაა რისი გამოკვლევაც რთულია (თითქმის შეუძლებელია)… ნო ვსიო რავნო, პოსტი იყო შესანიშნავი!

      • 17 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 10:53 PM

        ჰო ჩვენ უკვე ცნობილ ფატქებზე თუ ვიმსჯელებთ და ჩვენ დასკვენბს გავაკეთებთ. რა მოხდა სინამდვილეში, შეიძლება სულაც ამოუხსნელი დარჩეს. შეფასებისთვის კი ძალიან დიდი მადლობა სოფი : )

      • 18 rockermeloman აპრილი 15, 2012, 11:04 AM

        ასეთი პოსტისთვის შეფასებას როგორ დავიშურებ

      • 19 ჭიამარია აპრილი 14, 2012, 10:32 PM

        ”შამსონი” იმიტომ ვერ დაეხმარა რომ იმ ღამით ბრაკონიერობდნენ და თეთრი მაშხალა საზღვაო პოლიციის ნიშანი ეგონათ და თავგქუდმოგლეჯილებმა გაცურეს, რომ არ დაეჭირათ…

  5. 20 faifuris angelozi აპრილი 16, 2012, 10:40 PM

    კაპიტანს არა, გემის პატრონს შემოუტია რეკორდების დამყარების სურვილმა და გეზი შეცვალაო ამბობენ და იმასაც ამბობენ გემზე ფარაონის მუმია იყო და დაწყევლილი იყო თავიდანვეო.

    ამ ყველაფრიდან მე ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული რომ კალიფორნიის კაპიტანი გარიყეს ვიღაც ბრაკონიერი გემის გამო და კიდევ რამოდენიმე მაგნატის თავდადებაზე, რომელბმაც ნავებში ადგილი პატარა ბავშვებს დაუთმეს თავად კი გემზე დარჩნენ, მსგავსი კამერონსაც აქვს ნაჩვენები, თუმცა რომ ვუფიქრდები ასეთ დროს ახალგაზრდა სიცოცხლე მართლაც უნდა გაუშვა და თავად დარჩე. ამაზე დიდი გმირობა რაღა უნდა იყოს. ჩემთვის სმიტი, კალიფორნიის კაპიტანი და ის მაგნატებიც გმირები არიან !

    • 21 ჭიამარია აპრილი 17, 2012, 9:04 AM

      http://en.wikipedia.org/wiki/RMS_Titanic#Survivors_and_victims აი ამ ლინკზე შეიძLება მსხვერპლის ნახვა, სადაც ჩანს რომ მერსამე კლასის მგზავრებს შორის მსხვერპლი ყველაზე დიდი იყო და ბავშვების დანაკარგიც საკმაო.. გარკვეულ გმირობებს ადგილი ალბათ მართლაც ჰქონდა და დასაფასებელია ყველა ისეთი ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მომავალ თაობას დაუთმო… რაც შეეხება კალიფორნიელის კაპიტანს, მისი გმირობა არ ვიცი რაში ჩანს. ის მხოლოდ გაუგებრობის მსხვერპლია, საკუთარი სიმართლის დამტკიცება კი უბრალოდ ვერ შეძლო. საწყენია მხოლოდ ის რომ დამნშავაე ბრაკონიერების გამო მოუხდა საკუთარი კარიერის შეწირვა

  6. 22 tsotnee აპრილი 17, 2012, 12:19 PM

    ბოლო ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო იყო.
    პ.ს. ფილმი ისე რა და საუნტრეკი მაგრად მომწონს! 😉

  7. 25 »♥» ana «♥« აპრილი 21, 2012, 8:00 PM

    ტიტანიკი. სხვათაშორის “ბრიტანიკზე” არის ძალიან კარგი ფილმი კიდევ გადაღებული. )) მე “ტიტანიკზე”-ც მომწონს ისე.. 🙂

  8. 26 Butterfly მაისი 5, 2012, 3:02 AM

    ინთერესთიინ :))
    პ.ს ცოტა ხნის წინ ვუყურე ფილმს თვალისდაუხამხამებლად :დ:დ:დ

  9. 27 glamtaia მაისი 7, 2012, 10:35 PM

    აი ეს მესმის. მე ტიტანიკზე ძალიან მშრალი ინფო ვიცოდი. ძირითადად ასეტი :ჩაიძირა ამა და ამ წელს, დაიღუპა ამდენი ადამიანი და ა.შ
    ფანტომმა ძალიან დამაინტერესა , ძალიან მიყვარს ასეტ “სტრაშილკა” ფაქტები 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: