Archive for აგვისტო, 2011

ინგლისური ჩაის საღამო- დილა, ალბიონზე

ყველა ანგლოფილს, ალბათ ოცნებად აქვს ნახოს განთიადი ნისლიან ალბიონზე. ჩემი ოცნება ძალიან ლამაზია, ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა შევძლებ კი გადმოვცე ის, რასაც მე ვხედავ საკუთარ წარმოდგენებში?.

აქ წინა საღამოს მოვედი, ვიცოდი რომ სიცივე იქნებოდა, ამიტომ თბილი ქურქი არ დამვიწყებია. ღამე სულაც არ იყო ძნელი, სანახავი ბევრი მქონდა. გადავწყვიტე ჩემი ღამეული ვოიაჟი ჰაიდ პარკიდან დამეწყო. რა თქმა უნდა ის არც ისე ახლოსაა საბოლოო დანიშნულების წერტილთან, მაგრამ წინ გრძელი ღამეა. ჩემი ღამე ლონდონში.

როცა მწვანე გაზონებს ჩავუარე ვიწრო ბილიკით, მივხვდი რომ ფეხები სადღაც ჩქარობდნენ, თავი ვაიძულე ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით დავმტკბარიყავი და სვლა შემენელებინა. ჩემს ჰაიდ პარკს ნესტის სუნი აქვს, ცხვირით ვგრძნობ სიმწვანეს და მოახლოებულ დილის ნამს. სიცივე ვერ მჯობნის, პირიქით უფრო ღრმად ვეშვები ფიქრებში და ის იყო გავაცნობიერე რომ სულ რამდენიმე წუთი მაშორებს ოცნებასთან, ბილიკმა ველინგტონის თაღთან შემაჩერა. რა დიდია, ძალიან ლამაზი. მგონი ისაა, ჩემი ტრიუმფალური თაღი. ველინგტონის თაღის ქვეშ თუ დადგებით და წინ გაიხედავთ,  ბუკინგემის სასახლის გვერდითა ფასადს მთლიანად დაინახავთ.  უცებ, უშფოთველად მძინარე სამეფო ოჯახი წარმოვიდგინე და მივხვდი რომ სასახლის ამ მხარეს ნამდვილად არ სძინავთ, დარწმუნებული ვარ მათი საძინებლები ტემზის მხარეს არის მოქცეული. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ბუკინგემს და ახლა დროა ავირჩიო რომელი გზით წავიდე: თუ მარცხნიდან შემოვუვლი სასახლეს, დედოფალ ვიქტორიას მოედანზე გავალ, თუ მარჯვენა მიმართულებას ავირჩევ, ბუკინგემის ერთ-ერთი ცენტრალური შესასვლელის გავლით ვესტმინსტერის ტაძართან ამოვყოფ თავს და გზასაც მნიშვნელოვნად შევიმცირებ. მგონი არჩევანი არც ისე რთულია, მარცხნივ ვუხვევ.

სულ ცოტა მანძილის დაფარვა მიწევს და რამდენიმე წუთში დედოფალ ვიქტორიას ქვის თვალებში ვუყურებ, თუმცა ჩემს მზერას ქანდაკების ფრთოსანი ნაწილი უფრო იპყრობს. მის ოქროსფერ ზედაპირზე აციმციმებული დღის შუქი მამცნობს რომ უნდა ავჩქარდე, ამიტომ ტრაფაგლარის სკვერში გასეირნება საღამოსთვის გადავდე და პირდაპირ წმ.ჯეიმსის პარკით ვამჯობინე ვესტმინსტერამდე მისვლა.

თვალი გამირბის სააბატოსკენ, ძალიან მეჩქარება რომ მისი ყოველი კუთხე გარედან მაინც შევათვალიერო, მაგრამ ეს მომენტი მეორედ აღარ ჩამივარდება. რაც შემიძლია სწრაფად გავრბივარ ხიდისკენ, არაფერს არ ვუყურებ გზის გარდა და აი ისიც…

ხიდი ცარიელია, მაშ აქ თავისუფლად დგომა შემიძლია. თენდება, ნისლია, თუმცა მე მაინც ვარჩევ ბიგ-ბენის კოშკის წვერს,არც ისე დიდი ყოფილა, როგორიც მეგონა.  კიდევ უფრო თუ დავაკვირდები საათის ისრებსაც გავარჩევ და ასეც ვიქცევი.. სულ რამდენიმე წამი… დიდი ისარი მიჩვენებს რომ შვიდს 2 წუთი აკლია, ალბათ ასეთი ზუსტი არასდროს ყოფილა ჩემი დრო. ციბერბლატი მზის სხივებს ირეკლავს, ისარი შვიდს უსწორდება. ზარია.. რეკავს, რეკავს ბიგ ბენი, მისი ხმა მაკრთობს და ამავე დროს გული საგულეში ვეღარ ჩერდება, ისევ რეკავს…ნისლიც ნელ-ნელა იფანტება. და აი მე აქ ვარ, ლონდონის ხიდზე,  წინ დიდი-ბენი რეკავს მხოლოდ ჩემთვის, მზე უფრო და უფრო მეტად ანათებს, ბიგ-ბენმა მეშვიდედ ჩამოკრა ენას, მეშვიდედ აჟღრიალდა ზარი და ჩემი ნისლიანი ალბიონიც დადგა..

გპირდებით, ერთხელაც ასეთ ვიდეოს გადავიღებ, უკეთესი ხარისხით და გამთენიისას.

ნერვიული შემოტევის ზღვარზე

”უკაცრავად, საათი ხომ არ გაქვთ?”- ამ შეკითხვის მერე, ყველაზე მეტად მძულს კითხვა ”რა მუსიკას უსმენ?”… ასე მგონია, ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივი და ცალსახაა- ადამიანი, რომელიც ერთ მიმართულებაში იკეტება, ის ხელოვნებას და მუსიკას ვერსადროს გაიგებს. კარგის და ცუდის პოვნა ყველგან შეიძლება, ამიტომაც რაც იმ მომენტში მისწორდება, აი იმას ვუსმენ.

    როგორ მოვედი აქამდე? ჯობია არც ეგ მკითხოთ. ტეხავს, რომ გიპასუხებთ ჩემი პირველი ”კუმირობის” ობიექტი ლექს-სენი იყო მეთქი. იცინეთ ბატონო, დახატულიც კი მაქვს მისი პორტრეტი…

ასე 13 წლის რომ ვიქნებოდი, რაფის ტიპის სამარშუტო ტაქსში ( არ გაბედოთ გაცინება, ეხლა რომ ყვითელ ტაქსებში ხართ, ეგეთ ხოდში იყო მაშინ რაფები), მძღოლს რადიო ჰქონდა ჩართული და მაშინ მოვკარი ყური  NIRVANA-ს Smells like teen spirit … ვერც კი ავხსნი იმ შეგრძნებას,ჭიანჭველებმა ფეხის თითებიდან დამიარეს და ტვინის ხვეულები სრულად მოიცვეს.მუსიკისგან ლამის აკანკალებული ჩამოვედი გაჩერებაზე, კისრისტეხით მივედი სახლში, თან გულში ვიმეორებდი მუსიკის მელოდიას, რომ არ დამვიწყებოდა. ისიც მახსოვს, მთელი სააახლობლო-სანაცნობო-სამეგობრო ავაწრიალე რომ რაც შეიძლება მეტი გამეგო შემსრულებელზე. ( სად იყო გუგლი და კარგი ცხოვრება მაშინ.)

ასე ვეზიარე პირველად როკს. 5 წელი სხვა მიდმინარეობის ხსენებაც არ ყოფილა ჩემთვის. თან ამ გატაცებას თან ერთვოდა გარდატეხის ასაკი, შინაგანი პროტესტი, სიძულვილის მოჭარბებული გრძნობა ყველა სულიერის მიმართ. საბოლოოდ, ჩემგან გაწეწილთმიანი გოგო ჩამოყალიბდა, რომელიც დახეულ ჯინსებს გაურკვეველი ჯაჭვების ასხმით აფორმებდა, შავ ლაქს ისვამდა, ისედაც შავ თვალებს კიდევ უფრო იშავებდა და თმით იფარავდა. :/ მდა…

ასაკთან ერთად, როკმაც ჩაიარა ჩემს ცხოვრებაში. დღეს მხოლოდ  Codlplay-ს და  Radiohead-ის მუსიკით შემოვიფარგლები, ძალიან მიყვარს კლასიკა. ატანა არ მქონდა ჯაზის, მაგრამ რამდენიმე კომპოზიცია ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. შევნიშნე რომ ზოგჯერ პოპ-მუსიკაშიც შეიძლება წააწყდე რამე ღირებულს. ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ Idie-ც ძალიან მომწონს, post punk-შიც შემიძლია რამე გამოვარჩიო.. მოკლედ, ხასიათს გააჩნია.

რამდენს ვლაპარაკობ რა… სინამდვილეში იცით რისი თქმა მინდოდა? ბოლო პერიოდში არ მტოვებს დეჟა-ვუს შეგრძნება, კიდევ რაღაც ძალიან მაწუხებს და მღრღნის შინაგანად, აგრესიის მოჭარბებას ვგრძნობ და ეს ყველაფერი 13წლის მოზარდად მაქცევს, რომელსაც უნდა რომ ბოლო ხმაზე ააღრიალოს Nirvana, ყვირილით მიაჯახუნოს კარი, მილეწ-მოლწოს მთელი ოთახი, მერე ბოლო ხმაზე იყვიროს, არეულობაში კუთხეში დაჯდეს, ბევრი იტიროს და ხმამაღლა, სულ ბოლოს კი მაგრად დახუჭოს ცრემლით სველი ქუთუთოები და 2 დღე არ გაიღვიძოს. ამის მაგივრად კი წყნარად ვიზვარ საკუთარ ოთახში, ამას ვწერ. ღია მაქვს კარი, საიდანაც ფეხბურთის ტრანსლაციის ხმები მოდის, დრო და დრო ჩემს ოთახში შემოსულ ოჯახის წევრებს გულმოდგინედ ვუმალავ ვორდპრესის გახსნილ ფანჯარას და ფსევდო სიმშვიდეს ვინარჩუნებ.

აი ასე ჩნდება ნერვოზი/ნევროზი. არ ვიცი სწორი რომელია.

თუ ვერ გაიგეთ რა უნდა ამ პოსტს, მე გეტყვით-  ესაა პირადი ბლოგი. მადლობა ყურადღებისთვის  : ) .

მე, ყველას წინააღმდეგ და პირიქით

ღრმა ფილოსოფიური აზროვნება ჩემგან შორსაა.

ყოველთვის მეზარებოდა სიღრმეებში ბოდიალი, ქვეტექსტების ძებნა.

ალბათ ამიტომაცაა, რომ ზოგადად ყველაფერი მარტივი მიზიდავს, უფრო სწორად გასაგები.

მთელი ბავშვობა თან დამდევდა რაღაც შეგრძნება, თითქოს განსხვავებული ვიყავი. მომკალით და მართლა ასეა მემგონი.

გარშემო სულ კლიშეებია, შეზღუდვებია ქცევაში, აზროვნებაში და რაც ყველაზე ცუდია, ამ შეზღუდვებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანია.

აი მაგალითად, ჩემს ერთ ნათესავს (და საკმაოდ ახლო ნათესავს), ცხოვრების მთავარ ამოცანად გათხოვება მიაჩნია, თან ”უდაჩნად”. კარგად იმახსოვრებს ვის სახლში, რომელ კუთხეში , როგორი ფარდა კიდია. რა წარმოშობისაა მისაღებში გაშლილი ხალიჩა. რა სახეობის დანა-ჩანგლით გაუმასპინძლდნენ, რა რაოდენობის მტვერი შენიშნა მასპინძლისავე სახლში.. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამ აბზაცს უბრალოდ იმით დავასრულებ, რომ ეს ნათესავი 20 წლისაა., ხოლო 13 წლის ასაკში ’’ტომ სოიერის თავგადასავალში’’ ჩადებული სანიშნე, მეორე და მესამე გვერდს შორის, ისევ ისე დარჩა. 

მეორე ნათესავს, ადამიანის მთავარ მისიად კარგი ჩაცმა-დახურვა მიაჩნია. ამ მიზნით ხშირად მიაშურებს ხოლმე სხვადასხვა ბაზრობებსა და მაღაზიებს, ”შოპინგის” შემდეგ, ახალი ტანისამოსით მსტუმრობს, რათა დავტკბე მისი შენაძენით, ის კი ჩემი მწირი გარდერობის შეთვალიერებით და ყოველ ჯერზე ინტერესდება მაქვს თუ არა რაიმე ახალი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ნეტარებით მილულავს თვალებს და მეც ამ ”კაიფის” დაჭერის საშუალებას არასდროს ვართმევ.

    ჩემი კიდევ ერთი ნათესავი, ასევე ახლო, თითქოს შეჯამებაა წინა ორის. მისი ყოვლად მატერიალური ინტერესები, რა გასაკვირია არც ისე მრავალფეროვანია, საყვარელი საქმიანობა კი იმის განხილვაა ვის რა ეცვა, როგორი დატვირთული მოდის სახლში მავანი საღამოობით,  როგორ და რაზე საუბრობს მისი ზედა მეზობელი აივანზე,  მთელი დღე ტელეფონით. შევნიშნე რომ განსაკუთრებით უყვარს საუბრის ასე დაწყება ”იცი, რა ჩაცმული დაყავს თავისი გოგო?” თან ეს ”იცი” რაღაც ზე- შემართებითა და მონდომებით გამოითქმის.

არის კიდევ ერთი ასეთი ახლო ადამიანი, რომელიც საოცარ სიმკვეთრეს და სიბუქეს სძენს მის ირგვლივ მომხდარ ყველა მოვლენას. მაგალითად, თუკი ვინმე დადებითად შეაფასებს მის ქცევას, ნაშრომს, დავალებას – თხრობის ჟამს ეს საუკუნის მოვლენას ემსგავსება, აღმოაჩენთ რომ ”საკავშირო მასშტაბით” არ დაწერილა ასეთი დავალება, არ დალაგებულა ოთახი ასე, არავის გამოყოლია A კატეგორია სემესტრის ბოლოს.  ასეთ შემთხვევებში, არც ამ ახლობელს ვაკარგვინებ კაიფს და ზრდილობიანი ღიმილით დამშვენებული ვუქნევ თავს, თან შეფასებისთვის არ ვიშურებ აღფრთოვანებულ წამოძახილებს, მერე რა თუ მე აგერ მეოთხე სემესტრია სტიპენდიას ვიღებ, მაქვს n-რაოდენობა სერთიფიკატები, გავდივარ სტაჟირებებს, ვმუშაობ ორგან. ცხოვრება ხანმოკლეა, ვისაც როგორ უხარია ისე კაიფობს.

სიამოვნებით დავასრულებდი ამ პოსტს ასე, ”მე კი ყველა მათგანზესათითაოდ მაგრად ვკაიფობ.” საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ძალიან ძნელია ასეთ გარემოში ყოფნა, თავი ძალიან უცნაური მგონია, ზოგჯერ კი ზეგავლენის ქვეშაც ვექცევი. გოგო ვარ, წესით უნდა მაინტერესებდეს ჩაცმა-დახურვა, პრანჭვა, კარგი სუფრა, ხარისხიანი ჭურჭელი, ცოტა ჭორაობა. როცა ზოგჯერ ვიტყვი, რომ მე ნაკლებად მადარდებს დევს თუ არა ერთი განსხვავებული თეფში მაგიდაზე, რომ ყუარდღებას არ ვაქცევ  ჭიქას, რომელიც ისე არ დევს როგორც უნდა იდოს, რომ ჩემთვის ტრაგედია არაა სექსი ქორწილამდე, რომ გეები და სხვა ჯურის ლგბტ

ადამიანები ჩემში ზიზღს და აგრესიას არ იწვევს, რომ გაპრანჭული ბიჭის დანახვაზე გინების სურვილით არ აღვიძვრები, ვაწყდები აბზუებულ ცხვირთა კრებას, დამანჭულ ტუჩებს და ჩახველება-ჩაჩურჩულების მთელ წყებას, გაჯერებულს ფრაზებით ” უიმე სულ გაგიფრენია შენ”, ” აი ეგაა სწავლა საზღვარგარეთ”, ”ჰო, მოგაყენებს შენი შვილი ნახმარ გოგოს და მერე ნახავ” და ათასი სისულელე. და აქვე, საუკეთესო გამოსავალი, მხოლოდ ამ სიტუაციისთვის: იხ.  ფოტო ოდნავ ზემოთ და მარჯვნივ.

პ.ს. ეს პოსტი არ დაწერილა იმისთვის რომ მივიღო ასეთი ტიპის შეფასებები ” მერე მაგას რა ჯობია, თუ მათ არ გავხარ” და ა.შ. უბრალოდ ზემოხსენებული ადამიანები დღეს სტუმრად იყვნენ ჩემს სახლში და ყველა მათგანის შემოტევის გაძლება ძალიან გამიჭირდა.

კიდევ ერთხელ, ჩვენზე

მე და შენ ამ დღეს ლამის დეკემბრის მერე ვგეგმავდით. მახსოვს ის საღამო, ძალიან ციოდა, მაშინ გითხარი, როცა დათბება ბუნებაში გავიდეთ და ერთი დღე მთლიანად ერთმანეთს ვაჩუქოთ-მეთქი. ისიც მახსოვს, შენც როგორ მოგეწონა ეს იდეა. იმდენად გვინდოდა მალე შეგვძლებოდა გასვლა, თითქმის ყოველ კვირას ვგეგმავდით რას წავიღებდით, რომელ საათზე შევხვდებოდით, სად რას შევიძნედით… ასეა საერთოდ, რომ უმეტესად, დაგეგმილი ამბები არ გამოდის, ხშირ შემთხვევაში სწრაფ გადაწყვეტილებას უფრო უმართლებს ხოლმე.

ჩვენი გეგმა კი ნაიწლობროვ ახდა, უფრო ზუსტად 1 დღე ნამდვილად იყო ჩემი და შენი, უბრალოდ გარემო იყო სხვა. შენ რომ დაგინახე სადგურში, სიცილი ძლივს შევიკავე.. თუ ღიმილი… როცა პროდუქტს ვიმარაგებდით , უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს… კარგი, დაივიწყე. იქ მანამდეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ასე არა. ახლა მარტო მე და შენ . შენ გადაწყვიტე სიცხეს ცივი შხაპით შებრძოლებოდი, მანამდე მე სამზარეულოს დავეპატრონე. ისევ მოვიდა ის შეგრძნება, თითქოს… ო, კარგი რა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

არ ვიცი შიმშილის გრძნობა იყო ასეთი ძლიერი, თუ უხერხულობის შეგრძნებამ იმსხვერპლა ერთი ტაფა სადილი, მაგრამ მოგიწევს აღიარო, რომ კვერცხს და ძეხვს გადასარევად ვწვავ : ).

არ ვიცი, აქამდე გითხარი თუ არა, მაგრამ საშინლად, არანორმალურად მიყვარს შენი ნელ-თბილი კანი. არ ვიცი რატომ, იქნებ იმიტომ რომ მე ყოველთვის უფრო ცხელი ვარ, შენს გრილ მკერდზე კი თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტუჩების შემთხვევაში კი პირიქით, შენი რატომღაც ყოველთვის ასეთი ცხელია, ჩემი კი ზოგჯერ გაცრეცილი და ცივი. ძალიან ტკბილი ხარ. კიდევ, ძალიან მიყვარს, როცა თვალებში გიუყრებ, თან გეხუტები და თან შენს ლაპარაკს ვუსმენ. ამ დროს, შენც მზად ხარ ყველაფერი შემისრულო რასაც გთხოვ,  ისევე როგორც მე. მიყვარს შენი ძლიერი ხელები, აი ეს კი ნამდვილად მითქვამს, თან არაერთხელ. იცი? – იქ საოცარი სიმშვიდეა. შემიძლია ასე მთელი ცხოვრება ვიჯდე, არ მომბეზრდეს როგორ მისვამ თავზე ხელს, როგორ დადიან ჩემი თითები შენს მკერდზე, როგორ ძლიერად მხვევ მხარზე ხელს და მიკრავ, რაც შეიძლება ახლოს. 1 საათში გამეღვიძა , შენ ისევ გეძინა. გამეღიმა, ჩახუტებულებს ჩაგვძინებია. კოცნით გაგავღვიძე.  ისევ ის შეგრძნება, თითქოს… არ მინდა ამაზე ფიქრი, მე მზად არ ვარ, ჯერ…

კარგი დღე გამოვიდა, ძალიან თბილი. შინ დაბრუნების დრო ტელეფონის წკრიალმა გამახსენა, რა დრო გასულა… ვერც შევამჩნიე.  ძალიან მიყვარს, როცა სახლის კარამდე მაცილებ და სანამ შინ არ შევალ, ფეხს არ იცვლი. ხანდახან არ მჯერა, არ მჯერა რომ ჩემ თავს ხდები..

კარი მივიხურე, ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე და 15 წუთში ისევ აწკრიალდა ჩემი ტელეფონი. მესიჯია: ” სახლში მივედი და ძალიან ცარიელია. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ, გული მწყდება რომ აქ არ ხარ. მინდა რომ ყოველდღე ჩემს ოთახში, ჩემთან ჩახუტებულს გეძინოს. ” …

ინგლისური ჩაის საღამო- სიყვარულით, ჯეინი…

დღეს შაბათია და უკვე ტრადიციად ქცეულ საღამოზე გეპატიჟებით. scones- რა თქმა უნდა გამომცხვარი და ჯერ კიდევ თბილია.  ძალიან ცხელა, ამიტომ თუკი ვერანდაზე ჩაის ცივი წვენი გირჩევნიათ, არც ეგ არის პრობლემა.  ჩაისაც შემოგთავაზებთ, სხვაგვარად ინგლისური ჩაის საღამო არ შედგება.  რადგან უკვე აქ ხართ, მაშ მისმინეთ:

1775 წლის ცივი დეკემბერი იდგა. გამთენიას ქალს სამშობიარო ჭინთვებმა მოუარა და საშველად მეუღლეს უხმო, მეუფე ჯორჯს. სულ მალე პატარა ჯეინმა პირველად იტირა, კასანდრასა და ჯორჯს უკვე მეშვიდე ბავშვი შეეძინათ , თუმცა მეორე გოგონა. ეს დიდი ოჯახი მტკიცე და შეკრული იყო, მშობლები განსაკუთრებით ზრუნავდნენ შვილების განათლებაზე, ხშირად ესაბურებოდნენ მათ, ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ცოდნას უნერგავდნენ.

ჯეინი მშვიდი ბავშვი იყო,  ადვილად ითვისებდა ყველაფერს.  ძალიან მალე დადგა ის დღე, როცა რვა წლის ასაკში ის და მისი უფროსი და მშობლებმა სასწავლებელში გაგზავნეს, სადაც ძირითადად უცხო ენას, ცეკვასა და მუსიკას ეუფლებოდნენ. შინ დაბრუნებული ჯეინი კი დანარჩენ განთლებას უკვე უფროსი ძმებისა და მშობლებისგან იღებდა. მას ძალიან უყვარდა კითხვა და ვინაიდან მამამისი სასულიერო პირი იყო, ოჯახშიც საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, ჯეინიც უმეტეს დროს წიგნების კითხვაში ატარებდა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იმ დროში, მშობლები,  გოგონას დაბადების დღიდანვე იწყებდნენ ზრუნვას მისი გათხოვებისათვის- ამიტომ ნებისმიერი სახის გაანთლება, იქნებოდა ეს მუსიკალური თუ ლიტერატურული, მხოლდ იმას ემსახურებოდა, რომ ქალიშვილისთვის კარგი საქმრო შეერჩიათ. ჯეინს კი გაუმართლა, მამამისი ხედავდა მის ინტერესს წიგნებისადმი, შენიშნა რომ ჯეინი ძალიან კარგად წერდა და ხელს უწყობდა მისი კრეატიული აზროვნების განვითარებას, ხშირად მიჰქონდა სუფთა ფურცლები და მელანი რომ ჯეინს რაც შეიძლება მეტი ეწერა, მეუფე ჯორჯი ხვდებოდა რომ გოგონას ნიჭი ჰქონდა, რომელსაც განვითარება სჭირდებოდა.

თავისუფალი დროის გასატარებლად მოსიყვარულე ოჯახმა შესანიშნავ ხერხს მიაგნო- ისინი თავად წერდნენ პიესებს, რომელსაც დგამდნენ. ჯეინიც უფრო მეტს და აქტიურად წერდა, უკვე ცხადია რომ მისი, როგორც მწერლის, როგორც ჯეინ ოსტინის ჩამოყალიბებას ამ დადგმებმა ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო- მუდმივი განვითარება, იმპროვიზაცია, მონაწილეობა…

ისევ დეკემბერი იდგა, ისევ ისეთი ცივი, მაგრამ უკვე 1795 წლისა. ოსტინების მეზობლად, სტუმრები ჩამოვიდნენ და ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე მათ.ვიზიტორებს შორის ახალგაზრდა ყმაწვილი- ტომ ლეფროიც ერია. ჯეინი და ტომი ერთად დიდ დროს ატარებდნენ, საუბრობდნენ და დამეგობრდნენ. ეს მათ ოოჯახებს არ გამოპარვიათ. გოგონა აღფრთოვანებული იყო ამ ურთიერთობით, თავის დას, კასანდრას უამრავ წერილს უგზავნიდა და უყვებოდა  სიყვარულის შესახებ- მას ხომ პირველად შეუყვარდა. სამწუხაროდ, ამ ისტორიას კეთილი დასარული არ ჰქონია- ტომის მშობლებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ ყმაწვილისთვის- მას უნდა ესწავლა და შემდეგ მდიდარ, წარმოსადეგ ქალიშვილზე დაქორწინებულიყო. ჯეინ ოსტინი კი როგორც ჩანს, მათ გეგმებში სულაც არ ჯდებოდა.

სასიყვარულო იმდეგაცრუებას ხელი არ შეუშლია ჯეინს სწავლა გაეგრძელებინა, როგორც კი ფორმალური განათლება დაასრულა და შინ დაბრუნდა, დაწერა პირველი ყველაზე სერიოზული ნოველა, რომელსაც „პირველი შთაბეჭდილებები“ უწოდა, მოგვიანებით კი ის იქცა ჯეინის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად „ სიამაყე და ცრურწმენა“.

მამა  ჯეინს ყოველთვის ხელს უწყობდა. მან სცადა თავისი ნაცნობობის წყალობით შვილის ერთ-ერთი ნაშრომი გამოექვეყნებინა, თუმცა ცდა უშედეგოდ დასრულდა- გამომცემელმა არც კი შეიწუხა თავი გადაეშალა და ერთი გვერდი მაინც წაეკითხა. სამწუხაროდ, დღემდე უცნობი რჩება, იცოდა თუ არა ჯეინმა მამის ასეთი მცდელობის ამბავი.

1800 წლის დეკემბერიც დადგა. მეუფე ჯორჯმა ოჯახს განუცხადა რომ სამსახურს თავს ანებებს- ეს კი იმას ნიშნავდა რომ მათ სტევენტონში აღარაფერი აკავებდათ და აი, 27 წლის ჯეინი საბოლოოდ გამოემშვიდობა სახლს, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა და ქალაქ ბეტს მიაშურა ოჯახთან ერთად.

ახალი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდა ის პერიოდი, როცა ჯეინის ნოველებმა იხილეს დღის სინათლე. თუმცა, მანამდე , 1802 წლის დეკემბერში- ჯეინს ხელი სთოხვეს,ის დათანხმდა ამ წინადადებას, თუმცა არ უყვარდა საქმრო, მეტიც,  ადრინდელი იმედგაცრუების ფონზე, მას ყოველგავრი ინტერესი დაეკარგა მამაკაცების მიმართ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ერთ-ერთი თავისი ნოველის გმირის მსაგავსად, თანხმობა მეორე დღესვე გააუქმა. მისი ამ ქმედების პასუხი,  მისსავე ნაწარმოებებში შეგვიძლია ამოვიცნოთ- არცერთი მისი გმირი ფულის გამო არ თხოვდება, ყველა მათგანს მხოლოდ სიყვარული ამოძრავებს.

ჯეინის ნაწარმოების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ სცადეს, ამჯერად უკვე მისმა ძმამ -ჰენრიმ. გამომცემელს საავტორო უფლება მხოლოდ 10 ფუნტად მიყიდეს, იმ პირობით რომ ნოველა დაიბეჭდებოდა, თუმცა ასე არ მომხდარა. მორიგმა იმედგაცრუებამ არც ამჯერად ჩააქნევინა ხელი ჯეინს ეწერა. ის ამას ფულის გამო არ აკეთებდა, ეს ერთადერთი იყო რაც მას  სიამოვნებას ანიჭებდა  და რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა.

ოსტინების ოჯახისთვის 1805 წელი ნამდვილი ტრაგედიით დაიწყო- მოსიყვარულე და მზრუვნელუ მეუფე ჯორჯი, ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. ამ ამბავმა ჯეინს აიძულა ცოტახნით გვერდზე გადაედო წერა და და-ძმებთან ერთად დახმარებოდა დედას. ჰენრიმ დებს ახლომდებარე კოტეჯი უყიდა და გოგონებიც იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ სახლში ჯეინმა მისი ყველაზე საუკეთესო წლები გაატარა, თითქმის ისეთივე საუკეთესო, როგორიც მისი ბავშვობა იყო.

ახლა  ჯეინმა, თავად მოკიდა ხელი საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებაზე ზრუნვას. მან საყვედურის წერილი მიწერა გამომცემელს, რომელმაც არ დაბეჭდა ნოველა და მოითხოვა საავტორო უფლების დაბრუნება, რაზეც დათანხმდა გამომცემელი, მაგრამ 10 ფუნტის სანაცვლოდ. მაშინდელი კრიზისული პერიოდის ფონზე, ახალგაზრდა მწერალმა თანხა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდა ცოტა ხნით, თავისი ნოველა, კვლავ უკონტროლოდ დაეტოვებინა.

მოგვიანებით, ჰენრი დის აგენტად გვევლინება. მან კიდევ ერთი ნაწარმოები „ გონება და გრძნობები“ წაიღო დასაბეჭდად და ამჯერად საწადელს მიაღწია, 1811 წელს ჯეინ ოსტინის პირველი წიგნი გამოიცა, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა და მალე მთელი ტირაჟი გაიყიდა. ამ წარმატებამ ოჯახს ფინანსური მდგომარეობაც გამოუსწორა. პირველ წიგნს, ახლა მეორე მოყჰვა- „სიამაყე და ცრურწმენა „  ელვის სისწრაფით გაქრა დახლებიდან და რამდენიმე თვეში ხელხახალი

ტირაჟით გამოცემა გახდა საჭირო. „მენსფილდის პარკი“ მესამე წიგნად დაიბეჭდა და იმ დროის ბესტსელერად იქცა. ჯეინი უფრო მეტს და მოდნომებით წერდა, ზოგიერთი მისი წიგნი ისეთი წარმატებული აღარ იყო, როგორც პირველები, თუმცა არც ამას უმოქმედია ქალზე, რომ შეჩერებულიყო.

1816 წლის ზამთარი იდგა, როცა ჯეინმა შენიშნა რომ დასუსტდა, თუმცა წერას მაინც განაგრძობდა. მისი ჯანმრთელობასულ უფრო და უფრო უარესდებოდა, და-ძმები ცდილობდნენ როგორმე ეშველათ მისთვის, თუმცა იმ დროისთვის ჯეინის დაავადება არ იკურნებოდა. 42 წლის ასაკში ის ლოგინად ჩავარდა და წერასაც ვეღარ ახერხებდა, ბევრი მისი ნაწარმოები დაუსრულებელი დარჩა და 1817 წლის ცხელ ივლისში, ვინჩესტერის საავადმყოფოში დალია სული. მისმა ოჯახმა იზრუნა რომ არც დაუსრულებელი ნაწარმოებები დარჩენილიყო გამოუქვეყნებელი და ისინი კერბულად გამოსცეს.

ჯეინი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ქალი იყო, მართალია მას პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, თუმცა ერთი რამ მაინც შეძლო- თავის სიცოცხელშიც და ახლაც, მის მკითხველებს სიყვარულს ასწავლიდა, უანგარო და მტკიცე სიყვარულს.

ჩემს მზესაც აქვს ლაქები

ორი ტელეფონი მაქვს, ეხლა ორივე გამორთული მიდევს გვერდით.

ამ პოსტამდე დავწერე კიდევ ერთი, საშინლად გაბრაზებული ვიყავი. გადავიკითხე და შემრცხვა, მივხვდი სიბრაზისგან ლამის თავი დავკარგე. მოგიყვებით, ოღონდ დალაგებულად და ვრცლად, თუ დაგეზარებათ, ნუ წაიკითხავთ, ეს ბლოგია, აქ ჩემი სულის ნაწილები იფქრვევა ხოლმე…

თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაინც შეგექმნებოდათ. ნუთუ, ძალიან რთული ადამიანი ვარ? იბადები, სწავლობ, ი(ღ)ზრდები, გიყალიბდება ფასეულობები, გიჩნდება პრინციპები. მერე, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ’’ვიღაც’’ ან ’’ვიღაცეები’’ ერევიან და ცდილობენ ისინი შეგიცვალონ, საკუთარს მოარგონ.

უნდა გამოვტყდე, ბლოგის გაკეთების ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მინდოდა არანორმალურად გულახდილი ვყოფილიყავი, თუნდაც უცხო ხალხთან და მეც მათთვის უცხოდ დავრჩენილიყავი. ასე უფრო ადვილია გულახდილობა, რას ვიზამთ… ჰოდა მე გიყვებით ახლა, გულახდილად…

იცი როგორი ვიყავი ადრე? ძალიან მხიარული, ძალიან კომუნიკაბელური. მართალია, კომპლექსები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ჩემში, სხვის აზრზეც ვფიქრობდი და ვფიქრობ, მაგრამ ასეთი ჩაკეტვა ჩემთვის უცხო იყო… მე ვიცი რატომაც ჩავიკეტე, ამას არანაირი ფსიქოლოგი და ფილოსოფსი არ სჭირდება, მანაც იცის, მაგრამ… მთავარია თავად მშვიდადაა, რომ ზედმეტად არც კი გავიცინებ.. არ მჯერა ამას რომ ვწერ.. ეს საკუთარ თავთანაც კი უდიდესი აღიარებაა და სამწუხარო. ადრეც მქონდა ბლოგი, ახლაც არსებობს, უბრალოდ ჩაკეტილია. პოსტებს გადავხედე ძველებს.. ვერ აღვწერ როგორი შეცვლილი ვარ. იტყვით ალბათ, გაიზარდე და იმიტომო, მაგრამ მე სხვა ცვლილებას ვხედავ. აი, სხივი რომ ჩაქრება, ეგეთს…

კიდევ იცით რა არ მესმის? ეჭვიანობა. საერთოდ მცნება- ეჭვიანობა ჩემთვის საშინლად მიუღებელია. თქვენ, მკითხველებო, თვალს ადევნებთ ზოგჯერ ჩემს სასიყვარულო წერილებს. თქვენც კი ამჩნევთ, სრულიად უცხო ხალხი, როგორ მიყვარს ის … ასეთ სიყვარულში მე ეჭვიანობის მსგავს ლაქებს არ ვცნობ. მე თავად არ ვარ ასეთი და ამიტომაც არ მესმის, რატომ უნდა ვიჩხუბო იმაზე, რატომ მოგესალმა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი ზრდილობიანად და მითუმეტეს არანაირი ეჭვი არ გამღრღნის, რომ ამის ”საბაბი” შენ მიეცი ( ან რისი საბაბი, ღმერთმანი). … როგორც არ უნდა გავბრაზდე, მას ტკვილს არ მივაყენებ, მითუმეტეს არ შევეხები მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს. ზოგჯერ, ნერვები მიმტყუნებს ხოლმე და გესლზე გესლით ვპასუხობ, მაგრამ ესეც მიჭირს, მისნაირი ვხდები ხოლმე და ეს არ მინდა..

კიდევ ოცნებები მქონდა. სწავლა საზღვაგარეთ, შეცნობა და გაცნობა უცხო კულტურის, ბევრის მოსწრება მინდოდა, აი იმ ფორმალურ ”რაღაცამდე” ქორწილს რომ ეძახიან. ის რაც მოვასწარი, პოლონეთი და ავსტრია , მხოლოდ იმიტომ, რომ მის გაცნობაბმდეც არსებობდა ეს გეგმა , საკმაოდ რეალური სახით. ამიტომაც ახდა…

ძალიან გულახდილი ვარ მასთან, მაგრამ აი მარტის მერე ეს ბლოგი დაიბადა, და მან არ იცის. არ მინდა ის აქაც ჩაერიოს და მორჩა…

კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი… თქვენ მეტყვით რომ საშინელი ეგოისტია, მეტყვით, რომ მას არ ვუყვარვარ , მეტყვით რომ ბევრს ვთმობ, მეტყვით რომ სულ მარტოობა ჯობია… მაგრამ მე პასუხი მაქვს, სულელი გოგოს პასუხი… რატომღაც, ძალა არ მაქვს რომ წავიდე. აჩრდილი ვარ მისგარეშე. ადრე ვწერდი, ისე ვარ მინდობილი, რომ დამთვარდეს დავიმსხვრევი მეთქი. ამიტომ არ შემიძლია.  ჩემი თავის გამოც, მის გამოც. ვიცი რომ ვუყვარვარ, თავადაც აღიარებს რომ საშინლად იქცევა… მაგრამ ვერ შევიცვლებიო.  რომ გითხრათ შეცვლის მცდელობებს დღე-ღამეს უთმობს მეთქი, მოაგტყუებთ.

როცა არ ვკამათობთ, ყველაფერი ისეთი ლამაზია. ისეთი მგრძნობიარეა, ისეთი თბილია, ისეთი მზრუნველია… ამ ყველაფერს ჩემი წერილებიდანაც ხედავთ ალბათ.  ზოგჯერ სიზმარივით კარგია ყველაფერი. მაგრამ ლაქები, ღამეული კოშმარია. მე ხან უზომოდ ბედნიერი ვარ, ზოგჯერ უზომოდ უბედური. ჩემი ”ოქროს შუალედი” აქ არასდროს არ მოდის. ამის გამო გაორება დამემართა, ერთ მეს სიგიჟემდე უყვარს, მეორე მზადაა მისი სახელიც აღარ ახსენოს. ახლა ეს მეორე მეა, ამას რომ მაწერინებს და ჯიუტად არ რთავს ტელეფონს, ამ მემ გადაწყვიტა არც ჩართოს დილამდე…. ამ მეს უნდა რომ ძალიან დიდი ხანი არ გასცეს ხმა, ამ მეს პაუზა უნდა ურთიერთობაში… ვინ იცის, იქნებ საჭიროა მართლაც..საშინელება ისაა, რომ ბრძოლის თავი არ მაქვს. ამ ყველაფერს მივუშვებ თავის გზაზე, დასამთავრებელი დამთავრდება, გასაგრძელებელი გარძელდება. მე ბედისწერის მჯერა…

p.s პოსტი მაქვს დრაფტებში, სასაცილოა, დღეს მის გამოქვეყნებას ვაპირებდი და სრულიად საპირისპიროს ვწერ. სახელად ჰქვია ” როგორ მთხოვეს ხელი”… როცა სიბრაზე გადამივლის და ეს პრობლემები ჩაცხრება, მაშინ გამოვაქვეყნებ.

ინგლისური ჩაის საღამო- ‘Master of Suspense’

დღეს შაბათია და დიდი იმედი მაქვს რომ ხელს არაფერი შემიშლის საღამოობით მშვიდად ვსვა ჩაი, მივირთვა scones და გესაუბროთ. თემა კი რა გასაკვირია, ინგლისი იქნება.  დღევანდელ დღეს, ერთი ძალიან საინტერესო ინგლისელის დაბადების დღეა, თუ ვისზე ვსაუბრობ ამას პოსტიდან გაიგებთ.

1899 წელი,13 აგვისტო, ლონდონი. ზუსტად ამ დღეს, 112 წლის წინ, ემასა და უილიამს ოჯახში მესამე ბავშვი, უმცროსი ვაჟი -ალფრედი შეეძინათ. წყნარი ბავშვი იყო, ზედმეტი სიცელქით არ გამოირჩეოდა, მხოლოდ ერთადერთხელ, 5 წლის ასაკში მამამ ადგილობრივი პოლიციის საკანში 5 წუთით გამოკეტა, ცუდი ქცევის გამო. როცა წამოიზარდა სწავლა წმ.იგნატიუსის სახელობის კოლეჯში გააგრძელა, სადაც ძალიან დაინტერესდა დანაშაულის, როგორც საგნის შესწავლით და რომელიც მაშინ არც ისეთი განვითარებული სფერო იყო. პარალელურად ახალგზარდა ალფრედმა ლონდონის უნივერსიტეტშიც დაიწყო სწავლა, სადაც ელექტონული ინჟინერიის მიმართულებაზე ჩაირიცხა, მოგვიანებით კი,  მუშაობა სატელეგრაფო კომპანიასა და სარეკლამო სააგენტოში დაიწყო.

ოციანი წლებისთვის მსოფლიო მოძრავი ფილმების ბუმს აჰყვა. კადრი და მასზე ამოძრავებული ადამიანი! ეს სასწაული იყო, მუნჯი ფილმის აღმავლობის ხანა. სიახლეების მოყვარულმა ალფრედმა კინო-ინდუსტრიას მიაშურა.  

   1923 წელი- The Pleasure Garden, ამ წელს და ამ სახელწოდების ქვეშ ალფრედ ჰიჩკოკის, როგორც რეჟისორის ვარსკვლავი დაიბადა. 1929 წელს კი მან კიდევ ერთი ფილმი გამოუშვა, ფილმი რომელსაც ჰქონდა ხმა -‘’Blackmail’’ . ამ სურათში, მოყოლილია ქალის ისტორია, რომელიც კლავს კაცს, ვისაც მისი შეცდენა სურს და მთელი ამ სცენის ტრაგიკულობა ერადერთი სიტყვით გადმოიცემა -„დანა“.

წლების მანძილზე, წარმატებული ლონდონური კარიერის ფონზე, რეჟისორი ოჯახთან ერთად ჰოლივუდში გადაბარგდა და აქედან კი მისი თავბრუდამხვევი აღმასვლა დაიწყო. ლამის მის ხელწერად იქცა მცირე კადრები თავის ფილმებში, სადაც ის წამიერად ჩნდებოდა.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ რამდენიმე ფილმი, მაგალითად Rear window(1954)- სადაც მოქმედება მიდის მთავარი გმირის სახლში, ის ფეხმოტეხილი ისვენებს შინ როცა საეჭვოდ მოეჩვენება მისი მეზობლის სახლიდან მომავალი ხმაური და დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენს რომ ის მოკლეს. მომაჯადოებელი გრეის კელისა და საინტერესო სიუჟეტის წყალობით, ამ ფილმს თვალს ვერ მოწყვეტთ. 1960 წელს გადაღებული ფილმი „ფსიქო“ ყველაზე წარმატებული გამოდგა, რაც მთავარია ის წლების მანძლიზე იყო განსჯის თემა. ამავე ფილმშია ცნობილი შხაპის სცენა. შეუძლებელია სურათის უემოციოდ ყურება – მოპარული ფული, ცარიელი მოტელი, მკვლელობა… „ფსიქო“ ამ ჟანრის ფილმების ლამის ფუძემდებელი და ქვაკუთხედია.

        წარმატებული რეჟისორი ფილმს იღებდა, რომლის დასრულებაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

1980 წლის 29 აპრილი, დილის 09:17 წუთი. ალფრედ ჰიჩკოკი, მშვიდად, მძინარე გარდაიცვალა ლოს ანჯელესში, საკუთარ საძინებელში. მისი ფერფლი კი წყნარ ოკეანეში მოაფქრვიეს.  ის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი ინგლისელი რეჟისორია, რომლის ფილმებიც დღესაც იწვევს გაოცებას და ინტერესს. მას ეკუთვნის სხვადასხვანაირი ინოვაცია ფილმის გადაღების პროცესში, მაგალითად ისიც საკმარისია რომ შავთეთრი კინოს პირობებში, მან შეძლო გადაეღო ფილმი, რომელიც ერთი დიდი უწყვეტი კადრის ილუზიას ქმნის. სინამდვილეში, ის შეიცავს მონტაჟის ელემენტებსაც, რასაც რეჟისორი წამიერი დაბნელებებით ფარავს, მაგრამ მაშინდელ კამერებს სამწუხაროდ 10 წუთიან კადრზე მეტის დატევა არ შეეძლო.  მის ფილმებზე დღევანდელი ჰოლივუდი რიმეიქებს იღებს, ის დღესაც უყვარს ხალხს- მუნჯი კინოდან თანამედროვე თრილერამდე-  ალფრედ ჰიტჩკოკი.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge