Archive for ოქტომბერი, 2011

ინგლისური ჩაის საღამო- უკან, ლეგენდების სამყაროში

მორიგი შაბათიც გათენდა. მართალია , უკვე დიდი ხანია შაბათი დასვენების დღედ აღარ ითვლება, მინიმუმ სტუდენტებისთვის მაინც, მაგრამ მაინც სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. მე მაგალითად, დღეს სიზმრებიდან გამორკვევა გამიჭირდა კიდეც, ჩემთვის ყველაზე საყვარელი- დილის ძილით ტკბობის საშუალება ხშირად ნამდვილად არ მეძლევა.

შენიშნავდით ალბათ, რომ თბილისში გვარიანად აცივდა. ეს ის დროა, როცა ცხელი ჩაის სმის სიხშირით, ინგლისელებსაც ვუსწრებ და არაბებსაც. ( ცხელი ჩაი- გათბობის აპრობირებული და ყველაზე სასიამოვნო საშუალება).  ამიტომ, ინგლისური ვერანდა თქვენის ნებართვით მისაღებ ოთახში გადაინაცვლებს, სადაც მოგიზგიზე ბუხარი გველოდება.

ჰოდა, ასეთი რომანტიკული გარემოს ფნზე, პირდაპირ მინდა ვკითხო გოგონებს-თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის გარდა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს ყველაზე სასურველი მეორე ნახევარი? მე ვიტყოდი, ვინმე ძლიერი, მამაცი, მოხერხებული, სამართლიანი  ჭაბუკი მეთქი 🙂 ასეთი კი ერთი ინგლისელი მამაკაცია, რომელიც მდიდრებს ართმევს და ღარიბებს ურიგებს. სწორად მიხვდით, ამ საღამოს ყველაზე ცნობილი ინგლისური ლეგენდის -რობინ ჰუდის შესახებ უნდა ვისაუბროთ.

მასზე ბევრი თუ არა, გადაკვრით მაინც გექნებათ გაგონილი. შერვუდის ტყეში, სამართლის სადარაჯოზე გახიზნული რობინი, თავის მეგობრებთან ერთად ღარიბ ხალხს იცავს უსამართლო მეფისა და მისი მოხელეებისგან. ლეგენდები მათ შესახებ სათავეს XIV-XV საუკუნეებიდან იღებს, თუმცა ცალკეული ეპიზოდები, ბევრად ძველია. მკვლევარები დღემდე ორად იყოფიან-  ნაწილს რეალური ადამიანო ჰგონია რობინი, ნაწილს კი მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ   რობინის ისტორიებს ფორმირება დღემდე არ შეუწყვეტიათ, ალბათ ყველაზე სარწმუნოდ სწორედ მეორე ვერსია მოგვეჩვენება, მაგრამ აქ და ახლა ამის გარკვევას არ ვაპირებ, უბრალოდ ცოტა ხნით წაგიყვანთ მამაცი მებრძოლი სამყაროში.

დავიწყოთ იქიდან, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, როგორიცაა ქალწული მერიენი, თქმულებებს მხოლოდ მოგვიანებით შეემატა, არც რობინის გვარიშვილობა-აზნაურობის შესახებ გვეუბნება რამეს თავდაპირველი ისტორიები, ის მხოლოდ რიგითი მიწათმოქმედი გლეხი იყო. არც ცნობილი მოტივი “მდიდრებს ართმევს და ღარიბებს ურიგებს”- არ ყოფილა თავდაპირველ ამბებში ნახსენები.

გადავწყვიტე, რობინზე ერთი ლეგენდა გიამბოთ. ვინაიდან ამ ბლოგის ავტორი ძალიან შეყვარებულის, ეს ლეგენდაც სიყვარულზეა და დაახლოებით XVII საუკუნიდან გვხვდება წყაროებში.

იმხანად, ქალწული მერიენი ყველაზე ლამაზი გოგონა ყოფილა მთელს ნოტინგემშირში. მას ეტრფოდნენ მეფეები და რაინდები, დიდგვაროვნები და უბრალო გლეხები. რა გასაკვირია ,რომ შეყვარებულებს შორის რობინიც ერია. მას სხვებთან შედარებით გაუმართლა, მერიენიც არ იყო გულგრილი მხარეში ყველაზე მამაცი ყმაწვილის მიმართ და შეხვედრისას მხურვალე კოცნასაც არ იშურებდა მისთვის. ერთხელაც, მტრებმა მოახერხეს, რომ შეყვარებული წყვილი ერთმანეთისთვის დაეცილებინათ. რობინს შერვუდის ტყეში მოუხდა წასვლა, მერიენი კი მარტო დარჩა. შეყვარებული ქალი ტიროდა, აღარ იცოდა სად მოეძებნა გულისსწორი და ბოლოს, მან საკმაოდ მამაცი გადაწყვეტილება მიიღო-მოეძებნა რობინი მარტოს, ტყეში. მერიენი მამაკაცივით გამოეწყო, შეიარაღდა და საძებნელად წავიდა.  ამავე დროს რობინიც ტყეში დადიოდა, შენიღბული მამაკაცის დანახვაზე ხმალი მოიმარჯვა და ერთმანეთს შეებნენ. საათზე მეტი იბრძოლეს, სანამ რობინს მკლავი არ გაეჭრა. მერიენმა, ხმაზე იცნო შეყვარებული, მივარდა და ჭრილობის გასუფთავება დაიწყო, რობინიც თბილი კოცნით შეეგება ქალს და ერთად დაბრუნდნენ მუხის ხის ველზე, იქ სადაც რობინს და მის მეგობრებს შტაბი მოეწყოთ.

მერიენის მოსვლამ ყველა გაახარა, პატარა ჯონი, რობინის მარჯვენა ხელი, მაშინვე ტყეში წავიდა ირმის მოსანადირებლად, საღამოს კი მშვენივრად მოილხინეს.  მერიენმა და რობინმა განაგრძეს ბედნიერი თანაცხოვრება მათ არ ჰქონდათ საკუთარი მიწა, მაგრამ ჰქონდათ დიდი სიყვარული და საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს.

ესეც რობინის რომანტიკული ამბავი :  ) რობინ ჰუდის თავგადასავლები  რჩება ლექსების, მოთხრობების, ფილმებისა და თუ ანიმაციის თემად. ინგლისში, საკმაოდ დიდ პატივსაც სცემენ ლეგენდების გმირს. არსებობს მის სახელზე შექმნილი ძეგლები, შერვუდის ტყეში კი მისი მუხის ხე იწონებს თავს.

ერთი დღე

გარიგებით შექმნილი ოჯახის გჯერათ? უფრო სწორად მისი სიმყარის თუ გჯერათ. მე რომ მკითხონ ეს, ვეტყვი რომ არასდროს  დავთანხმდებოდი ამაზე, რადგან სრულიად უცხო ადამიანის ესე ხელოვნურად მიღება მე არ შემიძლია. სწორედ ამიტომ, მისი სიმყარის ამბავიც დიდად მეეჭვება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გარიგებით შექმნილ ოჯახში შვილი არა და არ იბადება.  ეს ის პრობლემაა, რომელსაც ისეთ ოჯახზეც შეუძლია ზემოქმედება, სადაც საფუძველი სიყვარულია.  წლების წინ, 90 იანებში, 4 წლის ნანატრი გოგოს დაბადებამ ერთი ქართული ოჯახი გადაარჩინა. მე ვერ გეტყვით, რამდენად იყო ოჯახი დანგრევის წინაშე, მაგრამ ის ზუსტად ვიცი , რომ პრობლემები იწყებოდა. მაშინ, როცა ყველაზე ნაკელბად ელოდებოდნენ ამ სიახლეს, პატარა კაფანდარა გოგო დაიბადა. არ ტიროდა, მხოლოდ თითებს პარჭყავდა და ტუჩებს პრუწავდა, როგორც ყველა პატარა ბავშვი.  ის პატარა გოგო მე ვიყავი ზუსტად 21 წლის წინ…

დიახ, სწორად გაიგეთ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. დღეს მე ოცდამეერთე დაბადების დღეს ავღნიშნავ. გამიჭირდება განვლილი ცხოვრების შეჯამება, მითუმეტეს რომ არც ისე ბევრი მაქვს გავლილი. მკაფიოდ მახსოვს ჩემი ფიქრი წლების უკან, როცა გაზრდა და ასაკის მატება მაშინებდა. სიბერის შიში და ნაოჭები არაფერ შუაშია, მხოლოდ უდარდელი ბავშვობის წლები მენანებოდა, რომელიც უმეტესად, ყველაზე ბედნიერი მონაკვეთია ადამიანის ცხოვრებაში, თან ყველაზე მოკლე.

არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ რომ არ უყვართ თავისი დაბადების დღე. არ ვიცი, ვის რა მიზეზი აქვს “არ-სიყვარულისთვის”, მაგრამ მე არანაირი. ეს დღე ჩემია, რომელსაც ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში ვატარებ.

შარშან, ამ დროს, პოლონეთში ვიყავი. პირველად და ამ დრომდე ერთადერთხელ, შორს მეგობრებისგან და საყვარელი ადამიანებისგან. ეს იყო ყველაზე ნოსტალგიური დაბადების დღე, რომელიც ოდესმე მქონია. საკუთარ თავს გამოვუცხვე შოკოლადის ნამცხვარი და პოლონელ მეგობრებთან ერთად, ცხელ ჩაიზე ავღნიშნე გა-20-ება . : )

დღეს 21-ის გავხდი. ძალიან, ძალიან ბევრ მეგობარს ველოდები. დღეს პირველად მოვა ჩემი ბიჭი ჩემთან სახლში, ეს დღე ამითაც გამორჩეულია.  ვნერვიულობ, რაზე არ ვიცი, უფრო სასიამოვნო მოლოდინი მაქვს.

სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის გაუაზრებელი ბავშვობის წლები დამთავრდა. ამაში ვგულისხმობ შეცდომებს, რომელსაც უშვებ  და “პატარაა”, “ბავშვია”-ს გამო ამართლებ.

მოკლედ, დღეს ჩემი დაბადების დღეა. სრულიად ჩემი ერთი დღე- 365-დან. : )

 

აზარტის გემო

“დიახ, მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა თავის თავსა და სიკვდილს შორის იგი არაფერს ხედავს, გარდა თავისი უკანასკნელი ხუთფრანკიანისა”

ალბათ გეცნოთ ციტატა ბალზაკის “შაგრენის ტყავიდან” და იმასაც მიხვდით რაზე იქნება დღევანდელი პოსტი. . მე ალბათ ყველაზე ნაკლებად მორალის საკითხავად გამოვდგები, თუმცა ესაა პრობლემა , რომელიც მარტო მე არ მაწუხებს. დღეს ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც არ გაეგონოს ან თავად არ გამოეცადოს ეს განსაცდელი, სახელად კაზინო, ტოტალიზატორი და კიდევ უარესი, “ხელზე გამაზვა” ( ამ უკანასკნელის არსი დიდად არ მესმის, მაგრამ ჩემი ცოდნა დასკვნის გამოსატანად მყოფნის.. ).

მსმენია ისტორიები, როცა საკმაოდ შეძლებული ოჯახის ფინანსური/სოციალური/მყარი  მდგომარეობა აზარტულ თამაშებს გადაუყოლებია. რაღა შორს წავიდე, საკუთარ ახლო ნათესაობაშიც რომ არ მომხდარიყო მსგავსი შემთხვევა, ალბათ მხოლოდ უბრალო მაყურებლად დავრჩებოდი. რას ვიზამთ, სხვისი გასაჭირის შორიდან ყურება ქართველების სენია- რადგან ვაღიარებ, იქნებ ჩემი თავის გამოსწორებაზე მაინც ვიზრუნო.

რას ნიშნავს აზარტი? მის ავ-კარგიანობაზე საუბარი ცხადია შესაძლებელია. აქვე გეტყვით, ჩემი აზრით, აზარტი ცალსახად კარგია- თუმცა აუცილებელია ზომიერება.  თუკი არ გაქვს აზარტი, ე.წ “ჟილკა”, დღევანდელობაში ცხოვრება ძალიანაც გაგიჭირდება. ოქროს შუალედის დაცვა, ნებისმიერ სფეროში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მისი პოვნა და განსაზღვრა ასეთი რთული რომ არ იყოს.

მე ძალიან პატარა ადამიანი ვარ საიმისოდ, რომ ვინმე განვიკითხო და ჭკუა ვასწავლო, მაგრამ აზრი იმედია მომეკითხება და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე პოსტით მაინც გამოვთქვა. რა აიძულებს ადამიანს კაზინოში უკანასკნელი ფულით შევიდეს? მოგების სურვილი და უფრო მეტად კიდევ იმედი. თუმცა იმის ალბათობა, რომ მოიგებს შეიძლება 50/50-ზე ნაკლებიც კი იყოს. დავფიქრდეთ, საიდან ასეთი გრანდიოზული ინტერიერ-ექსტერიერი არა მხოლოდ კაზინოს შენობებს, არამედ მათ მფლობელებს? კაზინოში ფულს არ გასცემენ- იქ მხოლოდ იტოვებენ, გაცემული კი პროცენტულადაც და რაოდენობრივადაც სასაცილო ციფრია, წაგებულთან შედარებით. . რადგან მე, სრულიად გამოუცდელი ადამიანი ამას ვხვდები, არ შეიძლება ის კონკრეტული მოთამაშე, რომელიც სავარაუდოდ პირველად არ აღებს კაზინოს კარს, ამას ვერ იაზრებდეს.  ასე რომ, ალბათ უკიდურესმა გაჭირვებამ ან ძალიან გამოუვალმა მდგომარეობამ შეიძლება გაიძულოს გადადგა ნაბიჯი რომელიც, დიდი შანსია რომ ხრამისკენ მიგაქანებს, მაგრამ მაინც ბოლო იმედია… იმდენად ბოლო, რომ გავიწყებს შენს უკან მდგომ ცოლს, შვილებს, დედას-მამას და ნებისმიერ სხვა ოჯახის წევრს ან ნათესავს, რომლისთვისაც ერთადერთი დასაყრდენი ხარ.

ის ამბავი, ნათესავის თაობაზე, ზემოთ რომ ვახსენე, კიდევ კარგად დამთავრდა. უბრალოდ გაუმართლა, რომ ჭკვიანი ცოლი და გვერდში მდგომი ნათესავები აღმოაჩნდა, რომლებიც დაგროვილი ვალების დაფარვაში დაეხმარებიან.  სხვა შემთხვევაში ისიც ისე დაასრულებდა, როგორც ერთი ჩემი შორეული ნაცნობი- უსახლკაროდ და უცოლ-შვილოდ.

მოვეშვათ კაზინოებს, მარტო ის რად ღირს ყველა სარდაფში “სლოტ-კლუბი” და ტოტალიზატორი რომ არის გახსნილი. უფრო მეტად სავალალო ამ ამბავში კი ისაა, რომ სკოლის მოსწავლეები უამრავ დროს და ფულს ხარჯავენ სათამაშო აპარატებთან და ტელევიზორის ეკრანებთან. დღეს მშობლის მიცემულ ფულს ანიავებენ, ხვალ თავის ხელფასს მოაკლებენ ოჯახს.. ასაკობრივი ცენზი, როგორც მუშაობს ჩემზე არანაკლებ კარგად გეცოდინებათ თქვენც… გამოსავალი კაცმა არ იცის სადაა, ან რატომაც არა, იცის..- მე ყველაფერს განათლებას და შეგნებას ვაწერ- მათი დეფიციტი კი სახეზეა.

ინგლისური ჩაის საღამო- საინტერესო ფაქტები

გამარჯობა !

მგონი არცერთი პოსტი არ დამიწყია ასე 🙂 დღეს შაბათია. ასე რომ, მივყვეთ ტრადიციას და ვისაუბროთ ინგლისზე. ამჟამად რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. იმედია ჩაის საღამო კვლავინდებურად, სასიამოვნოდ ჩაივლის.
1. პოპულარულ ინგლისურ ანდაზაში, The quick brown fox jumps over the lazy dog,ინგლისური ანბანის ყველა ასო-ნიშანია გამოყენებული.

2. სკოტლანდ იარდი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პოლიციის დაწესებულება, გაუხსნელი მკვლელობის ადგილზე აიგო.

3. ინგლისურ სიტყვებს month (თვე), orange (ნარინჯი), silver (ვერცხლი), და purple (მეწამული) იმავე ენაზე არცერთი სიტყვა არ ერითმება.

4. პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი ინგლისში ჯორჯ ჯენინგსმა გამოიგონა 1851 წლის დიდი გამოფენისთვის.

5. ინგლისური რენესანსის წამყვანი ხელოვნების ფორმა იყო პიესა.

6. ლონდონში მდინარე ტემზის ქვეშ 16 გვირაბი გადის; მათი უმრავლესობა მეტროს ხაზებისთვისაა განკუთვნილი.

7. ლონდონის თვალი (London Eye) ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ) და ყველაზე  პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

8. 1355 წელს ოქსფორდში (ინგლისი) ორ სტუდენტსა და ადგილობრ მკვიდრს შორის ლუდის გამო ატეხილ არეულობაში დაღუპული 63 სწავლულისთვის ქალაქი ოქსფორდის უნივერსიტეტს ჯარიმას 440 წელი უხდიდა.

9.  ლონდონის სენტ-ჯეიმზის კლუბის (1857-1978) მტკიცებით, ის ერთადერთი ჯენტლმენთა კლუბი იყო, რომელსაც ცალკე ოთახი ჰქონდა მხოლოდ ნარდისმოთამაშეთათვის.

10. „დორიან გრეის პორტრეტი“ ოსკარ უაილდის მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ერთადერთი რომანია.

11.  ინგლისსა და შოტლანდიას შორის მდინარე ტვიდზე გადებული იუნიონ ბრიჯი ერთ დროს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში და ამჟამად შემორჩენილთაგან უძველესია.

12.  ინგლის-ზანზიბარის ომი უმოკლესი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა.

13.  სასტუმრო რიცი ლონდონში პირველი სასტუმრო იყო, რომელიც პირად საპირფარეშოს სთავაზობდა სტუმრებს ყველა ნომერში.

14.  უილიამ შექსპირის უმცროსი ქალიშვილი ჯუდით კუინი წერა-კითხვის უცოდინარი იყო.

15.  და ბოლოს, ჩაის საღამოს სტუმრებო : ) თურმე, ინგლისელები ყველაზე მეტ ჩაის სვამენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი. ( ამერიკა ერი არ არის, მაგრამ ეს მაჩვენებელი ამერიკისას 20-ჯერ აღემატება. )

უძრაობის ხანა

სხეულისა და გონების სრული რეაბილიტაცია- აი რა მჭირდება ახლა. ჩემი სტრესი რომ დასრულდა, ეს ამბავი გამცნეთ უკვე ოპერატიულად. ახლა ჩემს ცხოვრებაში უძრაობის ხანად წოდებული პერიოდია. წელიწადის 365 დღის მანძილზე, დრო და დრო დგება ხოლმე ასეთი დროც. ახლა საინტერესო არაფერი ხდება. უმთავრესი სანერვიულო ჩავლილია, მე და ჩემს ბიჭსაც რაღაც პრობლემები გქვონდა. ვილაპარაკეთ, მოვაგვარეთ. ახლა ყველაფერი  ძველებურადაა. ყოველდღიურობაც ერთფეროვანი გახდა- სახლი, სამსახური, სახლი. კვირაში ერთი-ორჯერ ჩემს ბიჭს თუ ვნახავ, ბოლო დროს სამსახურში ბევრი საქმე დაუგროვდა, მეც ვიღლები დღის მანძილზე. კიდევ ერთი სიახლე ის არის რომ რაღა ჩვილი ბავშვი და რაღა მე- 9 საათზე ძილი რომ მომერევა, 11 საათზე საბოლოოდ მამარცხებს. : ) ეს ერთი მხრივ კარგია, ჩემი გათენებული ღამეები და დილის 7 საათამდე აგუგუნებული კომპიუტერი რომ მახსენდება, მიკვირს, საკუთარი თავი მაინც როგორ არ მეცოდებოდა…
ვგრძნობ რომ გადავიღალე. პირველად მოხდა ჩემი 20 წლიანი ცხოვრების მანძილზე რომ მე არდადეგები არ მქონია და კიდევ მეტიც, ქალაქიდან არ გავსულვარ. სიმართლე ვთქვა გონების ძალიან გადაღლას ნაკლებად ვუჩივი, უფრო მეტად გარემოს შეცვლა მჭირდება- რაიმე სასიამოვნო სიახლე. ჩემი მეგობრები მომენატრნენ ძალიან. მსიამოვნებს რომ ყველა ვმუშაობთ, მაგრამ ერთმანეთისთვის “ჯერ ვერ გამონახული” დრო ძალიან არ მომწონს, ისღა დამრჩენია ძველ ფოტოებს ვუყურო და სახეზე ღიმილ-შეყინულმა იმაზე ვიფიქრო, როდის მოგვეცემა ძველებურად მოლხენის საშუალება.

წლევანდელ ახალ წელს განსაკუთრებით ველოდები. ჩემი დაქალი ბავშვს ელოდება და ჩვენი პირველი სიხარულიც, ექიმს თუ დავუჯერებთ, 1 იანვარს უნდა მოგვევლინოს. ჩვენი კიკინებიანი გოგო უკვე ძალიან მიყვარს. წარმომიდგენია რამდენ რამეს ვუყიდით და როგორ გავანებივრებთ ❤ ზუსტად ვიცი მწვანეთვალება ლამაზმანი გვეყოლება. უკვე ცოტათი მაბრაზებს, ვთხოვ ხოლმე ფეხი მომარტყას და არაფრით არ მიჯერებს : ) .

ეხლახანს გავიგე რომ მეორე დაქალიც ორსულადაა, მისი პატარა აპრილში დაგვენახება : ) ჯერ სქესი არ ჩანს მაგრამ თავს დავდებ ბიჭია, უბრალოდ გული მიგრძნობს : ) ეს ყველაფერი ჩემთვის ცოტა უცნაურია. არ ვიცი თავად რას გრძნობენ ჩემი მუცლიანები, მაგრამ მათ რომ ვუყურებ ვხვდები ყველაფერს თავის დრო აქვს. თუ ჯერ კიდევ 1 წლის წინ, ამ დროს, მთავარი საფიქრალი ის იყო, რომელ კაფეში დავმსხდარიყავით, ახლა იმას განვიხილავთ ბავშვს რა ერქმევა, ვის როგორი დედამთილი ყავს და ვინ იქნება შემდეგი. : ) მე ჯერჯერობით დასახულ გეგმას პირნათლად მივყვები. ამაში გამიმართლა. მე და ჩემი ბიჭი ერთი აზრის ვართ- ჯერ კარიერა, მერე ოჯახი და კიდევ მერე ბავშვები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, ქალი რომ თხოვდება თავის კარიერას თუ არ ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვნად მაინც აფერხებს. მე კი ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. რაც შეეხება სიყვარულს, ასეც კარგად ვარ. ჩვენ გვიღირს “შორით დნობა-კვდომა” იმის ფასად, რომ წლების მერე ფეხზე, დამდგარი ოჯახი გვქონდეს და ღირსეული მშობლები ვიყოთ ( ძალიან პათეტიკაში გადავიჭერი, მაგრამ რა ვქნა რომ ასე ვფიქრობ).

უი ჰო, მამაჩემმა მითხრა რომ ამ ზამთარს, ზაფხულის დანაკლისის ანაზღაურებას შევეცდებიო და სავარაუდოდ ჩემი გუდაურის ვოიაჟის დაფინანსებას უნდა ველოდო : ) ამ ამბავსაც მოუთმენლად ველოდები, ალბათ მე და ჩემი ბიჭი ჩვენს მეგობრებთან ერთად წავალთ. ძალიან გამიხარდება თუ ასე მოხდება. ვიცი, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, მაგრამ როცა რაღაც მიხარია , ან მოუთმენლად ველოდები, თავის შეკავება მიჭირს : )
ჰოდა მოკლედ სულ ეს არის. ცოტა დაუვარცხნელი პოსტი გამოვიდა, ყველაფერს მივედ-მოვედე, მაგრამ “მეწერინებოდა” და მეც ჩემს ჭიამაიას მოვაშურე. : )
პ.ს პირფერობაში ნუ ჩამომართმევთ და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას აქაურობას რომ სტუმრობთ და არ ივიწყებთ ხოლმე, მაშინაც კი როცა განახლებები არ მაქვს 🙂 ვინ-ვინ და თქვენ მაინც ყველაზე მეტად გაიგებთ თითოეული ლაიქისა და კომენტარის ფასს .
გკოცნით,
თქვენი ჭიამაია.

ინგლისური ჩაის საღამო- უბრალოდ, ხოჭოები.

მოვიდა შაბათიც და დღეს კვლავ მუსიკალურ თემას გავაგრძელებ და  ყოველგვარი შესავლის გარეშე, ლეგენდარულ ბითლებზე ორიოდ სიტყვას გეტყვით.

რომ გითხრათ თავგდამოდებული თაყვანისმცემელი ვარ და ყველაფერი ვიციო, ტყუილი იქნება. მე მხოლოდ რიგითი მსმენელი ვარ, რამდენიმე გაჰიტებული სიმღერა მაქვს ფლეილისტში და არც მათ დისკოგრაფიას ვიცნობ.  სამაგიეროდ ზეპირად ვიცი 4ვე წევრის სახელი და კიდევ სხვა მწირი ცნობები, რომელთა გაღრმავებას ეხლა თქვენთან ერთად შევეცდები.

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი როცა მათი სახელი გავიგე, მაშინ ვერც მუსიკალურ ჟანრებში ვერკვეოდი და ვერც მელომანობას დავიბრალებდი. უბრალოდ, ერთ დღეს სახლის ლაგებისას, როცა დედას მტვრების წმენდაში ვეხმარებოდი ძველი ფირსაკრავის ფირფიტები ვიპოვეთ.  დავინტერესდი რა იყო და დედამ მითხრა რომ ფირფიტები მამასია და ზედ მისი საყვარელი ჯგუფის სიმღერებიაო. ჰო, საუბარი სწორედ ბითლებზე იყო. მას შემდეგ განსაკუთრებული არაფერი, ვიცოდი რომ მამას ადრე როკ-მუსიკა ჰყვარებია და მეც მივივიწყე ხოჭოების შესახებ.

მოგვიანებით, თავად დავიწყე როკის მოსმენა და და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლივერპულელი ოთხეული ჩემს ცხოვრებაში. მეამაყებოდა, როცა ჩემთვის უცნობ სიმღერას ჩავიგდებდი ხელში, მამასთან გავრბოდი და ვასმენინებდი. მიხაროდა რომ ორივეს მოგვწონდა, ჩემთვის ეს რაღაც ახალი იყო, მამასთვის კი ახალგაზრდობის ნაწილი. ვინ იცის ის ფირფიტაც რა სიმწრით ჰქონდა ნაშოვნი. : )  ( ერთი უნდა ვკითხო რამდენად სწორად მახსოვს ეს ამბავი, მგონი მილიონერი ვარ : ) ))

9 ოქტომბერს ჯონ ლენონის დაბადების დღე იყო, მე ეს მხოლოდ ტელევიზორიდან შევიტყვე. ნამდვილად არ ვიცოდი. აი ჭეშმარიტი ბითლომანებისთვის კი 9 ოქტომბერი წმინდა დღეა,  ცენტრალური პარკის ჩრდილოეთით, მანჰეტენზე მდებარე სახლი კი ლამის სალოცავი ადგილი.  8 დეკემბერს, როცა ჯონ ლენონი სახლში ბრუნდებოდა, უკნიდან ხმა შემოსემა- ჯონ!- ლენონიც შემოტრიალდა და ამ დროს მარკ დევიდ ჩაპმანმა სასხლეტს თითი დააჭირა. ამ სახლში, იოკო ონო დღესაც ფლობს რამდენიმე აპარტამენტს.

დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ დაიბადა The Beatles.  სულ რაღაც 16 წლის იყო ჯონ ლენონი, როცა თანაკლასელებთან ერთად საკუთარიჯგუფი შექმნა. ერთ ზაფხულს შემთხვევით გაიცნო პოლ მაკარტნი, ჯგუფის შესახებ უამბო და ისიც უყოყმანოდ გაწევრიანდა, როგორც გიტარისტი. პოლმა, ერთ-ერთ რიგით კონცერტზე, თავის მეგობარი ჯორჯ ჰარისონი დაპატიჟა. ის მხოლოდ 14 წლის იყო, მაგრამ ჯგუფს მისი სახით, წამყვანი გიტარისტი შეემატა.  დაახლოებით, 1960 წლისთვის, ლენონის კლასელები ჯგუფიდან წავიდნენ, თავად ჯონი კი ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში ჩაირიცხა. აქვე გაიცნო მან სტიუარტ სატკლიფი, რომელთან ერთადაც, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე რომ ჯგუფისთვის ეწოდებინათ- The Beatles. მაშინ ხოჭოები 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი იყო, თუმცა არ ჰყავდათ დრამერი.  ეს პრობლემაც მოგვარდა, როცა ოთხეულს  პიტ ბესტი შეუერთდა.  1962 წლისათვის, როცა ბითლები პირველ სტუდიურ ჩანაწერებზე მუშაობდნენ, ბესტი რინგო სტარით ჩანაცვლდა. ამავე წელს, 22 წლის სტიუ სატკლიფიც გარდაიცვალა ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ჯგუფი საბოლოოდ 4 წევრით დარჩა- ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკარტნი და რინგო სტარი– მათ მსოფლიო დაიპყრეს!

რაღა ბევრი გავაგრძელო და 1970 წელს, 4-ეული დაიშალა. იმავე წელს ოთხივემ უკლებლივ სოლო ალბომები გამოუშვეს, რინგო კი ერთადერთი იყო, რომლის ალბომშიც საკუთარის გარდა,  დანარჩენებთან ერთად შესრულებული სიმღერებიც შევიდა. ამ ოთხეულის გამო გოგონების სახეს იკაწრავდნენ, მათ დანახვაზე გული მისდიოდათ, მათი კონცერტის ბილეთებისთვის ღამეებს ათენებდნენ.  როგორც გითხარით, მათი თავგამოდებული მსენელი სულაც არ ვარ, მაგრამ ერთი კი ვიცი- მათ ეპოქა შექმნეს. ბონუსად, იხილეთ ვიდეო.

როცა თბილისში თენდება

სულ რამდენიმე თვეა სამსახური დავიწყე. ყოველ დილით დაახლოებით 45 წუთი მჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ყოველთვის ვთვლიდი რომ დაკვირვებული ადამიანი არ ვიყავი, რომ ბევრი რამ შეიძლება გამომეპაროს და გამომრჩეს. თუმცა ჩემი დილის ვოიაჟები სულაც არ მაძლევენ ასე ფიქრის საშუალებას.

ადრე ვდგები, მაგრამ გამოსაფხიზლებლად ფინჯანი ყავა არ მჭირდება, დილის სუსხიც საკმარისია. მე რომ ვიღვიძებ ჯერ კიდევ ბნელა, ზამთარში ალბათ მთლად ღამე იქნება. 🙂

როცა ტრანსპორტში ავდივარ, თუკი არის საშუალება ყოველთვის ფანჯრის მხარეს ვირჩევ, ვიკეთებ “ნაუშნიკებს” და სასურველი მუსიკის ფონზე, ხედებით ვტკბები.

ჩემი ავტობუსი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოდის სადგურიდან, მეც ერთსა და იმავე დროს ვხვდები. ავტობუსში ასულს მძღოლი მიღიმის, მივხვდი რომ უკვე დამიმახსოვრა. ავტობუსი დაიძრა, მე გონებაში გადავთვლი გაჩერებებს და ვიცი სად ამოვა ყველაზე მეტი ხალხი. აი ვუახლოვდები გაჩერებას, სადაც ჩემი თანამშრომელი შემომიერთდება.  უკვე მელიქიშვილზე ვარ. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, ისევ ეს მანქანა … ქუჩას რწყავს. ფრთხილად გადავასწარით.

შემდეგ გაჩერებაზე კაცი ამოდის ცოცხებით, დაახლოებით ცხრის 15 წუთია, ეს კაცი პირველ გიმნაზიასთან ჩავა, აქვე მონაზონი ამოვა. სახელი არ ვიცი, სიონის ეკლესიასთან ჩამოდის ხოლმე. მეც ამ ტაძრის მრველი ვარ, ამიტომ ხშირად შემიმჩნევია ეს ქალი.

კოლმეურნეობის მოედანი. ახლა ნახევარი ავტობუსი ჩაიცლება, 2 კონტროლიორი ჩაგვიქროლებს და კიდევ ის სათვალიანი ქალიც ამოვა, სულ რომ მიღიმის და ერთი-ორჯერ გამომელაპარაკა კიდეც.

სიონის ტაძრამდე მშვიდობის ხიდია მარცხნივ, აი ის მეეზოვეებიც აქ ყოფილან. უზარმაზარი ჩვრებით ხიდის მინის მოაჯირებს წმენდენ ხოლმე.

მერე კიდევ ერთი გაჩერებაა. იქაც აუცილებლად ამოდის ყვითელ მაისურიანი და ბილეთის წარდგენას მთხოვს.
მიყვარს ჩემი დილა. ყოველშემთხვევეაში იქამდე მაინც, სანამ ეს ყველაფერი მომაბეზრებელ რუტინად იქცეოდეს.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge