Archive for მაისი, 2012

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილიI)

2 737 წელს ჩვენ ერამდე, შორეული ჩინეთის ტერიტორიაზე ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად შენ ნუნგი- მცენარეების დიდი მცოდნე და მოყვარული,თან არც მეტი არც ნაკლები ჩინეთის იმპერატორი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვეული საქმიანობით იყო გართული, ქარის მოტანილი მწვანე ფოთოლი შემთხვევით ჩავარდა მდუღარე წყალში. ამ ჩვენ იმპერატორს იმდენად მოსწონებია არომატულ სასმელად ქცეული სითხე, გადაწყვიტა ეს ამბავი ხალხისთვისაც ეამბნა. ასე დაიბადა მაგიური სასმელი- ჩაი.

რაც დრო გადიოდა მისი მომზადების ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო მეტად იხვეწებოდა. მარტო ის რად ღირს რომ ჩინეთში ამ შესანიშნავ სასმელს 2 სქელტანიანი სახელმძღვანელო მიუძღვნეს- „ტრაქტატი ჩაის შესახებ“ და „ჩაი ცინ“- სადაც მას აღწერდნენ როგორც მითიურ სასმელს, აქვე დეტალურად იყო აღწერილი მისი მომზადების 25-მდე განსხვავებული ხერხი, ჩაის სმის ეტიკეტი და მის მისართმევად შესაფერისი ჭურჭელი.

ჩაის წარმოებამ ჩინეთში სათავე დაუდო მის დანარჩენ მსოფლიოში გავრცელებას. თავდაპირველად სასმელმა აღმოსავლეთის ქვეყნები მოიცვა , ევროპამდე მისასვლელად კი საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუხდა.  საერთაშორისო ვაჭრობა მაშინ არც ისე ნაცნობი ხილი იყო, ამ საქმეში შეუცვლელები გახლდნენ მოგზაურები, რომლებიც ხშირად ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული და სწორედ ასე აღმოჩნდა ჩაი ინგლისში. ეს მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა. არომატულმა სასმელმა იმდენად აღაფრთოვანა ინგლისელები , რომ თავად დაიწყეს ჩაის იმპორტი ინდოეთიდან. ინგლისამდე მისასვლელად ჩაის 12 დან 16 თვემდე სჭირდებოდა, სამაგიეროდ ამდენი დრო არ დასჭირვებია ჩაის სმის ტრადიციად ქცევას და ისტორიაც აქედან იწყება.

პ.ს , რომელიც პოსტის შესავალი უნდა ყოფილიყო:

ინგლისთან ჩაის ხსენება სულაც არაა საკვირველი, მითუმეტეს რომ ბლოგის ამ განყოფილების სახელიც სწორედ ამ უგემრიელეს სასმელთანაა კავშირში და პირადად მე დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამ პოსტსაც სამამულო ჩაის ფონზე ვწერ მეგობრებო და დიდი იმედი მაქვს საინტერესო მოგაზურობაში წაგიყვანთ, იმიტომ რომ ჩაიზე, ინგლისზე და მისი მირთმევის ტრადიციაზე კიდევ რამდენიმე პოსტი იქნება.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

Hunger Games

ვინმე თუ მკითხავს, რატომ არის ბლოგის ქონა კარგიო ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი და მყარი არგუმენტი ის მექნება რომ სიახლეებს არასდროს ჩამორჩები, განსაკუთრებით ლიტერატურულს. რა თქმა უნდა, თუკი კითხვა გიყვარს, ბლოგის ქონის გარეშეც შეძლებ თვალი ადევნო რა იწერება, რა იბეჭდება და რა იყიდება, თუმცა პირადად ჩემთვის ბლოგმა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო ვირტუალურად და კარგ სიახლეებსაც ხშირად მათგან ვიგებ.

რამდენი ჩემთვის აქამდე უცნობი ავტორი დაგროვდა წასაკითხი, ამაზე აღარ შევჩერდები, არც იმაზე რომ ბოლო დროის საუკეთესო გამოგონება –ქინდლი მაყიდინა. ამ ხალხმა მიმიყვანა ლარსონამდე, პალანიკამდე, კოლინზამდე. დიახ ბატონო, “შიმშილის თამაშებზე” მინდა ჩემი მოკრძალებული მოსაზრება მოგახსენოთ.

სათავგადასავლო წიგნებს , მითუმეტეს კარგებს,ერთი ასეთი თვისება აქვთ- გამოგიჭერენ და მერე სანამ ბოლო გვერდს არ გადაფურცლავ, ხელიდან გამშვები არ ხარ. ეს მიყვარს წიგნებში- გარემოდან მოწყვეტა, თითქოს მართლა მოგზაურობ სადღაც სხვაგან, თუნდაც ისეთ არარსებულ ქვეყანაში როგორიც პანემია. აქედანვე ვიტყვი, მიუხედავად მისდამი არაერთი დადებითი გამოხმაურებისა, მაინც სკეპტიკურად შევუდექი კითხვას- ვერ ვიტან მომავალზე აგებულ სიუჟეტებს, სადაც სამყარო მუდმივად გადაშენების პირასაა, ან მეტეორი გვეცემა, ან უცხოპლანეტელები გვესხმიან, ან დედამიწა რომელიღაც შორეული გალაქტიკის რიგით კოლონიად ქცეულა… პოსტაპოკალიფსურ სამყაროშიც რაღაც მსგავსს ველოდი, თუმცა უზომოდ მადლობელი ვარ სიუზანის რომ დედამიწა დედამიწად დატოვა, ადამიანები კი ადამიანებად, თუმცა მათ მხეცებად ქცევაც შეუძლიათ… სხვა რა შეიძლება უწოდო მოვლენას, როცა 24 ახალგაზრდას სასიკვდილოდ წირავ და ამ ამბავს აღტაცებით ხვდები, თითქოს ოლიმპიური თამაშები ყოფილიყოს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ამ სიტყვის პირდაპირი და ყველაზე ნამდვილი გაგებით და არანაირი ღელვა მათ უმანკო სიცოცხლეზე, მათ მომავალზე … ამას მხეცის ბუნება ჰქვია- რომელიც მშვიდად უყურებს როგორ კლავს და ამაში სანახაობის გარდა ვერაფერს ხედავს. ეს ჩემი თვალით აღქმული კაპიტოლიუმია- პანემის ხელშეუხებელი დედაქალაქი.

წიგნზე წერისას სიფრთხილეა საჭირო, ემანდ ზედმეტი არაფერი გასცე, მკითხველს მომავალი სიამოვნება უნებლიედ რომ არ გამოაცალო ხელიდან. როცა ბოლო ფურცელი ჩავიკითხე და დავხურე, ხმამაღლა ამოვიკვნესე ” კიდევ მეტი რატომ არ დაწერე კოლინზ?” არადა თითქმის 400 გვერდია, გამოდის სქელტანიანიც ეთქმის. მიუხედავად ამისა რამდენიმე საათში თავაუღებლად იკითხება ( გამოცდასაც გავიწყებს, პირადი გამოცდილება მალაპარაკებს) და მოლოდინში გტოვებს. პირველი რაც წაკითხვის შემდეგ გავაკეთე, გადმოვქაჩე ფილმი და ვუყურე. ვიცი რომ ფრაზა გაცვდა, მაგრამ მაინც “წიგნი ჯობია”. შედარებაც არაა, თუმცა გამოყოლილი ემოციების გასაგრძელებლად მშვენიერი 2 საათი იქნება და არც მის ყურებას ინანებთ. უბრალოდ, მკაცრად დაიცავით წესი : ჯერ წიგნი, შემდეგ ფილმი. ამაზე უკეთესს ვერაფერს გირჩევთ.

მე ისღა დამრჩენია მორჩილად ველოდო მომდევნო ნაწილების თარგმნას, თქვენ კი სასიამოვნო კითხვა გისურვოთ. 🙂

Dancing in the Rain

წვიმა ყოველთვის მინორული განწობის სიმბოლოა, თუმცა ვისთვის როგორ. გუშინდელმა წვიმამ რატომღაც ყველა სეირნობის ხასიათზე დააყენა, მაგრამ დღევანდელი დილის სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ ავდარმა საშინელი შედეგები დაგვიტოვა. თბილისს რომ არ ახსოვს ისეთი, მსხვერპლიანი.. მაგრამ ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, არ გამომდის ასეთ თემებზე საუბარი…

ამ პოსტის თემა უფრო მსუბუქია. ჰოდა, იმას ვამბობდი ფეისბუქი გუშინ წვიმაში მოსიერნეების ფოტოებით აჭრელდა-მეთქი, ზოგმა კიდევაც ისეირნა, ზოგს მხოლოდ სურდა და იმას დარდობდა რომ სახლში იყო გამოკეტილი, ან იმას რომ არავინ გაჰყვა გარეთ. მე ეს პოსტი და მისი მოქმედი გმირები გამახსენდა. ჩვენ. 2 წელი გავიდა და ზუსტად შემიძლია თქმა რა შეიცვალა და რა არა.  ერთი რამ ცხადია, ძალიან გავიზარდეთ.

არა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მაშინდელივით ვეღარ ვირბენ წვიმაში თმაგაშლილი, არც იმას რომ გუბეებში ჩახტომით ერთმანეთის გაწუწვა მოგვერიდება, არც იმას რომ ხმამაღლა ღრიალს აღარ მოვყვებით იმაზე თუ როგორ გვიყვარს. სხვანაირად გავიზარდეთ, პასუხისმგებლობები მოგვემატა, საფიქრალი და საზრუნავი. რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები რომ ჩარჩოებში ვექცევით, საზღვრებს ვიწესებთ ან გვიწესებენ და ვემორჩილებით.

მაშინ, მაშინ მართლა არაფერი იყო. 2 წელი თითქოს ბევრი არაა, მაგრამ იმდენი რამ გადაასხვაფერა. სამსახური, სამსახური, უნივერსიტეტი, გამოცდა. სამსახური, ხელფასი, დრო, დაღლა … და დღის ყველაზე მცირე მონაკვეთი კი ერთმანეთს. ვგრძნობ რომ ამასთან შეგუება გვიჭირს, მუდმივი მონატრების რეჟიმში ყოფნა ძნელია. ურთიერთობა ჩვენდა საბედნიეროდ ვითარდება, წინ მიდის და ითხოვს.. არა, მოითხოვს ახალ ეტაპს, მაგრამ ჩვენ რატომღაც

გარემოებები გვაფერხებს, საშინელი გარემოებები რომელიც სამწუხაროდ არაა ისეთი თვალს რომ უბრალოდ დახუჭავ და იტყვი “მოხდეს რაც მოსახდენია”. არ მინდა ასე.  ახლა ვხვდები რომ ის მართალი იყო და აღარ ვარ ისეთი  კატეგორიული, როგორც წლის დასაწყისში მაგრამ ამჯერად სხვა ”მაგრამები” დაგვესია გარს…

მე კი მენატრება. მენატრება ძველებურად ლაღი, სულ ხუმრობის ხასიათზე მყოფი. მენატრება მისი გულიანი სიცილი და სიურპრიზები, რომლებთა მოწყობაზეც გიჟდებოდა. მენატრება მისი მიმიკები, სახის გამომეტყველებები რომლებითაც ჩემ შემორიგებას ან ხასიათზე მოყვანას ცდილობდა და ყოველთვის გამოსდიოდა. მომენატრა, ძალიან მომენატრა ძველებურად თავისუფალი…

ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

წარწერის შემდეგ

არ ვიცი რატომ იღებთ ფილმებს რეჟისორები. ალბათ იმიტომ, რატომაც პოეტები წერენ ლექსებს, ან კომპოზიტორები ქმნიან მუსიკას. ზოგიერთისთვის შეიძლება დიდი ხანია ფილმების ინდუსტრია ცალსახა კომერციად იქცა, ზოგიერთებს ალბათ ჯერ კიდევ დარჩათ სათქმელი და მისი მიტანის გზად ფილმებს იყენებენ. ჩემთვის სულერთია. ერთი ვიცი, რომ არ მიყვარს ფილმი რომელიც რაღაცას მასწავლის, არ მიყვარს ფილმი რომელიც რეალობას პირდაპირ ცხვირში მაჯახებს. ამით ისედაც სავსე ვარ, მადლობა დერეკ, მაგრამ არაა საჭირო. მაგრამ, მეყურებინა შენი ფილმისთვის ეს ჩემი არჩევანი იყო, მაპატიე რომ უსამართლოდ გსაყვედურობ.
რატომ მიჭირს იმის გააზრება რომ ჰეფი-ენდები არაა ხშირი, რომ სულაც არაა ბანალური ამტკიცო საუკუნო სიყვარულის არსებობა და გჯეროდეს ამის, მერე რა რომ ჰოლივუდურ ფილმებში ქორწილის სცენით ასრულებენ თხრობას, მერე რა რომ რეჟისორები აღარ გვიყვებიან რა ხდება ვნებიანი კოცნის ფონზე წაწერილი “ The End”-ის მერე. უბრალოდ, ამ შენს ფილმში ყველაფერი ისეთი რთულია, თან გადაწყვიტე უკუღმა მომიყვე ამბავი- ბოლოდან დასაწყისისკენ. ნუ მეუბნები რომ სიყვარულს ასე გახუნება შეუძლია, ნუ მეუბნები რომ ბრძოლა ზოგჯერ უშედეგოა. არ მჯერა დერეკ. თან შეხედე შენ პერსონაჟებს, არის კი რეალურად ეს სიყვარული? მე თუ მკითხავ თავიდანვე გაწირე ეს ორი, კარგი შეიძლება ეს სცენარისტების საქმეა და ისევ უსამართლოდ გსაყვედურობ, მაგრამ მართლა ასეა. ორი უსუსური, გამოუცდელი ახალგაზრდა ერთმანეთს შეაჩეჩე, უზარმაზარი პასუხისმგებლობები თავზე ისე დააყარე ერთმანეთის გაცნობაც არ აცადე, მათ ერთმანეთის შეყვარების საშუალებაც კი არ მიეცი და ამის მერე მარწმუნებ რომ ეს რეალობაა, რომ სიხარულით აცრემლებული თვალებით ნათქვამი “თანახმა ვარ” შეიძლება საპირისპირო სიტუაციაში, ტკივილით ნათქვამ “თანახმა ვარ”- ად შეიცვალოს. როგორ შეიძლება, ადამიანებს უხაროდეთ უნიჭოდ შესრულებულ სიმღერაზე წვიმაში ცეკვა და 5 წლის მერე ეს ვეღარ შეძლონ. ნუთუ ასე შეიძლება დაგამძიმოს ნაცრისფერმა რეალობამ, ნუთუ საერთოდ შეიძლება ვარდისფერი გახდეს რუხი…
ეს არ იყო სინამდვილე, ეს არ იყო შიშველი სიმართლე. შეყვარებული ადამიანები ერთმანეთს არ შორდებიან, ისინი ხელს არ გაუშვებენ ერთმანეთს, არაფრის გამო. ვისაც ამის უნარი არ შესწევს, მას სიყვარული არ შეუძლია პატივცემულო რეჟისორო, ის არ იმსახურებს უყვარდეს და უყვარდეთ- იმიტომ რომ სიყვარული მათთვის არ მოუგონიათ ვინც იოლად ნებდება, ის მებრძოლი ადამიანებისთვისაა და თუ შენმა გმირებმა ეს ვერ შეძლეს, ნუ მეუბნები რომ ეს საზოგადო სინამდვილეა.
პ.ს. ჯიუტად არ ვკითხულობ ფილმის ანოტაციას მის ყურებამდე.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge