Archive for ოქტომბერი, 2012

ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)

მოგესალმებით ჩემი ინგლისური საღამოს სტუმრებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ კიდევ სექტემბერში გავხსენი , ამ დრომდე მაინც ვერ ავეწყვე და სისტემატიურად ვეღარ ვპოსტავ, რისთვისაც აუცილებლად ვიხდი ბოდიშს.

ახლა კი გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზზე – ცხელი ჩაი უზომოდ სტუმარტმოყვარე მისაღებში ვეებერთელა ჩაიდანში მაქვს, ასე რომ ყველას გვეყოფა. : ) თავად ინგლისური ჩაის ისტორიაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ და ამ საკითხს მთელი 4 სერია მივუძღვენი, ამჯერად კი ბევრად უფრო ვრცელ და საინტერესო თემას მინდა შევეხო, რომელსაც ასევე რამდენიმე პოსტის სახით შემოგთავაზებთ.

სტოუნჰენჯი- ანტიკური სამყაროს უმნიშვენლოვანესი ძეგლი და დიდი ბირატნეთის სიამაყე, ამ დრომდე იდუმალებით მოცული ნაგებობა… საინტერესო საუბრის სუნი მცემს ..

ერთი შეხედვით უზარმაზარი ლოდების გროვა, თითქოს არაფრითაა გამორჩეული მაგრამ მის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც მას საოცარ იდუმალებას მატებს. ერთერთი პირველი ალბათ ისაა, თუ როგორ შეძლეს მისი აგება პირველყოფილმა ადამიანებმა- სტოუნჯენჯის ქვები 35 ტონაზე მეტს იწონის და მათი გადაადგილება თანამედროვე ტექნიკის დახმარებითაც არ წარმოადგენს იოლ საქმეს. მაგრამ ერთია ამსიმძიმე ქვების გადაადგილება, მგრამ მეორეა მშენებლობის მიზანი. სტოუნჰენჯი, ალბათ ისეთ ყურადღებას არც მიიპყრობდა, რომ არა თავად კონსტრუქციის სირთულე.

კითხვებს აორმაგებს ის ფაქტი, რომ სტოუნჰენჯი რამდენიმე ეტაპად აშენდა და ამან ასეული  წლები მოიცვა. თავდაპირველად მშენებლობა წრიული ნიადაგის მომზადებით და ორმოების მომზადებით დაიწყო და სტრუქტურის შიდა ნაწილი აშენდა (ლურჯი ქვების შუაგული), მას ეტაპობრივად ემატებოდა გარეთა წრე და უზარმაზარი ლოდები. აქვე იყო სამარხები, სამსხვერპლო, ”ზღურბლის ქვა”. მშენებლობის დასასრულისკენ თავდაპირველი წყობა შეუცვალეს ცენტრალურ ცისფერ ქვებსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა თავდაპირველად მონუმენტის მიზანი სრულიად სხვა ყოფილიყო, დასასრულს კი სხვა ფუნქციები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ სტოუნჰენჯი თავის მხრივ გიგანტური კომპლექსის ნაწილია, ვინაიდან მას კვეთს 3 კილომეტრიანი ”ბილიკი” რომელიც იქვე მდებარე მდინარის ხეობისკენ მიემართება, იქვეა ვუდჰენჯი, რომელიც სტოუნჰენჯის იდენტურია, მხოლოდ ხისაგან დამზადებული. ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობის ჟამს, მზისა ამოსვლისას და ჩასვლისას ნაგებობის ღერძი სწორდება და ეს აისახება არა მხოლოდ ქვის ნაგებობაზე, არამედ ხის ჰენჯზეც. აქედან წამოვიდა ჰიპოთეზა რომ ძეგლი ასტრონომიული კალენდრის ფუნქციას ასრულებდა. მოგვიანებით, ეს ვარაუდი ”გარდაცვლილთა საკულტო ნაგებობის” ვერსიით შეიცვალა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშენებლობა ათასწლეულებს ითვლიდა, ეს ადგილი არც რელიგიური რიტუალების ნაკლებობას განიცდიდა. გაჩნდა იდეა, რომ ის შესაძლოა დრუიდების უძველეს ტაძარს წარმოადგენდეს.

დღეისთვის თავს აღარ შეგაწყენთ და ამ საინტერესო ნაგებობის შესახებ საუბარს მომდევნო შაბათს გავაგრძელებ, სასაუბრო კი როგორც ხედავთ ბევრი გვაქვს. ისე, ჯეინის პოსტები და ინგლისური ჩაის საღამოები კი არა, ამ თემას ათობით ნაშრომი, წიგნი თუ კვლევა მიეძღვნა და საბოლოო პასუხამდე ჯერაც ვერავინ მივიდა. ჩვენ ჩვენი ვეცადოთ, სხვა თუ არაფერი ინგლისური საღამოები ამ თემის გარეშე წარმოუდგენელიც კია 🙂

დროებით მეგობრებო.

Advertisements

თავისუფალი ვარდნა

რამდენჯერაც ექსტრემალური სპორტის სიყვარულზე მეკითხებიან, იმდენჯერ პარაშუტით ხტომა მახსენდება. ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით,  ჩემივე ნაცნობების უმრავლესობა ასეა.  ფელიქსის გრანდიოზული ნახტომის შემდეგ ამეკვიატა ფიქრი, რატომ მივისწრაფით ადამიანები ცისკენ, რატომ ვცდილობთ ასე გამალებით ფრენას… პასუხი მარტივია და ნამდვილად არაა ჩემი აღმოჩენა- ჩვენ თავისუფლებას ვეძებთ, ჭეშმარიტ  თავისუფლებას, რომელსაც მხოლოდ მაშინ გრძნობ, იმ რამოდენიმე წუთიანი თავისუფალი ვარდნის დროს, მანამ სანამ თოკს მოქაჩავ და პარაშუტს გახსნი.

ბავშვობაში რამდენჯერ შემშურებია ჩიტების.  წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ავფრინდებოდი საკუთარი აივნიდან და მაღლა ცაში ავიჭრებოდი.  საოცარიც კია, ზოჯერ იმდენად ღრმად იჭრები საკუთარ წარმოდგენაში რომ ცხადად შეიგრძნობ იმ წამიერ ჟრუანტელს რაც ალბათ ამ დროს დაგეუფლებოდა, იმ სიხარულისა და თავისუფლების გემოს რომელსაც გაფრენისას იგრძნობდი.

კიდევ უფრო ღრმა ბავშვობაში, როდესაც პიტერ პენის ამბის მჯეროდა, იმაზეც მიოცნებია როგორ მოვიდოდა ერთ საღამოს ჩემთან პიტერი და ჯადოსნურ ფხვნილს მომიტანდა.

ვფიქრობ და ვრწმუნდები რომ მთელი ბავშვობა მეც თავისუფლებას ვეძებდი, მეც დღემდე ისეთივე მაძიებელი ვარ როგორც თითოეული თქვენგანი. ხანდახან მტკივნეულად გავიაზრებ ხოლმე რომ სრული თავისუფლება, აი ის თავისუფალი ვარდნისმაგვარი, შეიძლება ვერც ვერასროს გახდეს ჩემი ცხოვრების წესის ნაწილი. წესები, ზოგი საკუთარი მოგონილი, ზოგიც უჩემოდ დაწესებული, ზედმეტად ღრმადაა ფესვგადგმული.  უცნაურია ადამიანი, თავისუფლების მოყვარული მაგრამ მაინც წესების მორჩილი.

იცით, კარგია რომ მიყვარს ექსტრემალური სპორტი. მე აუცილებლად გადმოვხტები პარაშუტით, მხოლოდ იმ რამოდენიმე წუთიანი თავისუფალი ვარდნისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვეძებ.

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

სათაურს მარკესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს უბრალოდ იმპრესიაა ფილმის ნახვის შემდეგ.

დილით ყველაზე ადრე გავიღვიძე და სამსახურში წასვლამდე დილის რიტუალების შესრულებას შევუდექი. თავის მოწესრიგების შემდეგ პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, ჩაის ადუღებაა. შემდეგ წინა საღამოს მომარაგებული ფუნთუშებით ტელევიზორთან ვჯდები და გასართობ მულტფილმებს ვუყურებ. ”ლუი”-ზე უკეთ ვერცერთი ანიმაცია ვერ მაფხიზლებს. მაგრამ იმ დილით ”ლუი” არ გადიოდა. საყვარელ არხებს ჩამოვუარე და საინფორმაციოზე გავჩერდი.

”კოსმოსური შატლის ეკიპაჟმა ყველაფერი სცადა რაც შეეძლო. 20 კოსმონავტი დაიღუპა და მათთან ერთად ჩვენი უკანასკნელი იმედიც. მეტეორი ”მატილდა ” დედამიწას ეჯახება. მეგობრებო, დღეიდან უკანასკნელი 3 კვირის უკუთვლა იწყება…”

რა ჯანდაბაა. პირველი აპრილია??  სამი კვირა…სიკვდილი… აღსასრული… 3 კვირა?? ინერციით მხოლოდ ის შევძელი ფეხსაცმელი ჩამეცვა და სამსახურში წავსულიყავი. არავინ გამიღვიძებია.  სამსახურშიც წაშლილი სახეებით მხვდებიან, ნახევარი ჯერ ისევ არაა მოსული და ვინ იცის არც აპირებს.  განცხადებას ვწერ და მოვდივარ. რაღა აზრი აქვს. ყველაფერი რისთვისაც გიწვალია, გისწავლია… დიპლომები, სწავლაში გათენებული ღამეები, სამსახური… აღარაფერში მჭირდება.

იქნებ არ ღირს დეპრესიას მივცე თავი, ბოლოს და ბოლოს სულ 3 კვირაღა დამრჩენია. ამასაც აქვს თავისი პლუსები. მთელი სამი კვირა იმისთვის, რასაც აქამდე ვერ ვბედავდი- ან მეშინოდა, ან სამომავლოდ ვდებდი, ან ფული მენანებოდა.. მორჩა, ახლა საკმარისზე მეტი დროა …

1. უდავოდ პარაშუტი. ფელიქსივით სტრატოსფეროდან ვერ გამოვდხტები , მაგრამ მრავალჯერ ნაცადი სქაიდაივინგიც მეყოფა. 2. იქნებ ისევ დაივინგი? წყალქვეშ, ყველაზე ღრმად. 3. ინგლისში ხომ არ წავსულიყავი? 4. პარიზშიც. 5. სალაშქროდ წასვლა,აუცილებლად ღამისთევით და კარვებით. … კიდევ უამრავი რამეა რაც მინდა. .

მაგრამ, როცა 3 კვირა გაქვს დარჩენილი ხვდები რომ მხოლოდ ერთი რამეა მნიშვნელოვანი ამ სამყაროში. სიყვარული და საყვარელი ადამიანები. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ბედნიერი ხარ ადამიანი როცა ისე კვდები როცა უყვარხარ და გიყვარს. სულერთია ვის. ქმარს.შეყვარებულს. დედას.მამას.ძმას.დას.მეზობელს.მეგობარს. სულერთია. უყვარხარ, გიყვარს, განიცდით .. თუმცა უზომოდ ბედნიერები ხართ. რადგან თქვენ ერთმანეთი გყავთ. გაცილებით რთულია მოკვდე უმტკივნეულოდ, როცა არავინ განიცდის, როცა გულში სიცარიელე გაქვს, როცა ისე მიდიხარ თითქოს არც ყოფილხარ.

ვფიქრობ და ვხვდები… 3 კვირა საკმარისია იმისთვის რისთვისაც 20-30-40-50 წელი არ გვეყო თავის დროზე. გვიყვარდეს,ვაპატიოთ და ისევ გვიყვარდეს.

***

კიდევ იმასაც ვხვდები, რა ბედნიერია ადამიანი რომელსაც საკუთარი შთაბეჭდილებების ლამაზად გადმოცემა შეუძლია. მშურს თქვენი!!!!!!!  : )

 

 


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge