Archive for the 'საახალწლო გესტ-პოსტი' Category

მოულოდნელი მოგზაურობა…

ძვირფასო მკითხველო, ჩემო ძვირფასო დაუღალავო და ინტერესიანო მეგობარო შორეულო, შორეული მომავლისა, შენ რომ იცოდე,  ყველა ძნელ საქმეთა შორის, ყველაზე ძნელი ამბის დასაწყისია. მე მინდა გიამბო ის, რომ ჩვენ “აპოკალიფსს” გადავურჩით და ცოცხლები დავრჩით; რომ დედამიწაზე ისევ იმგვარად თენდება და ღამდება, როგორც ადრე სჩვეოდა მას; რომ ადამიანები ისევ იგივენი ვართ არსებითად, რანიც ვიყავით ადრე, და ბავშვები (და ზოგჯერ დიდებიც) ისევ წერენ სანტა კლაუსს წერილს.. აი მეც, სხვების დარად, რატომღაც, როგორღაც წამცდა ხელი და მივწერე  პირველი და უკანასკნელი (ალბათ) წერილი ჩემს ცხოვრებაში  ..  და მე არ ვიცი საიდან დავიწყო ეს მოულოდნელი მოგზაურობა, რომელსაც ნებისმიერი წერილი თუ პოსტი იტევს,  თუნდაც ორსიტყვიანი..

მაგრამ რამით ხომ უნდა დავიწყო? არ შეიძლება მთლად დაწყების გარეშე… ალბათ ძველ მეთოდს უნდა მივმართო: ერთი ღრმად ამოსუნთქვა, პირჯვრის გადაწერა და დავიწყოთ. ბევრს აღარ გავაგრძელებ და კალამს მელანში ჩავაწობ. აი, უკვე მშრალ ქაღალდზე გადამაქვს თავსმოყრილი სიტყვები..

და ის ასე იწყებოდა:

“ძვირფასო სანტა კლაუსს,

ამ ხმელეთზე ბევრი, ბევრი საინტერესო და უცნაური და ლამაზი ადგილია, რომელიც შენი მარხილით შემოგივლია, ზემოდან გიცქერია და ხელით შეჰხებიხარ ყოველ ქვასა თუ ბალახს.. ყველა ადგილს თავისი ხიბლი აქვს, ამაში ეჭვი არც მეპარება, ეს ჩემი აკვიატებული იდეა არაა, ამას ბევრი ამბობს. თუმცა შუამიწეთს ვერაფერი შეედრება და განსაკუთრებით კი სოფელ ჰობიტონს.. ჰობიტონი შაირში (როგორც ეს სწორად იკითხება) მდებარეობს, რომელიც მთლიანაც ჰობიტებით არის დასახლებული, ამ საოცარი ხალხით.

ოჰ, როგორ მინდა 1 საათით მაინც მამყოფა იქ. მე არ გთხოვ მთელი ცხოვრება იქ მამყოფე თქო, რადგან ეს შეუძლებელია…  ალბათ მე ჩემს, რომანტიკას მოკლებულ ეპოქაში უნდა ვიცხოვრო, რადგან ბუნება შეცდომებს არ უშვებსო, ამბობენ. ყველა იბადება იქ, სადაც უნდა დაიბადოს.

საჭიანჭველეთია ჩვენი დედამიწა. ხალხი  ფუსფუსებს როგორც ჭიანჭველები ბუდეში. მე დარწმუნებული ვარ, მხოლოდ რამდენიმე ჭიანჭველაა, რომელიც ძილის წინ, თავს მაღლა ასწევს, შეხედავს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ინატრებს, ნეტავ ერთხელ, ცოტა ხნით ფეხი მაინც გამადგმევინა  ჩვენი საჭიანჭველეთის მიღმაო – წინ, ახალი ქვეყნებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად…

The_Hobbit_Trailer_Theme_Song_Misty_Mountains_Cold_25_Minutes_Edit

მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სწორედ ასე დაემართა ბილბო ბაგინსს. რადგან ერთ ჩვეულებრივ დილას, ის იჯდა ჩვეულებრივად სახლის წინ, სკამზე და ჩიბუხს სწევდა, როცა მის წინ ჯადოქარი გენდალფ რუხი აღიმართა გარკვეული შემოთავაზებით. ადამიანებს ეშინიათ [სი]ახლის, ხოდა ჰობიტი რაღა გამონაკლისი იქნებოდა, ჩვენი ბილბოც დაფრთხა. მაგრამ გენდალფს სჯეროდა მისი, ენდობოდა და ამ ნდობამ ბილბო სასწაულ ქონდრისკაცებს და მათ მეფეს, თორინს შეახვედრა.

ასე ჩაისახა მოულოდნელი მოგზაურობა ქონდრისკაცების მთისქვეშა ქალაქის გამოსახსნელად და სამეფო ხაზინის დასაბრუნებლად..

აქ მე ვარდისფერი სათვალეები უნდა მოვიხსნა. მხოლოდ იმისთვის, რომ თვალები კარგად მოვიფშვნიტო და მერე ისევ გავიკეთო :დ

ჰოდა, ჩემო ძვირფასო სანტა, მე ვფიქრობ, მივაგენი ჩემი ოცნებების ასრულების საშუალებას და მიხარია, რომ შენთან საუბარი ჩემთვის წამახალისებელი აღმოჩნდა.

იცხოვრო ისე, რომ განიცდიდე ყოველ წუთს, წამს და იცხოვრო ისე ინტერესიანად, თითქოს ჯადოსნობა შენი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყოს. ისე არა, რომ თავზე ქუდები და ათასი ჯინჯილები ატარო, ქუჩაში დადიოდე და პოტერიანას ჯადო შელოცვებს ესროდე ხალხს. არა, ასე არა..

ნამდვილი თავგადასავალი იწყება მაშინ, როცა შენ მისი გჯერა. როცა ერთფეროვნების მიღმა შენ ნამდვილ, მჩქეფარე და გამოუცნობ ცხოვრებას აღმოაჩენ. ერთფეროვნება ეს კარია, რომელიც უნდა გააღო, ფარდა, რომელიც უნდა გადასწიო. ერთფეროვნება ყოველთვის ფარავს მეორე მხარეს, ფარავს გამიზნულად. რადგან ყველასთვის არაა ის, რაც არის მის მიღმა. ბილბო აღმოჩნდა ის, ვინც ღირსი იყო გაეღო კარი და გადაელახა შაირის საზღვრები…

აღმოაჩინე შენში თავგადასავლის მაძიებელი – აი როგორ ვაპირებ ავისრულო ოცნება..

ძვირფასო სანტა, დაე იყოს ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი წერილი შენდამი. შემდეგი იქნება ის, რომ მე შენთან მოვალ როდისმე…

პატივისცემით,

[youtube  http://www.youtube.com/watch?v=z_Z8Rrrqe88&feature=share%5D
Advertisements

აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას


4.5 მილიარდი წელია დედამიწა არსებობს და ბრუნავსო ამბობენ, არა ბრუნავსო ეგ ჯორდანო ბრუნომ თქვა მაგრამ მანამდეც ხომ ბრუნავდა? ჰოდა ერთადერთი ადგილიაო რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული და ეს ცოცხალი არსებააო- ადამიანი !!!

არა, არ მჯერა მე ამ ზღაპრის. მრავალი წლებია ამ გონიერ არსებას გვასულელებენ მთელ სამყაროში ერთადერთები და ყოვლისშემძლეები პრიმატების სახეობიდან ხართ განვითარებულებიო, მაგრამ აი ახლა დავფიქრდი და იქნებ მართლა ასეა ?

აბა ახლა რომ ვზივარ კალმით ხელში, სანთლის შუქზე წარბშეჭმუხნილი და ვფიქრობ როგორ მოგწერო, როგორ გთხოვო, რომ მოგანდომო ჩემამდე მოსვლა, ეს რა არის თუ არა პრიმიტივიზმი ან კარგი არ დავაკნინებ ჩემ მოდგმას და გეტყვი რომ მთელი დედამიწის 7 მილიარდი გონიერი არსებიდან უმრავლესობა რომ გელოდება ნორმალურია? ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ, ჩვენსავით გონიერი არსება- ადამიანი ხარ და მაინც შეგიძლია ყველას აგვისრულო სურვილი? Continue reading ‘აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას’

აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას (მაღლივიდან)

santa mailძვირფასო სანტა,

გწერთ შორეული და აპოკალიფსისგანაც დავიწყებული მაღლივიდან. მართალია, აქ მაინც ცივა ლექციებზე და ზოგიერთის გონებაში ჯერ ისევ ბნელა, მაგრამ მეტეორს გადავურჩით…

სიმართლე გითხრათ, არც შეგვშინებია. ჩვენ უფრო სხვა კატაკლიზმები გვაღელვებს, რომელთაც სახელებიც და გვარებიც როგორღაც ლექტორებისას მიუგავთ…

ყოველ წელს საახალწლოდ თითო ნაღველს მაინც გვიტოვებს მაღლივი–აქაოდა, ამდენ დღესასწაულსა და მხიარულებაში სტუდენტებს არ გადავავიწყდეო.

ალბათ, გეცოდინება, სანტა, რომ ყოველ წელს შობის მერე გვეწყება გამოცდები და ახალი წლის ღამესაც, შესაბამისად, მაღლიველი სტუდენტის ბალიშის ქვეშ რომელიმე მტანჯველი საგნის კონსპექტს უფრო იპოვის კაცი, ვიდრე საჩუქარს…

გული მიგრძნობს, რომ წელსაც ასე იქნება. მით უმეტეს, რომ ერთერთ საგანს მთელი ჯგუფი ვებრძვით, როგორც ცხრათავიან გველეშაპს და ჯერჯერობით საშველი არ უჩანს… ყოველ პარასკევს ახალი ძალით და გაათმაგებული გამეტებით გვანარცხებს ბეჭებზე ახალ-ახალი, ხელისმოტეხვამდე სწრაფად დასაწერი ქვიზები.

ხვალ ბოლოსწინა ბრძოლა გვაქვს–რეფერატებს ვაბარებთ. რა საგანი აღარ გაგვივლია, როგორ ლექტორს აღარ გავმკლავებივართ, მაგრამ ოცდათექვსმეტივე შიშით ველით ხვალინდელ დღეს–ჩვენთვის მაიას კალენდარი აქ მთავრდება.

ახალ წლამდე ოთხიოდე დღეა დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო განწყობა ჯერ კიდევ არ მაქვს, მჯერა, რომ ერთი სურვილის ახდენაზე უარს არ მეტყვი… ცოტა მასშტაბური კია, მაგრამ, იმედია, გამიგებ…

მინდა რომ ხვალ ყველა „გადავრჩეთ“ და ნორმალური ადამიანებივით შევძლოთ, ახალ 2013 წელს დაველოდოთ ან სულაც გვიხაროდეს, აპოკალიფსს რომ გადავურჩით. კიდევ მინდა, რომ 36 ბედნიერი სახე ვნახო მომავალ წელს, გამოცდიდან გამოსულებს ქულები რომ გვეცოდინება უკვე…

P.S. ჩვენთან ინტერნეტი ისეთი ნელია, უმალ ლაპლანდიამდე მარხილით ჩახვალ, ვიდრე სანტას იმეილს გაუგზავნი. ამიტომაც შენ განდობ ამ წერილს, ჭიამარია. ვიცი, გაუფრთხილდები და ადრესატს დროულად გადასცემ. მით უმეტეს, რომ თამარას, მოლის და მელომანის წერილები უკვე სანტას საფოსტო ყუთშია…

აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას

ძვირფასო ვირთხა!

წერილი მაქვს დასაწერი სანტასთვის და ვერაფრით მომიფიქრებია რა მივწერო. კი ვთხოვდი რამეს, სურვილებს რა გამოლევს, მაგრამ girl_writing_letterიმდენად კარგი დროა ახლა, სხვა ადამიანებს აქეთ სურთ სურვილები აგისრულონ. აგერ ახლაც საკუთარი ფოსტით როდი ვსარგებლობ, ჯეინმარიამ მთხოვა მისი მეშვეობით მომეწერა შენთვისაც და სანტასთვისაც.

რა თბილები არიან ზოგჯერ ადამიანები, როგორ უხარიათ ერთმანეთის დანახვა, ერთიმეორის წარმატება თუ სიხარული და რაოდენ დიდ პატივს სცემენ ერთურთს.

გაგიკვირდება ალბათ ჩემი გამუდმებული წუწუნისა თუ აღფრთოვანებული შთაბეჭდილებების შემდგომ ასეთი წერილი, მაგრამ მერწმუნე, ახალმა წელმა ასე იცის. თითქოს ყველაფერი ცუდი ძველ წელს მიაქვს და წინ მხოლოდ ახალი და კარგი გელის.

ყოველ შემთხვევაში, იმედს წინ რა უდგას?

შენი სკეპტიციზმის ამბავი რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ ამ წერილის კითხვისას მრავლად გექნება ირონიული შენიშვნები, მაგრამ არა უშავს. შენც ისე მიხარიხარ, მზად ვარ სანტას შენ მაგიერ მივწერო წერილი! ჩემსას აღარ მივწერ და იმედია ამას გაითვალისწინებს. არ გაბრაზდე ჩემო ძვირფასო, მხოლოდ შენი ღიმილის ნახვა მსურს, მეტი არაფერი.

მაშ ასე:

CatchSantaძვირფასო სანტა!

მე მთელი ამ წლის განმავლობაში ნამდვილად არ ვიქცეოდი კარგად, სულ ვწუწუნებდი და საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა, მაგრამ გთხოვ არ დაივიწყო, რომ 2012 წელს თითქმის 30 გამოცდა ჩავაბარე და კარგი თუ არა, ცუდი შედეგიც არაფერში არ მქონია.

ამიტომაც მგონია, რომ აუცილებლად ამისრულებ ამ თხოვნას, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ნამდვილად არაფერს გთხოვ.

ჩემი მეგობარი ვირთხა, რომელსაც შენ არ იცნობ, ვინაიდან შენთვის არასოდეს მოუწერია წერილი, მარტოსული ადამიანია. ძალიან უჟმური და გულჩათხრობილი კია, მაგრამ მერწმუნე, კეთილი გული აქვს. არასოდეს გეტყვის უარს დახმარებაზე და ყოველთვის გვერდში მიდგას თავისებურად. მინდა მეც დავეხმარო რამით, მსურს მის მარტოობას ვუწამლო.

კეთილო, უძვირფასესო და უტკბილესო სანტა, არ შეგიძლია ჯეინმარია და ჩემი ვირთხა ერთმანეთს გააცნო? ვიცი არც ისე კარგი საქციელია, მაგრამ სრულიად შემთხვევით პროფესორი თამარას წერილი შემომიკითხა და დავასკვენი, რომ ერთმანეთს შესანიშნავად გაუგებენ.

ჰა სანტა, რას ფიქრობ, ვიმსახურებ ამ სურვილის ასრულებას?

P.S. მართალია დაგპირდი, ჩემთვის არაფერს გთხოვ მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე მოლისგან მაგალითი არ ამეღო:

მოდი, ისე მოახერხე, სურვილებს თვითონაც ვუმკლავდებოდე. დანარჩენს მე მივხედავ.

მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი

The Last Judgement by Hieronymus Bosch

თუ ისტორიას გადახედავთ, რამდენჯერ ელოდა კაცობრიობა აღსასრულს, შეიძლება, სათვალავიც აგერიოთ –  ჩვენს წინაპრებს  ესქატოლოგიური თეორიების შეთხზვა ნამეტანი ჰყვარებიათ. ჯერ იყო და 1000 წელს უცქერდნენ ეჭვის თვალით – ისეთი მრგვალია, მშვიდობიანად არ ჩაივლისო, მერე – 1037-ს, 1492-ს, 1666-ს – ყველას რა გაიხსენებს… მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელი სექტანტები დედაბუდიანად აყრილან და   საქართველოში გადმოსახლებულან – წარღვნას ველოდებით და, ბარემ, ნოეს კიდობანთან ახლოს ვიქნებითო. კომპიუტერული “პრობლემა -2000”-ც გემახსოვრებათ – აგერ იყო, გუშინწინ.

გაგეცინებათ და იაპონელებზე, ამ სერიოზულ და ჭკუადამჯდარ ხალხზეც კი ჰყვებიან ანეკდოტურ ამბავს – რომელიღაც მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ერთი ქალაქის მაცხოვრებლები ცენტრალურ მოედანზე შეკრებილან. დროშებით, ბანერებით, რაღაცებს მღეროდნენ თურმე… ქოლგები და თბილი სამოსიც წამოეღოთ, თერმოსებში ყავა და ჩაი მოემარაგებინათ – ყოველი შემთხვევისათვის. მოკლედ, აპოკალიფსს დღესასწაულივით ხვდებოდნენ. დათქმულ დროს გვარიანად და უიმედოდ რომ გადაცდენია, ორგანიზატორებს ბოდიში მოუხდიათ – გვაპატიეთ, ალბათ, გადაიდოო. არა უშავსო, უთქვამთ იაპონელებს, თქვენი რა ბრალიაო და წასულან სახლებში.

ბოლო ხანებში ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა 2012 წლის 21 დეკემბერზე ლაპარაკობდა. რამდენიმე, ჩემთვის ჭკუის საკითხავმა კაცმა შინ მშრალი საკვები და სანთლებიც კი მიაცუნცულა და რა? არც არაფერი… პარასკევმა ისე ჩაიარა, ცეცხლის წვიმას ვინ ჩივის, მგონი, თოვაც შეწყდა და მზემაც გამოანათა… ჰოდა, ხეირიანად მოსაღამოვება არც აცალეს, ახალი რიცხვი დადეს – 2036 წლის 13 აპრილი – აი, ეს უკვე ნაღდიაო.

სხვათა შორის, ჩემს მეგობარს აპოკალიფსის თარიღის საკუთარი ვერსია აქვს. ზუსტია-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ ლამაზი კია და, რამდენჯერაც გამახსენდება, მეღიმება – იშვიათად დახვეწილი იდეაა. ოღონდ, ამას პოსტის ბოლოს დავუბრუნდეთ, თორემ  საშინელებებზე ლაპარაკში მთავარი თემა – სანტა-კლაუსი და სურვილი კინაღამ გადაგვავიწყდა.

შარშან ამ დროს აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სანტასგან არაფერი მჭირდებოდა და  მხოლოდ ბლოგის დაბადების დღეზე სტუმრობა ვთხოვე მთელი გულით და სულით (მოვიდა კიდეც, სხვათა შორის 🙂 ) ახლა ასე ყოჩაღად ვერ ვარ. რაღაც-რაღაცების მოსაგვარებლად საკუთარი ძალები არ მეყო და ახალ წელს მთლად ყურებაცქვეტილი ვერ ვხვდები. მაინც არ ვთხოვ – შემწუხებელი უჩემოდაც ბევრი ეყოლება.

თუმცა, არა… თემასაც ავცდებით და, კარგად რომ დავფიქრდე, ერთი სურვილი მაინც მაქვს. სანტა, იცი, რა? მოდი, ისე მოახერხე, სურვილებს თვითონაც ვუმკლავდებოდე. დანარჩენს მე მივხედავ.

ჩემი მეგობრის აპოკალიპტური წინასწარმეტყველება ვახსენე ზევით.  ქუდის დახურვა 2359 წლის 31 დეკემბრის გვიან საღამოს  მოგვიწევს.

რატომ – თავად გამოიცანით.

აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას

ძვირფასო სანტა,

მე იმ რამდენიმე მილიონიდან ერთ-ერთი ვარ, აქამდე რომ არასოდეს შეუწუხებიხარ. არ აბუზღუნდე ახლა, ბევრი სათხოვარი არ მაქვს, უბრალოდ, დალაპარაკება მინდა შენთან. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ადამიანის სურვილს ასრულებ და ალბათ, სხვისი მოსმენაც არავისგან გესწავლება. რაც შენ წერილები გაქვს წაკითხული…

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

2012-ს ცუდი წელი არ ეთქმის. მთავარი ჩანაფიქრი გამომივიდა, რამდენიმე შედარებით წვრილმანი კი ჩავაგდე. თუმცა, ვიცი, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ არ მოვინდომე, არც შენ გაბრალებ რამეს და არც დრაკონს.

მოგეხსენება ალბათ, რომ წლის ბოლოსთვის ადამიანები რაღაცებს ვაანალიზებთ და ვფიქრობთ ხოლმე, გეგმებს ვალაგებთ და თავს პირობას ვაძლევთ, რომ მომავალი წლიდან ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება. მოკლედ, ყოველი ახალი წელი ორშაბათივითაა, ოღონდ უფრო მასშტაბური. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აღარ ვარ იმ ასაკში, როცა მგონია, რომ “მომავალი წლიდან ყველაფერი კარგად იქნება”. ალბათ, ამიტომაც გწერ ჯეინმარიას ბლოგიდან და არა საკუთარიდან.

მოკლედ, ასე:

ჯეინმარია კარგი გოგოა, ჭკვიანი, მიზანმიმართული და შრომისმოყვარე. ჰო, ძალიან ლამაზი პროფილიც აქვს. მეტს ვერაფერს გეტყვი, თავადაც არასოდეს მინახავს. უყვარს ინგლისი, ჩაი და ჯეინ ოსტინი, ალბათ ვიქტორიანული სტილის კაბებიც და კიდევ ერთი ვიღაც. კარგა ხანია, მასზე აღარაფერი დაუწერია და იმედი მაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი კარგადაა და საწერიც არაფერია.

ალბათ, მხოლოდ ინგლისური ჩაის დამსახურება არ იქნება, სწავლაშიც და კარიერაშიც ერთნაირად წარმატებული რომ არის. იმედია, დროთა განმავლობაში მეტად და მეტად გაუმართლებს. იმ შემთხვევაშიც კი, შენ თუ მისთვის წარმატების მოტანა დაგავიწყდება.

რაღაც მგონია, რომ ინგლისური კლიმატივითაა, ერთი შეხედვით თითქოს არცთუ ნათელი და ხალისიანი, ოდნავ სევდიანიც ლონდონური ნისლივით, მაგრამ სინამდვილეში არცთუ მკაცრი, ხანდახან ძალიან მხიარულიც. თუმცა, მის დანახვაზე ალბათ ინგლისელი ჯენტლმენივით მხრებში უნდა გაიმართო და ისიც კი გეუხერხულება, ჩაის ფინჯანი ლამბაქზე ხმაურით დადგა.

ალბათ, ჯეინმარიას სადღაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ იმათაც არ ივიწყებ, ვისაც შენთვის არაფერი უთხოვია და ისიც კარგად იცის, რომ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, თითქოს არაფერი გვინდოდეს. ამიტომაც დაგვითმო თავისი სივრცე და წყნარზე წყნარი, მყუდრო ბლოგი შენთან დასალაპარაკებლად.

ამიტომაც, ამ ერთხელ გთხოვ:

გვასწავლე, როგორ მოვემზადოთ ხოლმე შენთვის დასახვედრად, რომ ერთხელაც, ჩამოიარო და ის საოცარი საშობაო სიმყუდროვის განცდა დაგვიტოვო, ფილმებიდან, საშობაო მორთულობიდან და სურათებიდან რომ იღვრება ხოლმე. ალბათ, ჩვენთან სიარული მაინცდამაინც არ გიხარია, არ გახვედრებთ მორთულ სახლსა და ეზოებს, არც წინდებს ვკიდებთ ბუხართან და არც სტაფილოს ვტოვებთ წითელცხვირა რუდოლფისთვის. მაგრამ არ იფიქრო, რომ არ გელოდებით. უბრალოდ, იმედგაცრუების გვეშინია, რომ არ მოხვალ და ამიტომაც, არ ვიმჩნევთ.

და თუ მოხვალ, იმაშიც დაგვეხმარე, რომ ჩვენი ცხოვრებისეული აპოკალიფსებიც ისევე წყნარად და უხმაუროდ გადავიტანოთ, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ. გულის სიღრმეში ვიღაც გაივლებდა, მართლაც, რა მოხდება, სამყაროს დასასრული რომ დადგესო? ალბათ, გადახედავდა კიდეც განვლილ ცხოვრებას, რაღაცას ინანებდა ან არ ინანებდა, ან დაფიქრდებოდა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, ნეტავ, რა მოხდებოდაო? და როცა აპოკალიფსი არა და არ დადგა, შესაძლოა, შვებითაც ამოისუნთქა და თავს პირობა მისცა, რომ აუცილებლად შეასხამს ხორცს იმას, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ გული ყველაზე მეტად სწყდებოდა.

ჰოდა, ახლა ის გავივლოთ, მართლაც, რა მოხდება, ერთხელ ჩვენთანაც რომ მოხვიდე? თუ მართლა მოგვიტან იმ სიმყუდროვეს, ჩუმ სიხარულს და განწყობას, რაზეც ზემოთ ვამბობდი, მეტი ხალისი და სურვილი გვექნება, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვოთ და შობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დავიწყოთ რაიმე ახალი, ნამდვილი და ისეთი, ჩვენც და სხვებსაც ბედნიერებას რომ მოგვიტანს. ისე, რომ აღარ გადავდოთ ისევ და ისევ, როგორც გვჩვევია…

ჰო, შენს მოსვლაზე ფიქრი ბევრად, ბევრად უფრო სასიამოვნოა.

ამიტომ, არ დაგვივიწყო. გელოდებით…

მე და ჯეინმარია


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge