Archive for the 'ორსულობა' Category

დასაწყისის დასაწყისი- მე-9 თვე

ესეც მეცხრე თვე. რა შორს მეგონა და თურმე რა მალე შეძლებია დროს გასვლა.travel

პოსტი დავიწყოთ ციფრებით

მე-9თვე, ნამატი 10 კილო, მუშკეტერის წონა 2.900.

მეშინია? არა. ველოდები, სულმოუთქმელად. ყოველთვის მეგონა ორსულობა ალბათ არ ბეზრდებათ -თქო. კარგია გამორჩეული რომ ხარ, სადაც წახვალ მუდმივად ვიღაც ზრუნავს შენზე, ცდილობენ თავი კომფორტულად იგრძნო და ეს სასიამოვნოა. თუმცა, როცა მუშკეტერი ბრაგა-ბრუგს ატეხს, ყველა ზედმეტი მგონია. სულ მეფიქრება, რომ მარტოა და ჩახუტება, მოფერება სჭირდება. ამიტომაც მეჩქარება, ბოლო თვე ალბათ ყველაზე ნელა გადის.

Advertisements

დასაწყისის დასაწყისი- 25 კვირა. ხილი!!!

შესავლის გარეშე- თუ გადაწყვეტთ, რომ უკვე დროა დედა გახდეთ- შეარჩიეთ ორსულობითვის გაზაფხული ზაფხულის პერიოდი. იმიტომ, რომ უამრავი, უზღვავი რაოდენობის ხილი შემოდის. სხვისი არ ვიცი, მაგრამ სერიოზულად ავკრიფე ამ ხილზე. სეზონის მიხედვით შესაბამისი ფეტიში მაქვს- ალუჩიდან -ალუბალზე,fruit-heart ბლიდან- ატამზე, ვაშლატამიდან -საზამთროზე, ნესვიდან- გარგარზე ….
ტყის ველურივით ვჭამ.
თითო სახეობის თითო ხე რასაც იბამს, ისიც არ მეყოფა. საზამთროს და ნესვის შემთხვევაში ნახევარ ჰექტარს გავქაჩავ 😀
ეს ყველაფერი განა იმიტომ, რომ სასარგებლოა. კი ბატონო არის, მაგრამ სხვა არაფერი მინდა. სულაც არ მინდა ეს თუხთუხა გუფთები და ბორშები, ცხელ-ცხელ ხაჭაპურები და ღვეზელები. მხოლოდ ხილი და ხმის ამომღები არ ვარ 🙂 კარგი, ვაღიარებ ზოგჯერ ლოყებდაბრაწულ აჭარულს გულგრილად ვერ ვუყურებ, მაგრამ ზოგჯერ!
მოკლედ, კვებაზე რადგან წამოვიწყე, ორსულმა წონაზე რომ არ წავიწუწუნო, ისე არ გამოდის.
ზოგადად მეგონა, რომ ორსულ მდგომარეობაში წონის მატებაზე ნორმალური ადამიანი არ უნდა ღელავდეს. ეს ხომ ბუნებრივია და ასეც იქნებოდა. მაგრამ.. მაგრამ!- ის რომ, ველოდებით ბავშვს, არ ნიშნავს რომ ვიკვებოთ ორმაგად. ბავშვი თავად აიღებს იმას, რაც მას განვითარებისთვის სჭირდება. გასაგებია წართმეულ ვიტამინს აღდგენა უნდა, თუმცა ორმაგი დოზები არაა საჭირო. ამის მიუხედავად, მაინც საგრძნობი ნამატი მაქვს. მეექვსე თვე- 25 კვირა და 53-დან ჰოპ, უკვე 60 ვარ 🙂 ზოგადად ნორმაშია, მაგრამ წინ 3 თვეზე მეტი როცაა, მაინც ვღელავ. ისე, არც მშობიარისთვისაა კარგი ზედმეტი გასუქება, არც ბავშვისთვის და არც ფიზიოლოგიურად მიმდინარე პროცესს უხდება დიდად.
eating momხშირად მესმის- ვაიმე შენ ახლა უფრო მეტს უნდა მიირთმევდე! კი მაგრამ, რატომ ხალხო – რატომ. მთავარია ვიკვებოთ ჯანსაღად (შეძლებისდაგვარად, თორემ მეეჭვება ყველა პროდუქტი ბუნებრივად დამწიფებული იყოს) და ზომიერად. ამიტომ, ყურადღებას აღარ ვაქცევ იმას, რომ ზემდეტად მიკრიტიკებენ პორციებს და ჭამის სიხშირეს ( არადა ზუსტად ისევე ვიკვებები, როგორც არაორსულ მდგომარეობაში და მაშინ არავინ წუხდა რატომღაც).
მოკლედ რომ ვთქვა, eat wisely მეგობრებო 🙂

დასაწყისის დასაწყისი- 24 კვირა. სამსახური

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დროა.
კი, მეც მსმენია ეგ ფრაზა და ნამდვილად არ ვაპირებ საწინააღმდეგოს მტკიცებას. ახალი სიცოცხლის შენ სხეულში ზრდა-განვითარება და მისი ამქვეყნად მოვლინება, ნამდვილად ხილული სასწაულია. თუმცა..
როგორც წესი, მომავალი დედების უმეტესობა ამ ამბავს ტესტზე გაბრდღვიალებული 2 ხაზით იგებს და აი იმ წუთიდან, სიხარულთან ერთად ბევრი სხვა საფიქრალიც ჩნდება. დღეს რაზეც მე ვაპირებ საუბარს სამსახურს ეხება- როგორ ვთქვათ სამსახურში.
ჩემ შემთხვევაში- ”როგორ ვთქვა ’’ პრობლემა არ ყოფილა. ბლოგის მკითხველმა იცის რომ საჯარო Pregnancy-Rights-Safety-on-the-Job-articleსამსახურში ვმუშაობ. ჩვენთან არასდროს ყოფილა არცერთ თანამშრომელთან მიმართებით რაიმე სახის გართულება. (კერძო სექტორში, ბევრი მსმენია. მაგრამ, ალბათ სამსახურსაც გააჩნია). გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. 12 კვირამდე ამბავი ჩუმად შევინახე. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა- 12 კვირამდე ე.წ რთული პერიოდია- ორგანიზმი ეჩვევა და ზრდის პატარა არსებას, თუმცა არ იცი ეს როგორ დასრულდება. ამიტომ, ზედმეტი კითხვების თავიდან ასარიდებლად გადავწყვიტე ჩემი პატარას ამბავი რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო საიდუმლოდ. თუმცა, როცა ვთქვი- აღმოჩნდა რომ ამას ყველა ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოკსიკოზი, როგორც ასეთი, არ მქონია და არც უნიტაზი შემყვარებია – ძილიანობამ, უმადობამ და მუდმივად მოთენთილ მდგომარეობაში ყოფნამ უკვალოდ არ ჩაიარა და ეჭვი გასჩენიათ.
12 კვირის შემდეგ, დიდი დრო გავიდა. ახლა 24-ის ვარ. რაც ნიშნავს მე-6 თვეს. ძალიან რომ არ გადავუხვიო თემას, მინდოდა დამეწერა თანამშრომლების დამოკიდებულებაზე- ორსული თანამშრომლის მიმართ.
საგრძნობლად მომაკლდა საქმე. ვამჩნევ რომ გარკვეულ თემებს ”მარიდებენ ”. თუმცა, ხაზს ვუსვამ არასდროს, არცერთ საუბარში არ აღმინიშნავს, რომ რამე არ შემიძლია ან მეზარება/ვერ მოვალ შაბათს/ ვერ დავრჩები 6ის მერე/ ვერ გავალ ოფისს გარეთ.. ეს ერთის მხრივ კარგია- ნაკლებად იტვირთები და სასიამოვნოა როცა შენზე ზრუნავენ, მაგრამ მეორე მხრივ- როცა გინდა იყო სრულფასოვანი თანამშრომელი და ვეღარ გამოგდის, უსარგებლობის შეგრძნება ჩნდება, რბილად რომ ვთქვათ. ჩემი მხრივ მე არაფერი შემიცვლია- ვცხადდები ისევ იმ დროს, როცა საჭიროა. მივდივარ იმაზე გვიან, ვიდრე საჭიროა. ვწერ და ვაკეთებ იმას, რასაც აქამდე. უბრალოდ- დავალებით აღარავინ მავალებს და ლამის ვიფიქრო, რომ აქ მოუსვლელობითაც არაფერი გაფუჭდება. არ მინდა ეს. მინდა მე ჩემი ფუნქციები და ჩემი ”ნიშა”, რომელსაც ვერ დაიკავებს სხვა იმაზე უკეთ- ვიდრე მე შემეძლო. ეს შეგრძნება მენატრება.
ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს ამაზე საუბრის წამოწყება. ეს უკვე არა მეორე პირის- არამედ პირადად ჩემი პრობლემაა. რაც არ მომწონს, იმაზე ხმამაღლა უნდა ვსაუბრობდე და აქ არ უნდა ვწუწუნებდე. მაგრამ, ვერიდები ზედმეტ ემოციებს. ჩემი არსაიდან მოსული ცრემლებიც მყოფნის. მოკლედ, სრული ინერციით მივდივარ. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ არ ვინანებ.

დასაწყისის დასაწყისი- 23 კვირა. ცვლილებები

მეექვსე თვე.
დიდი ორსული მქვია თითქმის.
გარდა იმისა, რომ ჩემ შიგნით ათასნაირი გარდატეხა ხდება – ყველანაირი გაგებით, გარეთაც არანაკლები ქაოსია.
უამრავი ემოცია მაქვს, რომელიც აღარ ვიცი სად წავიღო. მზად ვარ ვიტირო და ვინერვიულო ყველაფერზე.
ჩემი მუშკეტერი, როგორც იქნა შესამჩნევად მოძრაობს. მაშინვე მეცვლება ხოლმე ხასიათი, როცა ამის ფაჩუნს ვიგრძნობ. წარმოვიდგენ, თვალებდახუჭული, თავისთვის მარტო, როგორ შეკრთება ხოლმე და მინდა ჩავეხუტო. მაგრამ, იმაზე მეტად ახლოს ალბათ არასდროს მეყოლება , როგორც ახლა- ჩემში.

ჩვენი პატარა ბუდიდან გადასვლა მოგვიწევს. ერთი ოთახი ორს ყოფნიდა, ახლა ვეღარ დავეტევით. გული მწყდება. კაცმა არ იცის, როდემდე დამერღვევა ეს მარტო ცხოვრების იდილია. მომიწია სხვების აზრები გამეთვალისწინებინა, თორემ აქაც კარგად ვიქნებოდით! ამაზეც ვიტირე, ბევრი ძალიან.
სადღაც რაციონალურმა აზრმაც გაიღვიძა, იქნებ ასე ჯობდეს კიდევაც.
დამხმარე ხელი და ათასი წვრილმანი, რაც ორსულობასაც შეამსუბუქებს ალბათ და შემდგომ პერიოდსაც. მაგრამ, მაინც არ მინდა! ისევ ვიტირებ …
ASpregქაოსია მოკლედ. სამსახურშიც რაღაც ისე ვერ არის.. ან მე ვერ ვარ.
ბედნიერი ვარ, თუმცა ემოციების წვიმაში ვდგავარ. ვხვდები, რომ იმაზე მეტად განვიცდი ყველაფერს, ვიდრე ამას ჩვეულებრივ მდგომარეობაში მივიღებდი. ჩემი ცივი გონება მენატრება.
მშვიდი მელოდია და სადმე დასვენება.

დასაწყისის დასაწყისი-18 კვირა. mom to be?

18 კვირის ხარო თიქერმა. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას რომ მე და ჩემი მუშკეტერი უკვე დიდები ვართ  18 კვირა უკვე მეხუთე თვის დასაწყისია. 18 კვირა კიდევ ექოსკოპიის კვირაც არის. არსებობს ასეთი სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც ორსულები 13 კვირამდე ვერთვებით და გარკვეული გამოკვლევები უფასოდ გვეკუთვნის. ყველა ორსულისთვის საყვარელი გამოკვლევა ექოსკოპიაა, ამიტომ მოუთმენლად ველოდი ამ დღეს და ერთი წუთიც არ გადამიცილებია ისე გავვარდი ექოზე. ამ ვადაზე უკვე ზოგადი განვითარება მოწმდება- ბავშვი უკვე საკმარისად დიდია საიმისოდ რომ მისი ორგანოები ინახოს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემი ხვნაცალა მუშკეტერი ლამის ყირაზე გადადის მუცელში, მე კიდევ ვერაფერს ვგრძნობ ჯერ. თავის პაწია ხელ-ფეხს იღებს, ხტის , ბრუნავს, ჭიპლარით ერთობა…. მოკლედ, არ იწყენს. 
რაც არ უნდა ბევრი ვწერო ორსულობაზე, დედობაზე, ვეფერო ბავშვს – ჩემი ბავშვიც და ჩემი დედობაც ჯერ მხოლოდ აბსტრაქტულია. საოცრად აბსტრაქტული. ჯერ იმიტომ რომ არც მეტყობა გარეგნულად, არც მუცელში იგრძნობა რამე. ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე 😀
მიჭირს იმის აღქმა, რომ ადამიანი მყავს მუცელში, მე ის ადამიანი უნდა გავზარდო, ის ადამიანი ჩემია, ამ kool-kids-tees-future-mom-maternity-t-shirt-in-white_designადამიანს მე ბევრი რამ უნდა ვასწავლო, ბევრი ვინერვიულო, ბევრი უძილო ღამე გავათენო, ჩემი თავი დავუთმო. არა, განა ვერ ვეგუები ან ამის მიღება არ მინდა. პირიქით, სულმოუთქმელად ველი როდის გავა დრო, როდის გამოჩნდება , ხელში დავიჭერ. მაგრამ მეშინია. პასუხისმგებლობის არა. არც ვიცი რა ქვია ამ შიშს. ეხლა ვინმე იფიქრებს, თუ მზად არ იყავი , რას გადადგი ეგ ნაბიჯიო. მემგონი ეგ ის საკითხია, რომლისთვისაც არასდროს იქნები მზად. აი ასე, იცი დღეს 35 წლის ვარ, საკმარისი ვიცხოვრე, კარიერა ავიწყვე, დასახულ მიზნებს მივაღწიე (ნაწილს მაინც) და უკვე მზად ვარ მყავდეს შვილი- არ არსებობს. რასაკვირველია, რაღაც ეტაპი უნდა დაასრულო და ეს ნაბიჯიც მერე უნდა გადადგა, მაგრამ ცალსახად მაინც ვერ იტყვი 22 წლისა უფრო მზად ხარ თუ 32 ის…
ვბოდავ ეხლა 
წავედი რამე კარგ ფილმს ვნახავ, ისეთი ამინდია, კარგ დრამას სიამოვნებით ვუყურებთ მე და ჩემი მუშკეტერი.

დასაწყისის დასაწყისი- 16 კვირა

ბოლო პოსტი 7 კვირაზე დამიწერია. ახლა ვარ 16 კვირის, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე რთული პერიოდი 630-pregnancy-cartoonგავლილია. შევეცდები მოკლედ მოვყვე რა ხდებოდა ამ კვირებში : ). დავიწყებ იმით, რომ ორსულებში იმუნიტეტი ზოგადად ქვეითდება. ეს არის ორგანიზმის დაცვითი მექანიზმი, რომელიც ეგრევე ამუშავდება რომ ე.წ ”უცხო სხეულს”, რომელიც პატარა ემბრიონის სახით ჩამოყალიბდა, თავად ორგანიზმმა არაფერი ავნოს. ამიტომაცაა, რომ ორსულები უფრო ადვილად ინფიცირებიდან ნებისმიერი ვირუსით და უფრო მეტად საფრთხილოცაა. მეტიც, წამლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება და პირველ ტრიმესტრში პარაცეტამოლიც კი განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა დალიო. მეც ვერ ავცდი 8 კვირაზე გაციებას და 40 გრადუს სიცხეებს. 3 დღიანი მაღალი სიცხეები ლამის ისტერიკული ტირილის ფონზე ”მოვიშორე”, ძალიან მეშინოდა რამე გართულება არ მოჰყოლოდა. ამიტომ, მოვმჯობინდი თუ არა ექიმს ვეკვეთე და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად იყო : )
პირველი ტრიმესტრის თითქმის ბოლო, მე-12 კვირა ერთ-ერთი გადამწყვეტი კვირაა. ამ დროს, ორსულობის დადასტურების და გულისცემის მოსმენის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ექოს დრო მოდის. ამ ექოზე ფასდება ნაყოფის ზოგადი განვითარება, იზომება ცხვირს ძგიდე და კისრის ნაოჭი. ეს ორი მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია დაუნის სინდრომის დაავადების გამოვლენისათვის. კისრის ნაოჭის სისქე 3მმ-ზე ქვემოთ კარგი პასუხია, უფრო სქელი კი მხოლოდ ვარაუდის დონეზე გვაძლევს მინიშნებას, რომ შესაძლოა ბავშვს დაავადება ჰქონდეს (თუმცა 100% დადებითი პასუხი არაა, საამისოდ დამატებითი კვლევები დაინიშნება საჭიროების შემთხვევაში). მოკლედ , რაც ეს ამბავი გავიგე 12 კვირას მოუთმენლად ველოდი. აქაც შეგნებულად აღარ ვპოსტავდი. მინდოდა მენახა რომ ყველაფერი კარგად იყო და მხოლოდ მერე გავაგრძელებდი წერას. ექოზე რომ მივედი, ჩემი წერტილი უკვე ადამიანს ჰგავდა : ). თავის პატარა ხელებს იქნევდა და ცურავდა! ეგ კადრი არასდროს დამავიწყდება, ვინანე, რომ დისკზე არ იწერებოდა. მოკლედ, ყველა მაჩვენებელი წესრიგში იყო და ამ ვადაზე სქესიც გაგებაც შეიძლებოდა. ამიტომაც, როგორც კი ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო ეგრევე ვაჯახე კითხვა ექიმს და იმანაც პატარა მუშკეტერიაო : )
მოკლედ ის იყო 12-მა კვირამ გადაიარა და მეგონა ყველა სანერვიულო უკან მოვიტოვე, სისხლიანი გამონადენი დამეწყო. რაც ზოგადად არ ნიშნავს არაფერს კარგს. საბედნიეროდ, ექიმთან ვიზიტმა ამ შემთხვევაშიც კარგად ჩაიარა და ეს გამონადენიც ტონუსს დაბრალდა.
ასე თუ ისე, მოვჩანჩალდი 16 კვირამდე : ) საბედნიეროდ ავცდი ტოქსიკოზს, მხოლოდ საშინელი უმადობით შემოვიფარგლე და უბრალოდ ძალით ვჭამდი, არ მშიოდა. 13 კვირის მერე ამანაც ნელ-ნელა გაიარა. ამ ეტაპზე გრამი მატება არ მაქვს. ჩემი მუცელიც ისვ ისეთია როგორიც აქამდე- მეოთხე თვეში ვარ და არაფერი მეტყობა, ბავშვის მოძრაობაც ჯერ ადრეა. ამიტომ, ზოგჯერ ფიქრები შემომიტევს, რომ რაღაც ისე არაა, მაგრამ მერე ვწყნარდები. როგორც ჩანს, ორსულობის სინდრომია ეგ : )
ახლა მგონია რომ ყველა სანერვიულო ჩავლილია და უკვე განვაახლებ წერას 🙂
მომავალ პოსტამდე
pregnant-women-cartoon-wallpaper-010

დასაწყისის დასაწყისი- 7 კვირა

კალენდარი უკვე 7 კვირას გვიჩვენებს. მე ჯერ ისევ ეიფორიაში ვარ და ვერ გამირკვევია ჩემ თავს რა ხდება 284-Mom-To-Be : ) . თეორიულად ვიცი, რომ უზარმაზარი გარდატეხის პერიოდი მაქვს და ჩემი ცხოვრება გაიყოფა ორად- ’’ბავშვის გაჩენამდე’’ და ’’ბავშვის გაჩენის’’ შემდეგ. 7 კვირის ორსული- თითქოს ბევრია. თითქმის 2 თვის მეთქმის. გარეგნულად ზუსტად ისევე ვარ როგორც თიქერი აჩვენებს მარჯვენა კუთხეში- არაფერი მემჩნევა. ახალი ამბავი ჩემი ბიჭის მეტმა ჯერ არავინ იცის, არც ვიცით ვის ან რას ვუნახავთ : ). ალბათ უფრო სხვა ფორმას მივცემ ”გამჟღავნებას” : ).
ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მქონდეს იმაზე თუ რა ხდება და ეხლა რა სტადიაშია ის წერტილი, ცოტახანში ბავშვი რომ უნდა დაერქვას.

” თქვენი პატარა გაზრდას იწყებს,ის ახლა მხოლოდ ბრინჯის მარცვლის ოდენა, მააგრამ ჩანასახის ტვინი გაანაგრძობს ზრდას.”

ბუნება საოცარი რამაა, ეს ისედაც ხომ ვიცით. სასწაულია, საიდან ”იცის” ჩემმა ორგანიზმმა როდის , რა , როგორ გააკეთოს რომ ახალი სიცოცხლე გამოზარდოს და გარემოსთან შესახვედრად მოამზადოს. ფანტასტიკის სფეროა თითქოს. მე სასწაულების და ღმერთის მჯერა და ახლა მითუმეტეს, ჩემ შიგნით ნამდვილი სასწაული ხდება 🙂
რაც შეეხება ”დედიკოს”, კარგად ვარ. ის ”წყეული” ტოქსიკოზი ჯერ არსად ჩანს. არც ”ორის მაგიერ” მშია ჯერ-ჯერობით, უფრო პირიქით მადის დაქვეითებას ვუჩივი. თითქოს საჭმელს ის გემო აღარ აქვს… არც კი მშივდება და ვჭამ იმიტომ, რომ სადმე არ წავიქცე. ძილიანობა კვლავ ჩემ გვერდითაა და ლამის ბალიშით ვიარო. ვითხოვ დეკრეტს, ორსულობის გაგების პირველივე დღიდან! : )) საჭიროა, ვახ!
ჩემ თავს ვეძახი აბსტრაქტულ ორსულს. ჯერ მხოლოდ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობ. განსაკუთრებით არც კვების რაციონი შემიცვლია, არც დღის რეჟიმი. მინდა ვიკითხო და მუსიკას ვუსმინო, გსმენიათ ალბათ კარგიაო- მაგრამ ჯერ მეეჭვება ტვინის ფორმირებით დაკავებული ჩემი წერტილი ამისგან სიამოვნებას იღებდეს. ცოტა მოიზარდოს, ამასაც ვიზამ. იმედია :დ
ვკითხულობ ათას ინფორმაციას, ვუყურებ ათას ვიდეოს და მოკლედ გამყავს ნელ-ნელა დრო, სამსახურთან ერთად რასაკვირველია 🙂
მომდევნო პოსტამდე!


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge