Archive for the 'მოგზაურობა' Category

Paris…

“პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.” რემარკი

ვიცი, ვიცი. პარიზში სულ ერთი weekend გავატარე, ’’არაფრის’’ საკეთებლად არ მეცალა. მაგრამ პარიზი, როგორ გითხრათ- პარიზი ღვთაებრივია. წასვლა სპონტანურად გადაწყდა, არ დამიგეგმავს. აი ასე ავდექით, მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ და მორჩა. პარიზი ფერებად მახსოვს- ძალიან რბილ პასტელის ფერებად.
რემარკის ციტატით დავიწყე, იქაც პირველი რაც ვნახე ტრიუმფალური თაღი იყო. განგებ დავამთხვიე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მისი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. საფიქრალადაც არ მქონია ბევრი დრო, მაგრამ თითქოს სურათებად ვხედავდი, როგორ შეხვდა რავიკი გაფითრებულ ჟოან მადუს, ღამით.
DSCN8632
პარიზს კიდევ გემოც აქვს. შოკოლადის კრეპის გემო. აი იმ კრეპის, ეიფელის კოშკის ქვეშ რომ იყიდება. ლამაზია ეიფელი. თუმცა არ გირჩევთ მასზე ასვლას, ამ შემთხვევაში თქვენ ადიხართ მთავარ სამკაულზე, რომელიც უნდა ნახოთ, ასე კი არ ჩანს.
DSCN8730
ის, რასაც გირჩევთ – წამოწექით იმ მწვანე ბალახზე ეიფელის წინ რომაა და უყურეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეულობით ციმციმა ნათურა აბრიალდება. საყვარელი ადამიანი თუ გყავთ გვერდით, ამ დროს რომ ხელი ჩასჭიდოთ და ყველაზე რომანტიკული კოცნა აჩუქოთ ერთმანეთს, კიდევ უკეთესი. მე ეს სანელებელი მაკლდა მხოლოდ.
DSCN8751
პირველი დღე სენაზე გასეირნებით დასრულდა. საათზე მეტი ვიცურეთ ტურისტების გემით და სენის ნაპირებზე ჩამწკრივებული ლამაზი შენობებით ვტკბებოდით. ხიდები, მხიარული პარიზელები ნაპირებიდან რომ ხელს გვიქნევდნენ, სიყვარულის ხიდი უამრავი ბოქლომით, ჩამავალი მზის სხივები და ჩემი ეიფელის კოშკი- დღის საუკეთესო დასასრული.

mein Tag

დღეს გადავწყვიტე ისეთი პოსტი დავწერო, სკოლებში რომ გვავავლებდნენ- როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგების ტიპის. ხოდა, ახლა ვწერ როგორ ვატარებ აქ ჩემ ერთ ტიპურ დღეს.
ჩემი გერმანული დღე, დილის 06:30-ზე იწყება. უფრო სწორად, ჩემ მაღვიძარას ასე უნდა, მე 7-ზე ვიწყებ. ზუსტად ერთი საათი მაქვს სახლიდან გასვლამდე და ერთი წუთიც თუ გადავაცილე, ვერ მივუსწრებ მატარებელს, მომდევნო კი 45 წუთში მოვა… ამ 1 საათში სავალდებულოა (!) მოვასწრო: წყლის გადავლება, ჩაცმა (ეს რთული ამოცანაა, რა ჩავიცვა მკ`ლ´ავს), საწოლის გასწორება, ჭამა და სამსახურისთვის ბუტერბროდის მომზადება. აიპოდი,ფოტო-აპარატი, ველოსიპედი, პატარა ჩანთა და წინ მატარებლისკენ. 08:12-ზე შევდივართ პირველ, ან ბოლო ვაგონში (სპეციალურად ველოსიპედიანებისთვის) და შემიძლია მომდევნო 22 წუთი მუსიკას და დილის განწყობას დავუთმო.
მას შემდეგ, რაც წარმატებით გადავგორდები 2 ქუჩაზე სადგურიდან სამსახურამდე, 08:45-ზე უკვე ჩართულ კომპიუტერთან ვარ გამოჭიმული. მომდევნო 6 საათი მოსაწყენია. სქელტანიანი წიგნები, ფურცვლა, ბეჭდვა. საბედნიეროდ, დღის 3 საათი მალე მოდის ხოლმე (ჩემ თანამეოთახე მარკუსს ალბათ უკვე ეცოდინება რას მოასაწავებს ჩემი ღიღინი და ღიმილი 14:55-ზე). მე, საერთოდ, პატივს ვცემ სხვის ტრადიციებს და ძალიან პუნქტუალურად (ამათ ხომ უყვართ სიზუსტე), ზუსტად 3 საათზე ვდგები და მთელ ენერგიას ვდებ იმაში, რომ რაც შეიძლება სერიოზული სახით წარმოვთქვა ´´აუფიდერზენ´´- და კარი გამოვიხურო.
როგორც იქნა დგება დღის ის ნაწილი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი ნავიგაციის აპლიკაცია ძალიან მეხმარება მალე ვიპოვო must see ადგილები და ველოსიპედის მარშრუტები.ვცდილობ ყოველდღე სხვადასხვა ადგილას წავიდე, თუმცა საყვარელი ადგილებიც უკვე მაქვს და იქაც აუცილებლად გამოვივლი ხოლმე.
1.jpg

2.jpg

3.jpg

4.jpg

5.jpg

6.jpg

ველოსიპედს უხდება კაბა

ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როცა ველისიპედის მართვას ვსწავლობდი. ჩემ მეზობელ ალეკოს დესნა ყავდა, მე მაშინ 13 წლის ვიყავი. ალეკო რომ დესნას გამოიყვანდა, მეც იქვე მივეტუზებოდი ხოლმე. როცა ჩვენ ქუჩას 2 წრეს მოარტყამდა, მეც უკვე აღარ მერიდებოდა ცოტახნით ეთხოვებინა დესნა. მახსოვს ბევრჯერ გადატყავებული მუხლი და იდაყვები, მახსოვს ჩემი დაღლილობისგან აწითლებული სახე, მახსოვს როგორ მიხაროდა ყოველი სწორად და მარცხის გარეშე განვლილი მეტრი. მერე სახლში გავრბოდი და მამას ვუყვებოდი ჩემი პროგრესის ამბებს. ჰოდა, მამამ ბევრი მისმინა თუ ცოტა, ერთ კვირა დღეს სიჩქარეებიანი ველოსიპედი მომიტანა.
ვიღას ახსოვდა ალეკოს დესნა, როცა ჩემ ველიკას ხელის მუხრუჭი და 24 სიჩქარე ჰქონდა. ჰოდა, გამოვიყვანდი უბანში და თავი ვარსკვლავი მეგონა. იმ ზაფხულს მე და ჩემი ველო ქუჩაზე ყველაზე პოპულარულები გავხდით. უბნის ყველა გოგო და ბიჭი მოდიოდა და მთხოვდა დამესვა. მეც მხოლოდ ერთი წრის ნებას ვაძლევდი და იმასაც მკაცრად ვაკონტროლებდი. მეორე ზაფხულს, ჩემმა ველომ პოპულარობა დაკარგა, იმიტომ რომ 14 წლის გავხდი (დიდი ვიყავი უკვე) , დიდად აღარ მაინტერესებდა და თან სხვებმაც იყიდეს…ამის შემდეგ ჩემი ველიკა სხვენში გადაბარგდა.
წლების შემდეგ ჩემი და ველიკას reunion ზღვაზე შედგა. და მეც ვაქროლებდი ბულვარზე საათში 2 ლარად ნაქირავებ ველიკას´და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
ისევ გავიდა წლები და აგერ გერმანიის ქუჩებში მიწევს ქროლვა და ღმერთმანი, მე მგონი დავბერდი… ნამეტანი გამიჭირდა პედლების ტრიალი, ფეხები დამეღალა, დამცხა და კომფორტული მანქანის სალონი ვინატრე. მე შენ გეტყვი pin-up-bike.jpgმაკლია ეხლა ფერარი და მუსტანგი… წითელზე გაჩერებულს რომ ამომიდგებიან ხოლმე…ეს მხოლოდ პირველ დღეს.
1 თვის შემდეგ, ველოსიპედს სხვა რომანტიკა აქვს 🙂 განსაკუთრებით თუ ყურში მუსიკა გესმის, ახალგათენებულზე სუსტი მზე დაგყურებს და ღიღინებ…სუსტი ქარი ატმისფერ კაბას გიფრიალებს და ატმისფერივე ლენტით გაბანტულ თმებს გიშლის…
სულ ვამბობდი, ველოსიპედს უხდება კაბა.

მცივა

მცივა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მცივა, იმიტომ რომ გარეთ ქარიშხალია და საშინელი წვიმა. მე კიდევ ცხელი ჩაი და ტკბილი მაფინი მინდა, მაგრამ არ მაქვს.

კიდევ, მცივა იმიტომ, რომ ძალიან, არაადამიანურად, არაადეკვატურად, ანგარიშმიუცემლად, ტკივილამდე, ყვირილამდე მენატრება. მისი ცხელი ტუჩები და ტკბილი კოცნა მინდა, მაგრამ არ მაქვს და არც მექნება კიდევ რამდენიმე კვირა…

თვეს შეგნებულად არ ვიტყვი.

I wish…

უკვე სამი კვირაა გერმანიაში ვარ. არ ვისაუბებ იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვარიანად უკან ვართ და ა.შ. არ მიყვარს ასეთი საუბრები. მხოლოდ იმას ჩამოვთვლი, რა მომწონს აქ და ვისურვებდი მქონდეს საქართველოში:
1.პუნქტუალურობა- გერმანელების ამ ოქროს თვისებაზე, ლამის ლეგენდები დადის, მაგრამ სულ სხვაა როცა ამაში თავად დარწმუნდები. 11-ზე დანიშნული შეხვედრა ერთ წამსაც არ დაიგვიანებს და ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც წიანსაწრ იყო დათქმული. იგივე ითქმის, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაზეც- სტუმარი ზუსტად მაშინ მოცა, როცა დაიბარე და არცერთი წუთით გვიან ან ადრე…
2.მოწესრიგებული მოძრაობა-ტრანსპორტი, საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. ალბათ, არცერთი ჩვენგანისთვის არაა უცხო გზაზე გადასვლილსას თვალების ცეცება და სიფრთხილე. ზოგჯერ ქვეითებიც ვცოდავთ და მიწისზედა/ქვეშა გადასასვლელებს არ ვიყენებთ და მთლიანობაში, ყველანი ვქმნით ქაოსს. ალბათ ძალიან გამიჭირდება, პირველი 1 კვირა თბილისში, როცა წითელი თავის ფუნქციას დაკარგავს და ´´ზებრა´´ გადასასვლელი პრიორიტეტს აღარ მომანიჭებს.
3.კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი- მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ თავის დროზე უმარავი თანხა დახარჯა ყვითელი ავტობუსების შესაძენად და 2 შემადგენლობა მატარებლის ვაგონების გასარემონტებლად,, საზ.ტრანსპორტი ჩვენში მაინც პრობლემად რჩება. საშინელი სუნი (აქ მერია ვერაფერს გახდება) და მუხრუჭების ხრჭიალი მცირე ჩამონათვალია. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ალბათ ისაა, რომ ერთი ნომერი ავტობუსი დანიშნულების ადგილამდე იშვიათად თუ მიგიყვანს და გჭირდება ´´გადაჯდომა´´. მეტრო გადაადგილების ყველაზე გრილი, სწრაფი და უსაფრთხო საშუალებაა. თბილისშიც და აქაც, მეტრო ყველაზე მისაღები ტრანსპორტია ჩემთვის. მთავარი რაც აქაურ მეტროს თბილისურისგან განასხვავებს არის კომფორტი, მოწესრიგებული ვაგონები და წინასწარ განსაზღვრული განრიგი (ეს უკანასკნელი ყველა საზ.ტრანსპორტს აქვს).
4.ველოსიპედი- ეს ყველაზე სასიამოვნო სურვილია. გარდა იმისა, რომ ველოსპიედი ჯანსაღი ტრანსპორტია და ჰაერს არ აბინძურებს, გადასარევად გვეხმარება ცხოვრების ´´ჯდომით´´ წესს არ ავყვეთ და ცოტა გავივარჯიშოთ. განსაკუთრებით მომწონს მოკლე ქვედაბოლოებსა და ჰალსტუხებში, საოფისედ გამოწყობილი გერმანელები ველოსპიედებით რომ მიიჩქარიან. ჩემდა სამწუხაროდ, სამსახურამდე ეს ტრანსპორტი დიდად არ მარგია, მაგრამ საღამოს სასეირნოდ კარგი საშუალებაა. სულ რაღაც 30 ევროს გადახდა დამჭირდა ქირისთვის და ველოსპიედი 2 თვით ჩემია.
5. სტუდენტური ფასდაკლებები- ბოლო დროს, ჩვენთანაც დაიწყო სტუდენტური ფასდაკლებების შემოთავაზება ზოგიერთ მომსახურებაზე. ეს პუნქტი, უფრო იმას ეხება, რომ მსგავსი ფასდაკლება გაცილებით მეტი და უფრო სოლიდური იყოს. სტუდბილეთი, ფაქტობრივად ჯადოსნური ბარათია, რომელიც მომენტალურად, 2/3-ით გიმცირებს ყველა ატრაქციონზე/მუზეუმში/ტრანსპორტში თუ ტურისტულ გასართობზე ბილეთის ფასს.
ჯერ ეს იყოს, დანარჩენ სურვილებზე ცოტა მოგვიანებით დავპოსტავ, ახლა რამდენიმე ფოტო.
3.jpg

5.jpg

4.jpg

2.jpg

1

ჩემი სახლი

დრო არნახულად სწრაფად გადის. ეს ჩემი მოგზაურობა წინასწარ დაგეგმილი და ცნობილი იყო, ჯერ კიდევ 2 წლის წინ. მაშინ ყველაფერი ძალიან შორეულად მეჩვენებოდა, ახლა კი აღმოვაჩინე რომ მხოლოდ 2 კვირა დარჩა. ყველანაირი სამზადისი, რაც მოგზაურობის ფორმალურ მხარეს ეხება – საბუთები, ვიზა, ბილეთი მოგვარებულია. ერთადერთი საზრუნავიღა დამრჩა- მოვძებნო ლამაზი, მყუდრო ბინა სადაც იმ რამოდენიმე თვეს გავატარებ. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება, ვინაიდან საკმარისი სითამამე არ აღმომაჩნდა და არც სხვა პირობებმა შემწიყო ხელი, მარტო არასდროს მიცხოვრია და არც მომავალში ვგეგმავ. სამაგიეროდ, ეს ჩემი სურვილი სულ ცოტათი მაინც ამისრულდება და დამოუკიდებლად ცხოვრების რამოდენიმე თვე ჩემ ცხოვრებაშიც იქნება.  ამიტომაც, ყველაზე მეტს სწორედ ბინაზე ვნერვიულობ.

ძალიან მინდა ის პატარა და მყუდრო იყოს, სადმე მშვიდ გარეუბანში, ლამაზი ხედით. კიდევ პატარა სამზარეულოც მინდა, გემრიელი ღვეზელების გამოსაცხობად. მერე იმ ღვეზელებს ჩანთაში ჩავიწყობ და თუ გინდათ, მთელ კონტინენტს მოვივლი ფეხით. მერე, როცა სიარულით დავიღლები, სახლში მოსული კომპიუტერს ჩავრთავ და ჩემ ბიჭს დავურეკავ. ყველაფერს მოვუყვები რაც ვნახე, ყველა კუთხეს გადავუღებ ფოტოს და მას გავუგზავნი. იმ ფოტოებზე ისიც იქნება, იმიტომ რომ მე მხოლოდ მისთვის გადავიღებ.  კიდევ, როცა სახლში საოცრად დაღლილი დავბრუნდები, მინდა ზუსტად ისე ვიცეკვო, როგორც კატალეა ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ ფილმში, ჩემთვის ყველაზე სექსუალურ მუსიკაზე…

მე მიყვარს მარტო ჩემი სახლი. აუცილებლად გიპოვი, თუნდაც სულ რამდენიმე თვით.

ანონსი

ძალიან მიხარია ხოლმე, ბლოგზე რომ შემოვდივარ და მაინც მხვდება ”ნახვები”, იმის მიუხედავად რომ 2013 წელს აქაურობა ახალი პოსტებით ვერ დაიკვეხნის.  დავაკვირდი და მივხვდი, რომ მაქვს პერიოდები როცა ძალიან მინდა ვწერო და პირიქით, როცა არავითარი სურვილი არ მაქვს დაპირებული პოსტები მაინც გამოვაქვეყნო. თან, ვერ ვიტყვი რომ ეს დრო ჩემ ხასიათსა და განწყობაზე იყოს  დამოკიდებული.  ანუ, ზოგი მაშინ წერს უფრო მეტად და უკეთ როცა უჭირს და ემოციის გადმოცემა სურს, ზოგი პირიქით. ჩემთვის უფრო ისაა, მაქვს თუ არა სათქმელი, ან ხმამაღლა სათქმელი.

ეს პოსტი მინდა შესავალი გახდეს აქტიურად წერისათვის, ვინაიდან სათქმელი მაქვს. თანაც არც ისე ცოტა და კიდევ პოზიტიური J

ამ ბლოგის სულ სულ პირველ მკითხველებს, ემახსოვრებათ პოსტების სერია, europa_mobile-alle-1რომელსაც ჩემი დღიურიდან ვწერდი. იმ დღიურში კი პოლონეთში და ავსტრიაში მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერები და ემოციები იყო. ახლაც მსგავსი პოსტები უნდა ვწერო, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ წყარო იქნება არა დღიური, არამედ ჩემი რეალური ლოკაცია. რამდენიმე თვით ევროპაში გადავსახლდები. ძირითადი დანიშნულების ადგილი გერმანიაა, ბევრი სხვა ქვეყნის მონახულების პერსპექტივით.

თავში უამრავი იდეა და ”პროექტი’’ მიტრიალებს ჯეინ-მარიასთან დაკავშირებით და იმედია ჩემი ”მინდა/არმინდა” არ მაჯობებს. ახლა ყველაზე ამაღელვებელ სამზადისში ვარ. ველოდები ჩემ მეორე შენგენს, ვჯავშნი ბილეთებს და ვაგვარებ სხვა წვრილმანებს.

მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო!


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge