Archive for the 'კულინარია' Category

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III)

გულთბილი შაბათური და ინგლისური სალამი 🙂 ვაგრძელებ ჩაის საღამოებს, პირდაპირი გაგებით და გიამბობთ ინგლისური ჩაის ისტორიას. დღეს ამ სერიის მესამე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ, აქ კი შეგიძლიათ იხილოთ პირველი და მეორე ნაწილები. მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი ის დრო გახლავთ, როცა ჩაის სმის ტრადიცია ინგლისში

სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. თავდაპირველად ფინჯანი ჩაი ძვირი სიამოვნება გახლდათ მაღალი სავაჭრო გადასახადის გამო, უფრო მეტიც- რიგით ინგლისელს ჭიქა არომატული სასმელი შეიძლება სამი კვირის მუშაობის გასამრჯელოდ დაჯდომოდა. თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა, როცა მაშინდელი პრემიერის – უილიამ პიტის განკარგულებით მთელ რიგ პროდუქტზე სავაჭრო გადასახადის ნიშნული გვარიანად შემცირდა. ამის გამო ჩაის შეძენა გაცილებით ხელმისაწვდომი და მისი მირთმევა კი უფრო პოპულარული გახდა. ძველი საარქივო მონაცემების მიხედვით, ოფიციალურად ინგლისში წლის მანძილზე 5 მილიონი ფუტი ჩაი შემოდიოდა ინდოეთიდან, არალეგალური გზით კი თითქმის ორჯერ მეტი. ამ ციფრებით თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად შეიყვარა ინგლისმა ჩაი. მანამ სანამ სასმელი ასე თუ ისე ხელმისაწვდომი გახდებოდა, ინგლისელთა საშუალო ფენა მაინც ნახულობდა გზას არომატული ჩაის სიამოვნება არ მოეკლო, საამისოდ უკვე გამოყენებულ ჩაის ფოთლებს მოცვისა და კუნელის ფოთლებთან ერთად ამუშავებდნენ და აშრობდნენ. ამ გზით მომზადებული სასმელი მართალია ნამდვილი ჩაივით გემრიელი არ იყო, თუმცა სასიამოვნო არომატი ჰქონდა. კარგა ხანს ჩაი, სიმდიდრის, სტატუსისა და კარგი მანერების საზომად მიიჩნეოდა. წარმოდუგენლად ამაყი იყო ოჯახის დიასახლისი, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა ჩაის განჯინის გასაღებს მსახურთა გრძელი ხელებისგან და ჰქონდა პატივი საკუთარ სახლში ჩაით გამასპინძლებოდა სტუმრებს ვერცხლის ჭურჭლით. საზოგადოების მაღალი ფენა, კიდევ უფრო შორს წავიდა და სახლების გადაკეთებას მიჰყო ხელი, რათა გამოეყოთ ცალკე ოთახი სპეციალურად ჩაის მირთმევისათვის. ქალაქებში საჩაიეებიც მომრავლდა და ინგლისმა სამუდამოდ დაიმკვიდრა „ჩაის მოყვარული ერის“ სახელი. მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდრული საჩაიე შეგვიძლია სან-სუსის მიდამოებში ვნახოთ, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში ფრიდრიხ დიდის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს გახლავთ როკოკოს სტილისა და ჩინური დეკორის ულამაზესი შერწყმა, რომელიც პალმებისა და ჩაის ბუჩქების ფონზე ეგზოტიკურ გარემოს ქმნის.

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაი უკვე გავრცელებული იყო მთელ ინგლისში. ფრანგი ჰერცოგი დე ლაროშფუკი თავის ჩანაწერებში წერდა : „ მთელი ინგლისი სვამს ჩაის, უღარიბესი გლეხიც კი დღეში ორჯერ მიირთმევს მას, ისევე როგორც მდიდრები.“ შეიძლება ღარიბ ინგლისელს არ მიეცა იმის საშუალება სადმე აღეწერა მისი სიყვარული ჩაის მიმართ, მაგრამ ცნობილი ლეკსიკოგრაფი სემუელ ჯონსონი თავის თავს ‘’გამოუსწორებელ და უსირცხვილო ‘’ჩაიმსმელად’’ მოიხსენიებდა , რაც კარგად გვიხატავს რიგითი ინგლისელის დამოკიდებულებას მათი ახალი გატაცების მიმართ.

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი II )

წინა პოსტში ჩაის, როგორც სასმელის წარმოშობასა და მის გავრცელებაზე ვსაუბრობდი. ახლა დროა იმაზე ვისაუბროთ რა მოხდა მას შემდეგ რაც ეს მაგიური სასმელი ინგლისში მოხვდა, თან არ დაგავიწყდეთ ჩემი რეცეპტით მომზადებული ჩაის მირთმევა გემრიელი ნამცხვრითურთ. : )

ჩაი, ინგლისელებმა ძალიან მალე შეიყვარეს. ის სოციალური და კულტურული ცხოვრების ნაწილად იქცა, ჩაის სმის კულტურა კი ბევრს გვიამბობს თავად ინგლისელებსა და მათ ტრადიციებზე.  მან გავლენა იქონია მათი ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული მოდიდან დასრულებული მებაღეობით. მეტიც, ჯინის ჩაით ჩანაცვლებამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდაზეც იმოქმედა, თავად უინსტონ ჩერჩილი კი თვლიდა რომ ამ გემრიელმა სასმელმა დიდი დახმარება გაუწია გერმანიის დამარცხებასა და ჯარისკაცების საბრძოლო სულიკვეთების ამაღლებაში… დროსთან ერთად, ჩაის მირთმევა ცხოვრების სტილად  იქცა – „ ფინჯანი ჩაი“ ესთეტურ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მისი პოპულარობა რასაკვირველია სასიამოვნო არომატმა განაპირობა, მალე ხალხმა მას მედიკამენტური თვისებებიც მიაწერა, აღწერდნენ როგორ შველოდა ცხელი ჩაი გაციებისა და სისუსტის ჟამს. აი რა ეწერა ჩაის ყველაზე პირველ რეკლამაში, რომელიც 1658 წლის 30 სექტემბრის გაზეთში გამოქვეყნდა ლონდონში

„ჩინური სასმელი, ჩინელებისგან წოდებული როგორც -ჩა, ატარებს გასაოცარ თვისებებს და აღიარებულია წამყვანი ექიმების მიერ. მისი შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში  Sultaness-head“.

ჩაის შესახებ მნიშნელოვანი დოკუმენტი 1650-იანი წლების ბოლოს თომას გარავეიმ გამოსცა, რომელიც ლონდონში ჩაისა და ყავის მაღაზიის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახლდათ. ავტორი აღწერდა რომ ჩაის შეუძლია თავისა და მუცლის ტკივილებისგან განკურნება, ასევე მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება.“

თავდაპირველად ინგლისელებს ჩაის მირთმევა ისეთ კაფეებში შეეძლოთ, რომელიც სპეციალურად ყავისთვის გაიხსნა. ეს იმიტომ რომ ყავის იმპორტი ბევრად ადრე მოხდა ინგლისში, ვიდრე ჩაისა.მეპატრონეები ხალხს ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე ეპატიჟებოდნენ, აქვე შეეძლოთ ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება და მეგობრებთან ერთად სასიმოვნო დროის გატარება. ფინჯან ჩაიზე კაფეში შეხვედრა მალევე გახდა პოპულარული ვაჭრებსა და მაშინდელ მაღალ ფენას შორის საქმიანი შეხვედრებისათვის, ასევე აქ  ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები, მწერლები, მეცნიერები და ერთმანეთს სიახლეებს უზიარებდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ცნობილი ინგლისური ჯენტლმენური კლუბები- არც მათ დარჩენიათ შეუმჩნეველი ფინჯან ჩაისთან სასიამოვნო საუბრის შესაძლებლობა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ არომატულ სასმელს ძველ დროში იმდენად ცუდად ამზადებნენ, რომ კითხვა ჩნდება: საერთოდ როგორ სვამდნენ ან რატომ გახდა ასეთი პოპულარული. თურმე, ნუ იტყვით და ჩაის ნაყენის მთელი დღის მარაგს წინასწარ ადუღებდნენ და მირთმევისას უბრალოდ ათბობდნენ, თუმცა საბედნიეროდ XVII საუკუნის ბოლოდან მისი ამ ფორმით მომზადება დავიწყებას მიეცა და ჩაის ფოთლების მშრალად შენახვა დაიწყეს, სპეციალურად მირთმევის წინ დასაყენებლად.

პ.ს დღეისათვის სულ ეს იყო, ჩაის ისტორიის გაგრძლებას მომავალ შაბათს შემოგთავაზებთ.

სასიამოვნი შბათ-კვირას გისურვებთ!

თქვენი, აწ უკვე ჯეინი 🙂

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილიI)

2 737 წელს ჩვენ ერამდე, შორეული ჩინეთის ტერიტორიაზე ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად შენ ნუნგი- მცენარეების დიდი მცოდნე და მოყვარული,თან არც მეტი არც ნაკლები ჩინეთის იმპერატორი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვეული საქმიანობით იყო გართული, ქარის მოტანილი მწვანე ფოთოლი შემთხვევით ჩავარდა მდუღარე წყალში. ამ ჩვენ იმპერატორს იმდენად მოსწონებია არომატულ სასმელად ქცეული სითხე, გადაწყვიტა ეს ამბავი ხალხისთვისაც ეამბნა. ასე დაიბადა მაგიური სასმელი- ჩაი.

რაც დრო გადიოდა მისი მომზადების ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო მეტად იხვეწებოდა. მარტო ის რად ღირს რომ ჩინეთში ამ შესანიშნავ სასმელს 2 სქელტანიანი სახელმძღვანელო მიუძღვნეს- „ტრაქტატი ჩაის შესახებ“ და „ჩაი ცინ“- სადაც მას აღწერდნენ როგორც მითიურ სასმელს, აქვე დეტალურად იყო აღწერილი მისი მომზადების 25-მდე განსხვავებული ხერხი, ჩაის სმის ეტიკეტი და მის მისართმევად შესაფერისი ჭურჭელი.

ჩაის წარმოებამ ჩინეთში სათავე დაუდო მის დანარჩენ მსოფლიოში გავრცელებას. თავდაპირველად სასმელმა აღმოსავლეთის ქვეყნები მოიცვა , ევროპამდე მისასვლელად კი საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუხდა.  საერთაშორისო ვაჭრობა მაშინ არც ისე ნაცნობი ხილი იყო, ამ საქმეში შეუცვლელები გახლდნენ მოგზაურები, რომლებიც ხშირად ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული და სწორედ ასე აღმოჩნდა ჩაი ინგლისში. ეს მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა. არომატულმა სასმელმა იმდენად აღაფრთოვანა ინგლისელები , რომ თავად დაიწყეს ჩაის იმპორტი ინდოეთიდან. ინგლისამდე მისასვლელად ჩაის 12 დან 16 თვემდე სჭირდებოდა, სამაგიეროდ ამდენი დრო არ დასჭირვებია ჩაის სმის ტრადიციად ქცევას და ისტორიაც აქედან იწყება.

პ.ს , რომელიც პოსტის შესავალი უნდა ყოფილიყო:

ინგლისთან ჩაის ხსენება სულაც არაა საკვირველი, მითუმეტეს რომ ბლოგის ამ განყოფილების სახელიც სწორედ ამ უგემრიელეს სასმელთანაა კავშირში და პირადად მე დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამ პოსტსაც სამამულო ჩაის ფონზე ვწერ მეგობრებო და დიდი იმედი მაქვს საინტერესო მოგაზურობაში წაგიყვანთ, იმიტომ რომ ჩაიზე, ინგლისზე და მისი მირთმევის ტრადიციაზე კიდევ რამდენიმე პოსტი იქნება.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

ძიტი

   საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი მაქვს, უფრო სწორად სტანდარტული, 6 კაციანი 🙂 სამი თაობა სრული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილნი და გენდერიც 3/3-ზეა. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ რომ სახლის საქმეებს ბებია და დედა ინაწილებენ, მე ათასში ერთხელ გამომიჩენენ რაიმეს, ჩემს მოვალეობებში მხოლოდ ”ქვემოთ ჩადი ეს და ეს ამოიტანე”, ”მტვერი გადაწმინდე”, ” მაღაზიიდან ეს მოიტანე” და ა.შ-შედის. იშვიათად სადილის მომზადებსაც ვიღებ საკუთარ თავზე და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ ”გემრიელი ხელი” მაქვს. ყოველშემთხვევაში მე ძალიან მომწონს 🙂 ქებასაც ვიმსახურებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ოჯახი სადილით მე უზრუნველვყავი და აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:
ვამზადებთ იტალიურ კერძს-ძიტი.
საჭირო მასალა 6 ადამიანზე:
1. 5 ცალი საშუალო ზომის სოსისი.
2. 5 ცალი მოხარშული კვერცხი
3. 4 ცალი პამიდორი
4. მწვანე ბარდის კონსერვი
5. 400 გრ მაკარონი
6. 1 ჭიქა წითელი ღვინო
7. 300-350 გრ ყველი
მარილი და პილპილი გემოვნებით
სანამ უშუალოდ საქმეზე გადავიდოდი წინასწარ, ცალკე ქვაბებში რა თქმა უნდა, დავიწყე მარილიანი წყლის ადუღება მაკარონისთვის და 5 კვერცხის ხარშვა. შემდეგ კი
1.

 სოსისი  დავჭერი პატარა კუბიკებად

2. დავყარე წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე. სანამ იბრაწებოდა პამიდორი პატარა კუბიკებად დავჭერი და დაახლოებით ასეთი მასა მივიღე (ცოცხალი პამიდორი არ გამომიყენებია, ჩემს შემთხვევაში ეს კონსერვია, თუმცა ცოცხალიც რომ გამოიყენოთ შეიძლება)

უკვე შემწვარ სოსისს ერთი ჭიქა ღვინო დავუმატე, დაახლოებით 3 წუთი ვადუღე და შემდეგ დაჭრილი პამიდორი გავურიე. 45 წუთი ნელ ცეცხლზე უნდა დავტოვოთ.
სანამ პამიდორი და სოსისი იშუშებოდა, წინასწარ გავამზადე ყველი. რეცეპტით ეს მოცარელა და პარმეზანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში იმერულმა ყველმაც გადასარევად შეითავსა ეს ფუნქცია. :
ნაწილი გავხეხე, ხოლო რამდენიმე ნაჭერი მთელი სახით შემოვინახე.
დარჩენილ დროში მაკარონიც მოიხარშა, მწვანე ბარდა კონსერვიდან საწურზე გადმოვიღე და წყალი მოვუშვი. კიდევ, კვერცხის გაგრილება / დაჭრაც მოვასწარი.
პარალელურ რეჟიმში სოსისსაც ვურევდი და ბოლოს დაჭრილი მწვანილიც დავაყარე.
უკვე ყველაფერი მზად არის საიმისოდ რომ გადავიტანოთ საცხობზე:
პირველ ფენად სოსისის და პამიდვრის სოუსს ვანაწილებთ (ნახევარს), ვამატებთ მოხარშულ მაკარონს მეორე ფენად (ნახევარს), შემდეგ სოუსის მეორე ნახევარს ვუსვამთ და ისევ მაკარონის დარჩენილ ნაწილს ვაყრით. ამის შემდეგ დავამატე ბარდა, კვერცხი, ყველის მთლიანი ნაჭრები მთელ სიგრძეზე გადავანაწილე და მოვაყარე გახეხილი ყველი.  აი ასე:
ამ ყველაფერმა გადაინაცვლა ღუმელში, გამოსაცხობად, ჯერ ქვედა ნაწილი დავბრაწე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე, შემდეგ ზედა მხარე. საცხობი ღუმელში დავტოვე მანამ, სანამ ყველი ზემოდან არ დაიბრაწა და …
სანამ ცხელია ნაჭრებად დაჭერით, სუფრასთან მიტანამდე ნაჭრები ცოცხალი მწვანილის ფოთლებით გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით.( ამის ამსახველ ფოტოს ვერ გთავაზობთ, არ დამაცალდა. გადასანსლეს)  ძალიან კარგი გამოვიდა ❤

მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge