Archive for the 'ინგლისური ჩაის საღამო' Category

ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)

მოგესალმებით ჩემი ინგლისური საღამოს სტუმრებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ კიდევ სექტემბერში გავხსენი , ამ დრომდე მაინც ვერ ავეწყვე და სისტემატიურად ვეღარ ვპოსტავ, რისთვისაც აუცილებლად ვიხდი ბოდიშს.

ახლა კი გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზზე – ცხელი ჩაი უზომოდ სტუმარტმოყვარე მისაღებში ვეებერთელა ჩაიდანში მაქვს, ასე რომ ყველას გვეყოფა. : ) თავად ინგლისური ჩაის ისტორიაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ და ამ საკითხს მთელი 4 სერია მივუძღვენი, ამჯერად კი ბევრად უფრო ვრცელ და საინტერესო თემას მინდა შევეხო, რომელსაც ასევე რამდენიმე პოსტის სახით შემოგთავაზებთ.

სტოუნჰენჯი- ანტიკური სამყაროს უმნიშვენლოვანესი ძეგლი და დიდი ბირატნეთის სიამაყე, ამ დრომდე იდუმალებით მოცული ნაგებობა… საინტერესო საუბრის სუნი მცემს ..

ერთი შეხედვით უზარმაზარი ლოდების გროვა, თითქოს არაფრითაა გამორჩეული მაგრამ მის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც მას საოცარ იდუმალებას მატებს. ერთერთი პირველი ალბათ ისაა, თუ როგორ შეძლეს მისი აგება პირველყოფილმა ადამიანებმა- სტოუნჯენჯის ქვები 35 ტონაზე მეტს იწონის და მათი გადაადგილება თანამედროვე ტექნიკის დახმარებითაც არ წარმოადგენს იოლ საქმეს. მაგრამ ერთია ამსიმძიმე ქვების გადაადგილება, მგრამ მეორეა მშენებლობის მიზანი. სტოუნჰენჯი, ალბათ ისეთ ყურადღებას არც მიიპყრობდა, რომ არა თავად კონსტრუქციის სირთულე.

კითხვებს აორმაგებს ის ფაქტი, რომ სტოუნჰენჯი რამდენიმე ეტაპად აშენდა და ამან ასეული  წლები მოიცვა. თავდაპირველად მშენებლობა წრიული ნიადაგის მომზადებით და ორმოების მომზადებით დაიწყო და სტრუქტურის შიდა ნაწილი აშენდა (ლურჯი ქვების შუაგული), მას ეტაპობრივად ემატებოდა გარეთა წრე და უზარმაზარი ლოდები. აქვე იყო სამარხები, სამსხვერპლო, ”ზღურბლის ქვა”. მშენებლობის დასასრულისკენ თავდაპირველი წყობა შეუცვალეს ცენტრალურ ცისფერ ქვებსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა თავდაპირველად მონუმენტის მიზანი სრულიად სხვა ყოფილიყო, დასასრულს კი სხვა ფუნქციები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ სტოუნჰენჯი თავის მხრივ გიგანტური კომპლექსის ნაწილია, ვინაიდან მას კვეთს 3 კილომეტრიანი ”ბილიკი” რომელიც იქვე მდებარე მდინარის ხეობისკენ მიემართება, იქვეა ვუდჰენჯი, რომელიც სტოუნჰენჯის იდენტურია, მხოლოდ ხისაგან დამზადებული. ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობის ჟამს, მზისა ამოსვლისას და ჩასვლისას ნაგებობის ღერძი სწორდება და ეს აისახება არა მხოლოდ ქვის ნაგებობაზე, არამედ ხის ჰენჯზეც. აქედან წამოვიდა ჰიპოთეზა რომ ძეგლი ასტრონომიული კალენდრის ფუნქციას ასრულებდა. მოგვიანებით, ეს ვარაუდი ”გარდაცვლილთა საკულტო ნაგებობის” ვერსიით შეიცვალა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშენებლობა ათასწლეულებს ითვლიდა, ეს ადგილი არც რელიგიური რიტუალების ნაკლებობას განიცდიდა. გაჩნდა იდეა, რომ ის შესაძლოა დრუიდების უძველეს ტაძარს წარმოადგენდეს.

დღეისთვის თავს აღარ შეგაწყენთ და ამ საინტერესო ნაგებობის შესახებ საუბარს მომდევნო შაბათს გავაგრძელებ, სასაუბრო კი როგორც ხედავთ ბევრი გვაქვს. ისე, ჯეინის პოსტები და ინგლისური ჩაის საღამოები კი არა, ამ თემას ათობით ნაშრომი, წიგნი თუ კვლევა მიეძღვნა და საბოლოო პასუხამდე ჯერაც ვერავინ მივიდა. ჩვენ ჩვენი ვეცადოთ, სხვა თუ არაფერი ინგლისური საღამოები ამ თემის გარეშე წარმოუდგენელიც კია 🙂

დროებით მეგობრებო.

ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი

აგერ უკვე ერთი კვირაა რაც შემოდგომამ სტარტი აიღო და ჩემი საყვარელი ბლოგების უმეტესობამ ზაფხულის არდადეგებიც დაასრულა.  სინდისმა ჩემი ზარმაცი ბლოგერული სულიც შეაწუხა და აი, 8 სექტემბრის შაბათ დღეს ტრადიციული ინგლისური პოსტით მსურს თქვენი ყურადღების მიპყრობა. ბევრი ვიფიქრე რა თემით შემომეტყუებინეთ ჩემ ეგზომ მოკრძალებულ ბლოგზე და გადავწყვიტე ინგლისურ იუმორს მივმართო დახმარებისთვის.

მაშ ასე მეგობრებო, გსმენიათ ალბათ რომ ბრიტანელები უცნაური ხუმრობების მოყვარული ხალხია. მაინც რამ შეიძლება გააცინოს ჭეშმარიტი ინგლისელი? თავდაპირველად, საჭიროა გვახსოვდეს მათი საყვარელი სახუმარო თემების მარტივი ჩამონათვალი : საჭირო ოთახები (იმდენად საჭირო, მეფეებიც რომ თავიანთი სამეფო ფეხებით დაბრძანდებოდნენ), შარვალი (რომელიც სასაცილო მას შემდეგ ხდება, რაც ჩაგძვრებათ), რესტორნები და ბუზებით გაზავებული წვნიანი, მომცრო ტანის კაცი-სახელად ვილი (ჩვენებურად ჭიჭიკია) რომელსაც უმეტეს შემთხვევაში მეტად ფაშფაშა მეუღლე ჰყავს, ექიმები და პაციენტები, რომელთაც ათასი დოზანა აწუხებთ!

ინგლისური იუმორი სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამავდროულად ინგლისელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მშვენიერი იარაღიც. თუმცა, თუ ის კარგად არ გესმით, შეიძლება იმედგაცრუებულიც კი დარჩეთ. ინტერნეტ-სივრცეს თვალს თუ გადაავლებთ, სპეციალურ ვებ-გვერდებსაც კი წააწყდებით, სადაც ინგლისური იუმორის გაგებაში დაგეხმარებიან : ) თავად ინგლისელებზე ამბობენ ერთსა და იმავე ანეკდოტზე რამდენჯერმე იცნინიაო- როცა პირველად მოსიმენს და ჰგონია რომ გაიგო, რამდენიმე თვის შემდეგ როცა ჰგონია რომ ამჯერად მართლა გაიგო და კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ვინმე აუხსნისო : ))

ჩემი მხრივ, გადავწყვიტე რამდენიმე ანეკდოტი ამ პოსტშიც ჩავრთო და იქნებ გაგამხიარულოთ კიდეც.

***

შოტლანდიელი, ბრიტანელი და ირლანდიელი ბარში შევიდნენ და ლუდი მოითხოვეს. ის იყო ცივი სასმელით პირი უნდა ჩაეტკბარუნებინათ რომ სამივე მათგანის ჭიქაში ბუზი ჩაფრინდა. ინგლისლემა მაშნვე ზიზღით გასწია თავისი ჭიქა, შოტლანდიელმა ბუზი ამოიყვანა და ისე მიირთვა ლუდი, ვითომ არაფერი მომხდარიყო. ირლანდიელმა ბუზი აიყვანა და უყვირის: ახლავე გადმოაფურთხე შე ნა……ო!

🙂 🙂 🙂 ჭეშმარიტი ირლანდიელის ქცევა.

***

5 ინგლისელი მატარებელში ავიდა და ამდენივე შოტლანდიელის უკან დაიკავა ადგილი, რომელთაც, მხოლოდ ერთი ბილეთი ჰქონდათ შეძენილი.მანამ სანამ კონდუქტორი ჩამოივლიდა, შოტლანდიელები ტუალეტში დაიმალნენ. კონდუქტორმა მიაკაკუნა: თქვენი ბილეთები თუ შეიძლება!- და კარის ქვეშიდან ერთი ბილეთი გამოცოცდა.კონდუქტორმა ბეჭედი დაარტყა და გაიარა. როდესაც საფრთხემ ჩაიარა, ხუთივე შოტლანდიელი ადგილს დაუბრუნდა. ინგლისელები გააოცა მათმა მოხერხებულობამ და გადაწყვიტეს მომავალში თავადაც ასე მოქცეულიყვნენ და უკანა გზაზე მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინეს.  მატარებელში ასულებმა შენიშნეს, რომ ამჯერად შოტლანიდიელებს საერთოდ არ ჰქონდათ ბილეთი. კონდუქტორის ჩამოვლამდე ყველანი ტუალეტში დაიმალნენ, ინგლისელები ცალკე, შოტლანდიელები ცალკე. მერე, ერთმა შოტლანდიელმა ინგლისელებს მიუკაკუნა:- ბილეთი თუ შეიძლება. კარის ქვეშიდან ბილეთი გამოცოცდა. შტლანდილემა სასწრაფოდ დასტაცა ხელი და ტუალეტში დაიმალა.

🙂 🙂 🙂

***

ირლანიდიელი, ინგლისელი და კლაუდია შიფერი მატარებლით მგზავრობენ. მატარებელი მალე გრძელ გვირაბში შევიდა და ვაგონში ერთიანად დაბნელდა. გაისმა კოცნის და შემდგომ სახეში გარტყმის ხმა. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ კლაუდია შიფერი და ირლანდიელი სხედან მშვიდად და ინგლისელი სახეზე ხელს იფარებს.

ინგლისელი ფიქრობს : ალბათ, ირლანდიელმა აკოცა კლაუდიას, იმან სახეში გარტყმა მოინდომა და შემთხვევით მე გამარტყაო.

კლაუდია ფიქრობს: ალბათ, ინგლისელს ჩემი კოცნა უნდოდა, შემთხვევით ირლანდიელს აკოცა და იმანაც გაარტყაო.

ირლანიდელი ფიქრობს:  რა მაგარია! კიდევ რომ შევალთ გვირაბში, ისევ კოცნის ხმას გავაკეთებ და ამ ინგლისელ ნაბ…ს სახეში კიდევ ვგლიჯავ!

🙂 🙂 🙂

***

ვილი ფეხმძიმე ცოლთან ერთად მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს, არც შუქი, არც გაზი, მოკლედ არანაირი ფუფუნება. ერთ ღამეს ცოლს მშობიარობა დაეწყო და ადგილობრივი ექიმიც მოვიდა.

-რით დაგეხმაროთ ექიმო?- ეკითხება ვილი

-ფარანი დაიჭრე ვილი, უკვე იბადება!- და რამდენიმე წუთში ექიმი ულოცავს- გილოცავ ვილი, არაჩვეულებრივი ბიჭის მამა ხარ!

– მადლობა ექიმო, მე…- მოიცა ვილი, აწყვეტინებს ექიმი და მეორე ბავშვი გამოყავს- გილოცავ, შენ არაჩვეულებრივი გოგონაც გყავს.

-არც კი ვიცი ექიმო, დიდი…- აქეთ მოანათე ვილი, ისევ გააწყვეტინა ექიმმა და მესამე ბავშვიც მიუწვინა დანარჩენებს.

– ექიმო, როგორ გგონიათ, შუქზე მოდიან ბავშვები?- ეკითხება ნირწამხდარი ვილი.

🙂 🙂 🙂

***

-გაიგე, თურმე ბავშვისთვის სპილოს რძე მიუციათ და კვირაში მთელი 20 გირვანქა მოიმატა!

-წარმოუდგენელია, ვისი ბავშვი იყო?

– სპილოსი.

🙂 🙂 🙂

***

-ექიმო, ოპერაციის შემდეგ პიანინოზე დაკვრას შევძლებ?

-რასაკვირველია!

– რა მაგარია, აქამდე არ ვიცოდი დაკვრა!

🙂 🙂 🙂

***

– თუ თეთრ ქუდს წითელ ზღვაში ჩააგდებ, რა მოუვა?

-დასველდება.

🙂 🙂 🙂

***

-რა ქვია ბუმერანგს, რომელსაც გაისვრი და უკან არ ბრუნდება?

-ჯოხი

🙂 🙂 🙂

***

-ექიმო, სხეულზე რასაც არ უნდა შევეხო საშინლად მტკივა.

-რას გულისხმობთ?

-მხარს შევეხები მტკივა, მუხლს შევეხები ძალიან მტკივა, შუბლს შევეხები ისევ მტკივა..

-მე ვიცი რაც გჭირთ. თქვენ თითი მოიტეხეთ.

🙂 🙂 🙂

აგერ ბონუსად, ამ ლინკზეც გადაგამისამართებთ, სადაც კიდევ ერთი ინგლისური ხუმრობა ისე შემომაპარეს, ვერც მივხვდი 🙂

დღეისთვის საკმარისია.

სეზონი გახსნილია, გისურვებთ მხიარულ შაბათ-კვირას! 🙂

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)

მოგესალმებით ინგლისური ვერანდის სტუმრებს და განვაგრძობ ჩაის ინგლისური ისტორიის მოყოლას ჩემ ბლოგზე.

Twinings

სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს. წინა პოსტებში, საუბარი იყო თუ რა მალე გახდა პოპულარული ინგლისში ჩაი, რა ცვლილებები მოუტანა საზოგადოებას მისმა შემოსვლამ და როგორ ყალიბდებოდა ის ტრადიციად. დღევანდელ პოსტში კი ძველი ინგლისის პოპულარულ საჩაიეებსა და ჩაის ჭურჭელზე ვისაუბრებთ.

გემრიელი ჩაის სზოგადოებაში გავრცელებას, პარალელურად მოყვა ისეთი ადგილების ზრდა სადაც ამ არომატული სითხის დაგემოვნება ან შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. იმ დროისათვის ერთ-ერთ ცნობილ ადგილს უდავოდ მაღაზია „ტვინინგების ოქროს ლომი“ წარმოადგენდა, სტრენდის ქუჩაზე. ამ უკანასკნელის ხილვა დღესაც შეგიძლიათ იგივე მისამართზე, ის ისევ ფუნქციონირებს და ყიდის ჩაის, აგერ უკვე 300 წელია, რაც ამ მაღაზიას ლონდონის უძველეს დაწესებულებად  აქცევს, რომელიც სამი საუკუნეა ერთსა და იმავე მისამართზეა განლაგებული და ჩაით ვაჭრობს. ჩემი აზრით შთამბეჭდავი ამბავია ( +1 ერთი ადგილი ჩემ სიას, რომელიც უნდა ნახო ლონდონში თუ ხარ).

ინგლისში პოპულარობას იძენდა ასევე “ჩაის ბაღები”, რომლებიც მალე გასცდნენ ლონდონის ფარგლებს და ქალაქის შემოგარენშიც უხვად გვხვდებოდნენ. ლონდონში საუკეთესოდ ითვლებოდა ვასკჰოლის ბაღი, თუმცა ჩელსის “Ranelagh Gardens” უდავოდ ყველაზე ეფექტური სანახაობა იყო. ასეთ ადგილებს შეძლებული ინგლისელები ძირითადად ოჯახებით სტუმრობდნენ. ტკბებოდნენ გემრიელი ჩაით, სეირნობდნენ ტბის ნაპირას და ხვდებოდნენ საინტერესო ადამიანებს. “ჩაის ბაღები” მეტად უცნაური სახელებითაც გამოირჩეოდნენ ხოლმე, როგორიცაა მაგალითად ” ადამ და ევას ბაღი”, “მერლინის ბაღჩა” ან თუნდაც “სამი შლაპა”.

Ranelagh Gardens

გასაკვირი არაფერია იმაში რომ ჩაის სმით გატაცებულმა ინგლისელებმა საყვარელი სასმელისათვის სპეციალური ავეჯისა და ჭურჭლის შექმნაც დაიწყეს. ვაჭრებმაც მალე შენიშნეს რომ ჩინური ფაიფურის ბაზარი ინგლისში გვარიანად გაიზარდა და კერამიკის წარმოებამაც ფრთა გაშალა. ინგლისლები ამით არ დაკმაყოფილებულან და დაინტერესდნენ როგორ იქმნებოდა ჩინური ფაიფური, ამ ინტერესს კი შედეგად მოყვა ისეთი ტიპის კერამიკის შექმნა, რასაც დღეს “რბილ ფაიფურს” ვუწოდებთ.

დღეისათვის თავს აღარ შეგაწყენთ ჩაიზე საუბრით, ისიამოვნეთ ზაფხულის მშვენიერი დღით!

თქვენი ჯეინი : )

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III)

გულთბილი შაბათური და ინგლისური სალამი 🙂 ვაგრძელებ ჩაის საღამოებს, პირდაპირი გაგებით და გიამბობთ ინგლისური ჩაის ისტორიას. დღეს ამ სერიის მესამე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ, აქ კი შეგიძლიათ იხილოთ პირველი და მეორე ნაწილები. მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი ის დრო გახლავთ, როცა ჩაის სმის ტრადიცია ინგლისში

სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. თავდაპირველად ფინჯანი ჩაი ძვირი სიამოვნება გახლდათ მაღალი სავაჭრო გადასახადის გამო, უფრო მეტიც- რიგით ინგლისელს ჭიქა არომატული სასმელი შეიძლება სამი კვირის მუშაობის გასამრჯელოდ დაჯდომოდა. თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა, როცა მაშინდელი პრემიერის – უილიამ პიტის განკარგულებით მთელ რიგ პროდუქტზე სავაჭრო გადასახადის ნიშნული გვარიანად შემცირდა. ამის გამო ჩაის შეძენა გაცილებით ხელმისაწვდომი და მისი მირთმევა კი უფრო პოპულარული გახდა. ძველი საარქივო მონაცემების მიხედვით, ოფიციალურად ინგლისში წლის მანძილზე 5 მილიონი ფუტი ჩაი შემოდიოდა ინდოეთიდან, არალეგალური გზით კი თითქმის ორჯერ მეტი. ამ ციფრებით თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად შეიყვარა ინგლისმა ჩაი. მანამ სანამ სასმელი ასე თუ ისე ხელმისაწვდომი გახდებოდა, ინგლისელთა საშუალო ფენა მაინც ნახულობდა გზას არომატული ჩაის სიამოვნება არ მოეკლო, საამისოდ უკვე გამოყენებულ ჩაის ფოთლებს მოცვისა და კუნელის ფოთლებთან ერთად ამუშავებდნენ და აშრობდნენ. ამ გზით მომზადებული სასმელი მართალია ნამდვილი ჩაივით გემრიელი არ იყო, თუმცა სასიამოვნო არომატი ჰქონდა. კარგა ხანს ჩაი, სიმდიდრის, სტატუსისა და კარგი მანერების საზომად მიიჩნეოდა. წარმოდუგენლად ამაყი იყო ოჯახის დიასახლისი, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა ჩაის განჯინის გასაღებს მსახურთა გრძელი ხელებისგან და ჰქონდა პატივი საკუთარ სახლში ჩაით გამასპინძლებოდა სტუმრებს ვერცხლის ჭურჭლით. საზოგადოების მაღალი ფენა, კიდევ უფრო შორს წავიდა და სახლების გადაკეთებას მიჰყო ხელი, რათა გამოეყოთ ცალკე ოთახი სპეციალურად ჩაის მირთმევისათვის. ქალაქებში საჩაიეებიც მომრავლდა და ინგლისმა სამუდამოდ დაიმკვიდრა „ჩაის მოყვარული ერის“ სახელი. მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდრული საჩაიე შეგვიძლია სან-სუსის მიდამოებში ვნახოთ, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში ფრიდრიხ დიდის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს გახლავთ როკოკოს სტილისა და ჩინური დეკორის ულამაზესი შერწყმა, რომელიც პალმებისა და ჩაის ბუჩქების ფონზე ეგზოტიკურ გარემოს ქმნის.

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაი უკვე გავრცელებული იყო მთელ ინგლისში. ფრანგი ჰერცოგი დე ლაროშფუკი თავის ჩანაწერებში წერდა : „ მთელი ინგლისი სვამს ჩაის, უღარიბესი გლეხიც კი დღეში ორჯერ მიირთმევს მას, ისევე როგორც მდიდრები.“ შეიძლება ღარიბ ინგლისელს არ მიეცა იმის საშუალება სადმე აღეწერა მისი სიყვარული ჩაის მიმართ, მაგრამ ცნობილი ლეკსიკოგრაფი სემუელ ჯონსონი თავის თავს ‘’გამოუსწორებელ და უსირცხვილო ‘’ჩაიმსმელად’’ მოიხსენიებდა , რაც კარგად გვიხატავს რიგითი ინგლისელის დამოკიდებულებას მათი ახალი გატაცების მიმართ.

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი II )

წინა პოსტში ჩაის, როგორც სასმელის წარმოშობასა და მის გავრცელებაზე ვსაუბრობდი. ახლა დროა იმაზე ვისაუბროთ რა მოხდა მას შემდეგ რაც ეს მაგიური სასმელი ინგლისში მოხვდა, თან არ დაგავიწყდეთ ჩემი რეცეპტით მომზადებული ჩაის მირთმევა გემრიელი ნამცხვრითურთ. : )

ჩაი, ინგლისელებმა ძალიან მალე შეიყვარეს. ის სოციალური და კულტურული ცხოვრების ნაწილად იქცა, ჩაის სმის კულტურა კი ბევრს გვიამბობს თავად ინგლისელებსა და მათ ტრადიციებზე.  მან გავლენა იქონია მათი ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული მოდიდან დასრულებული მებაღეობით. მეტიც, ჯინის ჩაით ჩანაცვლებამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდაზეც იმოქმედა, თავად უინსტონ ჩერჩილი კი თვლიდა რომ ამ გემრიელმა სასმელმა დიდი დახმარება გაუწია გერმანიის დამარცხებასა და ჯარისკაცების საბრძოლო სულიკვეთების ამაღლებაში… დროსთან ერთად, ჩაის მირთმევა ცხოვრების სტილად  იქცა – „ ფინჯანი ჩაი“ ესთეტურ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მისი პოპულარობა რასაკვირველია სასიამოვნო არომატმა განაპირობა, მალე ხალხმა მას მედიკამენტური თვისებებიც მიაწერა, აღწერდნენ როგორ შველოდა ცხელი ჩაი გაციებისა და სისუსტის ჟამს. აი რა ეწერა ჩაის ყველაზე პირველ რეკლამაში, რომელიც 1658 წლის 30 სექტემბრის გაზეთში გამოქვეყნდა ლონდონში

„ჩინური სასმელი, ჩინელებისგან წოდებული როგორც -ჩა, ატარებს გასაოცარ თვისებებს და აღიარებულია წამყვანი ექიმების მიერ. მისი შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში  Sultaness-head“.

ჩაის შესახებ მნიშნელოვანი დოკუმენტი 1650-იანი წლების ბოლოს თომას გარავეიმ გამოსცა, რომელიც ლონდონში ჩაისა და ყავის მაღაზიის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახლდათ. ავტორი აღწერდა რომ ჩაის შეუძლია თავისა და მუცლის ტკივილებისგან განკურნება, ასევე მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება.“

თავდაპირველად ინგლისელებს ჩაის მირთმევა ისეთ კაფეებში შეეძლოთ, რომელიც სპეციალურად ყავისთვის გაიხსნა. ეს იმიტომ რომ ყავის იმპორტი ბევრად ადრე მოხდა ინგლისში, ვიდრე ჩაისა.მეპატრონეები ხალხს ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე ეპატიჟებოდნენ, აქვე შეეძლოთ ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება და მეგობრებთან ერთად სასიმოვნო დროის გატარება. ფინჯან ჩაიზე კაფეში შეხვედრა მალევე გახდა პოპულარული ვაჭრებსა და მაშინდელ მაღალ ფენას შორის საქმიანი შეხვედრებისათვის, ასევე აქ  ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები, მწერლები, მეცნიერები და ერთმანეთს სიახლეებს უზიარებდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ცნობილი ინგლისური ჯენტლმენური კლუბები- არც მათ დარჩენიათ შეუმჩნეველი ფინჯან ჩაისთან სასიამოვნო საუბრის შესაძლებლობა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ არომატულ სასმელს ძველ დროში იმდენად ცუდად ამზადებნენ, რომ კითხვა ჩნდება: საერთოდ როგორ სვამდნენ ან რატომ გახდა ასეთი პოპულარული. თურმე, ნუ იტყვით და ჩაის ნაყენის მთელი დღის მარაგს წინასწარ ადუღებდნენ და მირთმევისას უბრალოდ ათბობდნენ, თუმცა საბედნიეროდ XVII საუკუნის ბოლოდან მისი ამ ფორმით მომზადება დავიწყებას მიეცა და ჩაის ფოთლების მშრალად შენახვა დაიწყეს, სპეციალურად მირთმევის წინ დასაყენებლად.

პ.ს დღეისათვის სულ ეს იყო, ჩაის ისტორიის გაგრძლებას მომავალ შაბათს შემოგთავაზებთ.

სასიამოვნი შბათ-კვირას გისურვებთ!

თქვენი, აწ უკვე ჯეინი 🙂

ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილიI)

2 737 წელს ჩვენ ერამდე, შორეული ჩინეთის ტერიტორიაზე ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად შენ ნუნგი- მცენარეების დიდი მცოდნე და მოყვარული,თან არც მეტი არც ნაკლები ჩინეთის იმპერატორი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვეული საქმიანობით იყო გართული, ქარის მოტანილი მწვანე ფოთოლი შემთხვევით ჩავარდა მდუღარე წყალში. ამ ჩვენ იმპერატორს იმდენად მოსწონებია არომატულ სასმელად ქცეული სითხე, გადაწყვიტა ეს ამბავი ხალხისთვისაც ეამბნა. ასე დაიბადა მაგიური სასმელი- ჩაი.

რაც დრო გადიოდა მისი მომზადების ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო მეტად იხვეწებოდა. მარტო ის რად ღირს რომ ჩინეთში ამ შესანიშნავ სასმელს 2 სქელტანიანი სახელმძღვანელო მიუძღვნეს- „ტრაქტატი ჩაის შესახებ“ და „ჩაი ცინ“- სადაც მას აღწერდნენ როგორც მითიურ სასმელს, აქვე დეტალურად იყო აღწერილი მისი მომზადების 25-მდე განსხვავებული ხერხი, ჩაის სმის ეტიკეტი და მის მისართმევად შესაფერისი ჭურჭელი.

ჩაის წარმოებამ ჩინეთში სათავე დაუდო მის დანარჩენ მსოფლიოში გავრცელებას. თავდაპირველად სასმელმა აღმოსავლეთის ქვეყნები მოიცვა , ევროპამდე მისასვლელად კი საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუხდა.  საერთაშორისო ვაჭრობა მაშინ არც ისე ნაცნობი ხილი იყო, ამ საქმეში შეუცვლელები გახლდნენ მოგზაურები, რომლებიც ხშირად ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული და სწორედ ასე აღმოჩნდა ჩაი ინგლისში. ეს მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა. არომატულმა სასმელმა იმდენად აღაფრთოვანა ინგლისელები , რომ თავად დაიწყეს ჩაის იმპორტი ინდოეთიდან. ინგლისამდე მისასვლელად ჩაის 12 დან 16 თვემდე სჭირდებოდა, სამაგიეროდ ამდენი დრო არ დასჭირვებია ჩაის სმის ტრადიციად ქცევას და ისტორიაც აქედან იწყება.

პ.ს , რომელიც პოსტის შესავალი უნდა ყოფილიყო:

ინგლისთან ჩაის ხსენება სულაც არაა საკვირველი, მითუმეტეს რომ ბლოგის ამ განყოფილების სახელიც სწორედ ამ უგემრიელეს სასმელთანაა კავშირში და პირადად მე დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამ პოსტსაც სამამულო ჩაის ფონზე ვწერ მეგობრებო და დიდი იმედი მაქვს საინტერესო მოგაზურობაში წაგიყვანთ, იმიტომ რომ ჩაიზე, ინგლისზე და მისი მირთმევის ტრადიციაზე კიდევ რამდენიმე პოსტი იქნება.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი

''sister ships''- ტიტანიკი და ოლიმპიკი.

''sister ships''- ტიტანიკი და ოლიმპიკი.

დღეს შაბათია, ტრადიციული “ინგლისური” პოსტის დღე ჩემ ბლოგზე. გარეთ მშვენიერი ამინდია, სიცხეც კი ეთქმის მე კი ძალიან სევდიანი ამბავი უნდა გიამბოთ. სათაურიდან ადვილად მიხვდებოდით რომ ზუსტად საუკუნის წინ ჩაძირულ ლაინერზე უნდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, მითუმეტეს რომ დღეს 14 აპრილია- დღე, როცა  ასი წლის წინ, რამდენიმე წუთით ადრე შუაღამემდე “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და  15 აპრილს, გამთენიისას ჩაიძირა…

ნაწილი პირველი: ‘’ტიტანიკის პირველი 4 დღე’’

„ტიტანიკი“ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ოლიმპიკის კლასის უდიდეს სამგზავრო ლაინერს წარმოადგენდა. მის მშენებლობასა და ზღვაში გაშვებას დიდი სარეკლამო კამპანია ახლდა თან- თიქთოს ისე იყო დაპროექტებული რომ ყველანაირ უბედურებას გაუძლებდა, დაწყებული შტორმებით დასრულებული ავადსახსენებელი აისბერგით, შესაბამისად   ლაინერს ხშირად მოიხსენებდნენ მეტსახელით „ჩაუძირავი“. გემთსაშენ კომპანია  White Star Line-ს მსგავსი მასშტაბის გემების მშენებლობაში დიდი გამოცდილება ჰქონდა- „ტიტანიკის“ გარდა მათი დაპროექტებული იყო გემი “ ოლიმპიკი“ და „ბრიტანკა“, პირველმა 25 წელზე მეტი იცურა ზღვაში პრობლემების გარეშე, ხოლო „ბრიტანიკა“ პირველ მსოფლიო ომს შეეწირა.

კაპიტანი სმიტი

კაპიტანი სმიტი

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ტიტანიკი“-ს ოკეანეში გასვლა, ბორტზე 2223 ადამიანით, დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა 1912 წლის 10 აპრილს და მისი საბედისწერო სვლა ნიუ-იორკამდე დაიწყო. „ტიტანიკს“ გამოცდილი მეზღვაური და კაპიტანი ედვარდ სმიტი მართავდა 885 წევრიან ეკიპაჟთან ერთად.

1912 წელი, კვირა, 14 აპრილი – „ტიტანიკზე“ დილა აურაცხელი შეტყობინებების მიღებით გათენდა. თუმცა, ერთი საბედისწერო დეტალის წყალობით ეს ბუნებრივიც იყო- წინა დღით რადიოგადამცემი გაფუჭდა, რის გამოც შეფერხდა შეტყობინებების მიღება-გაგზავნა და კავშირის აღდგენის თანავე დაგროვილი გზავნილების გადაცემა დაიწყეს. ძვირადღირებული „დეპეშების“ ქაოსში, ისეთი მნიშვნელოვანი შეტყობინებები გამორჩათ, როგორიც მაგალითად გაფრთიხლებაა აისბერგების მთელი „მდელოს“ შესახებ. საერთოდ, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის შეტყობინება სპეციალური პრეფიქსით ინიშნება, რაც მოასწავებს რომ ის პირადად კაპიტანს უნდა ეცნობოს სასწრფოდ. რატომღაც ყველა ასეთი გზავნილი, აღნიშნული თავსართის გარეშე იყო და სავარაუდოდ ამიტომაც არ მიექცა ყურდაღება. თუმცა , სამწუხაროდ ეს ეკიპაჟის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა. სათვალთვალო კოშკურაზე, აისბერგების საძებნელად მოკალათებულ ორ მეზღვაურს დურბინდი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ საკუთარ გამჭოლ მხედველობაზე დაყრდნობით ეძებდნენ ყინულის მთებს. ღამით მათი შემჩნევა არც ისე რთულია, მთვარის შუქის  წყალობით თეთრი ფერი მკვეთრად აირეკლება, თუმცა კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი იმაში მდგომარეობდა რომ „ტიტანიკის მკვლელი“ გახლდათ ე.წ „შავი აისბერგი“, ანუ ახლად ამობრუნებული და სველი, რის გამოც მისი დანახვა ჭირს მანამ, სანამ არ მოგიახლოვდება.

საბოლოოდ, 14 აპრილის ღამეს 23:40-წუთზე გემის დროით, ლაინერი აისბერგს შეეჯახა და დაზიანდა, წყალმა გემის სეგმენტების შევსება დაიწყო. პროექტის მიხედვით, „ტიტანიკს“ 4 სავსე სეგმენტით ცურვა შეეძლო, თუმცა დაზიანების მასშტაბურობის გამო სწრაფად გაივსო 5 მათგანი და გემმაც ჩაძირვა დაიწყო. აქ არის კიდევ ერთი დეტალი, „ტიტანიკი“ რომ ცხვირით შეჯახებოდა აისბერგს ( და რეალურად ასეც მიდიოდა) მხოლოდ „კიჩო“ დაზიანდებოდა, ხოლო სეგმენტები არა. ვინაიდან ნაჩქარევად მოხვევის ბრძანება გაიცა, აისებრგმა მთელ სიგრძეზე დააზიანა გემის ძირი და წყლით სწრაფად დამძიმდა.

ნაწილი მეორე: შეჯახებიდან ტრაგედიამდე.

ტიტანიკი

ტიტანიკი

იმ საბედისწერო ღამეს „ტიტანიკი“ მარტო არ იყო  აისბერგებით სავსე ოკეანეში. მის სიახლოვეს სულ მცირე 5-6 გემი იმყოფებოდა, რომლებიც დაუღალავად უგზავნიდნენ „ტიტანიკს“ გზავნილებს აისბერგის შესახებ, ამ შეტყობინებათა უგულველყოფის მიზეზზე კი ზემოთ ვისაუბრეთ. შეჯახების შემდეგ, როცა მგზავრების სამაშველო ნავებში გადასხდომა დაიწყო, ყველამ შენიშნა მათ ახლომახლოს მცურავი გემი, რომელზეც შუქი არ ენთო, თუმცა მის არსებობას ყველა ცხადად ხედავდა. სასწრაფოდ გაუშვეს თეთრი ფერის SOS  მაშხალები,თუმცა იმედის გემი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

სამაშველო ნავები „ჩაუძირავ“ გემზე არასაკმარისი რაოდენობის აღმოჩნდა- 2223 მგზავრს ვერ დაიტევდა. ამის მიუხედავად პირველი რამდენიმე  შეუვსებელი გაუშვეს- მხოლოდ 15-მდე ადამიანი ჩასხეს ნავში, სადაც 60-იც მშვენივრად მოთავსდებოდა. რასაკვირველია რჩეულთა შორის მხოლოდ პირველი კლასის მგზავრები მოხვდნენ…“ტიტანიკი“ 15 აპრილს, გამთენიისას 02:20 წუთზე, საბოლოოდ ჩაიძირა. ტრაგედიას 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რომელთა საბოლოო განსასვენებელი უახლოეს კუნძულზე მდებარეობს და მათი უმეტესობა მხოლოდ ნომრით დაკრძალეს, ვინაიდან ვერავინ ამოიცნო. გადარჩენილი 700 ადამიანი, აიყვანა გემმა „კარპატიამ“, რომელიც იმ ღამით „ტიტანიკიდან“ ყველაზე შორს იმყოფებოდა.

გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ჩაძირვის ცნობებმა ნაპირებს მიაღწია. დაკითხულთა ჩვენებებიდან ასეთი რამ

სამაშველო ნავი

გაირკვა: „ტიტანიკიდან“ მარჯვნივ, შუქებ ჩამქრალ გემს ხედავენ, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მათი დახმარება, მაგრამ  SOS მაშხალების გაშვების მიუხედავად, გემი შორდებათ და საბოლოოდ უჩინარდება. იმ ღამით, „ტიტანიკთან“ ახლოს მცურავი „Californian”-ის ოფიცერი ამბობს, რომ მათგან მარცხივ მართლაც შენიშნეს გემი, ასევე ბუნდოვანი SOS მაშხალაც, თუმცა ის წინ მიიწევდა სრული სვლით, რასაც ჩასაძირად განწირული გემი უბრალოდ ვერ შეძლებს. ისე გამოდიოდა თითქოს, „Californian“-ი „ტიტანიკს“ ხედავდა და არ მიეშველა. ამ დასკვნის საფუძველზე, „Californian“-ის კაპიტანს ლიცენზია შეუჩერეს, სამარცხვინო იარლიყი ააკრეს და მან სიცოცხლე უკიდურეს სიღარიბეში დაასრულა. „გემი-მოჩვენების“ შესახებ კი სიმართლე წლების შემდეგ გაირკვა, როცა გემ „სამსონი“-ს მეზღვაურის დღიურს მიაკვლიეს, საიდაც ირკვეოდა რომ იმ საბედისწერო ღამეს „Californian“-სა და „ტიტანიკს“ შორის კიდევ ერთი გემი ცურავდა- „სამსონი“. ეკიპაჟი თურმე ზღვის ლომებზე ბრაკონიერობდა. როცა მაშხალები შენიშნეს, იფიქრეს საზღვაო პოლიცია წამოგვეწიაო, შუქები ჩააქრეს რათა არ შეენიშნათ და სრული სვლით გეზი საწინააღმდეგო მიმართულებით აიღეს და მიიმალნენ.

მთელ ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, მეგა-ლაინერი თითქოს ჩასაძირად იყო განწირული. მაშინ როცა აისბერგების

The New York Times

The New York Times

შესახებ გაფრთხილებები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა, ტელეგრაფისტები მხოლოდ ფასიანი გზავნილებით იყვნენ დაკავებულნი, გემი კი სრული სვლით პირდაპირ დანაღმული ველისკენ მიექანებოდა. გემის სიახლოვეს სხვებიც დაცურავდნენ და შეეძლოთ შველა, მაგრამ ვერ/არ შეძლეს. ამ ამბის გამოძიებისას ათასგვარი ვერსია წარმოიშვა და დღესაც რთულია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში. ერთი ასეთი ვერსიით, შეჯახება მოსალოდნელი და მეტიც, დადგმული იყო. ამ გზით ცდილობდნენ „ჩაუძირავი“ გემის სახელის გამართლებას, რომელსაც აისბერგიც ვერაფერს დააკლებდა. შედეგად მფლობელები მიიღებდნენ უზარმაზარ სადაზღვევო თანხას და ურყევ რეპუტაციას, თუმცა ამხელა ტრაგედია ვერ გათვალეს.  კიდევ ერთი ვერსიით, თავად კაპიტანს შემოუტია რეკორდების დამყარების სურვილმა და სურდა იმ დროისათვის ყველაზე სწრაფად დაეფარა გზა ნიუ-იორკამდე უზარმაზარი სამგზავრო ლაინერით- სურვილს ყველაზე გამძლე გემის სახელი უმყარებდა და  შედეგად ყველანაირი სიფრთხილის ზომა დაივიწყაო- თუმცა რამდენად სარწმუნოა ეს თეორია დავის საგანია.

საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოვიდა, თუმცა მის ბოლოს მაინც მინდა რამდენიმე აუხსნელ მოვლენაზეც გიამბოთ :

1)                          დაახლოებით 50-მა პირველი კლასის მგზავრმა, გამგზავრების დღეს გემზე ასვლა გადაიფიქრა სხვადასხვა მიზეზით. ეს შემთხვევა, მოგვიანებით იმ აზრის გასამყარებლად გამოიყენებოდა თითქოს შეჯახება დაგეგმილი იყო და ამ ამბავმა ზოგიერთი გავლენიანი ადამიანის ყურამდეც მიაღწია და ამიტომაც აღარ გაცურეს.

2)                          ტიტანიკის დაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრე, გამოვიდა წიგნი „ამაოება“ – მორგან რობერტსონის ავტორობით. იქ აღწერილია „ტიტანიკის“ მსგავსი სამგზავრო ლაინერ „ტიტანის“ ჩაძირვა, სადაც მოვლენები თითქმის ანალოგიურად ვითარდება. საიდან უნდა სცოდნოდა ასე დეტალურად თითქმის 14 წლით ადრე ავტორს, ჯერაც უცნობია.

3)                          1972 წლის 15 აპრილს, გემ „რუზველტის“ რადიოკავშირმა დაიჭირა SOS სიგნალი, რომელშიც არც მეტი არც

მორგან რობერტსონი

ნაკლები „ტიტანიკის“ მოსალოდნელ დაღუპვას იუწყებოდნენ. რასაკვირველია ეს რეალური შეტყობინება ვერ იქნებოდა, მეგა-ლაინერმა ამ შემთხვევამდე 60 წლით ადრე დაიდო ბინა ატლანტის ოკეანის ფსკერზე. თუმცა, „რუზველტის“ ეკიპაჟმა მაინც მიმართა სამაშველო სამსახურს,საიდანაც უპასუხეს რომ უბრალოდ არ მიექციათ ყურადღება.  „რუზველტის“ ეკიპაჟი მარტივად არ დანებებულა და გადაწყვიტა ამ ამბის გამოძიება წმინდა ინტერესისთვის და აღმოაჩინა რომ არაფერიც არ მოსჩვენებია: მას ხელში ჩაუვარდა სხავადსხვა ცნობა თუ სამხედრო ჩანაწერი, რომელთა ქრონოლოგიურმა დალაგებამ გასაოცარი შედეგი მისცა: SOS-სიგნალი ყოველ 6 წელიწადში ერთხელ მეორდებოდა და „ტიტანიკის“ რადისტი შველას ითხოვდა. ამ საკითხზე ასეთი მოსაზრება არსებობს- შეიქმნა ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი, რომელმაც გადალახა დროის ბარიერი და ყოველ 6 წელიწადში ერთხელ უბრუნდებოდა ადგილს სადაც შეიქმნა. ის გავრცელდა არამარტო მომავალზე, არამედ წარსულზეც და წესით ეს სიგნალები ტიტანიკის ჩაძირვამდეც უნდა არსებულიყო. ამის შემოწმება, სამწუხაროდ შეუძლებელია- მაშინ რადიომიმღებები უბრალოდ არ არსებობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ამ შეტყობინებას რამდენიმე ადამიანი „იჭერდა“ გონებით და თითქოს ამის შედეგია რობერტსონის „ტიტანიც“- რომელიც თითქმის ზუსტად აღწერს „ტიტანიკის“ ჩაძირვას. მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ „გონება-რადიომიმღების“ თეორიას, თუმცა რობერტსონის ზუსტი „წინასწარმეტყველებაც“ რომ სუფთა დამთხვევა იყოს, ესეც მეეჭვება. სამწუხაროდ უცნობია ისიც რა ხდებოდა 1972 წლის შემდეგ, რადგან ამ ისტორიის მკვლელვარი ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს.

ასე იყო თუ ისე, ეს მოვლენა ყველაზე ტრაგიკულია საზღვაო ისტორიაში, მსხვერპლის რაოდენობის გამო. შემთხვევიდან 100 წლის თავზე, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივსაცემად გაუშვეს ლაინერი (2012 წლის 10 აპრილს), რომელიც „ტიტანიკის“ გზას გაიმეორებს, იმ განსხვავებით რომ არ ჩაიძირება და ხალხი არ დაიღუპება. ამ ისტორიამ საუკუნის შემდეგ ისევ შეძლო ხალხის ატირება, ამჯერად ჯეიმს კამერონის დახმარებით, რომელმაც ისედაც ტრაგიკულ ამბავს გამოგონილი სიყვარულის ისტორია დაურთო და ფილმი, დღემდე არ კარგავს პოპულარობას, მეტიც მისმა განახლებულმა 3D ვერსიამ უკვე იხილა დღის სინათლე და საკმაო წარმატებითაც.

ძალიან გრძელი პოსტი გამომივიდა, ცოტა ვეჭვობ ვინმემ ბოლომდე ყურადღებით წაიკითხოს,თუმცა არჩევანი თქვენთვის მომინდვია და აგერ ფილმის საუნდტრეკს გთავაზობთ ბონუსად.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და გილოცავთ აღდგომას.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge