Archive for the 'თაგ-თამაშები' Category

ლიტ-ანკეტა

მოკლედ, იმედია ძალიან ყელში არ ამოგიყვანეთ ის ფაქტი რომ ადრეც ვბლოგერობდი, ერთი წელი “გავქაჩე” და მერე მოვეშვი. 1 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი და სულ მალე ისევ 1 წლის გახვდები : ) მაგრამ ამ პოსტში სულ სხვა რამეს გთავაზობთ. თეგ თამაშს “ლიტ-ანკეტა”, რომელიც ჩემი “ბლოგერობის” პირველ სერიაში ძალიანაც პოპულარული იყო და ეხლა მსურს მისი რეინკარნირება 2012 წლის ბლოგ-რეალობაში. ანკეტა 10 კითხვისგან შედგება, ქვემოთ კი ჩემ პასუხებს ნახავთ.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?– “შთამბეჭდავში” ალბათ ძალიან დასამახსოვრებელი, ძალიან საინტერესო,ბევრის მომცემი იგულისხმება. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა უგულისყუროდ ვკითხულობდი წელს, უდროობის გამო ხანგრძლივი ნაწყვეტებით და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეშ არ ვარ. თუმცა მაინც გამოვარჩევდი რემარკის “ტრიუმფალურ თაღს”.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი– პოეზია დიდად არ მიყვარს და ვერც სამი გამორჩეულის დასახელებას შევძლებ, თუმცა ტერენტი გრანელის შემოქმედება ჩემ ხასიათთან და განწყობასთან ყველაზე ახლოსაა.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალიჯეინ ოსტინი, თეოდორ დოსტოევსკი ( ეს მამაჩემის გაველნაა, მადლობა მამა), მარკესი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?– არც ერთზე,  ფილმებზე უფრო მიჩუყდება გული.

5. რომელ წიგნს დასცინეთ? – დაცინვით არა, თუმცა “არ-მოწონებული” წიგნების გამოძებნა შემიძლია. მაგალითად, ბოლოს ვცადე ინგლისელი მწერალი ქალის, დორის ლესინგის “ნაპრალის” წაკითხვა, ბოლომდე ვერ გავედი, ალბათ რაღაც ვერ “დავიჭირე”. კიდევ ვცდი, ნობელის პრემიას ასე ჰაერზე არ არიგებენ . 🙂

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?-დროულია-კონსტანტინე გამსახურდიას მივანიჭებდი.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან– რემარკს რომ ვკითხულობდი, ძალიან ბევრის ამოწერის სურვილი გამიჩნდა. აი ერთ-ერთი- ” შენ, პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე, შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობენ ასიათასობით სხვანიც, უკეთესები, უფრო მშვენიერნი, ჭკვიანნი, კეთილნი, გონიერნი, ერთგულნი… შენ, ერთხელ ღამით, ბედის მიერ ჩემთვის ცხოვრების გზაზე დაგდებულო, უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემ ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო.. შენ, არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა რომ წინააღმდეგობას გიწევ და სწორედ ეს წინააღმდეგობა ამიტომ მოისწრაფი ჩემკენ. როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება _ სალამი შენდა! აგერ აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა, რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში, იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი, გრილი და რბილია…აი, ვდგავარ აქ, მე საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცებული ვარ შენით და გაღმერთებ, რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა, ყოველ წიაღში დაფარული. მან შეინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთილი უბადრუკი სარკაზმითა და მცირეოდენი უმწეო სიმამაცით, აღარ მზარავს განურჩევლობის სუსხი. მე ისევ ცოცხალი ვარ _ მართალია ტანჯული, მაგრამ ცხოვრების ყველა ქარიშხალთან შესახვედრად მზად მყოფი, ხელახლა მოხვედრილი მისი ძალაუფლების ქვეშ! დაილოცე თვალთმაქცო მადონავ, რუმინული აქცენტით მეტყველო ნიკევ! შენ _ ოცნება და მაცდურობა ხარ, სარკე, რომელიღაც ბნელი ღვთაების ხელით დამსხვრეული… მიიღე ჩემი მადლობა,

უცოდველო! არასდროს არაფერში გამოგიტყდები, რადგან იმავე წამს ყველაფერს შენს სასარგებლოდ აქცევ. მაგრამ შენ დამიბრუნე ის, რისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ვერც პლატონმა, ვერც ქრიზანთემებმა, ვერც გაქცევამ, ვერც თავისუფლებამ, ვერც ქვეყნიერების მთელმა პოეზიამ, ვერც თანაგრძნობამ, ვერც სასოწარკვეთილებამ, ვერც უზენაესმა და ყოვლად მომთენმა იმედმა _ შენ დამიბრუნე სიცოცხლე, უბრალო ძლიერი სიცოცხლე, რაც დანაშაულად მიმაჩნდა ორ კატასტროფას შორის არსებულ მძიმე ხანაში! სალამი შენდა! მადლობელი ვარ! უნდა დამეკარგე, რათა ეს გამეგო! სალამი შენდა!…”

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი- პეპი გრძელიწინდა ძალიან მიყვარდა, კიდევ ალისა და ბურატინოს თავგადასავალი.

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?ჯეინ ეარი

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?-არა, მაგრამ სამ ციფრზე გადასული თუ არ ვარ, მალე უნდა გადავდიოდე წესით.

ვინაიდან თაგ-თამაშების მთავარი აზრი ისაა რომ მომდევნო “მონაწილე” უნდა “და-თაგ-ო”, მეც მომდევნო მონაწილეს ჩავრთავ ამ საქმეში- გლამთაიას ვთხოვ გააგრძელოს.

Advertisements

10 წიგნი

მოლი რომ კარგად წერს ეს ამბავი არაა საიდუმლო, მაგრამ კომენტარებში გამართული დიალოგებიც არანაკლებ საინტერესოა და ხშირად, ბევრი კარგი იდეა ჩნდება. დღევანდელი პოსტიც ამ დიალოგის შედეგად იწერება.

მამჩემს ძალიან უყვარს კითხვა, შესაბამისად ჩვენი ბიბლიოთეკა სავსეა წიგნებით და გამუდმებით ივსება ამ დრომდე. აქტიურად ვართ ჩაბმულები 50 წიგნის პროექტში, მონდომებით მივყვებოდით დეტექტივების, საბავშვო ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის საგანძურების გამოცემებსაც. “დიდი მხატვრების” 24-ვე კრებული წიგნის თაროს უკვე ამშვენებს და სავარაუდოდ, ბოლომდე გავაგრძელებთ.

ამ ფონზე კი, ბოლო დროს ძალიან ცოტა დრო მრჩება ყველაფრისთვის, მშვიდად საკითხავად კი მითუმეტეს.. ამიტომ, მრავლად დაგროვდა წასაკითხი წიგნები. ამ პოსტში მხოლოდ პირველ 10-ეულზე ვისაუბრებ, რომელიც გამუდმებით ფორმირებას განიცდის, მაგრამ ამ დროისთვის სწორედ ასეთი სახე აქვს (რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს ):

1.  სტიგ ლარსონი- “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ან უფრო ზუსტად “ქალთმოძულე კაცები”.

მიზეზი თუ რატომ მინდა ამ წიგნს გავეცნო, სრულიად ქართული ბლოგოსფეროს აღფრთოვანებაა. როცა ყოველი მე-5 ახალი პოსტი დრაკონზე და მისი გამოსახულებით დამშვენებულ გოგონაზე ქვეყნდება, გინდა არ გინდა ინტერესდები – რა არის ასეთი. განსაკუთრებით მხიბლავს ის შენიშვნა, რომელსაც უკლებლივ ყველა ბლოგერი თუ მკითხველი ურთავს: “პოპულარობა და ხარისხი ამ შემთხვევაში თანხვედრაშია”-ო. ორიოდე დღის წინ ჩემ საყვარელ ლიტ-კაფეს და წიგნის მაღაზიასაც მივაკითხე, მაგრამ არ ჰქონდათ და შემდეგი ხუთშაბათისთვის დამიბარეს, მეც არ დავაღალატებ და იმედია რომ ამ წიგნს მალე ჩავიგდებ ხელში.  : )

2. ორჰან ფამუქი- “მე წითელი მქვია”

ამ წიგნით დაინტერესების მიზეზიც, ამ შემთხვევაშიც ბლოგერები არიან. რამდენიმე საინტერესო პოსტი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ რომ კითხვის დაუოკებელი სურვილი გამჩენოდა. lib.ge-ზე განთავსებულმა შესავალმა მთლად გადამრია. ამას დაუმატეთ ზემოხსენებული შენიშვნა და ისიც, რომ ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატია.. მე და მამა ერთმანეთს ველოდებით, რომელი იყიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მე დავასწრებ ვიცი.

3. თომას მანი – “ბუდენბროკები”

ტყული იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში რეცენზიებს ან ვიმეს რჩევას ვეყრდნობი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა იმალება ყდის უკან. მითუმეტეს, რომ საგის მოყვარულიც გახლავართ და საბოლოო ჯამში, ბევრი მიზეზი მიგროვდება იმისთვის რომ წავიკითხო.

4. ჩაკ პალანიკი- “იავნანა”

სულ რამდენიმე დღეა, აღმოვაჩინე კატერინას ბლოგი, აქვე კი გავეცანი იმ პოსტებს, რომლებსაც წაკითხულ წიგნებს უძღვნის და ერთ-ერთი მათგანი იმდენად მომეწონა, რომ ჩაკ პალანიკის “იავნანა”- რომლისთვისაც თურმე ჯილდოც მიუღია 2003 წელს, წასაკითხი წიგნების ათეულში აღმოჩნდა.

5. არტურო პერეს რევერტე.

ეს ის შემთხვევაა როცა კონკრეტულ ნაწარმოებზე არ შემიჩერებია ყურადღება. პირველად ეს გვარი რომელიღაც სერიალის რეკლამიდან გავიგე, ამიტომ ჩავთვალე რომ მაინც და მაინც საინტერესო ავტორი არ უნდა ყოფილიყო. მერე ხან რომელ ბლოგზე შემხვდა, ხან რომელ საიტზე და აღმოჩნდა რომ მცდარი შეხედულება ჩამომყალიბებია. უბრალოდ, ინტერესესითვის წავიკითხავდი რამეს, იმისთვის მაინც რომ ჩემი აზრი მქონდეს მასზე.

6. გაბრიელ გარსია მარკესი.

ამჯერად კოლუმბიელ მწერალს გადავწვდები. მისი გაცნობა უკვე მოვასწარი- 2 რომანის და რამდენიმე ნოველის დახმარებით, მაგრამ ამ დრომდე სამწუხაროდ არ წამიკითხავს ” პატრიარქის შემოდგომა” და “სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ”.

7.  ლევ ტოლსტოი- ანა კარენინა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს რომანი აქამდე არ წამიკითხავს არის რუსული ენა. საკმაოდ კარგად მესმის და თუ მჭირდება ენა არ მებმის, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევწვდები ტოლსტოის.  ამ რომანის ორიგინალში წაკითხვა კი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს გადავწყვიტე, წიგნის თაროზეც სწორედ რუსული გამოცემა მაქვს.  ალბათ, ამ ზაფხულს შევძლებ მის წაკითხვას.

8.  ვირჯინია ვულფი.

ამ ინგლისელი მწერლის არაფერი მაქვს წაკითხული, რის გამოც გული მწყდება და ძალიან მალე მინდა ამ დანაკლისის შევსება.

9.  ჯორჯ ორუელი- 1984

წიგნის რეკომენდატორი ჩემი ძმაა, რომლის რჩევასაც, ვისურვებდი მალე დავუჯერო, მითუმეტეს რომ წიგნი თაროზეა.

10. ალექსანდრე დიუმა- “დედოფალი მარგო”

ამ ნაწარმოებთან საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება მაქვს. სულ მცირე, ოთხჯერ მაქვს დაწყებული და აქედან სამჯერ

 მსგავსი შემართებით ” ამჯერად მაინც წავიკითხავ”, მაგრამ არაფერი გამომდის. მიზეზი რა არის, კარგად ვერ ვხვდები. მემგონი პირველ თავებში აუარება პერსონაჟის თუ ვიღაც ისტორიული პირების დახასიათება და ნათესაური კავშირების აღწერა უნდა იყოს, რის გამოც სიუჟეტში ჩართვა ძალიან მიჭირს.

ესეც ჩემი ათეული. არაა გამორიცხული ხვალ სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს, მაგალითად ” ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსმა” გაცილებით წინ გადმოინაცვლოს, ვიდრე მეორე ათეულში ყოფნაა, ან კიდევ უმალ, მივიწყებული წიგნების გადაკითხვა დავიწყო, ვიდრე ახლების “შევეჭიდო”. ან სულაც,შეიძლება “მექანიკურ ფორთოხალს” ჩავუჯდე ამ შაბათ-კვირას…

მანამ სანამ, მე წასაკითხი წიგნების რიგითობას ვარკვევ, ვაქციოთ ეს ყველაფერი თეგ-თამაშად და ჩემი მხრივ, რამდენიმე ბლოგერის სიით ვარ დაინტერესებული :  მოლი,  რუსა და ცოტნე, გისმენთ. : )

რა, რატომ, ვინ? კითხვები მე-ს.

ეს თაგ-თამაში, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, გრიგალივით ამოვარდა, გნებავთ, კლდეზე დაგორებული თოვლის გუნდასავით გაიზარდა და  მაცოს საშუალებით მეც ჩამითრია.  ეს მცირე კითხვარი მწირ, მაგრამ დამატებით ინფორმაციას მოგცემთ ჩემზე. ვერ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო ან სახალისო გამოვიდა, მაგრამ გულწრფელი პასუხები კი გავეცი : )
  • რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? – რატომ კარგავ ამდენ დროს? რატომ დებ ყველაფერს მეორე დღისთვის?
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს? –  ჯერჯერობით გზის ფულში, რომ გავხდები მაგისტრატურის სტუდენტი, მერე სწავლის საფასურში 🙂
  • რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს? –  გაღვიძების გარეშე.
  • როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში? –  ეჭვი მაქვს სადღაც XVII-XIX საუკუნეში უნდა მეცხოვრა. ასე რომ გრაფინია ან თავადის ქალი მაინც ვიქნებოდი : ))) ჰო მართლა, აუცილებლად სიყვარულით გავთხოვდებოდი. ისე, ადრე რაღაც კითხვარი შემხვდა ინტერნეტში, გავაკეთე და დავადგინე, რომ თურმე მეწისქვილის ქალიშვილი ვყოფილვარ და 1104 წელს დავბადებულვარ :))) 
  • ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე? – ასე ვერავის გამოვყოფ, ალბათ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ცოტ-ცოტა ყველას მიუძღვის წვლილი იმათგან, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს. 
  • რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?–  მხოლოდ მიზანდასახულობას დავიმატებდი. სხვა არაფრის შეცვლა მინდა, შეცდომებს არასდროს ვნანობ, მათზე მხოლოდ ვსწავლობ. ვცდილობ მაინც : )
  • 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?–  მინდა თქვან რომ ძალიან კარგი ცხოვრებით ვიცხოვრე, შევქმენი სამაგალითო ოჯახი და კარიერა. 
  • ყველაზე შტერული კითხვა?–  ”სხვა?”
  • ხალხი გაოცდება, როდესაც შეიტყობს,რომ მე.. –  ბლოგი მაქვს, თან ანონიმური : ))
  • ხალხი თვლის რომ მე..–  მიამიტი და დამჯერი ვარ. 
  • ვერ ვიტან როცა…– მატყუებენ, მკითხულობენ მაშინ როცა ვჭირდები.
  • ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი… –  ჭიამაია ვიქნებოდი-თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ მგონი პეპელა უფრო სიამოვნებით გავხდებოდი. ფარფატა და ლაღი პეპელა ❤
ახლა არავინ მახსენდება , ვისაც ესეთი პოსტი არ დაუწერია.  მგონი თამარაა ასეთი. ოღონდ ერთი კია, მას გაცილებით საინტერესო სიახლეები აქვს ჩვენთვის გასაზიარებელი და არ ვიცი რამდენად დააინტერესებს ეს თაგი.  ვინაიდან ეს თამაშია და მისი მთავარი აზრი გაგრძელებაა, გთხოვთ უმორჩილესად რომ სურვილის შემთხვევაში განაგრძოთ.  🙂

ვაი და დამინახოთ ქუჩაში.

აი,  თაგ-მა ჩემამდეც მოაღწია და  დედამიწელმა ითავა ეს საქმე. ჰოდა, მოკლედ , ვაი და შეგხვდეთ ქუჩაში, მიცნობთ? ეჭვი მეპარება მაგრამ ვნახოთ 🙂

ჩემი მასისგან გამორჩევა ძალიან გაგიჭირდებათ, არც განსაკუთრებულად მაცვია, არც მაკიაჟი მაქვს ისეთი რომ თვალში მოგხვდეთ.

სტილი: თავისუფალი.

სიმაღლე: 172 სმ

წონა: 51 კგ

თმის ფერი: მუქი წაბლისფერი.

კანის ფერი: მუქი ხორბლისფერი, უფრო ყავისფერისკენ მიდრეკილი 🙂

თვალის ფერი : მუქი ყავისფერი, შავში გარდამავალი.

ერთნაირად ვწყალობ კაბებსა და ჯინსის შარვლებს. ზაფხულის პერიოდში კაბასა და სარაფნებს  ვეტანები, რომელთა სიგრძეც ძირითადად მუხლიდან იწყება და ზემოთ მიიწევს. (ზომიერების ფარგლებში 😉 )  ტანისამოსის ფერები პასტელურს და შავ/ნაცრისფერს შორის მერყეობს. ფეხზე 98% შემთხვევაში ბალეტკები მაცვია, ზოგჯერ კეტები. ქუსლები წელიწადში მაქსიმუმ 10 ჯერ შეიძლება ჩავიცვა და ისიც თუ სადმე მივიპრანჭები ან რამე ეფექტის მოხდენა მინდა 🙂

თვალზე მუდმივად ლაინერი მაქვს წასმული, არასდროს ვიკეთებ სათვალეს, არ ვისვამ ტუჩსაცხს (!), იშვიათად უფერო ან ძალიან მკრთალი ვარდისფერი  ( უფრო ტუჩისფერი) შეიძლება გადავისვა.  საუბარი ზედმეტია ტონალურ კრემზე, არანაირი შეფერილობისას არ ვწყალობ.

თმა ბუნებრივად ტალღოვანი, მაქვს უფრო ხვეული. ვინაიდან ეხლა ძალიან გამეზარდა და ცოტა ფორმა აქვს შესაცვლელი, ვატარებ შეკრულს- “კოსა” კეფასთან, წინამო (დიახ ქართულად ეგრე ქვია ჩოლკას :p ) თვალებამდე.  როცა სასურველი სიგრძე და ფორმა აქვს თმას, მაშინ მაქვს გაშლილი, რათა სრულად წარმოჩინდეს ჩემი კულულების მშვენება 🙂 ასევე, ხშირად ვისწორებ. ჰო კიდევ, მთავარი რაც თმას შეეხება: თმით ყოველთვის ვიფარავ არ ვაჩენ ყურებს!  ყველა მეუბნება რომ უაზრო აკვიატებაა , მაგრამ სასტიკად არ მომწონს როცა ყური ჩანს და განსაკუთრებით თუ ყური იჩანს.

როცა მარტო ვარ, აუცილებლად ყურსასმენი მიკეთია, ხასიათი თუ ხელს მიწყობს ჩემს სიარულში შეიძლება მუსიკის რიტმებს აყოლილი მოძრაობები ამოიცნოთ. თუ მარტო არ ვარ გვერდით ჩემი ბიჭი მომყვება ხელჩაკიდებული და ჩემი სახლიდან გასვლის 90%-ში ასეა. ანუ, დიდი ალბათობით თუ სადმე დამინახეთ მარტო არ ვიქნები 🙂 დავდივარ ძალიან სწრაფად და მეტი ბუნებრიობისთვის ისეთი “სიფათი” მაქვს, გეგონება სადღაც ვაგვიანებ. ხელში მუდმივად მიჭირავს ტელეფონი და ხშირად დავყურებ ხოლმე.  ზემოხსენებულო ჩემი ბიჭი ხშირად მეხუმრება რომ იდნავ გადაზნექილი დავდივარ, რაც გამოწვეულია ჩემი უზარმაზარი ჩანთის სიმძიმით და სულ რომ არაფერი მჭირდებოდეს იმ ჩანთიდან მაინც თან დავათრევ  🙂

ჯესი , ქოლგიანო გოგო, შემდეგნი ხართ 🙂

პ.ს მადლობა თეას სურათისთვის 🙂

>შეცდომები

>

   გვირილამ დამთაგა და მეც აღმოვჩნდი თეგ-თამაშში ჩართული.
   შეცდომები…. მტკივნეული თემაა ვაღიარებ. უშეცდომო არც არავინ არის, ბევრჯერ ჩემივე ქმედების გამო ხშირად მინატრია გავქრე, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს არ იქნება გამოსავალი. ჩემი შეცდომა ისიც არის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობ, არათუ სხვისაზე. არის რაღაცეები, რომელთა გახსენებაც დღესაც ისევე მტკივა, როგორც მაშინ წლების წინ.
   ჩემს გამოცდილებას თუ გადავხედავთ, შეცდომაა ენდო ადამიანს თვალდახუჭული, მერე რა თუ ერთმანეთს  საუკეთესო მეგობრებს უწოდებთ. ზურგიდან დანა არასდროს არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა რომ ამას ვაღიარებ, მე მეორედ ვარ შესული იგივე მდინარეში. თუმცა ამ ორი ადამიანის შედარება არც კი შეიძლება. ერთია როცა იცი რომ asshole არის და უბრალოდ, გულუბრყვილოდ გჯერა და მეორეა როცა იცი რომ მისი სული/გული სუფთაა და მას ამიტომაც ენდობი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მე ისე ვარ მინდობილი, რომ საკმარისია მცირე იმედგაცრუება და უმცირეს ნაწილაკებად დავიშლები. სწორედ ესაა ჩემი შეცდომა.
   შეცდომაა, როცა არ ვუფრთხილდები დროს. სულ ერთია როგორ ფლანგავ მას, მთავარია რომ დრო გადის და ხელში არაფერი გრჩება. მე ხშირად ვყოფილვარ იმ გარემოების წინაშე, რომ შანსი გავუშვი.. რომ დრო არასწორად გავანაწილე და ეხლა გვიანია. როცა ვსაუბრობ დროზე მხოლოდ წუთების კონტროლი არ იგულისხმება. დროის გაშვებაა ისიც, როდესაც არ აფასებ იმას რაც გაქვს , ხოლო როცა კარგავ, აანალიზებ რომ სინანული გვიანია და ის დრო რაც გქონდა სხვაგვარად უნდა გამოგეყენებინა.
   ხშირად, როცა ძილის წინ ვფიქრობ, ვფიქრობ სწორედ შცდომებზე. 2 მიზეზის გამო:
1) უბრალოდ თავისით მახსენდება ყველა უხერხული სიტუაცია და თავს ვიტანჯავ იმაზე ფიქრით, რომ შემეძლო უფრო უკეთესი ვყოფილიყავი.
2) ძლიან მინდა საკუთარ თავს საკუთარ შეცდომებზე ვასწავლო!
და ბოლოს, შეცდომაა ისიც რომ უაზრო კომპლექსებს ვინერგავ, თავს ზედმეტად ვიზღუდავ და ვცდილობ ვიყო იდეალური არა-იდეალურ სამყაროში. შეცდომაა! 
 
ეს ერთერთია ჩემი საყვარელი სიმღერებიდან,  წერისას ამას ვუსმენდი. ისიამოვნეთ

 

ველოდები პოსტებს : მაცო, kristi’s blog, თოვლი

>ფერებში დაკარგული ჭიამაია

>

   ესაა პირველი პოსტი ამ ბლოგზე რომელმაც ჩემს თემას გადაუხვია, პირველი თაგ-ის შედეგი და არაფრით არ შემეძლო არ დამეწერა. უზომოდ გამიხარდა როცა ბლოგზე  Here Comes The Sun ჩემი თავი ვიხილე :))) მადლობა ამ სიხარულის მონიჭებითვის. ეხლა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საქმეზე გადავალ.
მიყვარს: ჭაობისფერი მწვანე– ესაა ფერი რომელიც უზომოდ მამშვიდებს. ამიტომაც ბუნებაში, სადაც ბევრი მწვანეა საოცრად კარგად ვარ. აი ასეთ გარემოში დაუსრულებლად შემიძლია ვიჯდე. საინტერესო წიგნი თუ მექნა თან, მაშინ საერთოდ ვეღარ ამაყენებთ :)))
ერთ-ერთი საიტი იუწყება რომ მწვანე ბალანსის, პოზიტივის, ჰარმონიის, სიახლის, სიმშვიდის სიმბოლოა.
ლურჯი– და ლურჯის ყველანაირი ტონალობა, ყველაზე მეტად კი ე.წ royal blue . ეს ფერიც საოცრად მაწყნარებს და სიმყუდროვის შეგრძნებას მიქმნის.
”ლურჯი ინტელექტუალური ფერია, მუქი ტონალობის ლურჯმა შეიძლება ისეთივე გამაღიზიანებელი ეფექტი გამოიწვიოს, როგორც წითელმა. ღია ფერის ლურჯი სიმშვიდის სიმბოლოა, თუმცა ამავე დროს ცივია.”
ყავისფერი – ეს ფერიც სითბოსთან, ბუხართან სიმყუდროვესთან ასოცირდება ჩემთვის.
”ეს ფერი დედამიწასთან, ბუნებრიობასთან ასოცირდება. ვინაიდან ის შეიცავს ყვითელი, წითელი და შავი ფერის ტონალობას, იზიარებს კიდეც მათ დამახასიათებელ თვისებებს.  ყავისფერის მოყვარულები უფრო სანდონი არიან, შეუძლიათ სხვისი დაცვა, სიმყუდროვის/სითბოს შექმნა, თუმცა იუმორის ნაკლებობაც ახასიათებთ.”

და ბოლოს ორი უკიდურესობა თეთრი და შავი- შავი იმიტომ რომ კლასიკური ფერია და ჩემი შავგვრემანობის მიუხედავად მაინც მიხდება, ტანს ხაზს უსვამს და მაღალს მაჩენს  ( არამარტო მე, მგონი ყველასთვის ერთი ეფექტი აქვს) : )) თეთრი იმიტომ რომ სიწმინდის , სისუფთავის და ჰარმონიის სიმბოლოა.
”თეთრი სისუფთავის, სიწმინდის, სიმშვიდის ფერია,  მისი მოყვარულები ისვევე როგორც შავი ფერისა, უკომპრომისონი არიან. შავი ფერი დაცულობის, გლამურის ფერია. თუმცა ისიც საკმაოდ ცივია და ცოტა მძიმე ხასიათის ადამიანებს უყვართ”

რ მიყვარს :
ყვითელი- ძალიან ჭყეტელა და მყვირალა ფერია. მაღიზიანებს.
ფოსფორისფერი/ ღია წითელი/ – სიმყუდროვესთან საერთო არაფერი აქვთ.ესეთი ვარდისფერი:
ჩემის მხრივ ვთაგავ : მოლი, Thea’s World Vision, მეზღაპრე.
თუ რომელიმეს უკვე დაწერილი გაქვთ და ხელმეორედ დაგთაგეთ არ იმჩნევთ :))

მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge