Archive for the 'დღიური' Category



Dancing in the Rain

წვიმა ყოველთვის მინორული განწობის სიმბოლოა, თუმცა ვისთვის როგორ. გუშინდელმა წვიმამ რატომღაც ყველა სეირნობის ხასიათზე დააყენა, მაგრამ დღევანდელი დილის სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ ავდარმა საშინელი შედეგები დაგვიტოვა. თბილისს რომ არ ახსოვს ისეთი, მსხვერპლიანი.. მაგრამ ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, არ გამომდის ასეთ თემებზე საუბარი…

ამ პოსტის თემა უფრო მსუბუქია. ჰოდა, იმას ვამბობდი ფეისბუქი გუშინ წვიმაში მოსიერნეების ფოტოებით აჭრელდა-მეთქი, ზოგმა კიდევაც ისეირნა, ზოგს მხოლოდ სურდა და იმას დარდობდა რომ სახლში იყო გამოკეტილი, ან იმას რომ არავინ გაჰყვა გარეთ. მე ეს პოსტი და მისი მოქმედი გმირები გამახსენდა. ჩვენ. 2 წელი გავიდა და ზუსტად შემიძლია თქმა რა შეიცვალა და რა არა.  ერთი რამ ცხადია, ძალიან გავიზარდეთ.

არა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მაშინდელივით ვეღარ ვირბენ წვიმაში თმაგაშლილი, არც იმას რომ გუბეებში ჩახტომით ერთმანეთის გაწუწვა მოგვერიდება, არც იმას რომ ხმამაღლა ღრიალს აღარ მოვყვებით იმაზე თუ როგორ გვიყვარს. სხვანაირად გავიზარდეთ, პასუხისმგებლობები მოგვემატა, საფიქრალი და საზრუნავი. რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები რომ ჩარჩოებში ვექცევით, საზღვრებს ვიწესებთ ან გვიწესებენ და ვემორჩილებით.

მაშინ, მაშინ მართლა არაფერი იყო. 2 წელი თითქოს ბევრი არაა, მაგრამ იმდენი რამ გადაასხვაფერა. სამსახური, სამსახური, უნივერსიტეტი, გამოცდა. სამსახური, ხელფასი, დრო, დაღლა … და დღის ყველაზე მცირე მონაკვეთი კი ერთმანეთს. ვგრძნობ რომ ამასთან შეგუება გვიჭირს, მუდმივი მონატრების რეჟიმში ყოფნა ძნელია. ურთიერთობა ჩვენდა საბედნიეროდ ვითარდება, წინ მიდის და ითხოვს.. არა, მოითხოვს ახალ ეტაპს, მაგრამ ჩვენ რატომღაც

გარემოებები გვაფერხებს, საშინელი გარემოებები რომელიც სამწუხაროდ არაა ისეთი თვალს რომ უბრალოდ დახუჭავ და იტყვი “მოხდეს რაც მოსახდენია”. არ მინდა ასე.  ახლა ვხვდები რომ ის მართალი იყო და აღარ ვარ ისეთი  კატეგორიული, როგორც წლის დასაწყისში მაგრამ ამჯერად სხვა ”მაგრამები” დაგვესია გარს…

მე კი მენატრება. მენატრება ძველებურად ლაღი, სულ ხუმრობის ხასიათზე მყოფი. მენატრება მისი გულიანი სიცილი და სიურპრიზები, რომლებთა მოწყობაზეც გიჟდებოდა. მენატრება მისი მიმიკები, სახის გამომეტყველებები რომლებითაც ჩემ შემორიგებას ან ხასიათზე მოყვანას ცდილობდა და ყოველთვის გამოსდიოდა. მომენატრა, ძალიან მომენატრა ძველებურად თავისუფალი…

ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

ფეხშიშველი


ჰაერი აღარ არის. სასუნთქი ჰაერი გაჭირდა.

რამხელა ძალა ჰქონია მხოლოდ ერთხელ ღრმად ჩასუნთქვას, თითქოს სამყაროს ტვირთი მოგეხსნა. მაგრამ, სამწუხაროა რომ ეფექტი წამიერია. მერე ისევ თავიდან მძიმდები.

სულში ზამთარია, გარეთ ზამთარია და სხეულიც სულთან ერთად იფიტება.  რა სასაცილოდ მეჩვენება ეს ყოველდღიური ბორგვა. ბორგვაა აბა რა არის. სიყალბეა და ტყუილი. ნაძალადევი არაფერი ვარგა, იმიტომაც ვერ ვიტანდი მთელი ბავშვობა სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მაკეთენბინებდნენ რამეს. სანამ პატარა ხარ გგონია რომ გაიზრდები და ყველაფერი ისე იქნება რგორც შენ გინდა. აი როგორც იქნა გაიზარდე და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ იმაზე მეტად გახდი ვალდებულებების მონა, ვიდრე წარმოგედგინა.

მინდა ავდგე და წავიდე. აი ისე უბრალოდ, ვიარო დაუსრულებლად უსაშველოდ გრძელ ბილიკზე, მწვანე ხეებში რომაა ჩაფლული და შორიდან რომ წყაროს ხმა ისმის. მინდა  ფეხშიშველს გრძელი ყვავილებით მოჩითული კაბა მეცვას, გაშლილ თმაში მინდვრის ყვავილები მებნიოს და მივდიოდე, უბრალოდ მივდიოდე.

მინდა გაზაფხული ვისუნთქო

მინდა თავისუფლება ვისუნთქო

მინდა თვალები დავხუჭო და ყვავილების ზღვაში გადავეშვა.

შესაფერისი დრო

საერთოდ, როცა რაღაცას იღებ საკუთარ თავზე და მერე ის ან ბოლომდე არ მიგყავს, ან უყურადღებოდ ტოვებ უპასუხიმგებლობის ნიშანია. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ როგორც სჩანს,  ჩემ ბლოგს სწორედ ასეთი პატრონი შეხვდა და ამის აღიარებაც უკვე საქმეა. თავის გასამართლებლად უამრავი მიზეზის მოყვანა შეიძლება- საქმე, სამეცადინო, ახალი სამსახური… თუმცა ამ ყველაფრის ფონზე  1 საათის გამოყოფა ყოველთვის შეიძლება და მეც სინდისშეწუხებული ვუბრუნდები აქაურობას. შაბათი ჩემთან ინგლისური პოსტების დღეა, ყოველშემთხვევაში ვცდილობ ტრადიციად ვაქციო, თუმცა მაინც სრული ქაოსია ამ მხრივ. დღეს ინგლისურ პოსტს ვერ გთავაზობთ, თუმცა ოფიციალურად ვუერთდები ამავე ეროვნების მწერალი ქალის თაყვანისმცემელთა გუნდს. ვირჯინია ვულფს აქამდე არ ვიცნობდი და მეტიც, ნაკლებად მსმენოდა მასზე. როგორც აღმოჩნდა არც მამისეული ბიბლიოთეკა აღმოჩნდა მისი ნაწარმოებებით დამშვენებული და მხსნელად ინტერნეტს მივაშურე, იქნებ გარკვეული წარმოდგენა მაინც შემქმნას-მეთქი.  და არც შევცდი! lib.ge-ს ასე თუ ისე ყველა იცნობთ და მოგეხსენებათ საკმაოდ კარგი ელ.ბიბლიოთეკაც აქვთ, თუმცა დამერწმუნებით კომპიუტერის ეკრანი საკითხავად კარგ სამსახურს ვერ გაგიწევთ და ასე აღმოჩნდა ვირჯინია ვულფის მოთხრობები ვორდის ფაილში დაკოპირებული, რასაკვირველია შესაფერისი დროის მოლოდინში.

თავის დროზე, ასევე ვორდის ფაილში დავაკოპირე ’’ანა ფრანკის დღიური” და დაუძლეველ ინტერესს რა ვუთხარი, რამდენიმე ჩანაწერის თვალდაუხამხამებლად წავიკითხე. ვინაიდან ჩემ მხედველობაზე უკვე კარგა ხანია ეს ”ეშმაკის მოგონილი მანქანა” არასახარბიელოდ მოქმედებს, თავის მინებება ვარჩიე, რასაკვირველია ამ შემთხვევაშიც შესაფერისი დროს წაკითხვის პერსპექტივით.

ალბათ, იკითხავს ვინმე როდის არის ეს დრო, რით ვეღარ დადგაო. მე კი თქვენ ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და გეტყვით, რომ ამ ”შესაფერის დროს” სახელად ქინდლი ჰქვია, და აგერ უკვე 1 კვირაა ჩემი ჩანთის განუყრელი მეგობარია. თუმცა მისი ფუნქცია რომ ჩანთით ტარება არაა კი გეცოდინებათ და ჩემთვის საინტერესო ელ.წიგნებით უკვე შევავსე ასეთივე თარო. ანა ფრანკით და ვულფით დავიწყე, დანარჩენს მერე მოგიყვებით!

ნაყოფიერ “weekend”-ს გისურვებთ მეგობრებო!

ადამიანი- საკუთარი თავის მტერი

უბრალოდ ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ უკეთებენ ადამიანები საკუთარ თავს იმას, რაც იციან რომ ავნებთ.

აზროვნების უნარი- აი რა გამოგვარჩევს ყველა ცოცხალი არსებისაგან, ნუთუ ასე ძნელია მინიმალურად მაინც გამოვიყენოთ ეს უპირატესობა და სულ მცირე საკუთარ თავს მაინც არ ვავნოთ, თუკი სხვა ნაკლებად გვადარდებს…

მაგრამ არა, ზოგჯერ ნებისყოფა არ გყოფნის, ზოგჯერ დეპრესია გიტევს და სხვისი ნერვების ჯიჯგნას, ისევ საკუთარს მისდგე გირჩევნია… თუმცა, ჩემივე ნათქვამს უნდა შევეწინააღმდეგო-თავადც იცი ეს მოგონილი იზეზებია. სინამდვილეში საკუთარი სისუსტე გამარცხებს , რომელიც საბოლოო ჯამში სუსტი კი არა ძალიანაც ძლიერი ყოფილა, თან იმდენად რომ შენი შეგნება და აზროვნების უნარი უკანა პლანზე გადასწია და დაგიმორჩილა.

მაგრამ მაინც არ მესმის, როცა იცი რომ გეტკინება, რატომ აკეთებ, მითუმეტეს რომ გაქვს არჩევანი… როცა იცი, რომ ამას აუცილებლად ცუდი შედეგი მოჰყვება, რატომ დგამ ასეთ ნაბიჯს- ხომ გაქვს არა ეს არჩევანი? აირჩიე შენთვის უკეთესი, აჯობე შენ თავს, შენ სისუსტეს, შენ სურვილებს.  იქნებ იმან გაგათამამა რომ რამდენჯერმე უკვე შეცდი, თუმცა ამან ისეთი შედეგი არ გამოიღო თითზე საკბენად გქონოდა საქმე? კი ბატონო, იყოს ეგრე მაგრამ კოკა ყოველთვის არ მოგიტანს წყალს და აი უკვე არ მოგიტანა.

შენ იყავი თავისუფალი არჩევანში და შეცდი, თან ძალიან მწარედ.

მაგრამ არა და არა, სურვილები იმარჯვებენ საღ აზრზე. რატომ?

პ.ს ამ ყველაფრის ადრესატს ეს უკვე ვუთხარი, მაგრამ ცუდია როცა ადამიანს ჰგონია რომ არასდროს ეშლება, რომ ყოველთვის მართალია… ზოგჯერ საკუთარი სიამაყე მტერზე უფრო საშიშია.

უბრალოდ მეშინია მერე გვიანი არ იყოს…

მაჩუ პიქჩუ

ჯერ მეგონა რომ მატერიალური რამეები არ მაინტერესებდა.

მერე მივხვდი რომ ”მატერიალური რამეები”  საჭიროა და მეტნაკლებად მაინტერესებს.

ჯერ მეგონა ყველაფრის მოთმენა შემეძლო.

მერე მივხვდი რომ საზღვარი ყველაფერს აქვს, მოთმინებას მითუმეტეს და ჩემსას ზოგჯერ ძალიან მოკლეც.

მერე ისევ მეგონა

მეგონა რომ სამყაროში არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სული.

მერე მივხვდი რომ სულს თავისი ადგილი აქვს, ხორცს თავისი და არსებობს კიდევ მესამე, სულის ბიძაშვილი მაგრამ მაინც განსხვავებული “შინაგანი სამყარო”- იმასაც აქვს ადგილი.

მერე მეგონა მხოლოდ მაღალი მატერიები ფასობდა.

მერე მივხვდი რომ მაღალ მატერიებს, მაღალი ინტელექტის მქონე დამფასებელი ჭირდება.

სანამ მაგას მივხვდებოდი, მეგონა მე ვიყავი ასეთი და ეს მაღალ-მაღალი რამეები მახასიათებდა.

მერე მივხვდი რომ ყველაფერი ფარსია.

სამყარო სავსეა ჩვენივე მოგონილი წესებით, რომელიც ისევ ჩვენ მოვიფიქრეთ საკუთარი თავების შესაზღუდად.

წავედი მე მაჩუ პიკჩუზე, ვიკივლებ და ჩამოვალ.

იდეალური

მეცინება ამ სურათზე

მეცინება ამ სურათზე

ამ კვირაში ძალიან შევეჩვიე ჩემ ძველ ბლოგს, სადაც სულ რაღაც 36 პოსტი მაქვს დაწერილი და ძალიან მიხარია რომ საერთოდ მაქვს და მქონდა ეს უკანასკნელი. საოცრად კარგი შეგრძნებაა ძველი ჩანაწერების კითხვა, ზოგ პოსტს ისე უცხო თვალით ვკითხულობ, დაჯერებაც მიჭირს ჩემი დაწერილია თუ არა. კიდევ ერთხელ ვინანე რომ სურვილის მიუხედავად არასდროს მქონია დღიური. დაკვირვების საშუალება მეძლევა-ვხვდები რა შეიცვალა ჩემში, როგორ გავიზარდე,რა მადარდებდა მაშინ, რა ხდება დღეს .. მოკლედ უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება. მოკლედ, გადავაწყდი ჩემ ძველ პოსტს, რომელიც რომელიღაც უცხოური საიტიდან მითარგმნია და იდეალურ მამაკაცს აღწერს. საერთოდ ასეთ რაღაცეებს არ ვუჯერებ ხოლმე, არასდროს მიმიღია სერიოზულად “როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე” ტიპის სტატიები, მაგრამ ზოგჯერ “ამჩატება” არც ისე ცუდია მემგონი.  ახლა, გადავწყვიტე გადმოვაკოპირო ის სტატია და შევადარო ჩემ მეორე ნახევარს, და გავიგო ერთი რამდენად იდეალურია : )

***

ბიჭები: ყოველთვის იმას ამბობენ რასაც არ გულისხმობენ.
გოგოები: არასდროს ამბობენ რა აქვთ გულში.

იპოვეთ ისეთი ბიჭი:
1)  რომელიც დაგიძახებთ ლამაზს და არა ვნებიანს ან მიმზიდველს.

არასდროს არ უხსენებია ჩემი მისამართით ვნებიანი, მითუმეტეს მიმზიდველი. ძირითადად ჩვენი გამოგონილი მოფერებითი სიტყვებით შემოიფარგლება ხოლმე და გარეგნობასაც არ ივიწყებს, როცა გამოვიპრანჭები ( ძალისხმევას წყალში არ მიყრის, რას ვერჩი) . +1 ქულა.

2) რომელიც გადმოგირეკავს მაშინაც როცა უთიშავ ტელეფონს.

რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა მაქვს ასეთი. +1 ქულა
3) რომელიც ჩუმად უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და უსმენს შენს გულისცემას , ან არ იძინებს მხოლოდ იმიტომ რომ უყუროს როგორ გძინავს.

ეს არ შემიმოწმებია, თუმცა ზაფხულის პიკნიკებზე ყოფილა ხოლმე ცის ყურების შემთხვევები და ბოლოს რომელიმე ჩვენგანს აღმოხდება რომ უზომოდ ბედნიერია ამ წუთით. მგონი, აქაც რომ მივაწერო ქულა ობიექტურობას არ დავკარგავ. +1
3)რომელიც ცდილობს დაგავიწყოს ყველაფერი ამ სამყაროში…

მგონი აქ ქულას ვერ დავწერ. მეხსიერების დაკარგვას არ ვუჩივი არც პირდაპირი, არც ალეგორიულ-რომანტიული მნიშვნელობით.
4)რომელსაც მუდამ ხელი ექნება შენზე ჩაკიდებული , მეგობრების თანდასწრებითაც…

ყოველთვის ასე დავდივართ და სხვანაირად ვერ-არ წარმომიდგენია, ვინც არ უნდა იყოს “დამსწრე”.+1 ქულა

5)რომელიც ყოველდღე შეგახსენებს რა ბედნიერია რომ მის გვერდით ხარ.

კი ესეც ხშირია, მხოლოდ ის დღეებია გამონაკლისი როცა ვიკამათებთ ან მე გადავწყვეტ რომ რომელიმე საკითხის მიმართ, ჩემი საყვარელი პროტესტის ფორმა გამოვიყენო და გავიბუტო. +1 ქულა.
6)რომელიც ყველას დაუფარავად ეტყვის რომ შენ ის ერთადერთი ხარ.

ჩემი თანდასწრებით ამაზე არავისთან ულაპარაკია.  თუმცა, მგონი ეს ისედაც გასაგებია. +1 ქულა
7) რომელიც გულში ჩაგიკრავს მაშინაც თუ ხელს კრავთ.

მე თვითონ მიკვირს, როგორ არ დაიღალა ჩემი გამოხტომებით. აქაც +1 ქულა.

 

შედეგი:

7 შესაძლო ქულიდან 6. მშვენიერი შედეგია. ამ სიას თუ დავუჯერებ, თვით სრულქმნილი არსება მიპოვია. 🙂 ეს ისე, გასართობად, თორემ ძლიან კარგად მომეხსენება რომ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის იდეალს და ამაში დასარწმუნებლად არანაირი ტესტი არაა საჭირო. ამას უბრალოდ გრძნობ.  ის ფილმი ხომ გახსოვთ, ქორწილის თარიღი, მთავარი გმირი კაცს რომ დაიქირავებს დის ქორწილში წასასვლელად, ყველას რომ ეგონოს ვითომ შეყვარებული ყავს და ბედნიერია. იქ არის ასეთი ფრაზა, “ყველა ქალს ისეთი სიყვარული აქვს, როგორც ჭირდება”, რომელსაც მე სრულებით ვეთანხმები-ცხოვრების თანამზგავრს ყველა თვითონ ირჩევს ( ყოველშემთხვევაში თეორიულად ასეა) და როგორი იქნება “ის ერთადერთი”, ღრმად ინდივიდუალურია.

პირადი აბდა-უბდა

ჩემი ბლოგის მკითხველებს მოეხსენებათ რომ აქაურობის ავტორი-შავკოპლებიანი მწერი შეყვარებული გახლავთ. ბლოგის მარჯვენა სვეტში, სულ ბოლოს სტიკერი კი გეუბნებათ რომ ეს ურთიერთობა 2 წელიწადზე მეტს ითვლის.თითქოს ლოგიკური გაგრძელების დრო ახლოვდება- თეთრი კაბა, საყვირები, საქორწინო ფიცი და კიდევ ათასი რამ, რაც ამ დღეს თან სდევს. ისე არ იფიქროთ, თითქოს ქორწილებთან მწყრალად ვიყო, უფრო პირიქით, ძალიანაც პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და აუცილებლად ასე გავთხოვდები- გაპარვების, მოტაცებებისა და სხვა მარაზმების გარეშე. ერთადერთი რაც ამ რიტუალში მეზიზღება, უსაშველოდ ბევრი სტუმრებია, რომელთა უმრავლესობას პირველად და უკანასკნელად ქორწილში ნახავ… თუმცა ეხლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.
მიყვარს, თან ძალიან. ამ სიყვარულის გამო ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა მომიწია, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ვთვლიდი, ნამდვილ სიყვარულში დათმობების საჭიროება არ დგება-მეთქი. ბევრი ლამაზი დღე და საჩუქარი მახსენდება, რომელთა გაკეთებაც ძირითადად სიურპიზების სახით უყვარს-მაშინ როცა არ ველოდები. თეატრს ვერ იტანს, ჩემ გამო კი უკვე ლამის პრემიერა აღარ გამოტოვოს (მგონი ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ რეალობიდან შორს არ ვარ) … როცა არ უნდა დავურეკო, სადაც არ უნდა იყოს-თუ ვთხოვ აუცილებლად მოვა, ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის ჩემ გვერდითაა, დღეში მილიონჯერ მეუბნება რომ ვუყვარვარ და ვენატრები… ყველაფერი წესრიგშია, ზუსტად ისე როგორც მინდოდა მაგრამ…
გავურბივარ ზემოხსენებულ მოვლენას, მას კი ჩემი დამოკიდებულება არ ესმის. ვერ წარმოუდგენია რატომ არ მინდა ოჯახის შექმნა. მე რასაკვირველია ჩემი მიზეზები აქვს, მათგან პირველი კი სწავლის დამთავრებაა. ძალიან არ მინდა ვიყო სტუდენტი და მქონდეს ოჯახი, ჩემი თავმოუბმელობის ამბავი რომ ვიცი რაღაცას აუცილებლად ისე ვერ გავაკეთებ, როგორც საჭიროა- მე კი არცერთის დათმობა არ მინდა. უნდა დავამთავრო, სულ 1 წელზეა ლაპარაკი..

მეორე მიზეზი, ისევ სწავლას ეხება. პროგრამა სადაც ჩავაბარე, 3 თვიან პრაქტიკებს მოიცავს უცხოეთში, მე კიდევ არც გათხოვილს მინდა იქ წასვლა და არც ორსულს. მხოლოდ ერთი წელი და ეს პრობლემა მოიხსნება.

მესამე, ესაა ნორმალური სამსახური- არ ვწუწუნებ, გადასარევი სამსახური მაქვს, მაგრამ არა ჩემი პროფესიით და თავს ჩემ ნაჭუჭში ვერ ვგრძნობ.. მინდა დავალაგო ამ მხრივ ყველაფერი, არ მინდა ოჯახზე გადავერთო ან სხვა პასუხისმგებლობებმა იჩინოს თავი და მოვეშვა.. 1 წელი ამისთვისაც მეყოფა.

მეოთხე- ჯერ არ მინდა გათხოვება, არ ვარ მზად ოჯახისთვის. მას კი რატომღაც ჰგონია რომ საქმე ჩემ გრძნობებშია, რომ ყველა ეს მიზეზი მხოლოდ ფარია, სინამდვილეში კი ცხოვრების მასთან დაკავშირებას გავურბივარ. ამის გამო ეჭვიანობას უმატა და სულ მუდმივად რაღაცის გადამოწმება ცდილობს…ამ ყველაფერმა კი ძალიან დამღალა. არ ვიცი საბოლოოდ რომელი დავნებდებით, მაგრამ გათხოვება კატეგორიულად არ მინდა! ჯერჯერობით პოზიციაზე მყარად ვდგავარ და ვცდილობ რაც შეიძლება გადავავადო ეს დღე, მაქსიმუმ 1 წლით, მინიმუმ…. არ ვიცი.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge