10 წიგნი

მოლი რომ კარგად წერს ეს ამბავი არაა საიდუმლო, მაგრამ კომენტარებში გამართული დიალოგებიც არანაკლებ საინტერესოა და ხშირად, ბევრი კარგი იდეა ჩნდება. დღევანდელი პოსტიც ამ დიალოგის შედეგად იწერება.

მამჩემს ძალიან უყვარს კითხვა, შესაბამისად ჩვენი ბიბლიოთეკა სავსეა წიგნებით და გამუდმებით ივსება ამ დრომდე. აქტიურად ვართ ჩაბმულები 50 წიგნის პროექტში, მონდომებით მივყვებოდით დეტექტივების, საბავშვო ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის საგანძურების გამოცემებსაც. “დიდი მხატვრების” 24-ვე კრებული წიგნის თაროს უკვე ამშვენებს და სავარაუდოდ, ბოლომდე გავაგრძელებთ.

ამ ფონზე კი, ბოლო დროს ძალიან ცოტა დრო მრჩება ყველაფრისთვის, მშვიდად საკითხავად კი მითუმეტეს.. ამიტომ, მრავლად დაგროვდა წასაკითხი წიგნები. ამ პოსტში მხოლოდ პირველ 10-ეულზე ვისაუბრებ, რომელიც გამუდმებით ფორმირებას განიცდის, მაგრამ ამ დროისთვის სწორედ ასეთი სახე აქვს (რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს ):

1.  სტიგ ლარსონი- “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ან უფრო ზუსტად “ქალთმოძულე კაცები”.

მიზეზი თუ რატომ მინდა ამ წიგნს გავეცნო, სრულიად ქართული ბლოგოსფეროს აღფრთოვანებაა. როცა ყოველი მე-5 ახალი პოსტი დრაკონზე და მისი გამოსახულებით დამშვენებულ გოგონაზე ქვეყნდება, გინდა არ გინდა ინტერესდები – რა არის ასეთი. განსაკუთრებით მხიბლავს ის შენიშვნა, რომელსაც უკლებლივ ყველა ბლოგერი თუ მკითხველი ურთავს: “პოპულარობა და ხარისხი ამ შემთხვევაში თანხვედრაშია”-ო. ორიოდე დღის წინ ჩემ საყვარელ ლიტ-კაფეს და წიგნის მაღაზიასაც მივაკითხე, მაგრამ არ ჰქონდათ და შემდეგი ხუთშაბათისთვის დამიბარეს, მეც არ დავაღალატებ და იმედია რომ ამ წიგნს მალე ჩავიგდებ ხელში.  : )

2. ორჰან ფამუქი- “მე წითელი მქვია”

ამ წიგნით დაინტერესების მიზეზიც, ამ შემთხვევაშიც ბლოგერები არიან. რამდენიმე საინტერესო პოსტი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ რომ კითხვის დაუოკებელი სურვილი გამჩენოდა. lib.ge-ზე განთავსებულმა შესავალმა მთლად გადამრია. ამას დაუმატეთ ზემოხსენებული შენიშვნა და ისიც, რომ ავტორი ნობელის პრემიის ლაურეატია.. მე და მამა ერთმანეთს ველოდებით, რომელი იყიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მე დავასწრებ ვიცი.

3. თომას მანი – “ბუდენბროკები”

ტყული იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში რეცენზიებს ან ვიმეს რჩევას ვეყრდნობი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა იმალება ყდის უკან. მითუმეტეს, რომ საგის მოყვარულიც გახლავართ და საბოლოო ჯამში, ბევრი მიზეზი მიგროვდება იმისთვის რომ წავიკითხო.

4. ჩაკ პალანიკი- “იავნანა”

სულ რამდენიმე დღეა, აღმოვაჩინე კატერინას ბლოგი, აქვე კი გავეცანი იმ პოსტებს, რომლებსაც წაკითხულ წიგნებს უძღვნის და ერთ-ერთი მათგანი იმდენად მომეწონა, რომ ჩაკ პალანიკის “იავნანა”- რომლისთვისაც თურმე ჯილდოც მიუღია 2003 წელს, წასაკითხი წიგნების ათეულში აღმოჩნდა.

5. არტურო პერეს რევერტე.

ეს ის შემთხვევაა როცა კონკრეტულ ნაწარმოებზე არ შემიჩერებია ყურადღება. პირველად ეს გვარი რომელიღაც სერიალის რეკლამიდან გავიგე, ამიტომ ჩავთვალე რომ მაინც და მაინც საინტერესო ავტორი არ უნდა ყოფილიყო. მერე ხან რომელ ბლოგზე შემხვდა, ხან რომელ საიტზე და აღმოჩნდა რომ მცდარი შეხედულება ჩამომყალიბებია. უბრალოდ, ინტერესესითვის წავიკითხავდი რამეს, იმისთვის მაინც რომ ჩემი აზრი მქონდეს მასზე.

6. გაბრიელ გარსია მარკესი.

ამჯერად კოლუმბიელ მწერალს გადავწვდები. მისი გაცნობა უკვე მოვასწარი- 2 რომანის და რამდენიმე ნოველის დახმარებით, მაგრამ ამ დრომდე სამწუხაროდ არ წამიკითხავს ” პატრიარქის შემოდგომა” და “სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ”.

7.  ლევ ტოლსტოი- ანა კარენინა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს რომანი აქამდე არ წამიკითხავს არის რუსული ენა. საკმაოდ კარგად მესმის და თუ მჭირდება ენა არ მებმის, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევწვდები ტოლსტოის.  ამ რომანის ორიგინალში წაკითხვა კი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს გადავწყვიტე, წიგნის თაროზეც სწორედ რუსული გამოცემა მაქვს.  ალბათ, ამ ზაფხულს შევძლებ მის წაკითხვას.

8.  ვირჯინია ვულფი.

ამ ინგლისელი მწერლის არაფერი მაქვს წაკითხული, რის გამოც გული მწყდება და ძალიან მალე მინდა ამ დანაკლისის შევსება.

9.  ჯორჯ ორუელი- 1984

წიგნის რეკომენდატორი ჩემი ძმაა, რომლის რჩევასაც, ვისურვებდი მალე დავუჯერო, მითუმეტეს რომ წიგნი თაროზეა.

10. ალექსანდრე დიუმა- “დედოფალი მარგო”

ამ ნაწარმოებთან საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება მაქვს. სულ მცირე, ოთხჯერ მაქვს დაწყებული და აქედან სამჯერ

 მსგავსი შემართებით ” ამჯერად მაინც წავიკითხავ”, მაგრამ არაფერი გამომდის. მიზეზი რა არის, კარგად ვერ ვხვდები. მემგონი პირველ თავებში აუარება პერსონაჟის თუ ვიღაც ისტორიული პირების დახასიათება და ნათესაური კავშირების აღწერა უნდა იყოს, რის გამოც სიუჟეტში ჩართვა ძალიან მიჭირს.

ესეც ჩემი ათეული. არაა გამორიცხული ხვალ სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს, მაგალითად ” ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსმა” გაცილებით წინ გადმოინაცვლოს, ვიდრე მეორე ათეულში ყოფნაა, ან კიდევ უმალ, მივიწყებული წიგნების გადაკითხვა დავიწყო, ვიდრე ახლების “შევეჭიდო”. ან სულაც,შეიძლება “მექანიკურ ფორთოხალს” ჩავუჯდე ამ შაბათ-კვირას…

მანამ სანამ, მე წასაკითხი წიგნების რიგითობას ვარკვევ, ვაქციოთ ეს ყველაფერი თეგ-თამაშად და ჩემი მხრივ, რამდენიმე ბლოგერის სიით ვარ დაინტერესებული :  მოლი,  რუსა და ცოტნე, გისმენთ. : )

Advertisements

52 Responses to “10 წიგნი”


  1. 1 მოლი ბლუმი ნოემბერი 29, 2011, 1:46 PM

    105 წიგნი მაქვს ჯერჯერობით ქინდლში და ეს არის ჩემი სიაც 🙂 პლიუს, ქართულენოვანი სიახლეები.

    ყოველი მეხუთე პოსტი დრაკონის ტატუზე, წიგნზე უფრო, კონკურსის დამსახურებაა.

    რევერტე რომელ ბლოგზე ნახე? ჩორვენს მოსწონს ძალიან და ლორდს. პოსტი რევერტეზე არსად შემხვედრია. გამოვტოვე რამე?

    • 2 Chiamaria ნოემბერი 29, 2011, 1:50 PM

      ამ შემთხვევაში შენ იგულისხმებოდი, კიდევ ფბ-ზე მახსოვს თითქოს რაღაც კომენტარები და მერე სხვადასხვა საიტებზე, ვიკის ჩათვლით თვითონ მოვძებნე რაღაცეები 🙂

      • 3 მოლი ბლუმი ნოემბერი 29, 2011, 2:01 PM

        რევერტე უმაგრესობაა.

        მშვენიერი სიაა… მარკესთან “პატრიარქის შემოდგომა” გამიხარდა. ამ წიგნს იშვიათად ახსენებენ. ჩემი ფავორიტია.

        წითელზე არაფერს ვიტყვი. ნობელი კი არა, ქვეყნად რაც კი ლიტერატურული პრემია და ჯილდო არსებობს, ყველას ღირსია.

        და შექებისთვის დიდი მადლობა 🙂

    • 4 Chiamaria ნოემბერი 29, 2011, 2:04 PM

      ჰო, ლიგამუსში ვეცნობი ხოლმე მარკესს. მიყვარს იქაური სითბო, დაბალ ხმაზე ჩართული სასიამოვნო მუსიკა და მარკესი. : )

      რაც შეეხება რევერტეს, მართლა მაინტერესებს და იმედი მაქვს რომ მოლოდინს გაამართლებს 🙂

      პ,ს: რა მადლობა, შექება რა სალაპარაკოა : )

  2. 7 გრაფინია ნოემბერი 29, 2011, 1:54 PM

    დედოფალი მარგო დასაწყისისში მეც გამიჭირდა და ჩახლართულ ნათესაურ კავშირებში ძლივს გავერკვიე, მაგრამ რომ დავიწყე მაინც არ გავჩერებულვარ და ბოლომდე წავიკითხე. არ ინანებ თუ დაასრულებ. დიუმას შემოქმედებაში ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის 🙂
    1984 მეც თაროზე მიდევს და მელოდება, მაგრამ გული ვერ დავუდე რატომღაც.
    “გოგონა დრაკონის ტატუთიც” ასე მაქვს თაროზე შემოდებული 🙂

    • 8 Chiamaria ნოემბერი 29, 2011, 2:01 PM

      შენ უფრო “გამძლე ნერვები გქონია”, მეც ვფირობ, რომ მთავარია ეგ შესავალი გადავლახო და მერე კარგად წავიკითხავ. დიდი ხანი გავიდა, აღარ დავბრუნებივარ და ცდად ღირს, იქნებ ამჯერად მაინც დავამთავრო 🙂

  3. 9 katerina ნოემბერი 29, 2011, 2:43 PM

    კარგი სიაა :). მე ჯერჯერობით მოლის წყალობით “ახალგაზრდა შერლოკი” მაქვს გეგმაში.
    პ.ს. მაგ სიაში ისე მოკრძალებით ჩაგიმატებდი ” ცხოველთა ფერმას”, ” ხმაურსა და მძვინვარებას” და “კენტავრს”.

  4. 11 tamara ნოემბერი 29, 2011, 3:29 PM

    კარგი პოსტია, ჭიამაია 🙂
    ტოლსტოის არ არის მაინცდამაინც მძიმე წასაკითხი, ასე რომ, შეგიძლია, თამამად შეეჭიდო, მეც სკოლის მოსწავლეობისას წავიკითხე, თან რუსულად ;
    “ბუდენბროკები” ჩემი ერთ – ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია, რასაც ვერ ვიტყვი “მარგოზე” 🙂 სხვა რაღაცები უფრო მომწონს დიუმასი…

    • 12 Chiamaria ნოემბერი 29, 2011, 7:21 PM

      დიუმას წიგნები, რაც მაქვს სახლში, უმეტესობა ძალიან მომეწონა, ერთი ამ დედოფალს ვერაფერი მოვუხერხე 🙂

      ბუდენბროკები, იმედია ჩემი საყვარელი წიგნების სიაშიც თამამად შევა..
      მადლობა შეფასებისთვის : )

  5. 13 Kejeradze ნოემბერი 29, 2011, 6:48 PM

    საინტერესო ათეულია 🙂 მონატრებული ვირჯინია და გრძელ რიგში მდგომი ჩაკი გამახსენა 🙂 არტუროს და გაბრიელსაც სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ 🙂

  6. 15 FsdasD ნოემბერი 29, 2011, 6:53 PM

    მე ”დედოფალ მარგოში” ნათესაური კავშირების ნაწილი ცოტათი გულგრილად წავიკითხე და ამის შემდეგ ისე მომეწონა რომ ერთ-ერთ ჩემს უსაყვარლეს წიგნებში შევიდა =)

  7. 17 Butterfly ნოემბერი 29, 2011, 9:53 PM

    ოფ ოფ ოფ… ყველა მაგარია…ორუელი ახლა წავიკითხე.მომეწონაა : ))

  8. 19 tsotnee ნოემბერი 29, 2011, 10:38 PM

    პირველი და მეათე წაკითხული მაქვს. სხვა არხერთი 😦

  9. 23 მერი პოპინსი ნოემბერი 30, 2011, 11:38 AM

    ძალიან კარგი თეგ–თამაშია 🙂 ახლა ვფიქრობ, ჩემს სიაში რა წიგნებს შევიტანდი.

  10. 25 მერი პოპინსი ნოემბერი 30, 2011, 12:56 PM

    ხშირად შემოვდივარ ხოლმე 🙂 დაწერის რა მოგახსენო, თუ შევადგინე სია, კომენტარებში მოგწერ 🙂

  11. 27 მოლი ბლუმი ნოემბერი 30, 2011, 1:15 PM

    მერი არ წერს, მერი კითხულობს, მაგრამ ბარე ორ მწერალს აჯობებს 🙂 ლიტერატურული გურმანი და ბიბლიოფაგია.

    მერი, მეც მინდა შენი სია.

  12. 30 Mr. Nomad ნოემბერი 30, 2011, 2:05 PM

    ორუელის 1984 აუცილებლად წაიკითხე. ეგ ყველაზე კარგი წიგნია, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წამიკითხავს.

    ბუდენბროკები იმდენად მოსაწყენი იყო ჩემთვის, რომ მთელი ერთი თვე ვკითხულობდი. ალბათ იმიტომ, რომ არ მიყვარს ოჯახური საგები და შიდა ინტრიგები.

    “გოგონა დრაკონის ტატუთი” – გენიალური დეტექტივია. ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო.

    წინ დიდი სიამოვნება გელის 🙂

    • 31 Chiamaria ნოემბერი 30, 2011, 3:21 PM

      აი უკვე ჩემი ძმის რჩევას შენიც დაემატა ორუელზე : )))
      რაც შეეხება, ბუდენბროკებს, მემგონი აქ ვერ დავემთხვევით აზრებით, იმიტომ რომ საგების მომწონს 🙂 ან მიყვარს.

      დიდი მადლობა, იმედია მაქვს რომ ძალიან მომეწონება… მომენატრა წიგნი რომ რეალობას გთიშავს.. დიდი ხანია წიგნს ესე აღარ ჩავითრევივარ.

  13. 32 taledream ნოემბერი 30, 2011, 3:11 PM

    მე ძალიან მომინდა „წითელი“-ს წაკითხვა მოლის პოსტის შემდეგ მითუმეტეს 🙂 იმედია მოვახერხებ რომ ჩავუჯდე 🙂 მშვენიერი სიაა, შემდეგი ათეული როგორ გამოიყურება?

    • 33 Chiamaria ნოემბერი 30, 2011, 3:18 PM

      ჰო, ფამუქზეც ბევრი ითქვა და დაიწერა. ხუთშაბათს ჯერ დრაკონებს და გოგონებს მივხედავ და მერე ფამუქსაც მივადგები 🙂

      რაც შეეხება მეორე ათეულს, იქაც საინტერესო წიგნებია, მაგალითად ულისე… რომელმაც ღმერთმა იცის როდის წავიკითხავ..

      • 34 taledream დეკემბერი 1, 2011, 10:09 AM

        ხო წიგნების წასაკითხად ჩემთვის დროის ფაქტორი უმნიშვნელოვანესი გახდა, საერთოდ ვეღარ ვპოულობ დროს, წლის ბოლოს სამუშაო მატულობს, ახალი წლიდან იმედია უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება 🙂

    • 35 Chiamaria დეკემბერი 1, 2011, 2:04 PM

      ჰო, ზუსტად ეგ პრობლემაა ჩემთანაც 🙂 დრო დრო… უკვე იმ ჭკუაზე ვარ, დღეში 12 საათი არ მყოფნის, მეტი მინდა მეთქი

      • 36 taledream დეკემბერი 2, 2011, 5:06 PM

        რა კარგია რომ იცი რისი წაკითხვა გინდა 🙂 მე მოლის პოსტების შემდეგ ყველა წიგნის გაცნობა მინდა ხოლმე და ჯერჯერობით სურვილით შემოვიფარგლები 🙂 მართალი ხარ დღეში 24 საათზე მეტი უნდა იყოს, ისე ვერ ვასწრებ რისი გაკეთებაც მინდება 🙂

  14. 37 bioblog.me ნოემბერი 30, 2011, 3:46 PM

    ჩამონათვალში “ანა კარენინა” და “დედოფალი მარგო” ყველაზე მოსაწყენი წიგნები მგონია, რაც წამიკითხავს. ამიტომ გირჩევდი, რაც შეიძლება მომავლისკენ გადადე მათი გაცნობა და მანამდე ბევრად უკეთესი რაღაცები წაიკითხე )))

  15. 39 finiki ნოემბერი 30, 2011, 5:52 PM

    რა მშვენიერი იდეაა, უნდა მოგპარო და მეც ჩამოვიწერო იმ წიგნების პირველი 10-ეული, რომელიც უნდა წავიკითხო 🙂
    აქვე უნდა ითქვას, რომ მოლის ბლოგის როლი ჩემ მიერ შედგენილ სიაშიც ძალიან დიდი იქნება 🙂
    სხვათაშორის გოგონა დრაკონის ტატუთი მეც ყველგან გამეჩხირა თვალში, მერე გავიგე რომ კონკურსი იყო და ავხსენი რატომაც. ერთი უბედურება მჭირს – ძალიან ყბადაღებულ წიგნებს ვერ ვკითხულობ, ფილმებს ვერ ვუყურებ, ცოტა ჩაცხრება ეს აღფრთოვანება და მშვიდად წავიკითხავ.
    ”მე წითელი მქვია” არანაკლებ პოპულარულია, რომელიც წავიკითხე, ძალიან მომეწონა, თუმცა ამაზეც უკვე იმდენი ითქვა, რომ ვერაფერს დავამატებ.
    მოკლედ ღამე დავჯდები და ჯიბის ბლოკნოტში წასაკითხი წიგნების სიას შევადგენ 🙂 თან შვებულებას ვგეგმავ ^ ^

  16. 41 მერი პოპინსი დეკემბერი 2, 2011, 11:53 AM

    აი, ესეც დაპირებული სია 🙂 ოღონდ ჯერ მოლისთან დავპოსტე და იმედია, არ მიწყენ 🙂

    1. ორჰან ფამუქი – „თოვლი“;
    2. დენ ბრაუნი – „დაკარგული სიმბოლო“;
    3. როალდ დალი – „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“;
    4. კნუტ ჰამსუნი – „მისტერიები“;
    5. ზაზა ბურჭულაძე – „გასაბერი ანგელოზი“;
    6. ასტრიდ ლინდგრენი – „კალე ბლუმკვისტი და რასმუსი“;
    7. მილან კუნდერა – „გამოსათხოვარი ვალსი“;
    8. ოსნე საიეშტადი – „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“;
    9. ჯეიმს პატერსონი – „მეექვსე სამიზნე“;
    10. ტრუმენ კეპოტე – „საუზმე ტიფანისთან“;

    • 42 Chiamaria დეკემბერი 2, 2011, 1:07 PM

      მგონი 5 წელი არ მეყოფა, იმდენი წიგნები დამიგროვდა. ჩემი სია ხომ მქონა, ეხლა მოლის სია ვნახე, ცოტნესი. ეხლა ეს… :))))))
      დიდი მადლობა დანაპირების შესრულებისთვის, ძალიან საინტრესო სიაა!!

  17. 43 რუსა დეკემბერი 5, 2011, 9:14 PM

    მადლობა რომ დამთაგე ჭიამარია, საინტერესო თეგ–თამაშია და დავწერ როგორც კი ვუშველი ბლოგს რამეს.. რაღაც პრობლემები აქვს,დავირუსდა თუ რა ჭირს არ ვიცი 😦
    მშვენიერი ათეულია, მათგან ზუსტად ნახევარი მაქვს წაკითხული და შემილია გითხრა არ ინანებ თუ წაიკითხავ! ,,მე წითელი მქვიას” წაკითხვის შემდეგ იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ემოციები პოსტში ჩავაფრქვიე. ,,დედოფალი მარგო” ადრეულ ასაკში წავიკითხე და სხვათაშორის მოსაწყენად სულ არ მეჩვენა, იმ დროს ძალიან, ძალიან მომეწონა. რამდენიმე პერსონაჟი განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა, მაგალითად რენე… რომ წაიკითხავ მერე მიხვდები:) მარკესზე, ტოლსტოიზე, ვულფზე აღარაფერს ვამბობ..
    დანარჩენი ხუთეულიც ძალიან საინტერესოა, ძალიან მინდა ,,1984” წავიკითხო და ,,ბუდენბროკები”, რევენტეს შესახებ მეც მოლის ბლოგიდან გავიგე…

    • 44 Chiamaria დეკემბერი 31, 2011, 12:26 PM

      მახსოვს შენი პოსტი ფამუქზე.კიდევ ერთი დონით მაღლა აიწია მისი წაკითხვის სურვილმა მაშინ 🙂
      მარგოს ოდესმე წავიკითხავ, მაგრამ მეტი შემართება მჭირდება აშკარად 🙂

  18. 45 salomeaa დეკემბერი 31, 2011, 12:11 AM

    გოგონა დრაკონის ტატუთი”– დღეს წავიკითხე მასზე კიდევ ერთი სტატია და მეც ძალიან მაინტერესებს, თუმცა როგორც სტატიაში ეწერა ცოტა დეტექტივია და ეს არ მხიბლავს :)))

    არტურო პერეს რევერტეს გვარს კი გაიგონებდი სერიალიდან ,,სამხრეთის დედოფალი”. სხვათაშორის მამამ ამ რეკლამის შემდეგ დასცინა არტურო პერეს რევერტეს და მე მაშინვე დავიცავი რევერტე და ვთქვი, რომ მისი ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული და ფანტასტიკურია. ასე რომ წინ დიდი სიამოვნება გელის: )))

    ,,დედოფალი მარგო” დიდი ხნის წინ წავიკითხე და არა მგონია ბევრი დაკარგო მისი წაუკითხველობით.

    აი ,,ანა კარენინა” კი უნდა წაიკითხო, მე ქართულად წავიკითხე, რუსულად ვერ ვკითხულობ წიგნებს: ))))
    ვირჯინია ვულფი და ორუელი კი უსიკვდილოდო რომ იტყყვიან ისე უნდა წაიკითხო:)))

    • 46 Chiamaria დეკემბერი 31, 2011, 12:30 PM

      დრაკუნის ტატუიანი გოგონა წავიკიტხე როგორც იქნა და ძალიან მომეწონა, რეკომენდაციას ვუწევ ყოველგვარი მორიდების გარეშე. მე პირადად წიგნი ვერ გავაგდე ხელიდან და იმ დღეს ყველგან დავაგვიანე ამის გამო 🙂 დეტექტივიც საკმარისი დოზითაა, ადამიანური ურთიერთობებიც და ინტრიგებიც.. 🙂
      ეხლა 9 იანვრამდე ბოძებული არდადეგები უნდა გამოვიყენო და ეს სია კიდევ შევამცირო

  19. 47 ani დეკემბერი 19, 2013, 8:13 PM

    gamarjoba me wakitxva minda dedofali margo si da ra girs viyidi

    • 48 Jane თებერვალი 21, 2014, 1:38 PM

      მიაკითხეთ წიგნის მაღაზიებს, სამწუხაროდ ფასი ნამდვილად არ ვიცი 🙂 მეც ოჯახის ბიბლიოთეკაში შენახული ძველი გამოცემა მაქვს 🙂


  1. 1 10 წიგნი « "ენტოცია – წვეთი ზღვაში" უკუბმული კომენტარი დეკემბერი 1, 2011, 8:40 PM ჩანაწერზე
  2. 2 მოლი კითხულობს « Molly Bloom's Day™ უკუბმული კომენტარი დეკემბერი 2, 2011, 12:46 AM ჩანაწერზე
  3. 3 წიგნი და ფილმი (არაკომერციული სათაური) « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 31, 2012, 3:57 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: